საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისსა და აჭარაშია – საქსტატი

საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი თბილისსა და აჭარაში აქვთ დასაქმებულებს, ყველაზე დაბალი კი – გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

ასევე საქსტატის ცნობით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა და საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  •  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით);
  • მშენებლობა – 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით)

2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.

მაშველებმა იპოვეს 61 წლის დაკარგული კაცის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  5-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, სამეგრელოში დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახური.

__________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველები მეხუთე დღეა 61 წლის კაცს ეძებენ სამეგრელოში

მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ 61 წლის კაცს ეძებენ.

112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 11 ოქტომბერს, საძიებო სამუშაოებში ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
____________
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ვეშაპებსა და დელფინებს გადაშენება ემუქრებათ

350-ზე მეტი მეცნიერი და ბუნების დამცველი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ხელს აწერს ღია წერილს და საზოგადოებას ვეშაპებისა და დელფინების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ზღვის ამ ძუძუმწოვრებს კლიმატის ცვლილებები და ადამიანის საქმიანობით მიყენებული ზიანი გადაშენებით ემუქრება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მეცნიერების თქმით, ვეშაპები და დელფინები შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გადაშენდნენ. მიზეზი ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებაა, რაც ადამიანების საქმიანობითაა გამოწვეული.

ლოზუნგი – „გადაარჩინე ვეშაპები“ პოპულარული იყო გასული საუკუნის 70-80-იან წლებში და ვეშაპების მოკვლის წინააღმდეგ იყო მიმართული. იქედან მოყოლებული ვეშაპების პოპულაცია გაიზარდა, თუმცა ახლა ჩნდება ახალი გარემოებები: ოკეანეების დაბინძურება – განსაკუთრებით პლასტმასით, ვეშაპების საცხოვრებელი გარემოს გაქრობა, კლიმატის ცვლილება და ასევე, სავაჭრო გემებთან ვეშაპების შეჯახება.

არანაკლები საფრთხეა თევზჭერა, ბადეებში ყოველწლიურად 300 ათასამდე ზღვის ძუძუმწოვარი ხვდება. ბადეში გახვეული ვეშაპები და დელფინები ვერ ახერხებენ წყლის ზედაპირზე ასვლას ჟანგბადის მისაღებად და ტანჯვით იღუპებიან. ზოგიერთი მათგანი ახერხებს ბადისგან თავის დაღწევას, თუმცა მძიმე ჭრილობებითა და სხეულის დაზიანებით.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ჩრდილოეთის ვეშაპი – Eubalaena glacialis, ამ სახეობის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია გადარჩენილი. 

ღია წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ცხოველების პოპულაციის მკვეთრი შემცირების შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა, პოლიტიკოსებს რომ მათ გადასარჩენად შემუშავებული ღონისძიებების გატარებისთვის დაეჭირათ მხარი.

__________________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

ფოტოზე: დელფინები შავ ზღვაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, COVID 19-ის პანდემიამ 130 ქვეყნის 93%-ში შეაფერხა ან შეაჩერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უმნიშვნელოვანესი სერვისების მუშაობა, მაშინ, როცა ამ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება.

ჯანმოს ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ მთელს მსოფლიოში გაზარდა მოთხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ამის მიზეზი კი არის იზოლაცია, შემოსავლების დაკარგვა და შიში, რამაც ფსიქიკური დარღვევები ან უკვე არსებული დარღვევების დამძიმება გამოიწვია. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში ბევრი ადამიანი აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომატებული გამოყენება და შფოთვითი აშლილობები.

ჯანმო ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტზე – „პანდემიის დაწყებამდე ქვეყნებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე ეროვნული ბიუჯეტის 2% -ზე ნაკლები დახარჯეს, რაც თავიანთი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა“.

კვლევა ჩატარდა ჯანმოს წევრ 130 ქვეყანაში 2020 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. კვლევის შედეგებში წერია, რომ ქვეყნების 67%-მა დააფიქსირა ხარვეზები კონსულტაციებისა და ფსიქოთერაპიების ჩატარების ნაწილში; ქვეყნების 65%-ში დაფიქსირდა ხარვეზები ზიანის შემცირების პროგრამების კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების აღმოჩენაში; ქვეყნების 45%-ში დაფიქსირდა ხარვეზები ოპოიდდამოკიდებული პაციენტებისთვის მხარდამჭერი თერაპიის განხორციელებაში.

ქვეყნების მესამედზე მეტმა (35%) დაასახელა, რომ შეფერხებები ჰქონდათ  ხანგრძლივი შეტევების მქონე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების (მძიმე აბსტინენციის სინდრომის მქონე) და ბოდვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის (რაც ხშირად მძიმე დაავადების ნიშანია) გადაუდებელი ჩარევის ზომების გატარებაში.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27,500.000 ლარით ფინანსდება, რაც მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 0,17%-ია, შარშან და შარშანწინ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის უფრო მცირე ნაწილს შეადგენდა, 2018 წელს – 13 და 2019 წელს 15 პროცენტს.

მონაცემები, იმის შესახებ თუ, რამდენად დააზიანა პანდემიამ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში, ჯერ არ არსებობს. რაც შეეხება სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის არც ერთი ბენეფიციარისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა არ შემცირებულა. თუმცა იმის შესახებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ფინანსები არ ჰყოფნის და მეტი ინვესტიცია სჭირდება, „ბათუმელები” პანდემიის დასაწყისშიც, ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე წერდა.

ამ კვლევის თანახმად ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ, არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური.

ვრცლად ამ თემაზე ➡️ 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21 საათიდან 12 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 13-14 ოქტომბერს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

___________

საქანელა ყველას და ფერადი ეზოები ბავშვებს – 20 იდეა კონკურსიდან „შენი იდეა ბათუმს”

„შენი იდეა ბათუმს” პროექტი და კონკურსია, რომელზეც ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ იდეებს წარადგენენ. კონკურსში მონაწილე იდეა ბათუმში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და უნდა ეხებოდეს კულტურულ, გარემოსდაცვით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. წელს 53 იდეიდან 20 საუკეთესო უკვე შეირჩა.

ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია 31 ოქტომბრის ჩათვლით ხმა მისცეს მისთვის ყველაზე საინტერესო 3 იდეას, რომლის რეალიზებასაც ისურვებდა ბათუმში. ხმის მიცემა შესაძლებელია ვებგვერდზე idea.batumi.ge. 

„ბათუმელები“ კონკურსში მონაწილე  რამდენიმე საინტერესო იდეას გაგაცნობთ.

ბათუმი-ველოქალაქი

პროექტის აღწერაში წერია, რომ ეს იდეა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვისაა, მით უფრო, რომ ბათუმის ლანდშაფტი ქალაქში ველოკულტურის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. თუ ველოქალაქის იდეა  გაიმარჯვებს ხალხმრავალ ადგილებში ველოგასაჩერებელი ადგილები მოეწყობა, ველოსიპედის შესაკეთებელი კარადების თანხლებით.

იდეის ავტორის ინფორმაციით, ბათუმში ველოტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, ადგილობრივი ველოდილერების მონაცემებზე დაყრდნობით კი პანდემიის პერიოდში ველოგაყიდვებმა 100-150 %-ით იმატა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმში 10 ველოგაჩერების ადგილის დამონტაჟებას. ველოგაჩერების ზონები წინასწარაა შერჩეული და ემყარება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის კვლევას.

პროექტის ბიუჯეტი  60 000 ლარია.

ფერადი ეზოები ბავშვებს

ამ იდეის გამარჯვების შემთხვევაში პროექტის ავტორები ქალაქის კორპუსების შიდა ეზოების  შემეცნებით-გასართობი თამაშობებით მოხატვას გეგმავენ.

როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები, რაც წაახალისებს ბავშვებს ითამაშონ ეზოში. თამაშის დროს ბავშვები სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, სხვების დახმარებას, წესების დაცვას, სხეულის, ემოციების მართვას და ბევრ სხვა რამეს სწავლობენ.

პროექტის ბიუჯეტი  10220 ლარია.

წერეთლის სკვერის ახალი სიცოცხლე

შეიძლება შეგინიშნავთ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე პატარა სკვერი, რომლის შუაგულშიც აკაკი წერეთლის ბიუსტი დგას. დაზიანებულია სკვერის ქვაფენილი, განათება, ღობე და ნარგავები.

გამარჯვების შემთხვევაში, იდეის ავტორი გეგმავს სკვერის დასუფთავებას, მწვანე ნარგავების მოვლა-განახლებას, ვარდების დარგვას სკვერში, ფილების და გარე განათების რესტავრაციას, ღობის და ჭიშკრის რეაბილიტაციას, სკვერის ყრუ კედელზე სურვილების დიდი დაფის მოწყობას და სკვერში საქანელების დამონტაჟებას ზრდასრულებისთვის.

პროექტის ბიუჯეტი 38 500 ლარია.

ბათუმის კულტურულ-ელექტრონული რუკა

ბათუმის კულტურულ-ელექტრონული რუკა თანამედროვე, ვიზუალური, ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიებით შექმნილი რუკა იქნება, რომელზეც ბათუმის კულტურული სივრცეები, ძეგლები, არქიტექტურა, მუზეუმები იქნება დატანილი. რუკა ცნობებს მოგაწვდით ასევე კულინარიის, გართობის ადგილებისა და ბათუმის ისტორიის შესახებ.

იდეის ავტორის აზრით, კულტურული რუკა იქნება ქალაქის არამარტო სავიზიტო ბარათი – გზამკვლევი საინტერესო და მიმზიდველი ისტორიებით, არამედ – საგანმანათლებლო დანიშნულების თანამედროვე საშუალებაც.

პროექტის ბიუჯეტი  34 000 ლარია.

საქანელა ყველასთვის

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საქანელას ზრდასრულებისთვის ვერ შეხვდებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზრდასრულებს არა სურთ ისხდნენ საქანელაზე და ზღვას, მთებს, მწვანე სივრცეებს უყურონ.

იდეის ავტორის შემოთავაზებაა ცენტრალურ პარკში, მეზღვაურთა სკვერში, გმირთა ხეივანში, შინდისის გმირთა ხეივანში, ბოტანიკურ ბაღსა და ახალ ბულვარში განთავსდეს საქანელები ზრდასრულებისთვის და შშმ პირების, ეტლით მოსარგებლეებისთვის.

პროექტის ბიუჯეტი 99 000 ლარია.

ორგანული ნარჩენების კომპოსტირება

ეს პროექტი ითვალისწინებს ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით ორგანული ნარჩენების გადამუშავებას, რაც შემაწუხებელი სუნის გარეშე მიმდინარე პროცესია. თუ ახლა ორგანული ნარჩენები მყარ ნარჩენებთან ერთად ნაგავსაყრელზე იყრება, დანადგარით მათი დიდი ნაწილი გადამუშავდება და შესაბამისად, შეფერხდება ნაგავსაყრელების რაოდენობის ზრდა ქალაქში. ასევე, მეურნეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ კომპოსტი, რაც საუკეთესო ორგანული სასუქია.

პროექტის ბიუჯეტი 13 000 ლარია.

ბათუმის ნულოვანი კილომეტრი

ეს პროექტი ბათუმის, როგორც ქალაქის საწყის წერტილად, ანუ ნულოვან კილომეტრად  შუქურას მონიშვნას გულისხმობს.

იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარება და სხვა ქვეყნებში წარმატებული ურბანისტული კომპონენტის – ნულოვანი კილომეტრის ქართულ პრაქტიკაში გადმოტანა საინტერესო და სასარგებლო იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც.

150 წელზე მეტი ხნის ბათუმის ისტორიული შუქურა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა და ნულოვანი კილომეტრიც სწორედ ისტორიულ-კულტურული ფასეულობის მქონე ობიექტს უნდა უკავშირდებოდეს.

იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ლოგიკური იქნება ბათუმის შუქურა გამოცხადდეს ე.წ. „ნულოვან კილომეტრად“, მის სიახლოვეს კი მოხდეს შესაბამისი სიმბოლოს ფიქსირება – სკულპტურის, სტენდის ან მიწაზე გამოსახული სპეციალური ნიშნულის სახით.

პროექტის ბიუჯეტი  10 000 ლარია.

შშმ პირთა ინკლუზიური თეატრალური დასი

ინკლუზიური თეატრალური დასის შექმნის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კულტურულ პროცესებში ჩართვა და საზოგადოებრივად გააქტიურებაა.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში 30-მდე ახალგაზრდა მასტერკლასების საშუალებით თანამედროვე თეატრალურ კულტურას გაეცნობა, თეატრის პერსონალთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთვებიან და რეჟისორებთან ერთად დადგამენ სპექტაკლებს.

პროექტის მიზანია ბათუმის, როგორც ინკლუზიური მიდგომების დანერგვის ინიციატორი ქალაქის პოპულარიზაცია რეგიონსა და მთლიანად, ქვეყანაში.

პროექტის ბიუჯეტი 34 000 ათასი ლარია.

ეკო სკამები

ეკო სკამების იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა 5 სკამი, რომლის საშუალებითაც ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვა და WIFI-ით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, დიდ სამსახურს გაუწევდა ადამიანებს, რომლებსაც შუა ქალაქში მობილური ტელეფონი გაეთიშათ ან სასწრაფოდ სჭირდებათ ინტერნეტი.

პროექტი ითვალისწინებს  ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 5 ცალი მზის ეკო სკამის განთავსებას, სკამები დაიმუხტება მზის ენერგიით, ქალაქის მცხოვრებლებსა და ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დამუხტონ ნებისმიერი გაჯეტი და ისარგებლონ უწყვეტი wifi ინტერნეტით. მნიშვნელოვანია, რომ ეკო სკამები დამატებით მოვლა-პატრონობას არ საჭიროებს.

პროექტის ბიუჯეტია 200 000 ლარი.

თანამედროვე ხელოვნების კედელი

იდეა გულისხმობს ქუჩის საგამოფენო სივრცის შექმნას და მისი საშუალებით თანამედროვე ხელოვანების, მათ შორის ქართველი და უცხოელი არტისტების წარმოჩენას. ალტერნატიულ საგამოფენო სივრცედ იდეის ავტორი მოიაზრებს მემედ აბაშიძის გამზირის ერთ-ერთ კედელს, რომელიც წლების განმავლობაში  ძველი აფიშებისა და უსახური სარეკლამო მასალების ადგილი იყო. 2016 წლიდან ​Art Up ​ქუჩის გალერეამ გაასუფთავა ეს კედელი და განათავსა სამი საგამოფენო ბოქსი, სადაც უკვე მოეწყო 40-მდე ქართველი და უცხოელი არტისტის გამოფენა.

თუ პროექტი დაფინანსდა, იდეის ავტორი გეგმავს  გაარემონტოს და განაახლოს კედელი, შემდეგ კი მთლიანად აქციოს ის თანამედროვე ხელოვნების ქუჩის გალერეად, სადაც განთავსებული იქნება მცირე ზომის ქანდაკებები, მოიხატება და მოეწყობა მთელი წლის განმავლობაში გამოფენები.

პროექტის ბიუჯეტი  22 000 ლარია.

ეს მხოლოდ რამდენიმე პროექტია. საკონკურსოდ შერჩეულ 20 იდეას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ხმის მიცემისთვის აუცილებელია ერთჯერადი რეგისტარციის გავლა და ვებგვერდზე ავტორიზაცია. საბოლოო გამარჯვებული იდეები ბათუმის მერიის 2021 წლის ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდება.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები არიან საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში, ხოლო ქობულეთში – 1, ამავე დიაგნოზით.

გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს შეიყვანეს. „დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – აღნიშნულია დიაგნოზში.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 51 წლის კაცი. „COVID -19, ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი. თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება“ – აღნიშნულია დიაგნოზში.

ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში, ქობულეთში გარდაიცვალა 67 წლის ქალი კორონავირუსით. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, ასევე, შაქრიანი დიაბეტი და გულის ქორნიკული უკმარისობა.

ბოლო 24 სააში აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 181-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა დაახლოებით 1200 ტესტი კორონავირუსზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 533 პაციენტი, რეანიმაციაშია 48 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 911 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-მდე ინფიცირებული.

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 523 შემთხვევა, 7 პაციენტი გარდაიცვალა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6327. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 85 ადამიანი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილებაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს.

საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი.

როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, კონკურსში მონაწილე სტუდენტმა განაცხადი მერის სახელზე (ამ შემთხვევაში, მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის სახელზე) უნდა გააკეთოს. განათლებისა და კულტურის განყოფილების გვერდზე ელექტრონული აპლიკაციის ბმული განთავსებული არ არის.

„შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო ბიზნესის კრიზისი

ბათუმში რესტორნების უმეტესობა სერიოზულ კრიზისს განიცდის – ბევრს თანამშრომლების დათხოვნა მოუწია, ბევრი რესტორნის მენეჯერი კი შიშობს, რომ უკვე განახევრებული სტაფის შემცირება კიდევ მოუწევს. ზამთარში თავის გატანის მიზნით, რამდენიმე რესტორანი „იმისთვის, რომ სულ არ დაიკეტოს“, გარე მიწოდების სერვისის დანერგვას გეგმავს.

არიან ისეთებიც, რომლებსაც უფრო პესიმისტური განწყობები აქვთ და ფიქრობენ, რომ ზამთარში, როცა „თავის გატანისთვის საჭირო სხვა ხარჯებს“ გათბობის ხარჯიც დაემატება, ვეღარ გაწვდებიან და „დაიკეტებიან“.

„ვარდნა კატასტროფულია“ – ამ სიტყვებით დაიწყო პანდემიით გამოწვული კრიზისის შეფასება რესტორან „ვილაჯიოს“ მენეჯერმა, რუსუდან ლამპარაძემ. მისი თქმით, რესტორანს სრული კრიზისის ფონზე უწევს მუშაობა:

„პანდემიამ დიდი ზიანი მოგვაყენა, როგორც მორალური, ასევე ფინანსური. იმის მიუხედავად, რომ რესტორანში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული გვაქვს, ფსიქოლოგიური მომენტია მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად თავს იკავებენ  საჯარო ადგილებში გამოსვლისგან. ლოგიკურიცაა.  სრული დატვირთვით ვეღარ ვმუშაობთ, გამომდინარე აქედან, თუ მუშაობდა 25 კაცი, დღეს მუშაობს 6 ადამიანი. მოგვიწია პერსონალის შემცირება და ძალიან ბევრი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. მხოლოდ გარე მიწოდების სერვისზე გადასვლის შემთხვევაში ალბათ ორ თანამშრომელს დავიტოვებთ“.

სარესტორნო ბიზნესს დამატებითი პრობლემები შეუქმნა შეზღუდვამ, რაც საღამოს ათი საათისთვის მუშაობის დასრულებას ითვალისწინებს. რადგან პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო რესტორნებს ტურისტული ჯგუფები ვეღარ აკითხავენ, გათვლა ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზე აქვთ – ადგილობრივი მომხმარებელი კი რესტორანს ძირითადად სამსახურის დასრულების შემდეგ, საღამოს საათებში აკითხავს.

„მოგეხსენებათ, რა კატეგორია დადის კაფეში, ვინც მუშაობს, აქვს ხელფასი და საღამოს სურს დასვენება, ვახშამი, ცოცხალი მუსიკის მოსმენა, დაბადების დღის აღნიშვნა. რესტორანი კი ათის ნახევრისთვის მზადებას იწყებს, რომ ათი საათისთვის დაიკეტოს. ცხადია, ეს მომხმარებელს არ მოსწონს, რომელმაც შვიდ საათზე დაასრულა მუშაობა, რვა საათზე რესტორანში მოვიდა და 20-25 წუთი კიდევ შეკვეთას ელოდა“, – ამბობს რესტორან „ძველი ბულვარის“ მენეჯერი გოგა გოქსაძე.

რესტორნების მენეჯერების დაკვირვებით, ადგილობრივი მომხმარებლის სიმცირე მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდებას არ უკავშირდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური კრიზისია, რაც ადგილობრივ მომხმარებელზეც აისახა, ადამიანები უხელფასოდ დარჩნენ.

გოგას დღეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, შეძლებს თუ არა რესტორანი  ჩვეულებრივ გააგრძელოს მუშაობა ზამთარში:

„ეს დამოკიდებული იქნება ზოგად მდგომარეობაზე ქვეყანაში, რეგიონში და ქალაქში. შესაძლებელია ისევ გახდეს პრიორიტეტული მოწოდება – დარჩი სახლში. ამ შემთხვევაში არ ვიცით რა იქნება.“

კრიზისის ფონზე თანამშრომლები რომ არ დაეთხოვა,  როტაციის პრინციპი გამოიყენა რესტორანმა „დელირიამ“ – მენეჯმენტმა  თანამშრომლებს უფრო მეტი დასვენების დღე შესთავაზა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. ამ გადაწყვეტილებას ისინი დასთანხმდნენ,  იმის მიუხედავად, რომ ავტომატურად შეუმცირდათ ხელფასები, თუმცა სამსახური შეინარჩუნეს.

„არ ვიცით ზამთარს როგორ გადავლახავთ, ალბათ დავიკეტებით, რადგან გათბობას ვერ ჩავრთავთ და დამატებით ხარჯებს ვეღარ გავიღებთ. ახლა ვმუშაობთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავიკეტოთ. მდგომარეობა არის აბსოლუტურად არასტაბილური“, – ამბობს „დელირიას“ მფლობელი ნინო გაბუნია.

რესტორან „ვილაჯიოს“ მენეჯერმა კიდევ ერთ გერემოებაზე გაამახვილა ყურადღება და ეს რესტორნების თანამშრომლების ვირუსზე დატესტვასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება:

„უგრძეს რიგში უნდა დადგეს თანამშრომელი რამდენიმე საათით, რომ  უფასო ტესტი ჩაიტაროს. ყველა 72 საათში ამ პროცედურის გავლა საკმაოდ რთულია. სხვანაირად ჩვენც გვეშინია მუშაობა. ერთი რომ დაინფიცირდეს ყველა უნდა წავიდეთ იზოლაციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავიკეტოთ.“

1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 69 ათას 100 ლარამდეა გაზრდილი. სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. ამ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამმართველომ 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამჯერად ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციის დროს ხიდზე მოძრაობა არ ჩაიკეტება [ჯერ ხიდის ერთ ნახევარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია მთელ სიგრძეზე, ხოლო შემდეგ – მეორე ნახევარს. შესაბამისად, ხიდის ცალ მხარეს იქნება მოძრაობა]. ხიდის სიგრძე 366.3 მეტრია.

„ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდზე მშენებლობის პროცესში მარტო უსაფრთხოების ზომების დაცვა არ არის საკმარისი (ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია), საჭიროა სამუშაოების ჩატარების მკვეთრად გამოხატული თანმიმდევრობა, რომ მთლიანობაში ნაგებობაზე შესრულებული სამუშაოები კვალიფიციურად იქნას ჩატარებული“, – აღნიშნულია ტენდერში.

პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ „ხიდის ექსპლუატაციაში ყოფნიდან საკმაოდ დიდი დროა გასული (დაახლოებით 30 წელი). ყოველივე ეს გათვალისწინებული უნდა იქნას სახიდე გადასასვლელზე რეაბილიტაციის პროექტში. პროექტის მიხედვით ხიდის გაბარიტი იზრდება 60 სმ-ით, ხოლო ხიდის შუალედი ბურჯების დგარების დიამეტრი იზრდება 80 სმ-დან 100 სმ-მდე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნაგებობის მზიდუნარიანობას და თავის მხრივ საიმედოობას“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 28 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება [როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს სამუშაოები, ეს უშუალოდ პირობებში, მითითებული არ არის].

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ბათუმის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ „ბათუმელების“ სტატიაში:

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

 

 

 

მაღალი საფრთხის გამო, ხელვაჩაურში 28 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანენ – მერია

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული, მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა დასრულდა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ოჯახი მაღალი საფრთხის არსებობის გამო, დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით. 14 ოჯახი პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს, 9 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას, ხოლო 5 ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით საჭიროა დეტალური გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის შემდგომაც გატარდება ქმედითი ღონისძიებები“-აცხადებს ხელვაჩაურის მერია.

ამავე წყაროს ცნობით, სულ შესწავლილია 76 სახლის მდგომარეობა.

მერიის ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე 39 სახლში ჩასატარებელია პრევენციული ღონისძიებები. კერძოდ, გასაკეთებელია ფერდსამაგრი კედლები, დამცავი გაბიონები, მოსაწყობია სანიაღვრე არხები.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ავტომანქანაში კი ორი. ხუთივე მათგანი დაიღუპა.

როგორც სტიქიის შედეგად დაღუპული თედორაძეების ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, ოჯახმა არაერთხელ მიმართა განცხადებით მერიას, რომ ჩაეტარებინათ სახლის და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, თუმცა მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხელვაჩაურში, მაღალი რისკის ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

იუსტიციის სახლი წინასწარი დაჯავშნის წესს ცვლის

იუსტიციის სახლი ბათუმში აცხადებს, რომ იცვლება წინასწარი ჯავშნების წესი, რადგან გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები.

„რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ“-წერია განცხადებაში, რომელიც დღეს 10 ოქტომბერს, იუსტიციის სახლის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე განცხადებაში წერია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან  წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება.

„ზემოაღნიშნულის გამო, უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი  ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ  my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება.

ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება, ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად, თუმცა, პროგრამულად, ერთ დღეში სხვადასხვა სერვისის მისაღებად ერთი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება შეზღუდავს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას“-წერს იუსტიციის სახლი.

რამდენი ლარი იხარჯება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. „იუნისეფის“ ინფორმაციით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნები თავიანთი ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავენ, რაც საკმარისი არ არის.

„COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს ოჯახები მომავალ წლებშიც იგრძნობენ. ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ სერვისებში ინვესტირება ასე მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა“-ამბობს „იუნისეფი“.

მაგალითად საქართველოში, მთავრობის 2 მარტის დადგენილებით, სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი მიმწოდებლის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 599 590 ლარითაა განსაზღვრული.

აქედან, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, ბათუმის ჩათვლით, ფსიქიატრიული სერვისებისთვის თვეში 53 ათასი ლარია მხოლოდ გათვალისწინებული.

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სერვისის თვის ბიუჯეტი კი მიმწოდებლების მიხედვით, 10 710 ლარით ფინანსდება აჭარაში. უმნიშვნელოდ გაზრდილია სხვა რეგიონებში, მაგალითად თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში.

მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი კი, აჭარაში 150 700 ლარითაა განსაზღვრული, უფრო დიდ რეგიონებში, მაგალითად თბილისში 387 800 ლარით.

რაც შეეხება კოვიდ-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს, ამ საკითხზე საქართველოში კვლევას აწარმოებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, რომლის შედეგებიც წლის ბოლოს იქნება ცნობილი.

___________________________

მთავარი ფოტო: „იუნისეფის“ ფეისბუკის გვერდიდან.

100 ათას გრიპის ვაქცინას სახელმწიფო 600 ათას ევროდ ტენდერის გარეშე შეისყიდის

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 600 ათასი ევროს ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო 100 000 დოზა ვაქცინის ტენდერის გარეშე შეძენას, 2020 წლის 7 დეკემბრამდე გეგმავს.

ცენტრის ინფორმაციით, „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი, თუმცა ამ ვაქცინის მსოფლიო ბაზარზე არსებული დეფიციტის პირობებში, შეუძლებელი გახდა მისი საკმარისი რაოდენობით შესყიდვა“.

ვაქცინის გამარტივებული წესით შეძენაზე თანხმობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 9 ოქტომბერს მიმართა.

„კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ორივე ვირუსით ერთდროულად დაინფიცირებისა და შესაბამისად მძიმე გამოსავლის რაოდენობა. შესაბამისად, აუცილებელია სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონეების, ხანდაზმულებისა და სხვა იმ პირთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო აცრით, რათა დაინფიცირების გაზრდილი რისკის პირობებში თუნდაც ერთი დაავადებისგან, რომლის ვაქცინაც არსებობს დავაზღვიოთ მათი ჯანმრთელობა“, – აღნიშნულია ცენტრის განაცხადში.

ცენტრის ინფორმაციით, „მიუხედავად მსოფლიოში დრამატულად გაზრდილი მოთხოვნილებისა, პოტენციურმა მომწოდებელმა გამონახა საშუალება საქართველოსათვის დამატებითი რაოდენობის ვაქცინების მოწოდების, ამ პროდუქტზე არსებული მაღალი მოთხოვნის პირობებში შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებამდე შესაძლოა ვაქცინის მოწოდების შესაძლებლობა უკვე არ გვქონდეს, რაც ასევე შეაფერხებს შესყიდვების პროცედურებს და საბოლოო ჯამში შესაძლოა ქვეყანა დარჩეს ამ დეფიციტური საქონლის გარეშე“.

„იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს კომპანია Sanofi Pasteur-თან ცალკე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 1 999 350 ლარზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ ცენტრს 135 000 შპრიც/დოზა უნდა მიაწოდოს [ხელშეკრულების მიხედვით, რაოდენობის ნახევარი 2020 წლის 15 დეკემბრამდე, დანარჩენი კი – 1-ელ ნოემბრამდე]. რა რაოდენობის ვაქცინა მიიღო ამ ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრმა, შესყიდვების გვერდზე შესაბამისი დოკუმენტაცია 10 ოქტომბრის მდგომარეობით ატვირთული არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 100 ათასი ვაქცინის შეძენას გამარტივებული წესით, ამავე კომპანიის მეშვეობით გეგმავს.

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი.

თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის პირველ 6 თვეში].

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბათუმში, კაზინოს მოწყობისა და სხვა სათამაშო ბიზნესის 40 ლიცენზია/ნებართვაა გაცემული.

იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით კი, საქართველოში „აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას“.

კანონით, „სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ორგანიზებისთვის, ცალკე ნებართვა არ გაიცემა. იმისათვის, რომ მოეწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა, საჭიროა რეალური ობიექტის არსებობა“.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული ინფორმაციებით, ირკვევა, რომ ბათუმში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებისთვის, წელს, მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა გადაიხადა მოსაკრებელი. აღნიშნული მოსაკრებელი კი, ბათუმში, 250 ათასი ლარია კვარტალში. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ლიცენზიანტები ბათუმში არც ონლაინ მუშაობენ. მეტიც, ისინი, როგორც ჩანს, ონლაინ ვერც ამ წლის ბოლომდე იმუშავებენ, ვინაიდან, შესაბამისი მოსაკრებელი ქალაქის ბიუჯეტში წინასწარ, ოქტომბრამდე უნდა გადაეხადათ.

განახლდება თუ არა აზარტული თამაშები ბათუმში, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და სახელმწიფო საზღვრის გახსნაზეც. ამასთან, სათამაშო ბიზნესი, იანვრიდან მუშაობის განახლებას თუ გეგმავს [თუნდაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით], მან 2021 წლის პირველი კვარტლის [იანვარი-მარტი] მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში წელს, დეკემბრის თვის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში [2020 წლის იანვარი-ივნისი]:
  • სათამაშო აპარატებიდან შემოვიდა – 15 600 ლარი;
  • წამახალისებელი გათამაშებიდან – 47 200 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან – 750 000 ლარი;
  • კლუბის მაგიდიდან – 30 000 ლარი;
  • სამორინეს მაგიდიდან – 360 ათასი ლარი;
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 21 700 ლარი.

დამატებით, ივნისის შემდეგ, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელი – ჯამში 500 ათასი ლარი, ბათუმის ბიუჯეტში, ერთი იურიდიული პირს აქვს შეტანილი.

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით დაზარალდა ამ სფეროში დასაქმებული ასობით მოქალაქე, რომლებმაც ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. ბოლოს აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 6 და 7 ოქტომბერს გაიმართა. ქუჩაში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია:

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადება 0%-ით;
  • სახელმწიფოსგან საკომპენსაციო თანხის მომატება და გაგრძელება;
  • წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერა;
  • ქირით მცხოვრებთათვის დახმარება;
  • ბავშვების სკოლაში დაბრუნება;
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნება;
  • საზღვრების გახსნა;
  • სამუშაო ადგილების დაბრუნება.

უშუამდგომლებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, კონკრეტულად რომელი საკითხის მოგვარებაა უშუალოდ აჭარის მთავრობის პრეროგატივა და რა დროში გაეცემა პასუხები მოქალაქეთა კითხვებს – ამ თემაზე ნახეთ:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

 

 

 

საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი

26 წლის ნუკი აბშილავა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში იმყოფება, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას პალატაში არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა. ნუკი კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში, სადაც ასევე 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული ქალი მკურნალობს, გუშინ შეიყვანეს.

„კორონავირუსი ორი დღის წინ დაგვიდასტურდა მე და ჩემს მეუღლეს. ორივე ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში, თუმცა მე გუშინ გადმომიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში, რადგან 5 თვის ორსული ვარ.

მე და ჩემს მეუღლეს 37 გრადუსი გვქონდა ტემპერატურა და ამიტომ გავიკეთეთ ტესტი. თუმცა, როცა კლინიკას მივაკითხეთ, არც გვიპირებდნენ ტესტის გაკეთებას, რადგან 37 ტემპერატურა არ არის საკმარისი სიმპტომიო“-ამბობს ნუკი.

მის თქმით, პალატა სადაც გუშინ საღამოს გადაიყვანეს, მოუწესრიგებელია.

„საპირფარეშო და აბაზა გამოყენებული იყო, ჩაურეცხავი და დაულაგებელი დამხვდა. როცა შენიშვნა მივეცი, მიპასუხეს, – „ეხლა ღამეა და ყოველთვის ხომ ვერ დაალაგებენ და ყოველთვის მზად ხომ ვერ იქნებიან შვილო“.

არც დღეს დილით გამოუჩენიათ ყურადღება, ამიტომ დღესაც ვერ ვისარგებლე საპირფარეშოთი. შიგნით ჩაყრილი ქაღალდები ისევ ისეა. სხვისი გამოყენებული გახსნილი საპნის ჩარჩენებიც იქვე დევს. კარს სახელური არ აქვს და ჟანგიან რკინაში უნდა შეყო თითები რომ გააღო. წყლის მილებიც ჟანგიანია და როცა ხელს იბან, ჟანგიანი წყალი გეცემა ზემოდან“-გვეუბნება ნუკი.

ნიჟარა ბათუმის სამშობიარო სახლის ერთ-ერთ პალატაში

მის თქმით, თუ ორსული ქალების მიმართ ამაზე მეტი სერსივის მიწოდება კლინიკას არ შეუძლია, მაშინ უმჯობესია ის თვითიზოლაციაში დარჩეს.

„გადმომიყვანეს კლინიკაში, რადგან მეტი ყურადღება გესაჭიროებაო და მეტ ყურადღებაში რას გულისხმობენ არ ვიცი. მე მგონი აქ უფრო მეტი საფრთხეა.

პაციენტის თქმით, აბაზანა მოუწესრიგებელია. იქვეა დატოვებული უკვე გამოყენებული საპნის ნარჩენები და ქაღალდები.

არც რაიმე მედიკამეტი მოუწოდებიათ. ცხვირი მქონდა გაჭედილი და გუშინ ფიზიოლოგიური ხსნარი რომ მოვითხოვე, მითხრეს მარაგში არ გვაქვსო. ჰიგიენა დაცული არ არის და არაჟნიან პურს და ჩაის სახლშიც მივირთმევდი.

გარდა ამისა, სხვა პაციენტი შემოიყვანეს პალატაში. ისიც კოვიდიანია და ნაოპერაციევი.  ამიტომ მირჩევნია დამაბრუნონ თვითიზოლაციაში და იქ გავიარო მკურნალობა. თუკი ქლორით და სადეზინფექციო ხსნარებით უნდა ვირბინო აქ“-ამბობს ნუკი აბშილავა.

პაციენტის თქმით, პალატიდან არც ნაგავი იყო გატანილი.

„ბათუმელები“ სამშობიარო სახლის დირექტორს ნუგზარ პაპავასაც ესაუბრა რომელიც ამბობს, რომ პრეტენზიებს არ მიიღებს. „პალატები დღეში ორჯერ იწმინდება, თვითონ თუ რამეს ყრიან, არ ვიცი. ვეღარ ავუდივართ. ამიტომ ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ.

პაციენტს ანტისანიტარიას არავინ არ დაახვედრებდა. ქაღალდი თუ არ იყო, ეთხოვა და მიუტანდნენ“-ამბობს ის. თუმცა დასძენს, რომ პალატებში არსებულ ჰიგიენას გადაამოწმებს.

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

10 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

65 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 8 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

76 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 29 სექტემბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“ – სამინისტროს ცნობით, პაციენტი გუშინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

80 წლის ქალი გარდაიცვალა გუშინ ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში. სამინისტროს ცნობით, კოვიდთან ერთან მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე, კორონავირუსით გარდაიცვალა ბათუმში 90 წლის ქალი. „დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 10 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 6 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარაში კოვიდის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 ოქტომბრის მონაცემები

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა, 199-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 539 პაციენტი, რეანიმაციაშია 45 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 895 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი ინფიცირებული.

სოსო ჯახია – ინტერვიუ BMC -ის კლინიკურ დირექტორთან

„წარმატებულ მენეჯერს გამოწვევები არ აშინებს, პირიქით, შეიძლება ითქვას, ის მუდმივად ეძებს სირთულეებს, რათა არსებული რეალობა სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებებით შეცვალოს. ასეთ დროს ძლიერი და წარმატებული გუნდი კი ყოველთვის გაძლევს სტიმულს, ბოლომდე დაიხარჯო ნებიესმიერ ბრძოლაში!“ – სოსო ჯახია, BMC – ის კლინიკური დირექტორი.

მრავალწლიანი მართვის გამოცდილების მქონე წარმატებულმა მენეჯერმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) კლინიკური დირექტორის პოსტი 2020 წლის თებერვლიდან დაიკავა. განათლება, გამოცდილება, სამომავლო გეგმები – გთავაზობთ ინტერვიუს სოსო ჯახიასთან

  • მოგვიყევით თქვენ შესახებ:

– დავიბადე ზუგდიდში 1987 წლის 8 იანვარს, მეცნიერების ოჯახში, მამა – გობრონ ჯახია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, დედა დარეჯან ბუიძე – ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საჯარო სკოლა  ზუგდიდში დავამთავრე. 2003 წელს კი სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურა და მომენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. სწავლის დამთავრებისთანავე, 2009 წელს, ამიყვანეს სტაჟიორად ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში კონტროლის დეპარტამენტში. სტაჟირების გავლის შემდგომ მუშაობა დავიწყე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის პროგრამების დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად. ამავე სააგენტოში რამდენიმე პოზიციის გავლის შემდგომ, 2014-2015 წლებში, ვხელმძღვანელობდი საყოველთაო ჯანდაცვის მონიტორინგის სამმართველოს. შემდგომ წლებში ვმუშაობდი თბილისის სხვადასხვა კერძო სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2018-2020 წლებში მონაწილეობა მივიღე ქუთაისში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის გახსნაში და ვიყავი ამავე ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე და კლინიკური მენეჯერი. 2020 წლის იანვარში შემოთავაზება მივიღე ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან კლინიკური დირექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი ამ გამოწვევას. მყავს მეუღლე, ციცი ჩიკვილაძე და ორი შვილი – საბა და სანდრო.

  • პროფესიის არჩევისას რატომ ჯანდაცვის სფერო? იყო თუ არა ოჯახი განმსაზღვრელი ფაქტორი?

რა თქმა უნდა, მშობლების პროფესიამ დადებითი  გავლენა იქონია ჩემი და ჩემი ძმის სწავლასა და  განათლებაზე, თუმცა პროფესიის არჩევისას, მომავალი საქმიანობის სფერო ორივესთვის მედიცინა აღმოჩნდა. ჩემი ძმა, ტატო ჯახია, დღეს წარმატებული, ინტერვენციული კარდიოლოგია ჩაფიძის გულის ცენტრში, ასევე, არის BMC-ის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი მეუღლე რეზიდენტია კარდიოლოგიაში, ჩემი მეუღლე კი – დიპლომირებული მედიკოსი.

რატომ მედიცინა? ვფიქრობ, რომ მედიცინა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა სამყაროში, რადგან საშუალებას გაძლევს, დაეხმარო ადამიანებს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

სასიამოვნოა განცდა გადაარჩინო ყველაზე ძვირფასი – ადამიანის სიცოცხლე.

  • აღნიშნეთ, რომ რამდენიმე კლინიკის თანახელმძღვანელი იყავით. რა ფაქტორმა განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება – დათანხმებულიყავით BMC –ის კლინიკური დირექტორის პოსტს?

მაშ ასე, რატომ BMC-ი?

[checklist]

  • მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებაა, ექსკლუზიური სერვისებითა და ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით;
  • კლინიკა, რომელსაც მოწყობითა და სტრუქტურით საქართველოში ანალოგი არ აქვს;
  • 24/7 -ზე, უწყვეტ რეჟიმში ქმნის ხარისხიან, ეფექტურ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას რეგიონში;
  • BMC-ი ყველა თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს!
  • BMC – ში წარმატებული, კვალიფიციური და პროფესიონალი ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების გუნდი მუშაობს;
  • ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები უზუსტესი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა;
  • BMC – ში მუდმივად ზრუნავენ მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე!
  • BMC – ში მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია;
  • კლინიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა რგოლი ერთ სივრცეშია – დრო უდრის სიცოცხლეს!

[/checklist]

ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა – გჭირდება კვალიფიკაცია, ცოდნა, განათლება და გამოცდილება. პაციენტის წინაშე მართალი უნდა იყო. თუ ამ პროფესიას ზერელედ უყურებ, სამედიცინო სფეროს ვერ მოერგები. ზუსტად იქ ვმუშაობ, სადაც მინდა, რომ ვმუშაობდე. ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ეს დიდი პატივია პირადად ჩემთვის.

  • როგორ განვითარდა ბათუმის სამედიცინო ცენტრი (BMC) დაარსებიდან დღემდე?

წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა როგორც  ფსიქონევროლოგიური დაწესებულება. ტერიტორია 2017  წლის დეკემბერში აუქციონის წესით გასხვისდა, ეტაპობრივად დაემატა სხვადასხვა პროფილის დეპარტამენტი, სრულად გარემონტდა და აღიჭურვა სივრცეები. შედეგად, BMC-ი დღეს ფუნქციონირებს, როგორც ულტრათანამედროვე, 266-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ექსკლუზიური სერვისებით პაციენტებს ვთავაზობთ ადეკვატურ, დროულ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას მტკიცებულებითი მედიცინით, მულტიდისციპლინარული მიდგომით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით.

უმაღლესი ხარისხის სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიწოდება ხორციელდება მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი და გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გუნდის მიერ. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, ვზრუნავთ მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ვუქმნით კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

მადლიერი პაციენტების რიცხვი გაიზარდა და დამერწმუნეთ, ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმულია. მთავარი მიზანიც ეს არის – პაციენტის საუკეთესო ინტერესი და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება.

  • რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა BMC-ი? რით არის გამორჩეული ბათუმის სამედიცინო ცენტრი?

ბევრი ფაქტორის გამოა BMC-ი  განსაკუთრებული, როგორც კლინიკა, სადაც პროფესიონალთა გუნდი ყოველდღე და დაუღალავად იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.

BMC -ის უახლესი, ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გვაძლევს საშუალებას, სწორი და დროული დიაგნოზის დასმით გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე!

გამორჩეული ინფრასტრუქტურა და კლინიკის მოწყობა/განლაგება BMC -ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ყველა დეპარტამენტში შექმნილია სასიამოვნო გარემო, რათა პაციენტმა და პაციენტის ახლობლებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ, როგორც საკუთარ სახლში.

პაციენტი სამედიცინო მომსახურების სრულ პაკეტს ერთ სივრცეში იღებს. გართულების ან პაციენტის დამძიმების შემთხვევაში, მინიმალურ დროში, 2-3 წუთში, სამედიცინო პერსონალს შეუძლია ნებისმიერი მანიპულაციის დროული შესრულება, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა რგოლი ერთ სართულზეა (რეანიმაცია, საოპერაციო ოთახები, კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადიაგნოსტიკო საშუალებები).

განსაკუთრებით გამოვარჩევდი საიმედო, პროფესიონალ და გამოცდილ BMC-ის გუნდს. ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მათ უნდა ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა!

BMC-ის თითოეულ დეპარტამენტში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით მოწოდებული ყველა სახის სამედიცინო ჩარევა, მკურნალობის ინდივიდუალური, უახლეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე აგებული მიდგომები და პაციენტების მაქსიმალურ კომფორტზე ორიენტირებული უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

  • უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ BMC – ში არსებულ სერვისებზე – რა მიმართულებებია და რა პროფილის პაციენტებს ემსახურება კლინიკა?

ჩვენი სერვისებია: ემერჯენსი; რეანიმაცია; კარდიოლოგია; ინტერვენციული კარდიოლოგია; სისხლძარღვთა ქირურგია; ენდოვასკულარული ანგიოლოგია; ნევროლოგია; ნეიროქირურგია; ენდოვასკულარული ნეიროქირურგია; ქირურგია; ორთოპედია – ტრავმატოლოგია; ოტორინოლარინგოლოგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; სამშობიარო; ნარკოლოგია; ფსიქიატრია; სრული ამბულატორიული მომსახურება; სრული ლაბორატორიული მომსახურება; სრული დიაგნოსტიკა. ფაქტობრივად, ყველა სომატური პათოლოგიის მართვა ხდება.

როგორც უკვე გითხარით, კლინიკა 2017 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ფსიქონევროლოგიური დაწესებულება. დღეს ფსიქიატრიის დეპარტამენტი ინტეგრირებულია სამედიცინო დაწესებულების სომატურ ნაწილთან, რაც BMC-ის გამოარჩევს სხვა კლინიკებისგან – საქართველოში მოწყობითა და სტრუქტურით ანალოგი არ ჰყავს!

ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები მუდმივად განიცდიან სტიგმას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სხვადასხვა აქტივობით და პროექტებით მუდმივად ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას. ამ მხრივ მრავალპროფილური კლინიკის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს – უკვე ფუნქციონირებს სამი საცხოვრისი ფსიქიკური სერვისების მიმღები პირებისთვის! საცხოვრისები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესია და გულისხმობს ინსტიტუციების ჩანაცვლებას სტაციონარსგარე სერვისებით, სადაც ბენეფიციარებს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობა აქვთ!

ასევე, ვმკურნალობთ ალკო და ნარკოდამოკიდებულების მქონე პაციენტებს.

  • რაც შეეხება სამომვლო გეგმებს, რა მიმართულების გაძლიერებას ან დამატებას გეგმავთ?

ვგეგმავთ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას – BMC -ის ტერიტორიაზე ვერტოდრომის მოწყობას. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მოგეხსენებათ, დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მაღალმთიან აჭარაში მომხდარი უბედური შემთხვევებისას ურგენტული პაციენტების მართვა, რადგან ბათუმში გადმოყვანისას იკარგება ყველაზე ძვირფასი – დრო! მაღალმთიანი აჭარის რელიეფიდან გამომდინარე კი ვერტოდრომის არსებობა ხელმისაწვდომი და ეფექტური სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობას მოგვცემს. დასავლეთ საქართველოში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას ვერტოდრომი არ გააჩნია, შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ პირველები ვიქნებით.

რაც შეეხება ახალ მიმართულებას – უახლოეს პერიოდში კარდიოქირურგია დაგვემატება. დედაქალაქის ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული კლინიკის სპეციალისტებთან გვქონდა შეხვედრა, რომლებმაც გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. BMC -ში სპეციალურად ამ მიმართულებისთვის მოეწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სივრცე, სადაც ყველა დეტალს ექნება დატვირთვა მთავარი მოტივით – პაციენტსა და მის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო.

ჩვენ ვცდილობთ, მნიშვნელოვანი სამედიცინო კომპეტენციითა და მკურნალობის თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებით გავაუმჯობესოთ არსებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შევქმნათ ახალი მიმართულებები აჭარაში, რათა გავზარდოთ მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა. ასევე, მნიშვნელოვან ამოცანად დავისახეთ ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობის ღირსეული ალტერნატივა იქნება.

ყველა სიცოცხლე იმსახურებს თანამედროვე და ჯეროვან მკურნალობას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დადასტურდა კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6119. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 78 ადამიანი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5971 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან – ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს აერთიანებს და მას მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს.

სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი.

გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ ექვსი განსხვავებული ფერის, განახლებული დიზაინის ვერტიკალური ფორმის ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge

ქალები ქედიდან ევროკავშირის დაფინანსებით თაფლის წარმოებას ავითარებენ

თუ მაღალმთიანი აჭარის მონახულებას გადაწყვეტთ, პირველ დანიშნულების ადგილად აუცილებლად ქედის მუნიციპალიტეტი უნდა აირჩიოთ. გარდა არაჩვეულებრივი ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლებისა, აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, აქტიურ რეჟიმში მოღვაწეობენ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მშრომელი ადგილობრივების შექმნილი რესურსების წყალობით კი ქედა მრავალი წელია არამხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ უცხოელ ვიზიტორებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.

ქედის მუნიციპალიტეტის ბუნება მოსახლეობას საშუალებას აძლევს გამოიყენოს არსებული რესურსები – მრავალ საქმიანობასთან ერთად, აქ მოჰყავთ განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, ასევე მისდევენ მეფუტკრეობას. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ „ქედა ლიდერის“ ხელშეწყობით, ადამიანები ახერხებენ პროექტებში მონაწილეობის მიღებას და მცირე ბიზნესის საჭიროებებით უზრუნველყოფას.  მათ რიგებს სულ ცოტა ხნის წინ ლამზირა ხინიკაძეც შეემატა.

როგორც „ქედა ლიდერის“ წარმომადგენელი გიორგი აბულაძე ამბობს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG) სამოქალაქო, კერძო და საჯარო სამსახურის მოხელეები ერთი მიზნით ერთიანდებიან: „შემუშავებული გვაქვს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებებით. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ აქტივობას წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ვახორციელებთ, თუმცა დოკუმენტის ცოცხალი ბუნებიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მასში ცვლილებები შევიტანოთ. ქედის LAG-ი ახდენს არსებული პროექტების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრასა და დამტკიცებული პროექტების მონიტორინგს“.

სწორედ LAG-ის მიერ დაფინანსდა ლამზირას პროექტიც. იგი სოფელ ვაიოდანაა, სადაც ოჯახთან ერთად მრავალი წელია მეფუტკრეობას მისდევს. როგორც მისი მეუღლე, რობერტ მახაჭაძე გვეუბნება, ეს საქმიანობა მრავალი ათეული წელია ოჯახის განუყოფელი ნაწილია, თუმცა განსხვავებით წინაპრების მიერ გამოყენებული მეთოდებისა, ახლა ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახერხებენ ბიზნესის ეფექტურ მართვას.

ამ ეტაპზე ოჯახი ფლობს 70-მდე ოჯახ ფუტკარს, აწარმოებს წაბლის, აკაციის, მინდვრისა და ყვავილის თაფლს და თაფლისგან და ფიჭისგან არაყს. წლევანდელი მოსავალი უკვე აიღეს – 1 ტონა წაბლის თაფლი, რომლის რეალიზებას საქართველოს მასშტაბით მოახდენენ.

„პანდემიის პირობებში სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ჩვენი თაფლის საზღვარგარეთ გატანა, თუმცა პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით თაფლის სხვადასხვა ზომის ქილებში განთავსება და ეტიკეტირება, რაც დაგვეხმარა მომხმარებლამდე ინფორმაციის მარტივად მიწოდებასა და ნდობის გაზრდაში. ვფიქრობთ, ეს დიდი პლუსი იქნება სამომავლოდ თაფლის საზღვარგარეთ გატანისას“ – ამბობს ლამზირა.

სახარბიელო ადგილმდებარეობის გამო, ოჯახს მაისსა და აპრილში ფუტკარი მიჰყავს ისეთ სოფლებში, სადაც ციტრუსია, შედეგად კი იღებენ არაჩვეულებრივი არომატის ციტრუსის თაფლს, ასევე ამზადებენ არაყს, პროპოლისს და სანთელს.

რამდენიმე ხნის წინ, როცა ტურისტთა ნაკადმა იმატა, ოჯახი მივიდა იდეამდე, რომ პროდუქტის დამზადების პროცესი გამჭირვალე გამხდარიყო, ამისთვის კი სჭირდებოდათ კეთილმოწყობილი სივრცე. ლამზირამ გადაწყვიტა ჩართულიყო „ქედა ლიდერის“ პროექტში, რომლის შედეგადაც გარდა ზემოთხსენებული სარგებლისა, ოჯახს საშუალება მიეცა საკუთარი ფიქრები რეალობად ექცია. ახლა, თუ სოფელ ვაიოს ესტუმრებით, გზის პირას აუცილებლად შეამჩნევთ სკების მახლობლად აშენებულ ხის ზღაპრულ ქოხს, შესვლისთანავე კი თავბრუს დაგახვევთ თაფლისა და ფიჭის სურნელება, ყველაფერ ამას კი ბონუსად ემატება შესაძლებლობა, თავად ჩაერთოთ თაფლის დამზადების პროცესში და თეორიულად თუ პრაქტიკულად გაიაროთ ყველა ნაბიჯი, რომელსაც მეფუტკრე საბოლოო შედეგის მიღებამდე გადის.

„სასიამოვნოა უყურო ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მეფუტკრეობით. აქ მოდიან არამხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივი დამსვენებლები. ყიდულობენ ან აგემოვნებენ თაფლს, არაყს, მონაწილეობენ ფიჭის ამოღებისა და თაფლის დაწურვის პროცესში. იღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს და ათავსებენ სოციალურ ქსელებში, შედეგად კი ჩვენი პატარა თაფლის სახლის შესახებ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, რაც ჩვენს ბიზნეს აძლიერებს და ჩვენთვისაც სასიხარულოა“ – ამბობს რობერტი.

გიორგი აბულაძის თქმით, არსებული პროექტი რამდენიმე კუთხითაა საინტერესო, პირველი ის, რომ ვაიოში ძირითადად მარნები და საოჯახო სასტუმროებია, თაფლის სახლის იდეა კი სოფელში ადამიანთა მრავალფეროვან საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე ლამზირა მაგალითი გახდა ადგილობრივი ქალბატონებისთვის – „მიგვაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტით გაიზრდება ქალბატონი ლამზირა ხინიკაძის შემოსავლები და ასევე შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილი, ასევე ეს პროექტი ერთგვარად იქნება ხელშემწყობი ქალის როლის გაზრდაში. ჩვენი, როგორც LAG-ის მისიაც ესაა, მუნიციპალიტეტში მოვახდინოთ მოსახლეობის მოტივირება, რათა საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტად გამოიყენოს არსებული რესურსი და დარწმუნდეს, რომ ქედას აქვს დიდი პოტენციალი, მთავარია მონდომება“ – ამბობს გიორგი აბულაძე.


პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ: „ფაქტები და მონაცემები“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები-ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეოისტორიები სრულად განთავსებულია კამპანიის გვერდზე  ჩემი სოფელი

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

2020 წლის ზაფხულში მასწავლებლობის მსურველებმა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ჩააბარეს. იხილეთ საგნობრივი გამოცდის ოფიციალური შედეგები კონკრეტულ საგნების მიხედვით.

ქართულ ენას 771 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა. მაქსიმალური ბარიერი ამ საგანში 70 ქულაა, გამსვლელი ქულა კი 43. ბარიერი ვერ გადალახა 528 პირმა.

მათემატიკის გამოცდას 323 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა, მაქსიმალური ზღვარი 52  ქულა იყო მათემატიკაში, მინიმალური 32. ბარიერი ვერ გადალახა 209 პირმა.

ინგლისურ ენაში გამოცდას 1032 პირი აბარებდა, ზღვარი ვერ გადალახა 716 კონკურსანტმა. მაქსიმალური ზღვარი უცხო ენაში 90 ქულა იყო, მინიმალური კი 55 ქულა.

ისტორიას 638 ადამიანი აბარებდა, ბარიერი ვერ გადალახა 479 კონკურსანტმა. ისტორიაში მაქსიმალური ქულა 60 იყო, მინიმალური კი 37 ქულა.

გეოგრაფიის გამოცდას მასწავლებლობის 250 მსურველი აბარებდა, ბარიერი ვერ გადალახა 221-მა პირმა. მხოლოდ 29 კონკურსანტმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება.

საბუნებისმეტყველო საგნის გამოცდის შედეგები:

ფიზიკას 148 პირი აბარებდა, ბარიერი მხოლოდ 32 დაძლია, 116-მა კომპეტენცია ვერ დაადასტურა. ფიზიკაში მაქსიმალური ქულა 70 იყო, გამსვლელი ქულა 43.

ქიმიას აბარებდა 171 პირი, ბარიერი ვერ დაძლია 134-მა კონკურსანტმა. მხოლოდ 37-მა მასწავლებლობის მსურველმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება. ქიმიაში მაქსიმალური ქულა 70 იყო, მინიმალური 43.

ბიოლოგიას 368 პირი აბარებდა, ბარიერი ვერ გადალახა 223 პირმა. მაქსიმალური ქულა ბიოლოგიაში 63, ხოლო მინიმალური 38 ქულაა.

დაწყებითი განათლების მასწავლებლობის სურვილი 1 974-მა პირმა გამოთქვა, თუმცა ბარიერის გადალახვა მხოლოდ 214 კონკურსანტმა მოახერხა. 1 760-მა კი ვერ შეძლო კომპეტენციის დადასტურება. დაწყებით საფეხურზე მაქსიმალური ზღვარი 80 ქულაა, მინიმალური კი 49 ქულა.

სამოქალაქო განათლებაში 562 პირიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 204 პირმა შეძლო, 358 კი ჩაიჭრა.

I-VI კლასების ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლობის სურვილი 715 პირს ჰქონდა, თუმცა ბარიერი მხოლოდ 80 აპლიკანტმა გადალახა, ჩაიჭრა 635 პირი.

ამავე კლასების მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ბარიერი თითქმის ერთი და იგივე რაოდენობამ – 202 მსურველმა გადალახა, ჩაიჭრა 600-ზე მეტი. ორივე საგანში მაქსიმალური ქულა იყო 65, მინიმალური კი 40 ქულა.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდას 299 პირი აბარებდა, თუმცა ბარიერი მხოლოდ 15 პირმა გადალახა, ჩაიჭრა 284 მასწავლებლობის მსურველი.

სახელოვნებო საგნის გამოცდის შედეგები:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში გამოცდას აბარებდა 387 პირი, ბარიერი ვერ გადალახა 211 პირმა.

მუსიკაში კომპეტენციას 302 პირი ადასტურებდა, ბარიერი ვერ დაძლია 182-მა პირმა.

სპორტი: 

სპორტის გამოცდას 604 ადამიანი აბარებდა, ჩაიჭრა 411.

მთლიანობაში, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 11 908 მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე  1 468 არ გამოცხადდა. 7 706-მა კი კომპეტენცია ვერ დაადასტურა.

______________________________

მთავარი ფოტო: მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 2020/გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ამნისტიის მოთხოვნით ელექტრონული პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ მოთხოვნით აქამდე არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, ბათუმში. ისინი მიიჩნევენ, რომ ამნისტია, პირველ რიგში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს უნდა შეეხოს.

ხელმოწერებს ამნისტიის მოთხოვნით აგროვებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ვითხოვთ ჰუმანურ აქტს ამნისტიას“. ხელმოწერა ელექტორნულადაა შესაძლებელი.

„ყოველწლიურად ჩვენ საპატიმროებში ვამყოფებთ 3000 ავადმყოფ ადამიანს. ყოველწლიურად 6000 ადამიანი იხდის პირობით სასჯელს ავადმყოფობისთვის.

დღეს ავადმყოფოებისაგან ვქმნით დამნაშავეებს, ადამიანებს ვსჯით დასჯით მიზნით. ფაქტობრივად ვამყოფებთ ტრეფიკინგში და ისეთი კანონდმებლობით, რომლის შესაბამისად სასამართლოს ავადმყოფისათვის შეუძლია მიუსაჯოს სამუდამო პატიმრობა,“ – წერია მოძრაობის „ვითხოვთ ჰუმანურ აქტს ამნისტიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში დელფინ ცუცას მეორე შვილი შეეძინა – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს. დელფინარიუმისვე ცნობით, ეს მეთერთმეტე დელფინია, რომელიც დელფინარიუმში დაიბადა.

„დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს.

დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ (თენგო) წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს“, – ვკითხულობთ დელფინარიუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვეზე მეტია ბათუმის დელფინარიუმი კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია.

ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ინტერვიუში ის გვესაუბრება მოსწავლეებზე, მათ სურვილებსა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ბავშვები და რას ნიშნავს ასწავლო სიყვარულით.

  • ქალბატონო სოფო, თქვენი აზრით რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი?

მასწავლებლობა ზუსტად ის არის, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უნდა იპოვო. რა თქმა უნდა, ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავისით მიდის კონკრეტულ დასკვნამდე. კარგი მასწავლებლობა გულისხმობს იმას, ერთი ხელით სიყვარულს უნდა აძლევდე ბავშვს და მეორეთი ცოდნას. როცა ორივე ერთადაა და ერთმანეთს ავსებს, ამ შემთხვევაში გამოდის შედეგი.

  • რა იგულისხმება „სიყვარულით სწავლებაში“, როგორია ეს პრაქტიკაში?

სიყვარულით სწავლება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ არ მეზარებოდეს ის, რასაც ვაკეთებ. ერთ-ერთი მოაზროვნის ცნობილ ფრაზას მოვიშველიებ, რომელიც ამბობს, რომ თუ გინდა არ იმუშაო, აკეთე საყვარელი საქმე. საყვარელი საქმე რუტინა და ტვირთი არასდროს არ არის. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა.

სიყვარულით გაკეთებულ საქმეს იმას ვეძახი, რომ ყველაფერში კეთილგანწყობა მიგყვება. მაშინაც კი, როცა რაღაც გაწუხებს ან გიმძიმს და ამას ვერც გამოხატავ ბავშვებთან. ეს ფარავს წუხილს, სიმძიმილს, როცა რაღაც საკითხზე იწყებ ფიქრს ბავშვებს როგორ მიუტანო, რა ფორმით მიაწოდო, რომ რაღაც ახალი იყოს მათთვის.

მუსიკას მოუსმინე – ერთი სული გაქვს, რომ ბავშვებს გაუზიარო, რაღაც ფილმს უყურე – ბედნიერი ხარ, რომ მოგეწონა და ბავშვებამდე უნდა მიიტანო, ყველაფერს ახლავს სიყვარული და ნებისმიერ დეტალში მჟღავნდება ეს. ბავშვიც გრძნობს ამას და შემდეგ შეიძლება ისეთი რამ გაპატიოს, თვითონაც რომ გაგიკვირდება.

  • თქვენ ასწავლით ლიტერატურას, საგანს, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის პიროვნულ განვითარებას, ღირებულებებს, თავისუფლებას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. როგორ ასწავლით ამ ყველაფერს? 

ლიტერატურის მასწავლებელს უფრო მეტი საშუალება აქვს და მისი პირდაპირი მოვალეობაცაა, რომ რაღაც ღირებულებები ასწავლოს ბავშვს და ხელოვნების დარგები ყველაზე მეტად აკეთებს ამ საქმეს. ლიტერატურა ასწავლის რა იფიქრა, რა განიცადა კაცობრიობამ არსებობის დღიდან, რას გრძნობდა და როგორ გამოხატავდა და შემდეგ, როგორია ამაში ჩვენი წვლილი.

ყოველთვის ვცდილობ, არ ვესაუბრო მხოლოდ ქართულ ლიტერატურაზე, არამედ ვაჩვენო პრობლემა გლობალურ კონტექსტში. კომპლექსურად უნდა დაეხმარო მოსწავლეს, რომ გაიაზროს ესა თუ ის საკითხი და რა სჯობს ამის თვალყურის დევნებას.

  • რის შესახებ სვამენ ყველაზე ხშირად ბავშვები კითხვებს, რა აინტერესებთ მათ?

ძალიან სერიოზული კითხვები უჩნდებათ. აინტერესებთ სამყაროს შექმნის შესახებ ამბები, კითხვები აქვთ უსამართლობაზე. ერთი ბავშვი მეკითხებოდა – რატომ არის, რომ ერთი მწერალი იმავე საკითხზე ტრაგიკულად წერს, მეორე კი იცინის. ერთისთვის ტრაგედიაა, მეორესთვის კომედია. ისეთ სერიოზულ საკითხებზე დაფიქრდებიან ხოლმე, რაც ხელოვნების თეორეტიკოსების განსახილველი საგანია და მასწავლებელმა ისე უნდა მიაწოდოს სათქმელი, რომ დისკომფორტი არ ჰქონდეთ და ღირებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ეს არ არის ადვილი…

ეს დღეები სულ მალაპარაკებდნენ იმაზე, რა გავაკეთე კარგად და ყოველთვის მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა, ვისთან არ გამომივიდა.

  • ვილაპარაკოთ ახლა – სად არ გამოვიდა და რატომ?

მე მზად ვარ გავუწოდო ხელი, მივცე ცოდნა ბავშვს, მაგრამ ვიღაცას შია, ვიღაცას წყურია, ვიღაცას სახლში დედა არ ჰყავს წლებია ან შინაგანი წინააღმდეგობები აქვს. ბავშვს უნდა, რომ მიიღოს ეს გამოწვდილი ხელი, მაგრამ ამისთვის ფსიქოლოგიური, შინაგანი მზაობა და განწყობა არ აქვს. არ იცის, როგორ შეხვდეს ამ ხელს და უამრავი დეტალი, უამრავი პრობლემაა. სოციალური პრობლემები ბევრ რამეს განსაზღვრავს ბავშვის ცხოვრებაში და ბავშვისთვის, რომელიც მძიმე ოჯახური მდგომარეობიდან მოვიდა დილით სკოლაში,შეიძლება ცარიელი სიტყვები აღმოჩნდეს „ვეფხისტყაოსნის“ მაღალი ფასეულობები.

  • რას აკეთებთ ასეთ დროს, რა გეხმარებათ მასთან კომუნიკაციის აღდგენაში. ახერხებთ თუ ვერა?  

ასეთ სიტუაციაში არ გამოგყვება ბავშვი საგნამდე, ვერ მიიყვან, თუ ჯერ პიროვნული ურთიერთობები არ აეწყო. მან უნდა იგრძნოს, რომ ყველას გვაქვს პრობლემები და მეც მათ შორის. გულწრფელები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან საუბრისას. შეიძლება ბავშვი საგნით არ დაინტერესდეს და ვერც შეაყვარო საგანი, მით უმეტეს, თუ 1-2 წელი ასწავლი მხოლოდ, მაგრამ სამაგიეროდ, გულს მოუბრუნებ მასწავლებლისკენ, სკოლისკენ, მეგობრობას ასწავლი, ოპტიმიზმს გაუჩენ, იმედს, რომ მასზეც ზრუნავს ვიღაც, მისი ბედი ვიღაცას აწუხებს და შეუძლია ეგულებოდეს ადამიანი, ვისაც, უბრალოდ, დაელაპარაკება ნებისმიერ დროს. როცა ადამიანს დაინახავს მასწავლებელში და საყრდენს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც არანაკლები გამარჯვება მგონია.

  • სკოლის გარემო, ინფრასტრუქტურა თუ უწყობს ხელს ბავშვებს, რომ თავიანთი ინტერესები დაიკმაყოფილონ?

კლუბები ყველა სკოლაში არსებობს და ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, თუმცა ეს არის საშუალება, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები და აქ სწავლობენ ისინი ცხოვრებას. ეს ურთიერთობები ეხმარება მათ, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის შესახებ, ნაწილდება პასუხისმგებლობები და ყველაზე მარტივი პროექტის დაგეგმვის დროსაც კი, ბავშვები ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილებას სწავლობენ. სწავლობენ, როგორ უნდა იბრძოლონ საერთო საქმისთვის და აკეთონ ის, რაც შეიძლება დღეს არ ჩანს, მაგრამ წლების შემდეგ გამოჩნდება.

  • ძალადობის, ბულინგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია სკოლებში. თქვენი გამოცდილება როგორია. თუ გქონიათ კონკრეტულ შემთხვევებთან შეხება და როგორ გიმოქმედიათ, გამკლავებიხართ თუ ვერა პრობლემას?

ჩვენი სკოლა პატარაა, სადღაც 260 ბავშვია და ეს პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა შემთხვევები ყველგან არის. აქ ისევ ტკბილი სიტყვა და იმის გაგება გვშველის, რატომ ხდება ეს. ყველაფერს აქვს მიზეზი, საფუძველი. რატომ დაჩაგრა, ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ. შემდეგ, როგორ ვიმუშაოთ ბავშვთან. მჩაგვრელი ძირითადად ის ადამიანია, რომელსაც უნდა უშველო და სწორედ ამას ვცდილობთ მასწავლებლები.

5 წელია გვაქვს ძალიან აქტიური კინოკლუბი, სტუმრებსაც ვიწვევთ, ბავშვები თვითონაც იღებენ ვიდეოებს, საზაფხულო კინოსკოლაც გვაქვს ორი წელია და ეს მიმართულება ძალიან აინტერესებთ. ისეთი ფილმები მოსწონთ, რაც სასკოლო თემებზეა – მასწავლებელი და მოსწავლე, ოჯახი და ბავშვი, სკოლა და ბავშვი, ქუჩა და ბავშვი, ასეთი თემები აინტერესებთ. ის, რაც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს, ის, რაც მათ გრძნობებსა და განცდებს შეეხება.

  • ქუჩა და ბავშვი ახსენეთ. რა აინტერესებთ ამ თემაში. კრიმინალური მენტალიტეტის თემას თუ ეხებიან, ხომ არ არის ეს საკითხი რომანტიზებული მათ წარმოდგენებში?

სამწუხაროდ, რეგიონებში ეს პრობლემა არის. რაღაც კატეგორიას არც შეუცვლია დამოკიდებულება. ვიღაცას ახლობელიც კი ჰყავს  მსგავსი მენტალობის და ღიად გამოხატავს  სიმპათიებს. ასეთ დროს ვცდილობ ისე მივაწოდო ინფორმაცია, რომ არ გაუჩნდეს დისკომფორტი ოჯახის წევრთან. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად მივაწოდო საღი აზრი. როცა „დათა თუთაშხიაზე“ საუბარი დავიწყეთ, კლასში იყვნენ ბავშვები, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ სიმპათიას კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და მათ ვესაუბრებოდი იმაზე, თუ საბოლოოდ რა შედეგები მოაქვს კანონთან კონფლიქტს. რომ საბოლოო ჯამში,  ეს უბედურებაა და სინამდვილეში სულაც არ არის ის, რაც გარედან ჩანს. აქედან ერთ-ერთი, უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, იურისტი უნდა გახდეს და ალბათ მოვახერხეთ მასში ცვლილება.

  • რისი დეფიციტი აქვთ ბავშვებს სოფლად, რა აკლიათ ყველაზე მეტად?

ბევრი ბავშვი გვყავს ისეთი, ვისაც არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტი. ვიღაცას ერთი კომპიუტერი აქვს სახლში და ამ დროს სამნი არიან, ვიღაცას კომპიუტერი აქვს, ინტერნეტი არ აქვს და ასე შემდეგ. როცა დავიჩივლე ამაზე ყოფილ მოსწავლეებთან, მაშინვე გაჩნდა ჯგუფი, ვინც მითხრა, რომ შეაკეთებდნენ თავიანთ ძველ ბუქებს და მისცემდნენ ამ ბავშვებს. 15-ზე მეტი ბუქი ავაწყეთ, ზოგს ნაწილი ჰქონდა გაფუჭებული, ზოგს რა და ასე დავეხმარეთ 50-მდე ბავშვს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ აკლიათ ბავშვებს, სრულფასოვანი კვება, ბევრს მშობელი ჰყავს ემიგრაციაში და ბავშვები მარტოობას განიცდიან, არიან აუტისტური სპექტრის ბავშვები და ვერ იღებენ სერვისებს… როცა ასეთი პრობლემებია ირგვლივ, ძნელია ისაუბრო წარმატებაზე.

  • პანდემიის პერიოდი როგორ აისახა ბავშვებზე?

ქალაქებში ალბათ უფრო გაზრდიდა დეპრესიას, რადგან კორპუსებში ჩაიკეტნენ ბავშვები. აქ საშუალება ჰქონდათ გარეთ, ეზოში გასულიყვნენ და მეტ-ნაკლებად კომუნიკაცია არსებობდა. ამის მიუხედავად, სულ კანკალით კითხულობდნენ, სექტემბერში ისევ ხომ არ დაგვსვამენ სახლშიო.

ყველაზე ხშირად რასაც ბავშვები ითხოვენ, გარეთ გასვლაა, ტყეში, ექსკურსიაზე, მუზეუმებში.  ხშირად მეუბნებიან, რომ უნდათ კარვებით გასვლა ბუნებაში, ერთად დარჩენა, მეტი მოგზაურობა და ამ ფორმით სწავლა და შემეცნება. კარგი იქნება, ავტობუსი ჰყავდეს სკოლას და ასე ვიმგზავროთ.

იმაზე ვოცნებობ, რომ სკოლამ კვების ვაუჩერი მისცეს მოსწავლეს, რომ სკოლაში უფრო დიდხანს შეძლონ დარჩენა და მუშაობა. ნატრობენ, ცხენები ჰყავდეთ სკოლაში, მაგრამ არც ამის საშუალებაა.

ძალიან მოსწონთ, როცა თვითონ ირჩევენ დისკუსიის თემას. შეიძლება თქვან, „მოდი, დღეს „როკ – ენ – როლის“ საათი მოვაწყოთ“, ან „ჩაის თემა გვინდა“.

შემოვუსხდებით ხოლმე მაგიდას ირგვლივ, ვსვამთ ჩაის და განვიხილავთ ჩაის ისტორიას. ბავშვებს ძალიან უნდათ, ბევრი ისაუბრონ, ძალიან სჭირდებათ თვითგამოხატვა და ისეთ გარემოში ყოფნა მოსწონთ, სადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ.

უკრაინაში ბორშის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა სურთ

უკრაინის კულტურის სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, ცნონ უკრაინული ბორში ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობად. ეს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის უწყების ექსპერტთა საბჭომ გასცა.

ბორშის მომზადების კულტურა, ექსპერტების აზრით, უკრაინული ყველაზე მნიშვნელოვანი არამატერიალური ღირებულებების ჩამონათვალთა შორისაა. ამ ჩამონათვალშია, ასევე, კლემბოვსკის პერანგების უკრაინული ქარგვის ტექნოლოგია, სააღდგომო სეირნობის რიტუალი ვინიცკოის ოლქში და კარპატების მატყლის გადასაფარებლების დამზადების ტექნოლოგია.

უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ბორში აუცილებლად იქნება აღიარებული ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობად. ტკაჩენკოს თქმით, ამ ტრადიციული წვნიანის მომზადების ტექნოლოგიის აღიარება ეროვნულ მემკვიდრეობად, წინაპირობაა იმისა, რომ კერძი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც შევიდეს.

ბორში სლავი და აღმოსავლეთ ევროპის ხალხისთვის სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძია. რუსულ წერილობით წყაროებში ეს წვნიანი XVI საუკუნიდან იხსენიება.

„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

ვინ რას და როგორ გეგმავს უმუშევრობის დაძლევას მაშინ, როცა ამომრჩეველი ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამ საკითხზე ვრცელ და დეტალურ განმარტებებს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვერ იპოვით. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას კი საერთოდ ვერ იპოვით, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ხედვებს, სფეროების მიხედვით, მოგვიანებით გააცნობდნენ ამომრჩეველს. როგორც ჩანს, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. პარტია ისევ ზეპირი აგიტაციით შემოიფარგლება და წერილობითი საარჩევნო პროგრამა არ აქვს.

არჩევნდებამდე 21 დღე დარჩა.

პარტიების უმეტესობას ეს საკითხი მოკლედ აქვს მიმოხილული, თუმცა თითქმის ყველა  წინასაარჩევნო პროგრამა ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე გადის. პარტიები აქცენტებს აკეთებენ საგადასახადო შეღავათებზეც, რამაც, მათი აზრით, ახალი ბიზნესწამოწყებების მიმართ ინტერესი უნდა გაზარდოს. ამჯერად ამ საკითხზე „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ პროგრამები შევისწავლეთ.

[yellow_box]„ლელოს“ გეგმა[/yellow_box]

„ლელოს“ მარშალის გეგმის მიხედვით, პარტია ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაატარებს ისეთ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის  შედეგადაც შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და  გაორმაგდება ეკონომიკა. მარშალის გეგმაში ნათქვამია ასევე, რომ 600 000 ადამიანს ექნება 3000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი.

„ლელო“ ექვსთვიან სტაჟირებას და გარანტირებულ პირველ სამსახურს ჰპირდება ყველა ახალგაზრდას – სად და როგორ ამ კონკრეტულ საკითხზე მარშალის გეგმაში დეტალურად არ წერია.

„ლელოს“ მთავარი გათვლა სამი საგრანტო ფონდია, რომელთა შექმნასაც პარტია  საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით გეგმავს. ერთ-ერთია 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელმაც ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს. პარტია სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით ასევე 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს: „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“.

ამას ემატება იდეა სპეციალური ინოვაციების საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, სადაც მილიარდის სახსრები უნდა მოიზიდონ, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტორებისთვის. რა სირთულეს და დროს მოითხოვს ამ სოლიდური თანხების მოძიება? – ამაზე პარტიის საარჩევნო პროგრამაში დაკონკრეტებული არ არის.

ეკონომიკის გასაძლიერებლად „ლელოს“ გეგმებშია ასევე საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემური რეფორმა, რომლის შედეგადაც, საკრედიტო რესურსები მკვეთრად უნდა გაიაფდეს. მარშალის გეგმის მიხედვით, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სტატუსის საფონდო ბირჟა, რისი მეშვეობითაც ბიზნესს მნიშვნელოვან ფულად რესურსებზე წვდომა ექნება.

გეგმის მიხედვით, სწორედ ამ საფონდო ბირჟის მეშვეობით უნდა მოხერხდეს საპენსიო ფონდის თანხების ნაწილის რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება: „ამ გზით დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე გახდება კომპანიების თანამესაკუთრე. სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან ბირჟაზე განათავსონ მათი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი.“

[red_box] რას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ [/red_box]

300 000 ახალი დასაქმების ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, რასაც საგადასახადო შეღავათების დაწესების ხარჯზე ბიზნესის სტიმულირებით, ინვესტიციების მოზიდვითა და გაჩერებული პროექტების გაგრძელებით შეეცდება.

პროგრამაშივე წერია, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააცოცხლებს ქალაქ ლაზიკას  მშენებლობის პროექტს და ამ პროექტისთვის 3,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. საერთო ჯამში კი, მათივე პროგრამის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას აანონსებს.

რაც შეეხება გადასახადებს, გაერთიანებული ოპოზიცია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას გეგმავს. პროგრამაშივე ნათქვამია, რომ ამ გადასახადების გაუქმების შემდეგ დაახლოებით 700 მილიონი ლარი აღარ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, პროგრამის მიხედვით ეს იქნება სახელმწიფო ინვესტიცია ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს.

პროგრამაში ნათქვამია ასევე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს შეამციროს ბიუროკრატიის ხარჯები, რაც მათივე გამოთვლით ათეულობით მილიონი ლარია.

გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ცალკე პროგრამა აჭარისთვის, რადგან 31 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. ამ პროგრამაში ჩამოთვლილია კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ამომრჩეველს არჩევნების მოგების შემთხვევაში ჰპირდებიან, ამ კონკრეტულ პროექტებს დასაქმების ადგილების ზრდის ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავენ. პროექტებს შორისაა: როიალ კარიბიანის საკრუიზო გემების პორტის მშენებლობა, მახინჯაურისა და ადლიის იახტკლუბის მშენებლობა და სხვა.

„ევროპული საქართველოს“ გეგმა

„ევროპული საქართველო“ ამომრჩეველს 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება, თითოეულ ოჯახს კი საშუალოდ 2000 ლარზე მეტს შემოსავლის სახით და ბიზნესის მხარდასაჭერად. შესაბამისად, დასაქმების ახალი ადგილების შექმნის მიზნით საგადასახადო შეღავათებს გეგმავს.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, „ევროპული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზრდება, დამატებითი ღირებულების გადასახადს 18%-დან 16%-მდე, განაწილებული მოგების 15%-იან გადასახადს კი  10%-მდე შეამცირებენ. პარტია საშემოსავლო გადასახადის  20%-დან 10%-მდე შემცირებას გეგმავს.

წინასაარჩვენო პროგრამის მიხედვით, პარტიას შემუშავებული აქვს ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული და  საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს – ამ სისტემის მიხედვით, მოქალაქემ მაშინ უნდა დაიბრუნოს შეგროვებული ფული, როცა მას დასჭირდება.

პარტიის გათვლით ეს ზომები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ასიათასობით  მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ “მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით შექმნიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, რითაც შეძლებენ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას:

„ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.“

პროგრამის მიხედვით “მცირე მთავრობის” მოდელის დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებითა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

                                                                                 

„ოცნების“ ძველი გეგმა

რადგან „ოცნების“ დასაქმებასთან დაკავშირებული ახალი გეგმა ვერ ვიპოვეთ და შესაბამისად არ ვიცით როგორ აპირებს სახელისუფლებო პარტია დასაქმების ადგილების შექმნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, განვიხილოთ როგორი გეგმა ჰქონდა პარტიას ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევენების წინ და შეასრულა თუ არა ის.

ამავე თემაზე: 200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

2016 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით „ოცნებას“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, თუმცა ეს დაპირება ვერ შესრულდა. საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ დამატებით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, არამედ პირიქით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს 27 ათასით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად იკლებს.

დასაქმება წლების მიხედვით [საქსტატის მონაცემები]:

  • 2016 წელი – 1 717 300 ადამიანი
  • 2017 წელი – 1 706 600 ადამიანი
  • 2018 წელი – 1 694 200 ადამიანი
  • 2019 წელი – 1 690 200 ადამიანი

2020 წლის სრული მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული.


„სავანეში“ მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კოვიდი დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, 11 ხანდაზმული განკურნებული დაბრუნდა, მათ კორონავირუსი დაამარცხეს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრა „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ, თავშესაფრის 15-მდე მცხოვრებს ჯერ კიდევ მკურნალობენ კორონავირუსზე, სამი ინფიცირებული გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით.

თავშესაფარში მცხოვრები 3 ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. როგორც დეკანოზმა იოანე ბარამიძემ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, გარდაცვლილებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„სავანეში“ კარანტინი კვლავ გრძელდება.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

უცხოელი სტუდენტი საქართველოში 8-ის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით

უცხოელი სტუდენტი, ვისზეც განათლების სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, 8 დღის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიტანა. ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღით, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისა.

ამასთან:

  • „უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
  • საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინო სივრცეში;
  • 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება“.

ამ მოთხოვნების დარღვევა კი, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

[მთავრობამ, უცხოეთიდან ჩამოსულ და იზოლაციაში მყოფ პირებს მოუხსნა იზოლაციიდან მე-12 დღეს PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება, თუმცა, ეს, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებზე აღარ გავრცელდება].

უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ და შეავსონ სპეციალური აპლიკაცია.

დეტალურად ნახეთ ბმულზე:

უცხოელი სტუდენტი საქართველოში შემოსვლისას კარანტინის ხარჯს თავად აანაზღაურებს

პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შემდეგ კვირაში მთავრობა საზოგადოებას გააცნობს აჭარაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას.

„პირველი რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე განიხილება და დგას ჩვენს დღის წესრიგში. შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

მე ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ამ მიმართულებითაც შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, – განაცხადა დღეს, 9 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეპიდემია აჭარაში უკვე სტაბილურად იმართება, რაც იძლევა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას.

კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად შეზღუდვები აჭარაში 25 სექტემბერს დაწესდა. კერძოდ, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საღამოს ათი საათის შემდეგ რეგიონში არ მუშაობს რესტორნები და კაფე-ბარები, არ განახლდა სწავლა სკოლისა და სასწავლებლების შენობებში.

ბათუმის მერის მოწოდება მოქალაქეებს – 20 იდეა თქვენს ხმას ელის

იქნებ ბათუმის სხვადასხვა უბნის კორპუსების ეზოებში ბავშვებისთვის ფერადი სივრცის მოწყობაზე გიფიქრიათ, ან ქალაქში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბებას ემხრობით. შეიძლება ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეაა თქვენთვის მისაღები. ინკლუზიური თეატრის შესახებ რას ფიქრობთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში დააბრუნებდა და კულტურულ პროცესებში ჩართავდა?

„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ რა სიახლეები შემატოს ქალაქს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ამ ეტაპზე და როგორ უნდა განვითარდეს სივრცე, რომელიც ყველას თანაბრად გვეკუთვნის.

„მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 53 იდეიდან დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე 20 იდეა შეირჩა. პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ იმის საშუალებაა, რომ საბიუჯეტო სახსრებით თანამოქალაქეების იდეები ვაქციოთ რეალობად.

20 იდეიდან საუკეთესოების გამოსავლენად მიმდინარეობს ხმის მიცემა. ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, ის იქნება გამარჯვებული. პროექტის ბიუჯეტი წელს ნახევარი მილიონი ლარია. საკონკურსო იდეები წელს მრავალფეროვნებითაა გამორჩეული: ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი, სპორტული, კულტურული მიმართულების იდეებია წელს აქტუალური.

ჩემს ყველა თანაქალაქელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბათუმის განვითარება, მოვუწოდებ ჩაერთონ პროცესში და ხმა მისცენ მათთვის მნიშვნელოვან იდეებს“, – ამბობს ბათუმის ვიცე მერი, მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი პროექტის შესახებ „შენი იდეა ბათუმს“.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, „შენი იდეა ბათუმს“ დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბურ პროექტად იქცევა და მოქალაქეთა ნების, იდეების გამომხატველი ინსტრუმენტი იქნება.

პანდემიის მიუხედავად პროექტი – ,,შენი იდეა ბათუმს“ არ შეჩერებულა, გადაილახა კონკურსის ყველა ეტაპი და დარჩა მხოლოდ ხმის მიცემის პროცესი, ხმის მიცემა კი ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამ ფორმით ქალაქის ყველა მცხოვრებს ეძლევა შესაძლებლობა დაგეგმოს ისეთი ბათუმი, როგორიც სურს და როგორზეც უოცნებია.

20 იდეიდან საუკეთესოებს, შეგიძლიათ 31 ოქტომბრამდე მისცეთ ხმა: ზუსტად იმ იდეას, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი და თქვენივე აზრით, ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება ქალაქს. ხმის მიცემის პროცედურა მარტივია: უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე: idea.batumi.ge, დარეგისტრირდეთ გვერდზე, გაეცნოთ იდეებს და ხმა მისცეთ თქვენთვის მისაღებ იდეებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს ერთდროულად 3 სხვადასხვა იდეას.

„შენი იდეა ბათუმს“ – ეს არის შენი გზა, შენი გადაწყვეტილება, შენი ქალაქისთვის

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებენ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia.

„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 11-12 ოქტომბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________

ფოტოზე: შემოდგომა, ბათუმი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

Exit mobile version