მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

12.10.2020 • 11433
რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის და, დუდანა ბერიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შორენას კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა.

„იმ პერიოდში მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და ჩემს დასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. სასწრაფო როცა გამოვიძახეთ, არც იმ ღამეს გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა და სუნთქვაც უჭირდა.

მეორე დღეს ისევ დამირეკა, ცუდად ვარო და ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო. ამის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მითხრა, მთელი დღე იყო იქ, გადასხმა გამიკეთეს მეტი არაფერიო და იქედან დღის ბოლოს გადაიყვანეს სასტუმროში. განწირული ხმით მეუბნებოდა, სასტუმროში რა მინდაო. დავამშვიდე, ალბათ ეს არის პროტოკოლი, ნუ გეშინია-მეთქი“, – ამბობს დუდანა ბერიძე.

მისი თქმით, შორენა ბერიძე სასტუმროშიც ცუდად გრძნობდა თავს.

„შაქარი ჰქონდა მაღალი. ამის შემდეგ ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო და იქედან წაიყვანეს ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. ამასობაში ბევრი დრო გავიდა და მდგომარეობა დამძიმდა. 7 ოქტომბერს უკვე გარდაიცვალა. დაგვიანდა ჰოსპიტალიზაცია, ინფექციურიდან პირდაპირ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და არა სასტუმროში“, – გვითხრა შორენა ბერიძის დამ.

ინფექციური საავადმყოფო დირექტორი, ციური აბულაძე ამბობს, რომ შორენა ბერიძე კლინიკაში 5 ოქტომბერს, 12:05 საათზე სასწრაფომ შეიყვანა. ეს კლინიკა ახლა ცხელების ცენტრია.

„გადავუღეთ რენტგენი და ჰქონდა ფილტვების ანთება, მძიმე შემთხვევა არ იყო და როგორც გვაქვს გაიდლაინებში, გადავიყვანეთ კარანტინში“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

კითხვაზე, აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, ციური აბულაძე ამბობს, რომ – არა. „ფილტვების ანთება აქვს ნახევარზე მეტს, მაგრამ არიან კარანტინში“.

ის ამბობს, რომ პაციენტისთვის არც შაქარი შეუმოწმებიათ. „შაქარს არ ვუსინჯავთ, თუკი რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არაა“, – გვითხრა ციური აბულაძემ.- „პირველ რიგში უკეთდება გამოკვლევა, დავიწყეთ ანტიბიოტიკით, გადასხმა გავუკეთეთ, ჟანგბადი არ დასჭირვებია“.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში შეყვანის დროს ინფიცირებული ქალის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო.

„ჩვენთან შემოყვანილი იყო სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით. ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი. შაქარიც ჰქონდა მაღალი და გადავიყვანეთ რეანიმაციაში. ერთი დღე იყო საავადმყოფოში და გარდაიცვალა“, – გვითხრა დირექტორმა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: 

აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: