მთავარი,სიახლეები

„შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო ბიზნესის კრიზისი

10.10.2020 • 1999
„შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო ბიზნესის კრიზისი

ბათუმში რესტორნების უმეტესობა სერიოზულ კრიზისს განიცდის – ბევრს თანამშრომლების დათხოვნა მოუწია, ბევრი რესტორნის მენეჯერი კი შიშობს, რომ უკვე განახევრებული სტაფის შემცირება კიდევ მოუწევს. ზამთარში თავის გატანის მიზნით, რამდენიმე რესტორანი „იმისთვის, რომ სულ არ დაიკეტოს“, გარე მიწოდების სერვისის დანერგვას გეგმავს.

არიან ისეთებიც, რომლებსაც უფრო პესიმისტური განწყობები აქვთ და ფიქრობენ, რომ ზამთარში, როცა „თავის გატანისთვის საჭირო სხვა ხარჯებს“ გათბობის ხარჯიც დაემატება, ვეღარ გაწვდებიან და „დაიკეტებიან“.

„ვარდნა კატასტროფულია“ – ამ სიტყვებით დაიწყო პანდემიით გამოწვული კრიზისის შეფასება რესტორან „ვილაჯიოს“ მენეჯერმა, რუსუდან ლამპარაძემ. მისი თქმით, რესტორანს სრული კრიზისის ფონზე უწევს მუშაობა:

„პანდემიამ დიდი ზიანი მოგვაყენა, როგორც მორალური, ასევე ფინანსური. იმის მიუხედავად, რომ რესტორანში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული გვაქვს, ფსიქოლოგიური მომენტია მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად თავს იკავებენ  საჯარო ადგილებში გამოსვლისგან. ლოგიკურიცაა.  სრული დატვირთვით ვეღარ ვმუშაობთ, გამომდინარე აქედან, თუ მუშაობდა 25 კაცი, დღეს მუშაობს 6 ადამიანი. მოგვიწია პერსონალის შემცირება და ძალიან ბევრი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. მხოლოდ გარე მიწოდების სერვისზე გადასვლის შემთხვევაში ალბათ ორ თანამშრომელს დავიტოვებთ“.

სარესტორნო ბიზნესს დამატებითი პრობლემები შეუქმნა შეზღუდვამ, რაც საღამოს ათი საათისთვის მუშაობის დასრულებას ითვალისწინებს. რადგან პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო რესტორნებს ტურისტული ჯგუფები ვეღარ აკითხავენ, გათვლა ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზე აქვთ – ადგილობრივი მომხმარებელი კი რესტორანს ძირითადად სამსახურის დასრულების შემდეგ, საღამოს საათებში აკითხავს.

„მოგეხსენებათ, რა კატეგორია დადის კაფეში, ვინც მუშაობს, აქვს ხელფასი და საღამოს სურს დასვენება, ვახშამი, ცოცხალი მუსიკის მოსმენა, დაბადების დღის აღნიშვნა. რესტორანი კი ათის ნახევრისთვის მზადებას იწყებს, რომ ათი საათისთვის დაიკეტოს. ცხადია, ეს მომხმარებელს არ მოსწონს, რომელმაც შვიდ საათზე დაასრულა მუშაობა, რვა საათზე რესტორანში მოვიდა და 20-25 წუთი კიდევ შეკვეთას ელოდა“, – ამბობს რესტორან „ძველი ბულვარის“ მენეჯერი გოგა გოქსაძე.

რესტორნების მენეჯერების დაკვირვებით, ადგილობრივი მომხმარებლის სიმცირე მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდებას არ უკავშირდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური კრიზისია, რაც ადგილობრივ მომხმარებელზეც აისახა, ადამიანები უხელფასოდ დარჩნენ.

გოგას დღეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, შეძლებს თუ არა რესტორანი  ჩვეულებრივ გააგრძელოს მუშაობა ზამთარში:

„ეს დამოკიდებული იქნება ზოგად მდგომარეობაზე ქვეყანაში, რეგიონში და ქალაქში. შესაძლებელია ისევ გახდეს პრიორიტეტული მოწოდება – დარჩი სახლში. ამ შემთხვევაში არ ვიცით რა იქნება.“

კრიზისის ფონზე თანამშრომლები რომ არ დაეთხოვა,  როტაციის პრინციპი გამოიყენა რესტორანმა „დელირიამ“ – მენეჯმენტმა  თანამშრომლებს უფრო მეტი დასვენების დღე შესთავაზა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. ამ გადაწყვეტილებას ისინი დასთანხმდნენ,  იმის მიუხედავად, რომ ავტომატურად შეუმცირდათ ხელფასები, თუმცა სამსახური შეინარჩუნეს.

„არ ვიცით ზამთარს როგორ გადავლახავთ, ალბათ დავიკეტებით, რადგან გათბობას ვერ ჩავრთავთ და დამატებით ხარჯებს ვეღარ გავიღებთ. ახლა ვმუშაობთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავიკეტოთ. მდგომარეობა არის აბსოლუტურად არასტაბილური“, – ამბობს „დელირიას“ მფლობელი ნინო გაბუნია.

რესტორან „ვილაჯიოს“ მენეჯერმა კიდევ ერთ გერემოებაზე გაამახვილა ყურადღება და ეს რესტორნების თანამშრომლების ვირუსზე დატესტვასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება:

„უგრძეს რიგში უნდა დადგეს თანამშრომელი რამდენიმე საათით, რომ  უფასო ტესტი ჩაიტაროს. ყველა 72 საათში ამ პროცედურის გავლა საკმაოდ რთულია. სხვანაირად ჩვენც გვეშინია მუშაობა. ერთი რომ დაინფიცირდეს ყველა უნდა წავიდეთ იზოლაციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავიკეტოთ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: