იქნებ ბათუმის სხვადასხვა უბნის კორპუსების ეზოებში ბავშვებისთვის ფერადი სივრცის მოწყობაზე გიფიქრიათ, ან ქალაქში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბებას ემხრობით. შეიძლება ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეაა თქვენთვის მისაღები. ინკლუზიური თეატრის შესახებ რას ფიქრობთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში დააბრუნებდა და კულტურულ პროცესებში ჩართავდა?
„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ რა სიახლეები შემატოს ქალაქს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ამ ეტაპზე და როგორ უნდა განვითარდეს სივრცე, რომელიც ყველას თანაბრად გვეკუთვნის.
„მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 53 იდეიდან დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე 20 იდეა შეირჩა. პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ იმის საშუალებაა, რომ საბიუჯეტო სახსრებით თანამოქალაქეების იდეები ვაქციოთ რეალობად.
20 იდეიდან საუკეთესოების გამოსავლენად მიმდინარეობს ხმის მიცემა. ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, ის იქნება გამარჯვებული. პროექტის ბიუჯეტი წელს ნახევარი მილიონი ლარია. საკონკურსო იდეები წელს მრავალფეროვნებითაა გამორჩეული: ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი, სპორტული, კულტურული მიმართულების იდეებია წელს აქტუალური.
ჩემს ყველა თანაქალაქელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბათუმის განვითარება, მოვუწოდებ ჩაერთონ პროცესში და ხმა მისცენ მათთვის მნიშვნელოვან იდეებს“, – ამბობს ბათუმის ვიცე მერი, მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი პროექტის შესახებ „შენი იდეა ბათუმს“.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, „შენი იდეა ბათუმს“ დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბურ პროექტად იქცევა და მოქალაქეთა ნების, იდეების გამომხატველი ინსტრუმენტი იქნება.
პანდემიის მიუხედავად პროექტი – ,,შენი იდეა ბათუმს“ არ შეჩერებულა, გადაილახა კონკურსის ყველა ეტაპი და დარჩა მხოლოდ ხმის მიცემის პროცესი, ხმის მიცემა კი ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამ ფორმით ქალაქის ყველა მცხოვრებს ეძლევა შესაძლებლობა დაგეგმოს ისეთი ბათუმი, როგორიც სურს და როგორზეც უოცნებია.
20 იდეიდან საუკეთესოებს, შეგიძლიათ 31 ოქტომბრამდე მისცეთ ხმა: ზუსტად იმ იდეას, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი და თქვენივე აზრით, ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება ქალაქს. ხმის მიცემის პროცედურა მარტივია: უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე: idea.batumi.ge, დარეგისტრირდეთ გვერდზე, გაეცნოთ იდეებს და ხმა მისცეთ თქვენთვის მისაღებ იდეებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს ერთდროულად 3 სხვადასხვა იდეას.
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებენ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia.
„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.