მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე

11.10.2020
როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, COVID 19-ის პანდემიამ 130 ქვეყნის 93%-ში შეაფერხა ან შეაჩერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უმნიშვნელოვანესი სერვისების მუშაობა, მაშინ, როცა ამ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება.

ჯანმოს ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ მთელს მსოფლიოში გაზარდა მოთხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ამის მიზეზი კი არის იზოლაცია, შემოსავლების დაკარგვა და შიში, რამაც ფსიქიკური დარღვევები ან უკვე არსებული დარღვევების დამძიმება გამოიწვია. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში ბევრი ადამიანი აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომატებული გამოყენება და შფოთვითი აშლილობები.

ჯანმო ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტზე – „პანდემიის დაწყებამდე ქვეყნებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე ეროვნული ბიუჯეტის 2% -ზე ნაკლები დახარჯეს, რაც თავიანთი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა“.

კვლევა ჩატარდა ჯანმოს წევრ 130 ქვეყანაში 2020 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. კვლევის შედეგებში წერია, რომ ქვეყნების 67%-მა დააფიქსირა ხარვეზები კონსულტაციებისა და ფსიქოთერაპიების ჩატარების ნაწილში; ქვეყნების 65%-ში დაფიქსირდა ხარვეზები ზიანის შემცირების პროგრამების კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების აღმოჩენაში; ქვეყნების 45%-ში დაფიქსირდა ხარვეზები ოპოიდდამოკიდებული პაციენტებისთვის მხარდამჭერი თერაპიის განხორციელებაში.

ქვეყნების მესამედზე მეტმა (35%) დაასახელა, რომ შეფერხებები ჰქონდათ  ხანგრძლივი შეტევების მქონე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების (მძიმე აბსტინენციის სინდრომის მქონე) და ბოდვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის (რაც ხშირად მძიმე დაავადების ნიშანია) გადაუდებელი ჩარევის ზომების გატარებაში.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27,500.000 ლარით ფინანსდება, რაც მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 0,17%-ია, შარშან და შარშანწინ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის უფრო მცირე ნაწილს შეადგენდა, 2018 წელს – 13 და 2019 წელს 15 პროცენტს.

მონაცემები, იმის შესახებ თუ, რამდენად დააზიანა პანდემიამ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში, ჯერ არ არსებობს. რაც შეეხება სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის არც ერთი ბენეფიციარისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა არ შემცირებულა. თუმცა იმის შესახებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ფინანსები არ ჰყოფნის და მეტი ინვესტიცია სჭირდება, „ბათუმელები” პანდემიის დასაწყისშიც, ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე წერდა.

ამ კვლევის თანახმად ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ, არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური.

ვრცლად ამ თემაზე ➡️ 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: