Batumelebi | ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს – Batumelebi

ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს

„შემახე ამნისტია“ – ამ მოთხოვნით ბათუმის ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ, რომელიც, პირველ რიგში, შეხება პრობაციონერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს.

„2012 წლის მერე მსგავსი არაფერი ყოფილა… ჩვენთან მნიშვნელოვნად გაზრდილია პატიმრების რაოდენობა და ევროპაში უკვე მეორე ადგილზე ვართ პრობაციონერების რაოდენობით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ შეეხოთ ამნისტია იმისთვის, რომ შეძლონ დასაქმება, ასევე შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აზიანებენ საკუთარ თავს, მაგალითად, ნარკოდამნაშავეებს. ამნისტია არ უნდა შეეხოს მხოლოდ პედოფილიის გამო გასამართლებულ ადამიანებს,“ – ამბობს გიორგი გაბედავა, „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ წარმომადგენელი. ეს ორგანიზაცია ატარებს კამპანიას „შემახე ამნისტია“, რომლის ფარგლებში აქცია თბილისში უკვე გაიმართა. შემდეგი აქცია ზუგდიდში ჩატარდება.

გიორგი გაბედავა ამბობს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან და თუკი მმართველი პოლიტიკური გუნდი თავისი ნებით საყოველთაო ამნისტიის მიღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დამოუკიდებელი დეპუტატი კანონპროექტით მიმართავს პარლამენტს.

„ეს კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის, მუშაობს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც თავად იყო პოლიტპატიმარი,“ – დასძინა გიორგი გაბედავამ „ბათუმელებთან“. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამნისტია მოხდეს საპარლამენტო არჩევნებამდე, რადგან, მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ამ პრობლემას არ გაითვალისწინებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი