Batumelebi | ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან – Batumelebi
RU | GE  

ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან

ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი.

ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, კერძოდ ის, რომ შეკრებებისა და დისტანცირების შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდები სათანადოდ აღარ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

„ეს ჯერ მეცნიერულად გადამოწმებული არ არის, მაგრამ ეროვნული და სუბ-ეროვნული დონის ანგარიშების თანახმად, ახლა შემთხვევების სწრაფ ზრდას, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ადგილი აქვს 20-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში“, – ამბობს ჰანს კლუგე, ჯანმოს რეგიონალური დირექტორი ევროპაში. მისი თქმით, მთავარი ფაქტორი სარისკო ქცევაა. 

„ახალი შემთხვევების მატება უკავშირდება ადამიანების ქცევის შეცვლას. მე თვითონ ორი შვილი მყავს, რომელთაც ასევე არ სურთ ზაფხულის გამოტოვება, მაგრამ ვირუსი კვლავ აქ არის. ამიტომ ჩვენ მკაცრად უნდა განვახორციელოთ და დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები და ცოტა უფრო ფრთხილად შევარჩიოთ მოსახლეობის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები.

ახლა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ამას ჯერ არ მოჰყოლია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება. როგორც წესი, ასეთ დროს არის 2-3-კვირიანი ინტერვალი, ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან  ახალგაზრდებს უფრო ახლო კონტაქტები ჰყავთ, მათ შორის, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ტრადიციულად შედის ვირუსის რისკჯგუფში. ამიტომ ბრძოლა უნდა დავიწყოთ ყველა ფრონტზე“, – განაცხადა მან. 

როგორც ჰანს კლუგემ განმარტა, იგი საჭიროდ მიიჩნევს ახალგაზრდებს უფრო ეფექტურად და გასაგებად მიეწვდინოს ხმა საფრთხეების შესახებ, „თუმცა ეს უნდა მოხდეს მათი დადანაშაულების გარეშე, პოზიტიური მესიჯით. მათ დადანაშაულებაზე უარესს ვერაფერს გავაკეთებთ“. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან