მთავარი,სიახლეები

100 ათას გრიპის ვაქცინას სახელმწიფო 600 ათას ევროდ ტენდერის გარეშე შეისყიდის

10.10.2020 • 1219
100 ათას გრიპის ვაქცინას სახელმწიფო 600 ათას ევროდ ტენდერის გარეშე შეისყიდის

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 600 ათასი ევროს ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო 100 000 დოზა ვაქცინის ტენდერის გარეშე შეძენას, 2020 წლის 7 დეკემბრამდე გეგმავს.

ცენტრის ინფორმაციით, „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი, თუმცა ამ ვაქცინის მსოფლიო ბაზარზე არსებული დეფიციტის პირობებში, შეუძლებელი გახდა მისი საკმარისი რაოდენობით შესყიდვა“.

ვაქცინის გამარტივებული წესით შეძენაზე თანხმობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 9 ოქტომბერს მიმართა.

„კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ორივე ვირუსით ერთდროულად დაინფიცირებისა და შესაბამისად მძიმე გამოსავლის რაოდენობა. შესაბამისად, აუცილებელია სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონეების, ხანდაზმულებისა და სხვა იმ პირთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო აცრით, რათა დაინფიცირების გაზრდილი რისკის პირობებში თუნდაც ერთი დაავადებისგან, რომლის ვაქცინაც არსებობს დავაზღვიოთ მათი ჯანმრთელობა“, – აღნიშნულია ცენტრის განაცხადში.

ცენტრის ინფორმაციით, „მიუხედავად მსოფლიოში დრამატულად გაზრდილი მოთხოვნილებისა, პოტენციურმა მომწოდებელმა გამონახა საშუალება საქართველოსათვის დამატებითი რაოდენობის ვაქცინების მოწოდების, ამ პროდუქტზე არსებული მაღალი მოთხოვნის პირობებში შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებამდე შესაძლოა ვაქცინის მოწოდების შესაძლებლობა უკვე არ გვქონდეს, რაც ასევე შეაფერხებს შესყიდვების პროცედურებს და საბოლოო ჯამში შესაძლოა ქვეყანა დარჩეს ამ დეფიციტური საქონლის გარეშე“.

„იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს კომპანია Sanofi Pasteur-თან ცალკე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 1 999 350 ლარზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ ცენტრს 135 000 შპრიც/დოზა უნდა მიაწოდოს [ხელშეკრულების მიხედვით, რაოდენობის ნახევარი 2020 წლის 15 დეკემბრამდე, დანარჩენი კი – 1-ელ ნოემბრამდე]. რა რაოდენობის ვაქცინა მიიღო ამ ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრმა, შესყიდვების გვერდზე შესაბამისი დოკუმენტაცია 10 ოქტომბრის მდგომარეობით ატვირთული არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 100 ათასი ვაქცინის შეძენას გამარტივებული წესით, ამავე კომპანიის მეშვეობით გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: