Batumelebi | საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი – Batumelebi
RU | GE  

საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი

26 წლის ნუკი აბშილავა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში იმყოფება, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას პალატაში არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა. ნუკი კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში, სადაც ასევე 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული ქალი მკურნალობს, გუშინ შეიყვანეს.

„კორონავირუსი ორი დღის წინ დაგვიდასტურდა მე და ჩემს მეუღლეს. ორივე ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში, თუმცა მე გუშინ გადმომიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში, რადგან 5 თვის ორსული ვარ.

მე და ჩემს მეუღლეს 37 გრადუსი გვქონდა ტემპერატურა და ამიტომ გავიკეთეთ ტესტი. თუმცა, როცა კლინიკას მივაკითხეთ, არც გვიპირებდნენ ტესტის გაკეთებას, რადგან 37 ტემპერატურა არ არის საკმარისი სიმპტომიო“-ამბობს ნუკი.

მის თქმით, პალატა სადაც გუშინ საღამოს გადაიყვანეს, მოუწესრიგებელია.

„საპირფარეშო და აბაზა გამოყენებული იყო, ჩაურეცხავი და დაულაგებელი დამხვდა. როცა შენიშვნა მივეცი, მიპასუხეს, – „ეხლა ღამეა და ყოველთვის ხომ ვერ დაალაგებენ და ყოველთვის მზად ხომ ვერ იქნებიან შვილო“.

არც დღეს დილით გამოუჩენიათ ყურადღება, ამიტომ დღესაც ვერ ვისარგებლე საპირფარეშოთი. შიგნით ჩაყრილი ქაღალდები ისევ ისეა. სხვისი გამოყენებული გახსნილი საპნის ჩარჩენებიც იქვე დევს. კარს სახელური არ აქვს და ჟანგიან რკინაში უნდა შეყო თითები რომ გააღო. წყლის მილებიც ჟანგიანია და როცა ხელს იბან, ჟანგიანი წყალი გეცემა ზემოდან“-გვეუბნება ნუკი.

ნიჟარა ბათუმის სამშობიარო სახლის ერთ-ერთ პალატაში

მის თქმით, თუ ორსული ქალების მიმართ ამაზე მეტი სერსივის მიწოდება კლინიკას არ შეუძლია, მაშინ უმჯობესია ის თვითიზოლაციაში დარჩეს.

„გადმომიყვანეს კლინიკაში, რადგან მეტი ყურადღება გესაჭიროებაო და მეტ ყურადღებაში რას გულისხმობენ არ ვიცი. მე მგონი აქ უფრო მეტი საფრთხეა.

პაციენტის თქმით, აბაზანა მოუწესრიგებელია. იქვეა დატოვებული უკვე გამოყენებული საპნის ნარჩენები და ქაღალდები.

არც რაიმე მედიკამეტი მოუწოდებიათ. ცხვირი მქონდა გაჭედილი და გუშინ ფიზიოლოგიური ხსნარი რომ მოვითხოვე, მითხრეს მარაგში არ გვაქვსო. ჰიგიენა დაცული არ არის და არაჟნიან პურს და ჩაის სახლშიც მივირთმევდი.

გარდა ამისა, სხვა პაციენტი შემოიყვანეს პალატაში. ისიც კოვიდიანია და ნაოპერაციევი.  ამიტომ მირჩევნია დამაბრუნონ თვითიზოლაციაში და იქ გავიარო მკურნალობა. თუკი ქლორით და სადეზინფექციო ხსნარებით უნდა ვირბინო აქ“-ამბობს ნუკი აბშილავა.

პაციენტის თქმით, პალატიდან არც ნაგავი იყო გატანილი.

„ბათუმელები“ სამშობიარო სახლის დირექტორს ნუგზარ პაპავასაც ესაუბრა რომელიც ამბობს, რომ პრეტენზიებს არ მიიღებს. „პალატები დღეში ორჯერ იწმინდება, თვითონ თუ რამეს ყრიან, არ ვიცი. ვეღარ ავუდივართ. ამიტომ ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ.

პაციენტს ანტისანიტარიას არავინ არ დაახვედრებდა. ქაღალდი თუ არ იყო, ეთხოვა და მიუტანდნენ“-ამბობს ის. თუმცა დასძენს, რომ პალატებში არსებულ ჰიგიენას გადაამოწმებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com