ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა

25.09.2020
ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს.

ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით.

სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს / 25.09.2020

„ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, მოძიებული და სააგენტოში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებით და შეფასებით, დადგენილ იქნა შემდეგი: შენობა, რომელსაც, მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, წარმოადგენს კონსტრუქციულად და არქიტექტურულად დამოუკიდებელ ნაგებობას და აგებულია თანამედროვე პერიოდში (1990-2000 წლების მიჯნაზე), თანამედროვე მასალით. იგი  საკადასტრო გეგმაზე გამოსახულია, როგორც შენობა №1. ინვენტარიზაციისას, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემას, ასევე, 2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გააჩნია ისტორიული ღირებულება და წარმონადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე.

შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია, რაც ასევე დასტურდება ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2020 წლის 17 აგვისტოს ოქმით.

ზემოაღნიშნული გარემოებები უპირობოდ მიუთითებენ, რომ 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება, ზემოაღნიშნული შენობის ნაწილში, გამოცემის მომენტიდანვე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანებაში.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტომ წერილით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფარნავაზ მეფის 69-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ნაწილში მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. [წერილის თარიღად მითითებულია 2020 წლის 31 ოქტომბერი, რაც დიდი ალბათობით, ტექნიკური ხარვეზია, ვინაიდან სამინისტროდან პასუხი სააგენტოს 2020 წლის 16 სექტემბერს მიუღია.] 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის უფლებამოსილება, სამინისტროს გადაცემული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრო უთითებს, რომ სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი აღნიშნულ შენობასთან მიმართებაში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ბათილად ცნო მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. №69-ში მდებარე შენობას ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

გენერალური დირექტორის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიაში“.

სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს / 25.09.2020

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: