მთავარი,სიახლეები

„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

09.10.2020 • 1209
„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

ვინ რას და როგორ გეგმავს უმუშევრობის დაძლევას მაშინ, როცა ამომრჩეველი ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამ საკითხზე ვრცელ და დეტალურ განმარტებებს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვერ იპოვით. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას კი საერთოდ ვერ იპოვით, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ხედვებს, სფეროების მიხედვით, მოგვიანებით გააცნობდნენ ამომრჩეველს. როგორც ჩანს, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. პარტია ისევ ზეპირი აგიტაციით შემოიფარგლება და წერილობითი საარჩევნო პროგრამა არ აქვს.

არჩევნდებამდე 21 დღე დარჩა.

პარტიების უმეტესობას ეს საკითხი მოკლედ აქვს მიმოხილული, თუმცა თითქმის ყველა  წინასაარჩევნო პროგრამა ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე გადის. პარტიები აქცენტებს აკეთებენ საგადასახადო შეღავათებზეც, რამაც, მათი აზრით, ახალი ბიზნესწამოწყებების მიმართ ინტერესი უნდა გაზარდოს. ამჯერად ამ საკითხზე „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ პროგრამები შევისწავლეთ.

[yellow_box]„ლელოს“ გეგმა[/yellow_box]

„ლელოს“ მარშალის გეგმის მიხედვით, პარტია ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაატარებს ისეთ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის  შედეგადაც შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და  გაორმაგდება ეკონომიკა. მარშალის გეგმაში ნათქვამია ასევე, რომ 600 000 ადამიანს ექნება 3000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი.

„ლელო“ ექვსთვიან სტაჟირებას და გარანტირებულ პირველ სამსახურს ჰპირდება ყველა ახალგაზრდას – სად და როგორ ამ კონკრეტულ საკითხზე მარშალის გეგმაში დეტალურად არ წერია.

„ლელოს“ მთავარი გათვლა სამი საგრანტო ფონდია, რომელთა შექმნასაც პარტია  საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით გეგმავს. ერთ-ერთია 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელმაც ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს. პარტია სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით ასევე 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს: „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“.

ამას ემატება იდეა სპეციალური ინოვაციების საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, სადაც მილიარდის სახსრები უნდა მოიზიდონ, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტორებისთვის. რა სირთულეს და დროს მოითხოვს ამ სოლიდური თანხების მოძიება? – ამაზე პარტიის საარჩევნო პროგრამაში დაკონკრეტებული არ არის.

ეკონომიკის გასაძლიერებლად „ლელოს“ გეგმებშია ასევე საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემური რეფორმა, რომლის შედეგადაც, საკრედიტო რესურსები მკვეთრად უნდა გაიაფდეს. მარშალის გეგმის მიხედვით, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სტატუსის საფონდო ბირჟა, რისი მეშვეობითაც ბიზნესს მნიშვნელოვან ფულად რესურსებზე წვდომა ექნება.

გეგმის მიხედვით, სწორედ ამ საფონდო ბირჟის მეშვეობით უნდა მოხერხდეს საპენსიო ფონდის თანხების ნაწილის რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება: „ამ გზით დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე გახდება კომპანიების თანამესაკუთრე. სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან ბირჟაზე განათავსონ მათი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი.“

[red_box] რას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ [/red_box]

300 000 ახალი დასაქმების ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, რასაც საგადასახადო შეღავათების დაწესების ხარჯზე ბიზნესის სტიმულირებით, ინვესტიციების მოზიდვითა და გაჩერებული პროექტების გაგრძელებით შეეცდება.

პროგრამაშივე წერია, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააცოცხლებს ქალაქ ლაზიკას  მშენებლობის პროექტს და ამ პროექტისთვის 3,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. საერთო ჯამში კი, მათივე პროგრამის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას აანონსებს.

რაც შეეხება გადასახადებს, გაერთიანებული ოპოზიცია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას გეგმავს. პროგრამაშივე ნათქვამია, რომ ამ გადასახადების გაუქმების შემდეგ დაახლოებით 700 მილიონი ლარი აღარ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, პროგრამის მიხედვით ეს იქნება სახელმწიფო ინვესტიცია ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს.

პროგრამაში ნათქვამია ასევე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს შეამციროს ბიუროკრატიის ხარჯები, რაც მათივე გამოთვლით ათეულობით მილიონი ლარია.

გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ცალკე პროგრამა აჭარისთვის, რადგან 31 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. ამ პროგრამაში ჩამოთვლილია კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ამომრჩეველს არჩევნების მოგების შემთხვევაში ჰპირდებიან, ამ კონკრეტულ პროექტებს დასაქმების ადგილების ზრდის ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავენ. პროექტებს შორისაა: როიალ კარიბიანის საკრუიზო გემების პორტის მშენებლობა, მახინჯაურისა და ადლიის იახტკლუბის მშენებლობა და სხვა.

„ევროპული საქართველოს“ გეგმა

„ევროპული საქართველო“ ამომრჩეველს 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება, თითოეულ ოჯახს კი საშუალოდ 2000 ლარზე მეტს შემოსავლის სახით და ბიზნესის მხარდასაჭერად. შესაბამისად, დასაქმების ახალი ადგილების შექმნის მიზნით საგადასახადო შეღავათებს გეგმავს.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, „ევროპული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზრდება, დამატებითი ღირებულების გადასახადს 18%-დან 16%-მდე, განაწილებული მოგების 15%-იან გადასახადს კი  10%-მდე შეამცირებენ. პარტია საშემოსავლო გადასახადის  20%-დან 10%-მდე შემცირებას გეგმავს.

წინასაარჩვენო პროგრამის მიხედვით, პარტიას შემუშავებული აქვს ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული და  საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს – ამ სისტემის მიხედვით, მოქალაქემ მაშინ უნდა დაიბრუნოს შეგროვებული ფული, როცა მას დასჭირდება.

პარტიის გათვლით ეს ზომები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ასიათასობით  მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ “მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით შექმნიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, რითაც შეძლებენ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას:

„ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.“

პროგრამის მიხედვით “მცირე მთავრობის” მოდელის დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებითა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

                                                                                 

„ოცნების“ ძველი გეგმა

რადგან „ოცნების“ დასაქმებასთან დაკავშირებული ახალი გეგმა ვერ ვიპოვეთ და შესაბამისად არ ვიცით როგორ აპირებს სახელისუფლებო პარტია დასაქმების ადგილების შექმნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, განვიხილოთ როგორი გეგმა ჰქონდა პარტიას ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევენების წინ და შეასრულა თუ არა ის.

ამავე თემაზე: 200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

2016 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით „ოცნებას“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, თუმცა ეს დაპირება ვერ შესრულდა. საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ დამატებით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, არამედ პირიქით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს 27 ათასით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად იკლებს.

დასაქმება წლების მიხედვით [საქსტატის მონაცემები]:

  • 2016 წელი – 1 717 300 ადამიანი
  • 2017 წელი – 1 706 600 ადამიანი
  • 2018 წელი – 1 694 200 ადამიანი
  • 2019 წელი – 1 690 200 ადამიანი

2020 წლის სრული მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: