მთავარი,სიახლეები

მაღალი საფრთხის გამო, ხელვაჩაურში 28 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანენ – მერია

10.10.2020 • 1351
მაღალი საფრთხის გამო, ხელვაჩაურში 28 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანენ – მერია

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული, მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა დასრულდა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ოჯახი მაღალი საფრთხის არსებობის გამო, დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით. 14 ოჯახი პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს, 9 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას, ხოლო 5 ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით საჭიროა დეტალური გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის შემდგომაც გატარდება ქმედითი ღონისძიებები“-აცხადებს ხელვაჩაურის მერია.

ამავე წყაროს ცნობით, სულ შესწავლილია 76 სახლის მდგომარეობა.

მერიის ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე 39 სახლში ჩასატარებელია პრევენციული ღონისძიებები. კერძოდ, გასაკეთებელია ფერდსამაგრი კედლები, დამცავი გაბიონები, მოსაწყობია სანიაღვრე არხები.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა  ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომანქანა ჩაიყოლა. სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ავტომანქანაში კი ორი. ხუთივე მათგანი დაიღუპა.

როგორც სტიქიის შედეგად დაღუპული თედორაძეების ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, ოჯახმა არაერთხელ მიმართა განცხადებით მერიას, რომ ჩაეტარებინათ სახლის და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, თუმცა მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხელვაჩაურში, მაღალი რისკის ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: