Batumelebi | მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ – Batumelebi
RU | GE  

მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ

„ეს ხელოვნური იქნება“, „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის“ – ძირითადად ამ პოზიციას ამოეფარნენ პარტიები, სადაც საარჩევნო პარტიულ სიებში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე ვიკითხეთ: რატომ არ არიან პარტიული სიის ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები? რატომ არ არის ერთი სომეხი, ან აზერბაიჯანელი, ან რუსი, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიებში? აჭარაში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, 5 ათასზე მეტი სომეხი ცხოვრობს და 3 ათასზე მეტი რუსი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიების ათეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს ვერ ნახავთ. პირველ ათეულსა და „გამსვლელ სიაში“ არა, მაგრამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქა-იქ აღმოაჩენთ პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო სიებში. ისინი ძირითადად ამავე პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები არიან მარნეულში, გარდაბანაში ან ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სხვა საარჩევნო ოლქებში. პარტიული საარჩევნო სიებიდან ერთი რამ მარტივად ჩანს – ხელისუფლებაში მყოფ თუ ოპოზიურ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხთან მიმართებაში მსგავსი ხედვები აქვთ.

ენმ: „ისინი აქტიურობენ, მაგრამ ხელოვნურად სიებში ჩასმა არ მიგვაჩნია სწორად“ 

გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობები ბათუმში არ გამოირჩევიან პოლიტიკური აქტიურობით. „სია განუზომლად დიდი ვერ იქნება“, – ამბობს ის, როცა ცდილობს ახსნას, რატომ ვერ მოხდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში ეთნიკური უმცირესობის ერთი წარმომადგენელი მაინც.

„არ მიმაჩნია სწორად, ვიღაც ხელოვნურად იმიტომ ჩასვა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია… ვერ გეტყვით, რომ კომუნიკაცია არ გვქონდა, გვქონდა და ისინი ყოველთვის არიან ჩართულები პარტიის მუშაობაში, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ეს მოცემულობაა, ასე დალაგდა ეს სია. აქ განსაზღვრულია ადგილები, პარლამენტში ბევრად მეტი ადგილია… ისინი არიან ჩართული სხვადასხვა საუბნო კომისიებში წარმომადგენლებად, წევრებად… სასურველი იქნებოდა, სიებშიც ყოფილიყვნენ,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

საბოლოოდ, ენმ-ს წარმომადგენელმა ეთნიკური უმცირესობების აქტიური პოლიტიკური პროცესის მიღმა დატოვება იმით ახსნა, რომ ეს ეთნიკური ჯგუფები ძირითადად ბათუმში აქტიურობენ, ახლა კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია.

„ეს ადამიანები ძირითადად აქტიურები არიან ბათუმში და იქნებიან იმედია წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეს არის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.

ენმ-ს წარმომადგენელმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ წელს „ნაციონალური მოძრაობას“ მარტოს არ შეუდგენია სია, სიებში ჩასვეს სხვა პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატებიც.

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ არც საპარლამენტო სიის ათეულშია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. სიაში რამდენიმეა ამ ჯგუფებიდან, თუმცა ყველაზე ახლოს – მე-17 ადგილზე აბდულა ისმაილოვია.

ლელო: „ხელოვნური ჩარევა, რომ აპრიორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გყავდეს, არ ვეთანხმები“ 

„…რატომღაც ჩვენს სივრცეებში არ ჩანდა ისეთი აქტიური პოლიტიკური ფიგურა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც გაწევრიანდებოდა „ლელოში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი კუპრაძე. ის „ლელოს“ საპარლამენტო სიის მეხუთე ნომერია და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში.

ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო გამოკითხვებით და კვლევებით ხელმძღვანელობდა და მას კონკრეტული კრიტერიუმები ჰქონდა – კვალიფიციურობა, სანდოობა, პატიოსნება, პოზიტიური ნდობის მაჩვენებელი…

„განხილვისთვის მაინც კანდიდატი რომ გვყოლოდა, წაგვეხალისებინა და ამ ტიპის მნიშვნელობის დამატებითი ბენეფიტი მიგვეღო, ამის შესაძლებლობა არ გვქონია, ჩვენდა სამწუხაროდ… ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ყველა ტიპის ეთნიკურ ჯგუფს, ყველა ტიპის უმცირესობას, რომ ისინი გაძლიერდნენ, მაგრამ აპრიორი ხელოვნური ჩარევა, რომ ეთნიკური უმცირესობის, ან წარმომავლობის გამო ისინი სხვაზე წინ უნდა იყვნენ, მე ამას არ ვეთანხმები“, – მიიჩნევს ირაკლი კუპრაძე.

„ლელოს“ საპარლამენტო სიაში პარლამენტში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი გიორგი მორდეხაშვილს აქვს – ის ებრაულ თემს წარმოადგენს და პარტიულ სიაში მე-15 ადგილს იკავებს. ამავე სიის 26-ე ნომერია მურად მურადოვი. ის „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია მარნეულის და გარდაბნის ოლქში.

თუკი მურად მურადოვი აქტიურია და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია, რატომ არ არის ის პარტიულ სიაში „გამსვლელ პოზიციაზე“? [სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ნაკლებად მოსალოდნელია, „ლელომ“ 26 დეპუტატის შეყვანა შეძლოს პარლამენტში პარტიული სიიდან].

„…როცა ვსაუბრობთ მარნეულის ოლქზე, იქ ყველაზე გამოკვეთილი იყო მურად მურადოვი. თუ იქ შიდა კვლევებით გამოჩნდებოდა, რომ მეტი სანდოობით და კვალიფიციურობის მაჩვენებლით იქნებოდა გამორჩეული ვინმე სომხური წარმომავლობის, ან რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ეკომიგრანტი აჭარიდან, ჩვენ მასზე გავაკეთებდით არჩევანს… შემდეგ უკვე მოხდა ამ კანდიდატების მაჩვენებლების შედარება… შესაბამისად, ამაზე მიუთითებდა კვლევები და არა ჩვენი შინაგანი, ემოციური პრეფერენციები და სურვილები,“ – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ „ბათუმელებთან“.

„პატრიოტთა ალიანსი“: თუკი არ იყო წინა პოზიციაზე, ხელოვნურად ხომ არ მოვიგონებდით? 

ეს კითხვა გოჩა თევდორაძემ შემოგვიბრუნა, ის „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო სიის მესამე ნომერია. გოჩა თევდორაძეს თავდაპირველად აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის ათეულშიც ასევე ვერ ნახავთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს.

„პარტია თავისი აქტივისგან წარმოადგენს პარტიულ სიას, ამ ეტაპზე ასე მოხდა. ამ ეტაპზე სიაში ქალები ჭარბობენ – საპარლამენტო სიაში 48 პროცენტი ქალია,“ – გვითხრა გოჩა თევდორაძემ და ფოკუსის გადმოტანა საპარლამენტო სიაზე სცადა, სადაც სხვა პარტიებთან შედარებით, მეტად არიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.

„მაგალითად, სიის მე-9 ნომერია ებრაული წარმოშობის ცისანა სეფიაშვილი, მე-14 ადგილზეა სამველ პეტროსიანი, აზერბაიჯანელი მახირ უსუბოვი 24-ე პოზიციაზე, 25-ე ადგილზეა უკრაინელი ტატიანა მარტინენკო, მეტი ვინ გინდათ? ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ნახავთ ჩვენს სიაში,“ – დასძინა გოჩა თევდორაძემ.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, როგორც საპარლამენტო სიის, ასევე უმაღლესი საბჭოს ათეულში. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი – სავალან მირზოევი, მაგალითად, „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 35-ე ადგილს იკავებს. ის წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და საარჩევნო სიის წევრებმა: მამუკა მდინარაძემ, არჩილ თალაკვაძე და გიორგი ვოლსკიმ ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს საერთოდ არ უპასუხეს. სწორედ მათგან გვინდოდა მოგვესმინა, რატომ ვერ მოხვდნენ ეთნიკური უმცირესობები მათ სიებში.

არმაზ ახვლედიანი, „ევროპული საქართველო“: არ მომწონს, თუ როგორ გვაქვს ეს გააზრებული მთლიან პოლიტიკურ სპექტრს

„მეტად, თუ ნაკლებად ეს ეხება მთლიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც, არ მომწონს, თუ როგორ გვაქვს ეს გააზრებული ყველას ერთად. არასათანადოდ სახელმწიფოებრივია ეს მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ეს თემა არ იყოს მეორეხარისხოვანი,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი. ის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია „ევროპული საქართველოდან“. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს სიების ათეულებში არც ამ პოლიტიკურ პარტიას ჰყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. არმაზ ახვლედიანმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე პარტიის ლიდერებთან არ უსაუბრია, „ახლა დაგვიანებულია, მაგრამ მაინც დაელაპარაკება“.

„…სამწუხაროა, რა გითხრათ, მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები, მე ამ პროცესში არ მიმიღია მონაწილეობა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაერთ ადამიანს გავუწევდი რეკომენდაციას და ვისურვებდი, რომ ისინი ყოფილიყვნენ გამსვლელ სიაში. ვისურვებდი ასევე, რომ ისინი ყოფილიყვნენ მაჟორიტარ კანდიდატებად, მათ შორის, ბათუმში. ჩვენი სიმდიდრეა ჩვენი საზოგადოების ასეთი სასიამოვნო სიჭრელე, მათ შორის, ბათუმში მცხოვრები აფხაზები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკაში. მე ვიცნობ არაერთ აქტიურ ადამიანს საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან, ვისი წარმოდგენაც უბრალოდ დაამშვენებდა პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“.

სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ „პარტიის კარის გაღება“ საკმარისი არ არის. არმაზ ახვლედიანი საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ყურადღებას ამახვილებს იმ გზავნილზე, რომლითაც ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მათ მიერვე შემუშავებული პოლიტიკის გამართლებას – „შესაბამისი აქტიურობის გარეშე მათ სიებში ჩასმა ხელოვნური იქნება“.

„ზოგჯერ გადაულახავი ბარიერის წინაშე დგებიან ამ ჯგუფების წარმომადგენლები, ეს ყველამ კარგად ვიცით და თავს ნუ მოვიტყუებთ, მანამდე ბევრი სხვა კარია დახშული…

ხელოვნურად იმიტომ ეჩვენება ეს ბევრს, რომ გაუცხოების ტენდენციას ვამკვიდრებთ… პარტიული პრაგმატიზმის მიღმა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესი. სახელმწიფო ინტერესი  გვკარნახობს, რომ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი ძალიან ღირსეულად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუკი მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვაწონო თავი, მაშინ გაქვს განცდა, რომ ეს ხელოვნურია. შინაგანად უნდა გჯეროდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სიმტკიცისთვის, ჩვენივე მრავალფეროვნებისთვის… სანამ ასეთი მიდგომა ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები იქნებიან რაღაცნაირად წარმოდგენილები – ხელოვნურად,“ – დაასრულა არმაზ ახვლედიანმა.

რას ამბობენ ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლები: მოლოდინი არც გვქონდა, აღარ გვაინტერესებს, საუბარიც არ გვინდა

„ეს უკვე შეურაცხმყოფელია, მეზიზღება ამ თემაზე საუბარი. არცერთ პოლიტიკურ პარტიას პატივს არ ვცემ. ყველა პარტია ამ კუთხით ერთი და იგივეს აკეთებს… რამდენჯერ შეიძლება მოვყვე ერთი და იგივე?“ – კითხულობს არტურ ოგანესიანი. ის ბათუმში სომხურ სათვისტომოს წარმოადგენს. არტურ ოგანესიანი წლების წინ აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიტიკის საკითხებში, საზოგადოებრივ დისკუსიებში. თანდათან, არტურ ოგანესიანი პოლიტიკურ პროცესს ჩამოშორდა და დღეს მას ამ თემებზე საუბარიც კი არ სურს.

ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში ნიჰილიზმის გააქტიურებაზე საუბრობს „ბათუმელებთან“ არნოლდ სტეპანიანი. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელია.

„ძირითად ნიჰილიზმია, აღარ აინტერესებთ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ადრე თუ გვიან ეს შეივსება სხვა რაღაცით და მეორეა ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერება, რომ აი, ჩვენ ვართ უმცირესობა და პოლიტიკური ელიტა არ გვთვლის ღირსად, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როცა პარტიები ამბობენ, რომ სად არიან ისინი, ჩვენი კარი ღიააო, ეს რას ნიშნავს, თავისით მივიდეს? მე არ მჯერა, რომ პარტიის ლიდერები სხედან საკუთარ ოფისებში და ელიან, როდის მივლენ იქ აქტივისტები,“ – გვიყვება არნოლდ სტეპანიანი.

არნოლდი გაკვირვებას არ მალავს იმ კუთხითაც, რომ ლიბერალურად მოაზრებულ ოპოზიციურ პარტიებსაც კი ავიწყდებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ეთნიკური უმცირესობების წარმოდგენას პოლიტიკურ პროცესში ლიბერალური პოლიტიკური ძალებიც ფორმალურად ახდენენ.

არნოლდ სტეპანიანის დაკვირვებით, პარტიებს, ზოგადად, გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებათ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მხარდაჭერის მისაღებად, თუმცა აქტიური მუშაობით და მონდომებით, ფინანსების გარეშეც შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გულის მოგება., თუკი ისინი დაინახავენ, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ცხადდება მათ ჭიშკრებთან.

„…რეალურად ბევრი ფულია საჭირო, რადგან ენაც კი ბარიერია, აქ მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი არ უყურებს ქართულ მედიასაშულებებს, შესაძლოა, საერთოდ არ იცოდნენ, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია. ამიტომაც, ძირითადად პოლიტიკური ელიტები ირჩევენ, ასე ვთქვათ, კლანს… კლანში შედიან ადგილობრივი, გავლენიანი ადამიანები: საჯარო მოხელეც შეიძლება იყოს, ბიზნესმენი, ადგილობრივი ავტორიტეტები და ამ კლანებით ცდილობენ არჩევნების მოგებას…

უკვე გამოჩნდა რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც სხვა სტრატეგიით მუშაობს – ამ პარტიებს არ დავასახელებ, მაგრამ ისინი ძირითადად არა კლანებთან, არამედ აქტიურ ახალგაზრდებთან თანამშრომლობენ. ეს ახალი მიდგომაა. პრობლემა ისაა, რომ ეს პარტიები ძირითადად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოდიან, მანამდე არ ჩანან…

მეორე მიზეზი, რატომაც ხდება ასე, არის სტერეოტიპი, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მაინც მმართველი პარტია იმარჯვებს, მაგრამ ასეა არაა. ბოლო რამდენიმე წლის შედეგები აჩვენებს, რომ, მაგალითად, ქვემო ქართლში იგივე მმართველი პარტიის რეიტინგი შესუსტდა. ადრე დაახლოებით 100-პროცენტიან მხარდაჭერას იღებდა მმართველი პოლიტიკური ძალა.

მე უშუალოდ ვიცნობ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ ვთქვა, რომ ისინი ქსენოფოები არიან, ან ეთნოცენტრისტები, მოვიტყუები, მაგრამ არჩევნებზე ეს რეალობაა… სადღაც სიების 45-ე თუ 52-ე ადგილზე ჩაგვსვამენ და ესაა, თითქოს ვიღაცის წინაშე თავს იწონებენ, არ ვიცი,“ – გვითხრა არნოლდ სტეპანიანმა.

როგორ ხდება, რომ ევროპისკენ მომართულ პარტიებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და ამ ადამიანების აქტიურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში არ აღელვებთ, ხოლო, მაგალითად, ქსენოფობიით და თურქოფობიით გამორჩეულ „პატრიოტთა ალიანსს“ რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან?

„ამ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს, ერთგვარი საპირწონე შექმნას, თითქოს ფობიები არ აქვს… მეორე მხრივ, სომხურ წარმომადგენლობაში ძალიან აქტუალურია თურქოფობია, ამაზეც აქვს გათვლა ალიანსს, მათ პარტიულ სიაში უმრავლესობა სწორედ სომეხია,“ – აღნიშნა არნოლდ სტეპანიანმა.

სამოქალაქო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელის თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითხი აინტერესებთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთშიც.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი აფხაზებსა და ოსებთან. სხვადასხვა შეხვედრაზე უკითხავთ, მართლა შეიცვალა სიტუაციაო? თუ შეიცვალა, გვაჩვენეთ აბა, სად ჩანსო. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ ჩვენ.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება არის ტოლერანტობის, ან მისი არარსებობის ნიშანი, მაგრამ როცა გაქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის ამბიცია, ან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში ყოფნის სურვილი, ამ დროს უნდა ითვალისწინებდე მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტის ინტერესებსაც,“ – უთხრა არნოლდ სტეპანიანმა „ბათუმელებს“.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი