გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა.
გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის ჩვეულ სამუშაო რუტინაში იყო ჩაბმული.
„სამსახურში რომ დავბრუნდი, გააზრებული მქონდა – ადამიანი რომ დამინახავს, კოვიდს გავახსენებ-თქო. კლინიკაში ყველამ იცოდა, რომ მქონდა კოვიდი. არ დამიმალავს. ასე ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი გადავარჩინე დაინფიცირებას,“ – გვეუბნება გულო და თავისი ინფიცირების ისტორიას გვიყვება.
„კოვიდის ნიშნები დამეწყო მცირე სურდოთი. შემდეგ ჩემ ირგვლივ ვიღაცებს აღმოაჩნდათ, ვისთანაც შეხებაში ვიყავი. სურდოც დაემთხვა და მაშინვე ეჭვი მივიტანე კოვიდზე. ავიღე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში სასწრაფოდ. რომ გავიგე ჩემი ტესტის პასუხი დადებითი იყო, მაგის შემდეგ კიდევ დღენახევარი ვიყავი სახლში, მკაცრ თვითიზოლაციაში, სანამ კლინიკაში გადამიყვანდნენ. შემდეგ, რადგან ორსული ვიყავი, წამიყვანეს სამშობიარო სახლში. ის, რომ კოვიდი დამემართა, ჩემი ბრალია. სადღაც შეცდომა დავუშვი ეტყობა, ან ნიღაბი არ გავიკეთე.
მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიხარია, არის ის, რომ მე გადავარჩინე ჩემი კოლეგები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მცირე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში და მეორე დღეს აღარ მივსულვარ სამსახურში. ჩემგან არავინ არ დაავადებულა. სანამ პასუხს გავიგებდი, ვფიქრობდი, იქნებ უარყოფითი მოვიდეს-თქო… ვდარდობდი იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. არც ერთ ჩემს კონტაქტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა,“ – ამბობს გულო აბაშიძე.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/689690881980484/
გულო აბაშიძის შემთხვევაში კოვიდინფექცია მსუბუქად წარიმართა. ფეხმძიმე პაციენტი რვა დღე იყო დაკვირვების ქვეშ ბათუმის სამშობიაროში. იმის გამო, რომ არც სიცხე ჰქონდა და არც სხვა, ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშანი, არ იღებდა მედიკამენტებს.
„მხოლოდ სამი დღის განმავლობაში მქონდა ყნოსვა დაკარგული – სუნს ვერ ვარჩევდი. მეოთხე დღეს დამიბრუნდა. ყოველდღე მიტარებდნენ მონიტორინგს – ამოწმებდნენ ბავშვის გულისცემა როგორი იყო. სიცხე არ მქონდა, წნევა და პულსი კარგი მქონდა,“ – იხსენებს გულო.
კოვიდზე საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წესების დაცვის შემდეგ, არის სიმშვიდე. იმის მიხედვით, რამდენად მშვიდად შეხვდება პაციენტი დაავადებას, მკურნალობა უფრო იოლია.
„ტესტის პასუხს წინასწარ ველოდებოდი, რომ დადებითი იქნებოდა. ცოტა ემოციური არის, რადგან ნებისმიერ დაავადებას ახლავს ღელვა, მაგრამ მე ვფიქრობდი, რამდენადაც მშვიდად შევხვდებოდი, იმდენად ადვილად გადავიტანდი ამ ყველაფერს. სიცხე არ მქონია, ერთადერთი იმ მომენტში, როცა დამირეკეს და ტესტის პასუხი მითხრეს, ისე ავღელდი, სიცხემ ამიწია. თუმცა ეს სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა. სამშობიაროში არ მიგრძვნია სიმარტოვე და უყურადღებობა. ესეც დამეხმარა ვირუსთან გამკლავებაში. ვიყავი დადებითად განწყობილი. ყველა წესს ვიცავდი, სხვასთან მიმართებაშიც და მე თვითონაც. იოლად დავამარცხე ეს დაავადება, ახლა კარგად ვართ, მეც და ბავშვიც,“ – ამბობს გულო.
კითხვაზე, რას ურჩევდა კოვიდდადებითებს და განსაკუთრებით ორსულებს, გულო თავის გამოცდილებას გვიზიარებს:
„ვილაპარაკებ, როგორც მედიცინის მუშაკი და როგორც ყოფილი კოვიდდადებითი.
პირველ რიგში, უნდა მოერიდოთ ამ ვირუსს. ისედაც ყველა ვირუსს ერიდებოდა ორსული ქალი, მაგრამ ეს განსაკუთრებით მოსარიდებელია, რადგან სწრაფად გადადის. აუცილებელია დაიცვათ სისუფთავე. მე ვფიქრობ, იმიტომ დამემართა, რომ სადღაც შეცდომა დავუშვი უსაფრთხოების ნორმების დაცვისას. ალბათ ნიღაბი არ მეკეთა და ისე მქონდა სავარაუდო ინფიცირებულთან შეხება.
მეორე – სიმშვიდე. ორსულებს ისედაც გვაქვს ცუდი ფიქრები, ცუდი აზრები გვაწუხებს, მაგრამ შეეცადეთ და ამ ცუდი აზრიდან გადაიტანეთ სხვა, კარგ, უკეთეს რამეზე ყურადღება. იფიქრეთ კარგზე. იფიქრეთ იმაზე, რომ კოვიდს მალე დაამარცხებთ და წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ, შვილის სახით.
მინდა მივმართო ყველა ადამიანს – ვიზრუნოთ ჩვენს თავზეც და სხვებზეც. ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი ექნება, დარჩნენ სახლში, იზოლაციაში. არავინ არ იცის ვინ როგორ გადაიტანს კოვიდს. ამიტომ ნუ გახდებიან იმის მიზეზი, რომ ვიღაცამ ცუდად გადაიტანოს ან ვერ გადაიტანოს ეს დაავადება“.