ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

10.10.2020 • 2188
სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი.

თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის პირველ 6 თვეში].

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბათუმში, კაზინოს მოწყობისა და სხვა სათამაშო ბიზნესის 40 ლიცენზია/ნებართვაა გაცემული.

იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით კი, საქართველოში „აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას“.

კანონით, „სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ორგანიზებისთვის, ცალკე ნებართვა არ გაიცემა. იმისათვის, რომ მოეწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა, საჭიროა რეალური ობიექტის არსებობა“.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული ინფორმაციებით, ირკვევა, რომ ბათუმში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებისთვის, წელს, მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა გადაიხადა მოსაკრებელი. აღნიშნული მოსაკრებელი კი, ბათუმში, 250 ათასი ლარია კვარტალში. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ლიცენზიანტები ბათუმში არც ონლაინ მუშაობენ. მეტიც, ისინი, როგორც ჩანს, ონლაინ ვერც ამ წლის ბოლომდე იმუშავებენ, ვინაიდან, შესაბამისი მოსაკრებელი ქალაქის ბიუჯეტში წინასწარ, ოქტომბრამდე უნდა გადაეხადათ.

განახლდება თუ არა აზარტული თამაშები ბათუმში, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და სახელმწიფო საზღვრის გახსნაზეც. ამასთან, სათამაშო ბიზნესი, იანვრიდან მუშაობის განახლებას თუ გეგმავს [თუნდაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით], მან 2021 წლის პირველი კვარტლის [იანვარი-მარტი] მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში წელს, დეკემბრის თვის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში [2020 წლის იანვარი-ივნისი]:
  • სათამაშო აპარატებიდან შემოვიდა – 15 600 ლარი;
  • წამახალისებელი გათამაშებიდან – 47 200 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან – 750 000 ლარი;
  • კლუბის მაგიდიდან – 30 000 ლარი;
  • სამორინეს მაგიდიდან – 360 ათასი ლარი;
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 21 700 ლარი.

დამატებით, ივნისის შემდეგ, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელი – ჯამში 500 ათასი ლარი, ბათუმის ბიუჯეტში, ერთი იურიდიული პირს აქვს შეტანილი.

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით დაზარალდა ამ სფეროში დასაქმებული ასობით მოქალაქე, რომლებმაც ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. ბოლოს აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 6 და 7 ოქტომბერს გაიმართა. ქუჩაში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია:

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადება 0%-ით;
  • სახელმწიფოსგან საკომპენსაციო თანხის მომატება და გაგრძელება;
  • წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერა;
  • ქირით მცხოვრებთათვის დახმარება;
  • ბავშვების სკოლაში დაბრუნება;
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნება;
  • საზღვრების გახსნა;
  • სამუშაო ადგილების დაბრუნება.

უშუამდგომლებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, კონკრეტულად რომელი საკითხის მოგვარებაა უშუალოდ აჭარის მთავრობის პრეროგატივა და რა დროში გაეცემა პასუხები მოქალაქეთა კითხვებს – ამ თემაზე ნახეთ:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: