მთავარი,სიახლეები

საქანელა ყველას და ფერადი ეზოები ბავშვებს – 20 იდეა კონკურსიდან „შენი იდეა ბათუმს”

11.10.2020 • 1973
საქანელა ყველას და ფერადი ეზოები ბავშვებს – 20 იდეა კონკურსიდან „შენი იდეა ბათუმს”

„შენი იდეა ბათუმს” პროექტი და კონკურსია, რომელზეც ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ იდეებს წარადგენენ. კონკურსში მონაწილე იდეა ბათუმში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და უნდა ეხებოდეს კულტურულ, გარემოსდაცვით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. წელს 53 იდეიდან 20 საუკეთესო უკვე შეირჩა.

ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია 31 ოქტომბრის ჩათვლით ხმა მისცეს მისთვის ყველაზე საინტერესო 3 იდეას, რომლის რეალიზებასაც ისურვებდა ბათუმში. ხმის მიცემა შესაძლებელია ვებგვერდზე idea.batumi.ge. 

„ბათუმელები“ კონკურსში მონაწილე  რამდენიმე საინტერესო იდეას გაგაცნობთ.

ბათუმი-ველოქალაქი

პროექტის აღწერაში წერია, რომ ეს იდეა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვისაა, მით უფრო, რომ ბათუმის ლანდშაფტი ქალაქში ველოკულტურის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. თუ ველოქალაქის იდეა  გაიმარჯვებს ხალხმრავალ ადგილებში ველოგასაჩერებელი ადგილები მოეწყობა, ველოსიპედის შესაკეთებელი კარადების თანხლებით.

იდეის ავტორის ინფორმაციით, ბათუმში ველოტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, ადგილობრივი ველოდილერების მონაცემებზე დაყრდნობით კი პანდემიის პერიოდში ველოგაყიდვებმა 100-150 %-ით იმატა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმში 10 ველოგაჩერების ადგილის დამონტაჟებას. ველოგაჩერების ზონები წინასწარაა შერჩეული და ემყარება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის კვლევას.

პროექტის ბიუჯეტი  60 000 ლარია.

ფერადი ეზოები ბავშვებს

ამ იდეის გამარჯვების შემთხვევაში პროექტის ავტორები ქალაქის კორპუსების შიდა ეზოების  შემეცნებით-გასართობი თამაშობებით მოხატვას გეგმავენ.

როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები, რაც წაახალისებს ბავშვებს ითამაშონ ეზოში. თამაშის დროს ბავშვები სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, სხვების დახმარებას, წესების დაცვას, სხეულის, ემოციების მართვას და ბევრ სხვა რამეს სწავლობენ.

პროექტის ბიუჯეტი  10220 ლარია.

წერეთლის სკვერის ახალი სიცოცხლე

შეიძლება შეგინიშნავთ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე პატარა სკვერი, რომლის შუაგულშიც აკაკი წერეთლის ბიუსტი დგას. დაზიანებულია სკვერის ქვაფენილი, განათება, ღობე და ნარგავები.

გამარჯვების შემთხვევაში, იდეის ავტორი გეგმავს სკვერის დასუფთავებას, მწვანე ნარგავების მოვლა-განახლებას, ვარდების დარგვას სკვერში, ფილების და გარე განათების რესტავრაციას, ღობის და ჭიშკრის რეაბილიტაციას, სკვერის ყრუ კედელზე სურვილების დიდი დაფის მოწყობას და სკვერში საქანელების დამონტაჟებას ზრდასრულებისთვის.

პროექტის ბიუჯეტი 38 500 ლარია.

ბათუმის კულტურულ-ელექტრონული რუკა

ბათუმის კულტურულ-ელექტრონული რუკა თანამედროვე, ვიზუალური, ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიებით შექმნილი რუკა იქნება, რომელზეც ბათუმის კულტურული სივრცეები, ძეგლები, არქიტექტურა, მუზეუმები იქნება დატანილი. რუკა ცნობებს მოგაწვდით ასევე კულინარიის, გართობის ადგილებისა და ბათუმის ისტორიის შესახებ.

იდეის ავტორის აზრით, კულტურული რუკა იქნება ქალაქის არამარტო სავიზიტო ბარათი – გზამკვლევი საინტერესო და მიმზიდველი ისტორიებით, არამედ – საგანმანათლებლო დანიშნულების თანამედროვე საშუალებაც.

პროექტის ბიუჯეტი  34 000 ლარია.

საქანელა ყველასთვის

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საქანელას ზრდასრულებისთვის ვერ შეხვდებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზრდასრულებს არა სურთ ისხდნენ საქანელაზე და ზღვას, მთებს, მწვანე სივრცეებს უყურონ.

იდეის ავტორის შემოთავაზებაა ცენტრალურ პარკში, მეზღვაურთა სკვერში, გმირთა ხეივანში, შინდისის გმირთა ხეივანში, ბოტანიკურ ბაღსა და ახალ ბულვარში განთავსდეს საქანელები ზრდასრულებისთვის და შშმ პირების, ეტლით მოსარგებლეებისთვის.

პროექტის ბიუჯეტი 99 000 ლარია.

ორგანული ნარჩენების კომპოსტირება

ეს პროექტი ითვალისწინებს ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით ორგანული ნარჩენების გადამუშავებას, რაც შემაწუხებელი სუნის გარეშე მიმდინარე პროცესია. თუ ახლა ორგანული ნარჩენები მყარ ნარჩენებთან ერთად ნაგავსაყრელზე იყრება, დანადგარით მათი დიდი ნაწილი გადამუშავდება და შესაბამისად, შეფერხდება ნაგავსაყრელების რაოდენობის ზრდა ქალაქში. ასევე, მეურნეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ კომპოსტი, რაც საუკეთესო ორგანული სასუქია.

პროექტის ბიუჯეტი 13 000 ლარია.

ბათუმის ნულოვანი კილომეტრი

ეს პროექტი ბათუმის, როგორც ქალაქის საწყის წერტილად, ანუ ნულოვან კილომეტრად  შუქურას მონიშვნას გულისხმობს.

იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარება და სხვა ქვეყნებში წარმატებული ურბანისტული კომპონენტის – ნულოვანი კილომეტრის ქართულ პრაქტიკაში გადმოტანა საინტერესო და სასარგებლო იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც.

150 წელზე მეტი ხნის ბათუმის ისტორიული შუქურა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა და ნულოვანი კილომეტრიც სწორედ ისტორიულ-კულტურული ფასეულობის მქონე ობიექტს უნდა უკავშირდებოდეს.

იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ლოგიკური იქნება ბათუმის შუქურა გამოცხადდეს ე.წ. „ნულოვან კილომეტრად“, მის სიახლოვეს კი მოხდეს შესაბამისი სიმბოლოს ფიქსირება – სკულპტურის, სტენდის ან მიწაზე გამოსახული სპეციალური ნიშნულის სახით.

პროექტის ბიუჯეტი  10 000 ლარია.

შშმ პირთა ინკლუზიური თეატრალური დასი

ინკლუზიური თეატრალური დასის შექმნის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კულტურულ პროცესებში ჩართვა და საზოგადოებრივად გააქტიურებაა.

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში 30-მდე ახალგაზრდა მასტერკლასების საშუალებით თანამედროვე თეატრალურ კულტურას გაეცნობა, თეატრის პერსონალთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთვებიან და რეჟისორებთან ერთად დადგამენ სპექტაკლებს.

პროექტის მიზანია ბათუმის, როგორც ინკლუზიური მიდგომების დანერგვის ინიციატორი ქალაქის პოპულარიზაცია რეგიონსა და მთლიანად, ქვეყანაში.

პროექტის ბიუჯეტი 34 000 ათასი ლარია.

ეკო სკამები

ეკო სკამების იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა 5 სკამი, რომლის საშუალებითაც ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვა და WIFI-ით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, დიდ სამსახურს გაუწევდა ადამიანებს, რომლებსაც შუა ქალაქში მობილური ტელეფონი გაეთიშათ ან სასწრაფოდ სჭირდებათ ინტერნეტი.

პროექტი ითვალისწინებს  ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 5 ცალი მზის ეკო სკამის განთავსებას, სკამები დაიმუხტება მზის ენერგიით, ქალაქის მცხოვრებლებსა და ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დამუხტონ ნებისმიერი გაჯეტი და ისარგებლონ უწყვეტი wifi ინტერნეტით. მნიშვნელოვანია, რომ ეკო სკამები დამატებით მოვლა-პატრონობას არ საჭიროებს.

პროექტის ბიუჯეტია 200 000 ლარი.

თანამედროვე ხელოვნების კედელი

იდეა გულისხმობს ქუჩის საგამოფენო სივრცის შექმნას და მისი საშუალებით თანამედროვე ხელოვანების, მათ შორის ქართველი და უცხოელი არტისტების წარმოჩენას. ალტერნატიულ საგამოფენო სივრცედ იდეის ავტორი მოიაზრებს მემედ აბაშიძის გამზირის ერთ-ერთ კედელს, რომელიც წლების განმავლობაში  ძველი აფიშებისა და უსახური სარეკლამო მასალების ადგილი იყო. 2016 წლიდან ​Art Up ​ქუჩის გალერეამ გაასუფთავა ეს კედელი და განათავსა სამი საგამოფენო ბოქსი, სადაც უკვე მოეწყო 40-მდე ქართველი და უცხოელი არტისტის გამოფენა.

თუ პროექტი დაფინანსდა, იდეის ავტორი გეგმავს  გაარემონტოს და განაახლოს კედელი, შემდეგ კი მთლიანად აქციოს ის თანამედროვე ხელოვნების ქუჩის გალერეად, სადაც განთავსებული იქნება მცირე ზომის ქანდაკებები, მოიხატება და მოეწყობა მთელი წლის განმავლობაში გამოფენები.

პროექტის ბიუჯეტი  22 000 ლარია.

ეს მხოლოდ რამდენიმე პროექტია. საკონკურსოდ შერჩეულ 20 იდეას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ხმის მიცემისთვის აუცილებელია ერთჯერადი რეგისტარციის გავლა და ვებგვერდზე ავტორიზაცია. საბოლოო გამარჯვებული იდეები ბათუმის მერიის 2021 წლის ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდება.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები არიან საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: