მთავარი,სიახლეები

პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს

09.10.2020 • 5705
პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შემდეგ კვირაში მთავრობა საზოგადოებას გააცნობს აჭარაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას.

„პირველი რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე განიხილება და დგას ჩვენს დღის წესრიგში. შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

მე ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ამ მიმართულებითაც შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, – განაცხადა დღეს, 9 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეპიდემია აჭარაში უკვე სტაბილურად იმართება, რაც იძლევა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას.

კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად შეზღუდვები აჭარაში 25 სექტემბერს დაწესდა. კერძოდ, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საღამოს ათი საათის შემდეგ რეგიონში არ მუშაობს რესტორნები და კაფე-ბარები, არ განახლდა სწავლა სკოლისა და სასწავლებლების შენობებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: