აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიფიქრეს ინფორმაციის გაცემა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს ეხება. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რამდენი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ასევე, რა რისკები არსებობს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელვაჩაურში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ოჯახი, მთლიანობაში კი 5 ადამიანი იმსხვერპლა.
უწყება თავდაპირველად სპეციალისტის ჩაწერაზე შეგვითანხმდა – გვითხრეს, რომ „პრობლემა არ იქნებოდა“ და სპეციალისტს ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა კითხვებზე, რადგან საკითხი წინასწარ მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციას შეეხებოდა. შეთანხმების პროცესში გვითხრეს რესპონდენტის სახელი და გვარიც – სპეციალისტის, ვინც მეწყერსაშიშ ზონების შესახებ ფლობს ინფორმაციას. „ველზეა ახლა გასული სამუშაოდ, როგორც კი დაბრუნდება დაგიკავშირდებით“, – გვიპასუხეს პრესსამსახურში.
კომუნიკაცია და შესაბამისი თანხმობა გვქონდა რესპონდენტთანაც, რომელმაც მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
რატომ მიმართა „ბათუმელებმა“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს? – საქმე იმაშია, რომ მოქალაქეების განცხადებები მეწყერსაშიშ ვითარებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, თავს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყრის.
სოფელ ქვედა ჯოჭოში 5 ადამიანის დაღუპვის შემდეგ არაერთმა ოჯახმა განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემას უგულებელყოფს. მოქალაქეები ჩივიან იმაზე, რომ ამ საკითხზე მათ კითხვებს სახელმწიფო არ პასუხობს.
თითქმის ერთკვირიანი კომუნიკაციის შემდეგ უწყებაში „ბათუმელებსაც“ იგივე უთხრეს, რაზეც მოქალაქეები ჩივიან – „კომენტარისგან თავს შევიკავებთ“.
აქვე ერთი საყურადღებო დეტალიც – სამინისტროში არ უთქვამთ, რომ ინფორმაცია არ აქვთ ან დასამუშავებელია. თქვეს, რომ „თავს შეიკავებენ“, ანუ კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე განაცხადეს უარი.
საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რასაც საჯარო უწყებას კანონი ავალდებულებს. ღიაობა და მუდმივად ამომრჩეველთან კონტაქტში ყოფნა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა 2020 წლის არჩევნებზე. თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებისგან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის მიღება უფრო და უფრო ჭირს.