მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებს არმაზ ახვლედიანი დაამარცხოს ივანიშვილიზმი

24.09.2020 • 1577
როგორ აპირებს არმაზ ახვლედიანი დაამარცხოს ივანიშვილიზმი

ყველაზე ხშირად ინტერვიუს დროს მან სიტყვა „ანომალია“ ახსენა… არმაზ ახვლედიანი ამ სიტყვით აღწერს პერიოდს, როცა ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს მოუხდა მუშაობა, შემდეგ კი, „ოცნების“ ზედა ეშელონში. ახლაც ანომალიად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მეთოდებს „ოცნების“ უკვე ყოფილი სახე, როცა ის ისევ ბათუმში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის და მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმი რეალურ ოპოზიციას ანომალიური ტროლების ფაბრიკით ებრძვის. არმაზ ახვლედიანს ყოფილი პარტიული ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი აჭარის ყოფილ ლიდერს, ასლან აბაშიძეს ახსენებს.

„ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

  • ბატონო არმაზ, რატომ გადაწყვიტეთ ისევ გეცადათ ბედი ბათუმში და რატომ ამჯერად „ევროპული საქართველო“? 

უკვე 25 წელია პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესში და მთელი ჩემი აქტივობა ამ ხნის განმავლობაში უკავშირდება უპირველესად აჭარას და ბათუმს. 2016 წელს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი, მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როდესაც მარტო ხარ, თუმცა მყავდა თანაგუნდელების საკმაო რაზმი.

  • ახლა რატომ არჩიეთ, რომ პარტიის სახელით მისულიყავით ამომრჩეველთან? 

მე შინაგანად დამოუკიდებელი ვარ ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ევროპული საქართველოს“ პარტიული მხარდაჭერა მაქვს, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ვარ. ვიცი, რას ნიშნავს პარტიული ურთიერთობები და დისციპლინა, მაგრამ თუკი ჩავთვლი, რომ პარტიული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ჩემს შინაგან სინდისთან, მაშინ, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მივიღებ გადაწყვეტილებას სინდისის ხმის სასარგებლოდ. ეს ასე იყო ადრეც და ასე იქნება მომავალშიც… ჩემი მიზანია არამხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის, არამედ ივანიშვილიზმის, როგორც მოვლენის დამარცხება… ჩავთვალე, რომ ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელმაც ყველაზე უკეთ შეძლო წარსულის შეცდომების გაანალიზება და დასკვნების სწორად გაკეთება. სხვა პარტიებთან შედარებით, ამ პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდურობა, ევროპელობა, დასავლური ორიენტაცია.

  • სად დაინახეთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ შეძლო „წარსულის შეცდომების გაანალიზება“? 

ეს ჩანს ამ პარტიის ლიდერების განცხადებებში, რომელთაც მე ყურადღებით ვადევნებ ხოლმე თვალს. მეორე მხრივ, ეს ჩანს „ევროპული საქართველოს“ განზრახვაში – არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის დომინირება და მმართველობა უნდა იყოს კოალიციური. ამ პოლიტიკურ ძალას ასევე არ ჰყავს ერთი ქარიზმატული, გამოკვეთილი ლიდერი, აქ არის ბევრი ლიდერი. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის საკმარისად დემოკრატიული… დარწმუნებული ვარ, ბათუმში აუცილებლად იქნება მეორე ტური. ბათუმი განსაკუთრებული სივრცეა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის და მეორე – კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკმარისად წონიანია – ლევან ვარშალომიძე. მე ორივე კანდიდატს და სხვებსაც გულწრფელად პატივს ვცემ, მაგრა მე ჩემი გზა მაქვს.

  • ვის დაუჭერთ მხარს, თუკი მეორე ტურში თქვენ ვერ გადახვალთ? 

ნებისმიერმა კანდიდატმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება ვერ გადავიდეს მეორე ტურში და ვის დაუჭერს მხარს ასეთ შემთხვევაში. შესაძლოა, ყველა კანდიდატს ჰქონდეს ერთნაირი პასუხი, რომ პარტია მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ჩემი პასუხი მაქვს: არც ერთ შემთხვევაში ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, სულ რომ ცა და ქვეყანა ჩამოინგრეს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ეს გამორიცხულია. ჩემთვის ნებისმიერი ოპოზიციის მხარდაჭერა არაა მისაღები. მე მხარს ვუჭერ გამოკვეთილად ოპოზიციურ, არასატელიტ და დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას.

  • როგორ გაიგოს ამომრჩეველმა, ვინაა სატელიტი? „ევროპულ საქართველოზეც“ უთქვამთ, რომ გარიგებულია „ოცნებასთან“ 

კი, მეც მსმენია… ყველაფერი გაცილებით უფრო მკაფიო ხდება არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე და, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ, როდესაც დაჯგუფდებიან პოლიტიკური ძალები და საჭირო იქნება ხმების კონსოლიდაცია… საქმე საქმეზე რომ მიდგება, შესაძლოა, ბევრმა „ოცნების“ სასარგებლოდ ირიბი, ან პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღოს. ირიბი გადაწყვეტილება ზოგჯერ უფრო მზაკვრულია, ვიდრე პირდაპირი. შემჩნეული მყავს ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ირიბ გადაწყვეტილებებში „ოცნების“ სასარგებლოდ… თქვენ ახლა, რა თქმა უნდა, არ ელით იმას, რომ დავასახელო სატელიტები. ეს, უბრალოდ, უხერხული იქნება.

  • თქვენი აზრით, რა არის თქვენი უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით, ვისაც ბათუმში სურს საპარლამენტო მანდატის მოპოვება? 

ალბათ ათასობით ადამიანია ბათუმში ჩემზე უმცროსი ან უფროსი ასაკის, ვინც შეუდარებლად კარგი კანდიდატი იქნებოდა, ვიდრე მე ვარ. ამ კონკრეტულ ვითარებაში მე გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი. ბევრს ნახავთ თქვენ, ვინც ამბობს, რომ აი, რა ცუდ დღეში ვართ, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას არათუ თავად ჩაერთოს ამ პროცესში, არამედ დაუჭიროს მხარი მას, ვინც ჩართულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა სამოქალაქო გამბედაობას. მიმაჩნია, რომ ეს გამბედაობა არასდროს მაკლდა. ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ვამხელდი და ვუპირისპირდებოდი სისტემას, თუკი მე თავად დამიშვია შეცდომა და დამიშვია არაერთხელ, იმდენად მწარედ გამიანალიზებია საკუთარი და სხვისი შეცდომები, რომ მერე მკაცრად გავმიჯნივარ მას სამომავლოდ. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ერთია, გაბედო და სხვა არის, ასე პირდაპირ და დაუფარავად დაუპირისპირდე ივანიშვილის ანომალიურ მმართველობას, მის სრულიად მაფიოზურ, კორუფციულ და კანონგარეშე საქმიანობას საქართველოში.

მე მაქვს პოლიტიკური საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება, რომელიც ამტკიცებს, რომ არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება ანგარების ან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, არასდროს მოვრიდებივარ მმართველი ძალის კრიტიკას. ეს არის ჩემი კაპიტალი. მეორე: ვიყავი პირველი, ვინც „ოცნებაში“ ყოფნის დროს ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე და პარტიის შიგნით დავიწყე მკვეთრი კრიტიკა არსებული მდგომარეობის. ამის პარალელურად და კვალდაკვალ დავიწყე კრიტიკა მედიასაშუალებებში 2014 წლიდან მოყოლებული. მე ვერ ვიხსენებ „ოცნების“ ვერცერთ მაშინდელ ლიდერს, ვინც ლიდერობისას აკრიტიკებდა „ოცნების“ პოლიტიკას.

  • რა სტრატეგიით მუშაობს ამჯერად მმართველი პოლიტიკური ძალა და რა მეთოდებით მოგიწევთ ბრძოლა თქვენ

მე შემიძლია ამ ბრძოლაში გადავდო თავი, უკან დასახევ გზას არ ვიტოვებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიცი, რა ანომალიური მანქანით უპირისპირდება „ქართული ოცნება“ რეალურ ოპონენტებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით მე კი არ მასუსტებენ, არამედ მაძლიერებენ – ცილისწამებით, იმით, რომ ეხებიან ჩემს პირად სივრცეს, იყენებენ არაადამიანურ მეთოდებს. ამ მხრივ, ივანიშვილი მე თუ ვინმეს მახსენებს, ეს არის ასლან აბაშიძე. ივანიშვილის ანომალიური ფაბრიკა ტროლებით და ბოტებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამას აკეთებს უფრო მზაკვრულად და არაადამიანურად. მე ვიქნები დაუნდობელი მათი ანომალიური პოლიტიკური ექსპერიმენტების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ რასაც 2016 წელს აკეთებდა წინასაარჩევნოდ, ამჯერად უფრო მზაკვრული ფორმებით გააკეთოს და თან გაათმაგებული ძალით, მაგალითად, თუკი აქამდე საკმარისად მიიჩნევდა ერთ პატარა სოფელში ჰყოლოდა 5 – 7 კოორდინატორი, ახლა „ოცნება“ მზად არის 300-კაციან სოფელში სამასივე ზრდასრული იყოს ერთმანეთის კოორდინატორი. სამასივეს გადაუხდიან თანხას, ოღონდ იყოს დარწმუნებული, რომ ეს სამასივე არის მის კალათაში…  წელს გაცილებით დიდი მასშტაბით იქნებიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში ძალოვანი უწყებები. სუს-ი და შსს დღეს სხვა არაფრითაა დაკავებული, თუ არა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის, ოპოზიციური ძალების თვალთვალით, მათი დაშინების მექანიზმების შემუშავებით და ადამიანების გადმობირებით. სუს-ს დღეს არც განგრძობადი ოკუპაციის პრობლემა ადარდებს და არაც რუსული პროპაგანდა, რომელიც ასეთი ღიაა უკვე, არამედ იმით, რომ ივანიშვილს შეუნარჩუნოს ძალაუფლება.

  • ბათუმისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის, თქვენი აზრით? 

უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ თვითმმართველობა არ არის. სადაც არ არის თვითმმართველობა, იქ დემოკრატია ვერ იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბათუმის ვაი-არჩეულ, მაგრამ მაინც არჩეულ მერს სუსი იბარებს და ეუბნება, დაწერე განცხადება და წადიო. რა თვითმმართველობაზეა საუბარი?

  • რატომ ეჭვობთ, რომ სუსი იყო ჩართული ბათუმის არჩეული მერის გადადგომის პროცესში? 

ლაშა კომახიძე ამაზე ვერაფერს იტყოდა, რადგან ერმაკოვის გზას გაუყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა საკადრო საკითხი წყდება სუს-ის გავლით, როგორც დანიშვნა, ასევე გათავისუფლება. სუს-ს აქვს შანტაჟის შესაძლებლობა. სუს-ი ეუბნება ნებისმიერს, კომახიძისნაირ მოხელეს, რომ შენ თუ ახლა არ მიიღებ ჩვენს შეთავაზებას, მაშინ, აი, ამას დაგახვედრებთ წინ. ეს ყველაფერი ნაცნობი თემაა.

რომ დავუბრუნდეთ ბათუმის გამოწვევებს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კორუფციის არნახული მასშტაბი, რომლითაც ვერ დაიტრაბახებდა ვერც შევარდნაძე და ვერც სააკაშვილი. თუკი აქამდე იყო კლანური, შემდეგ „ელიტური კორუფცია“, დღეს კორუფციაში ხელისუფლების ყველა რგოლია გასვრილი, თავიდან ბოლომდე.

  • რა ადასტურებს ამას? 

მაგალითად, გურიაში, კურორტ გომისმთაზე ხელისუფლებამ წაახალისა საზოგადოება, რომ ვისაც სურდა დაპატრონებოდა სახელმწიფო მიწას. თითქმის არავის სჯეროდა, რომ იქ ამ მიწებს დააკანონებდა სახელმწიფო. დაახლოებით ერთი თვის წინ გომისმთაზე ავიდა თეა წულუკიანი და ამცნო საზოგადოებას, რომ ყველაფერი, რაც იყო მიტაცებული და დაპატრონებული, ყველას ყველაფერი დაუკანონდებოდა. მსგავსი რამ  საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, როცა ხელისუფლება ასე თანამონაწილეობს სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაპატრონებას და შემდეგ ამის გამფორმებელიც თავად არის.

ბათუმში კორუფციის გაუგონარი მასშტაბი ჩანს უკანონო მშენებლობებში. ესთეტიკაზე ხომ საუბარი საერთოდ აღარაა, კულტურული მემკვიდრეობის ასეთი უგულებელყოფაც ჯერ არ ახსოვს ქალაქს… ნებართვები გაიცემა კორუფციული გარიგებებით, ან წერენ ჯარიმებს, რაც სიმბოლურია. არსებობს კორუფციული სქემა, რაც მუშაობს.

  • ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ უკანონო მშენებლები დააჯარიმეს, ხოლო სასამართლოს ვერ უკარნახებენ, როდის განიხილოს ეს საქმეები.  

ფორმალურია ეს განმარტებები. რეალურად კორუფციული სქემის ნაწილია ისიც, რომ ადამიანი იხდის სიმბოლურ ჯარიმას და „ხახვივით რჩება“ მიტაცებული ქონება. ყველა სახელმწიფო შტო ჩართულია ამ სქემაში. ივანიშვილის გარემოცვა ახერხებს ამ სქემის ამგვარად შეფუთვას, რომ ა, ბატონო, სასამართლოში წავიდა საქმე. არადა, სასამართლო არასდროს არ იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ დაზიანდეს „ოცნება“, ან მისი მხარდამჭერი დეველოპერული კომპანია.

მე გამოვიყენებდი პარლამენტის მანდატს იმისთვის, რომ მემხილა ეს კორუფციული სქემები, ასევე ნეპოტიზმის პრობლემა, როცა „ოცნების“ მხადამჭერებს ასაქმებენ – სპეციალურად იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ასევე ვისაუბრებდი „აჭარის ტელევიზიაზე“, რომელსაც ახლა ვიცავ შიშველი ხელებით სხვებთან ერთად. ამის შემდეგ დავიცავდი სადეპუტატო მანდატით, რაც სულ სხვა შესაძლებლობებს აჩენს… ვიბრძოლებდი სხვა სივრცეებისთვისაც, მაგალითად, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რომ ის გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან, იქ ფაქტობრივად ჩამკვდარია ყოველგვარი ჯანსაღი სტუდენტური ცხოვრება. ჩემი ამოცანა იქნება ის, რომ ადამიანი თანდათან გამოვიყვანოთ ამ ანომალიური პოლიტიკური წნეხისგან და არჩევანი გააკეთოს მხოლოდ თავისი შეხედულებების მიხედვით.

  • თქვენ გიცნობენ, როგორც პედანტს. თქვენი ეს თვისება ეხმარება პოლიტიკოსს, თუ ხელს უშლის, თქვენ როგორ მიიჩნევთ?

მიმაჩნია, რომ ეს თვისება აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის – იქ ეს არ უკვირთ. მირჩევნია, რომ ამ ყაიდაზე გადმოვიდნენ სხვები, ვიდრე მე გადავიდე მათ ყაიდაზე. მეორე მხრივ, პედანტობა ჩემი თვითმიზანი არ არის… ჩემი კონსტიტუციაა სამართლებრივი წესრიგი, მე ვეტრფი იმ ქვეყნებს, სადაც არის სამართლებრივი წესრიგი და სადაც წესრიგი თავისთავად კი არ არის, წესრიგი შესაძლოა ლუკაშენკოსაც ჰქონდეს, არამედ სამართლიანი წესრიგი არსებობს. კანონი შესაძლოა იყოს უსამართლო. მე მინდა კანონი, რომლის თავში არის ჰუმანურობა და სამართლიანობა. ეს არის ჩემი იდეალი და ამას ემსახურება ჩემი პედანტობაც, თუკი ეს ვინმეს ეუცნაურება. ეს ჩემთვის ნორმაა, ჩვეულებრივი რამ არის: დროის პატივისცემა, შეთანხმების პატივისცემა… როდესაც „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვიყავი, იქ დავიწყე ამ წესების შემოღება, მაგრამ არ დამცალდა – უმრავლესობისთვის ეს იყო აბსოლუტურად უჩვეულო რამ. პოლიტსაბჭოს სხდომები, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, გრძელდებოდა საათები და სულ ვამბობდი: როგორ შეიძლება, რომ ჩვენ გვქონდეს ამდენი დრო? მოდით, ვისაუბროთ ერთი საათი, რა საჭიროა, ხუთი საათი დავუთმოთ იმას, რაც შეიძლება ერთ საათში მოგვარდეს? მე ვარ ამ ტიპის უთავბოლობის და უწესრიგობის მოწინააღმდეგე.

  • ვინც აგვიანებს პარლამენტში მისვლას ან სხდომას აცდენს, მათთვის რა ტიპის სანქციების მომხრე იქნებოდით? 

მაინცადამაინც სანქციებს ჩემთან ნუ გააიგივებთ, თუმცა არც უამისობაა, რადგან, პირველ რიგში, ვისგანაც მოვითხოვდი წესრიგის დაცვას, ესენი არიან დეპუტატები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები. ჩვენ იქ აღმოვჩნდებით ხოლმე და მერე გვინდა, დაბალი რგოლის თანამშრომლები იცავდნენ წესებს, ხოლო ჩვენ რესტორნებში დავდიოდეთ… მე მოვაგვარებდი ამას რეგულაციების გამკაცრებით – ისეთ რეგლამენტს დავაწესებდი, რომ რამდენიმე გაცდენის შემდეგ შესაძლოა სადეპუტატო მანდატიც ჩამორთმეოდა ადამიანს, მით უმეტეს, როცა გაცდენის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ვფიქრობ, დეპუტატი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ის თავის უმთავრეს მოვალეობას არ ასრულებს: მან მიიღო მანდატი, წავიდა პარლამენტში და იქ რეალურად ქეიფში ატარებს დროს, ან საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებაში…

  • ამ წესრიგზე მინდა გკითხოთ ბოლოს – თქვენ რატომ ვერ უზრუნველყავით წინა არჩევნებზე პლაკატებისგან ფასადების დროულად გათავისუფლება? 

ვცდილობდით, მაქსიმალურად ჩამოგვეხსნა ჩვენი, თუმცა ეს ყველგან ვერ მოვახერხეთ და ეს მაწუხებდა ყოველთვის. ვაღიარებ, რომ ზედმეტად მოვინდომეთ ყველამ, რაც მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომა იყო. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამჯერად მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ პირადად ჩემი პლაკატები იყოს გამოკრული ისე, როგორც ეს იყო 2016 წელს. არ არის საჭირო ერთ კედელზე 100 პლაკატი. ერთიც რომ იყოს, საკმარისია. ეს 100 ერთად ანომალიაა, როცა გვერდიგვერდ აკრავენ ერთსა და იმავე პლაკატს. მე არ მინდა, ჩემი პლაკატი გავაკრათ ისე, რომ ესთეტიკურად არ იყოს გამართლებული, ან ეს იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მომხრე ვარ, რომ იყოს კონკრეტული სივრცეები ამისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: