Batumelebi | იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ – Batumelebi
RU | GE  

იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ

ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ.

ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა სკოლას ჰყავს, მათ შორის ბათუმში. მაგალითად, ქურდაძეების ოჯახში ოთხი არასრულწლოვანი ბავშვია. აქედან სამი სასკოლო ასაკისაა. სოფია მესამეკლასელია, ნიკა მეექვსეში, ხოლო ლუკა მეშვიდე კლასში სწავლობს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დაიკეტა, ანუ მარტის შემდეგ, ბავშვები, ფაქტობრივად, განათლების გარეშე დარჩნენ. როგორც ბავშვების დედა – ირინა გვეუბნება, ოჯახში არც კომპიუტერი აქვთ, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი. ბავშვებისთვის სკოლა არც 15 სექტემბერს დაწყებულა.

„არც ერთი ბავშვი არ არის ონლაინგაკვეთილებში ჩართული. სახლში მხოლოდ ერთი ტელეფონი მაქვს და ისიც ჭედავს. მასწავლებელი ეუბნება „თიმსში“ შემოდითო და როგორ შევიდნენ, როცა კომპიუტერი არ აქვთ? საერთოდ ვერაფერს აკეთებენ“, – გვეუბნება დედა.

სოციალურად დაუცველ ოჯახს კიდევ ერთი პატარა ჰყავს – დედა ამბობს, რომ მათ არც კომპიუტერის ყიდვის საშუალება აქვთ და არც ტელეფონების.

„პირველ კლასში რომ ბუქები მისცეს, ის აქვთ, მაგრამ გაფუჭებულია. სწავლას უკვე ჩამორჩნენ. გუშინ მეზობელს ვთხოვე და ლუკა ერთ გაკვეთილს დაესწრო, მაგრამ ვერაფერი გაიგო. ბავშვები ტექნიკას არ არიან მიჩვეული, ხშირი შეხება არ აქვთ და ვერაფერი გაიგეს“, – ამბობს დედა.

მისი თქმით, ბავშვებს არც ახალი წიგნები შეხვდათ. „ერთს მისცეს მხოლოდ ახალი, ორს კი ძველი, დახეული წიგნები შეხვდა. ზოგს ფურცელი აკლია, ზოგი სულ დაგლეჯილია“.

ქურდაძეების სამი ბავშვი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ინჯალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან ქრისტინა და ზურიკოც. ქრისტინა მეცხრე კლასშია, ზურიკო კი – მერვეში. როგორც ბავშვების დედა, ნათელა დიასამიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც სასწავლო წელი დაიწყო, ქრისტინა არც ერთ ონლაინგაკვეთილს არ დასწრებია, რადგან არც ტელეფონი აქვს და არც კომპიუტერი. „არც სკოლიდან მოუკითხია არავის. არც პედაგოგს, არც დირექტორს არ უკითხავს, თუ სად არის და რატომ ვერ მონაწილეობს სასწავლო პროცესში. არც მასალები გამოუგზავნიათ მასწავლებლებს, თუ რა უნდა იმეცადინოს. წიგნებიც არ მიუციათ, არ გვაქვსო, ასე მითხრეს“, – ამბობს ნათელა დიასამიძე.

დედის თქმით, ორი დღეა, რაც ზურიკო რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო ონლაინში. „მეზობელს შევეცოდეთ და მისი ინტერნეტით სარგებლობის უფლება მოგვცა. მე სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ვარ და ინტერნეტის ჩართვის საშუალება არ მაქვს. ამიტომ, რადგან გაკვეთილები ემთხვევა, ქრისტინა ვეღარ სარგებლობს ზურიკოს ტელეფონით. ჩემი ტელეფონი კი ძველია და ვერ სარგებლობს. ქრისტინა საერთოდ პროცესის მიღმა დარჩა. არც პანდემიის პერიოდში მოუკითხია სკოლას და არც ახლა. დიდი ჩამორჩენა აქვს და უცხო ენა ხომ საერთოდ დაავიწყდა.

რა გიჭირს, რა გილხინს, არავის უკითხავს. პანდემიის პერიოდში ისტორიის წიგნი როგორც დახურეს, ისე დარჩა. მასწავლებელი ამბობდა: „ვაიმე ხარვეზია, ვაიმე ინტერნეტი გაითიშა“ და ასე გავიდა წელი. მერე ვთხოვე ზურიკოს, რომ ყოველდღე თითო გაკვეთილი წაეკითხა და ასე დავამთავრეთ სკოლა, მაგრამ ახლაც ასე გრძელდება. ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც ხდება“, – ამბობს ნათელა დიასამიძე.

ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებენ ვასილ და ედო ჩერემუშინებიც. ისინი მესამე და მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. როგორც ოჯახში გვეუბნებიან, კომპიუტერი გაფუჭებული აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რამდენი ბავშვია ქვეყნის მასშტაბით, ვინც ონლაინსწავლებაში ვერ მონაწილეობს, არ აქვს შესაბამისი ტექნიკა და წვდომა ინტერნეტთან.

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ბაზების შესაქმნელად სამინისტრომ ახლახან მიიღო დადგენილება. ამ დროისთვის საქართველოში სასწავლო პროცესი დიდ ქალაქებში დისტანციურად, ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს, სკოლის შენობებში კი მხოლოდ ათასამდე სკოლამ განაახლა სასწავლო პროცესი.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესი ქართული განათლების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ბავშვი საქართველოს სკოლაში 12 წელსა და ცხრა თვეს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება სწავლის ეფექტიანობასა და ხარისხზე, ეს მაჩვენებელი 8 წელი და 3 თვეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ“.

მსოფლიო ბანკის სახელით მოლინესი ასევე საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე თვეში დაიწყება პროექტი, რომელიც ათასამდე სოფლისა და 500 000 ადამიანის ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ამისთვის მსოფლიო ბანკი 30 მილიონის გამოყოფას აპირებს საქართველოსთვის.

ამაზე აპელირებს განათლების სამინისტროც, როცა საუბარი მიდის იმაზე, რომ განსაკუთრებით მაღალმთიან (და არა მარტო იქ) რეგიონებში ბავშვების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.

აქ დააწკაპუნეთ და ნახეთ იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მთავრობამ ინტერნეტის შეყვანის პირობა დადო.  სოფლებში საყოველთაო ინტერნეტიზაციის შესახებ თავდაპირველად საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი 2014 წელს დაჰპირდა. 2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ააიპი დააფუძნა – „ოუფენ ნეტი“.

2016 წელს კი საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტიზაციის პროცესი გაიწერა, თუმცა ქსელის მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

რომც გაიზარდოს ინტერნეტით დაფარვის არეალი, თუნდაც მომდევნო 2 წელიწადში, პრობლემად რჩება მოსახლეობის სიღარიბე. რადგან ამ ოჯახების და ბავშვების ისტორიებიც აჩვენებს, რომ ბავშვებს, მათ შორის ქალაქებში, არა მარტო ინტერნეტი, არ აქვთ კომპიუტერები ან თანამედროვე ტელეფონები, რითაც ინტერნეტის სარგებლობას შეძლებენ.

რამდენი ბავშვია ინტერნეტის, ტექნიკის და სხვა საჭირო აღჭურვის გარეშე საქართველოში, რაც აუცილებელია დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობისთვის, ამაზე განათლების სამინისტროს არ უსაუბრია, არც კონკრეტული მონაცემები გაუსაჯაროვებია.

„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს ოფიციალური წერილითაც მიმართა, სადაც ამ ინფორმაციას წერილობით ვითხოვთ. მიღების შემთხვევაში ამ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება 0,57 პროცენტია. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად უარესდება.

____

ამავე თემაზე:

მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com