Batumelebi | აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა – მინისტრის მოადგილე აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა – მინისტრის მოადგილე – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა – მინისტრის მოადგილე

აჭარაში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი იმყოფება კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, მათი აჭარაში ჩამოსვლის მიზანი აჭარის კოვიდკლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა.

დღეს, 2 ოქტომბერს, ლევან რატიანმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მან აღნიშნა, რომ კლინიკების მუშაობას გაეცნო და ისინი სტანდარტების და პროტოკოლის მიხედვით მუშაობენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი, აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა:

„ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა მაინც გახლავთ კრიტიკული პაციენტების მართვა. როგორც მოგეხსენებათ რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი კლინიკაა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის საკმაოდ ახალი და დიდი შესაძლებლობების, ამდენად იქ ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება და სწორედ სტანდარტიზაცია არის დღეს მთავარი გამოწვევა, რადგან ის, რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგანაც, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარაში კორონავირუსის შედეგად სექტემბერში 12 ადამიანი გარდაიცვალა, 1-2 ოქტომბერს კი – 3.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com