განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლობის 7 706-მა მსურველმა საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარა

25.09.2020
მასწავლებლობის 7 706-მა მსურველმა საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებმა“ ცენტრისგან წერილობით მიიღო, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734-მა მასწავლებლობის მსურველმა გადალახა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 7 706-მა მასწავლებლობის მსურველმა.

გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

როგორც „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე აღნიშნავს, ზაფხულის გამოცდაზე გასული ადამიანები ის პირები არიან, ვინც მასწავლებლის ეროვნული აკადემია გაიარა და ვისაც ახლა სურს მასწავლებლის პროფესიაში შესვლა.

იმ პირთაგან, ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენია ისეთი, ვინც „მასწავლებლის ეროვნული აკადემია“ გაიარა და რამდენია – ვინც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ისწავლა. თუმცა, როგორც ბერიკა შუკაკიძე  ამბობდა, ეს სწორედ ის კონტინგენტია, ვისაც სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილი პრაქტიკოსი მასწავლებლები უნდა ჩაენაცვლებინა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს აღარ აქვს სკოლაში მუშაობის უფლება და თუკი ამ სტატუსის მასწავლებლები 2020 წლის შემოდგომაზე ვერ შეიცვლიან სტატუსს, მათი სამუშაო ადგილები ვაკანტურად გამოცხადდება.

ბოლო მონაცემებით, სისტემაში 6 ათასი პრაქტიკოსია. მათ, ვინც არ დარეგისტრირდნენ შემოდგომის გამოცდაზე, სტატუსი შეუჩერდათ და უსტატუსო პედაგოგები გახდნენ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. ამიტომ, შექმნის თუ არა გამოცდის შედეგები სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს, მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შემდეგ ეცოდინებათ.

_____________________________

მთავარი ფოტო:  2020 წლის ზაფხულის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა/გამოცდების ეროვნული ცენტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: