Batumelebi | აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი

25 სექტემბრიდან აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. კერძოდ, საღამოს ათი საათის შემდეგ არ იმუშავებენ რესტორნები და კაფე-ბარები და არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მუნიციპალური ავტობუსები და ე.წ „მარშრუტკები“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დღეს დაწესებული შეზღუდვები შეამცირებს მოქალაქეების გადაადგილებას და, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების რისკს.

კითხვაზე, სანამდე გასტანს შეზღუდვები აჭარაში, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, შეზღუდვების ეფექტისთვის სულ მცირე ორი კვირაა საჭირო:

„შეზღუდვები იქნება მანამ, ვიდრე ეპიდემიური სურათი სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ მოგვცემს, მაგრამ ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ამ შეზღუდვას და იქნება უკან დაბრუნება შესაძლებელი მოკლე ხანში. თუმცა შეზღუდვისთვის, რომ გამოვლინდეს მისი ეფექტი, სულ მცირე ორი კვირაა საჭირო, ეს ეპიდემიოლოგიური ციკლებია, ორკვირიანი ციკლი არის ის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავინახოთ შეზღუდვის შედეგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს აჭარაში 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com