ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, 95-მა პირმა დაძლია კორონავირუსი, მათგან ყველაზე ხანდაზმული 87 წლის ქალი იყო.
თავშესაფარში მცხოვრები 11 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა.
თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამჟამად თავშესაფარში მცხოვრები მხოლოდ ერთი პირია ინფიცირებული, რომლის კლინიკიდან გამოწერასაც ელოდებიან.
„მოგესალმებით. მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი მამა, აქვს პარკინსონის დაავადება მძიმე ფორმით, ჭირდება თავის ოპერაცია, კეთდება ავერსის კლინიკაში და ღირს 70 000 ლარი. ვართ სოც.დაუცველები. 45 000 ლარი გვაქვს, დარჩენილი 25 ათასი ლარის შევსებაში სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ გაკეთდეს ოპერაცია და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე“, – ეს წერილი 15 წლის ბიჭმა 4 დეკემბერს მოგვწერა ქობულეთიდან.
წერილს ლაშამ სხვადასხვა კლინიკაში გამოწერილი რეცეპტი და ფორმა 100-ც მოაყოლა. მისი მამა, 56 წლის ტარიელ გორჯელაძე არის ქრონიკულად დაავადებული – პარკინსონი აწუხებს და ოპერაცია სჭირდება. ექიმები ეუბნებიან, რომ თუ ოპერაციას გაიკეთებს, 90 პროცენტით გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც ლაშა გვწერს, ოპერაციის თანხა ნაწილობრივ – 45 ათასი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოუყეს და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან.
ახლა 25 ათასი ლარი სჭირდებათ, რომ ოპერაცია გაუკეთონ.
„წამლების გვაძლევდა პროგრამა – ლევოკომს. აგვისტოს მერე ვეღარ ვიღებთ, არ ვიცი რატომ. არა და ისეთი საშინელი ტკივილები აქვს – ხარივით ბღავის. მთელი სხეული ჯოხივით უხდება. მაგ წამალს რომ ვაძლევდით, 15 წუთში ეხსნებოდა ტკივილები და სხეული იწყებდა საშინელ მოძრაობებს. დღეში 15 აბი გვჭირდებოდა“, – გვიყვება მაყვალა, ავადმყოფი კაცის ცოლი.
მაყვალას თქმით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, წამლის საყიდლადაც კი ვერ მიდიან ქალაქში, აფთიაქში. „ასე, ყოველ დღიურად ვუყურებთ ჩვენი ოჯახის წევრის წამებას. ისიც ცოდოა და ჩვენც“, – გვიხსნის ქალი.
ოჯახი სოციალურად დაუცველია – 91 ათასი ქულა აქვს. ქალი გვიყვება, რომ მედიკამენტების 200-ლარიანი ერთჯერადი პროგრამის ფარგლებში მიმართა ქობულეთის მერიას, წამლის ყიდვა უნდოდათ. აქ უარი უთხრეს, პროგრამის თანხა უკვე ამოიწურაო. „კიდევ შეშაზე მივმართე, მაგრამ არც ეს მომცეს. მაშინ ვუთხარი, იქნება აჭარის მთავრობაში მიშუამდგომლოთ-მეთქი და კიო, ოღონდ ჩამოდი ქობულეთში და განცხადება დაწერეო. ქობულეთში რანაირად უნდა ჩავიდე, ტაქსი დავიქირავო?!“ – აცხადებს მაყვალა.
ამ ოჯახის შემოსავალი 100 ლარია. ტარიელ გორჯელაძე პენსიონერია – ის, როგორც II კატეგორიის შშმ პირი 100 ლარს იღებს.
მაყვალა საუბრის დასასრულს თავის მეუღლესთან დაკავშირებით ამბობს – „ცოდოა, ძალიან წვალობს“.
თუ გინდათ დაეხმაროთ ამ ოჯახს, მაყვალა შავლიძის ტელეფონია. 555 410 885
ანგარიშის ნომერი:
___
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22; მიმღების ანგარიში: GE78BG0000000345938654
მიმღები: შავლიძე მაყვალა
___
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBGBG 22 ანგარიშსწორების ანგარიში: GE63TB7592645064300025
მიმღების დასახელება: მაყვალა შავლიძე
___
ვითიბი ბანკი
SWIFT: UGEBG22 IBAN: GE76VT1000003933534506
ანგარიშის მფლობელი შავლიძე მაყვალა
___
ს.ს ” ლიბერთი ბანკი”
ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE65LB0211183478221000
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კითხვები დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძესაც დაუსვეს და მინისტრობის კანდიდატებსაც, თუმცა არა კრიტიკული.
ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში დეპუტატები კითხვის დასმამდე ძირითადად მადლობას უხდიდნენ თორნიკე რიჟვაძეს.
კითხვები ძირითადად იმ პროგრამებს ეხებოდა, რაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია და რის ამოქმედებასაც რიჟვაძის მთავრობა აპირებს. დღევანდელ სხდომაზე თითოეულ დეპუტატს ჰქონდა თითო კითხვა. საკამათო არაფერი გამხდარა.
„მადლობა ბატონ თორნიკეს. მე არ მახსოვს, მის ყურამდე მისულიყოს რომელიმე მსახიობის ან მწერლის პრობლემა და ყურადღება არ მიექციოს,” – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს დავით თედორაძემ.
დავით თედორაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ აჭარის მაღალმთიანეთში უნდა აშენდეს პანსიონები, “რადგან იქ თურქები აშენებენ პანსიონებს”, – თქვა მან.
“ბრწყინვალე პროგრამაა… მადლობა “ქართული ოცნების” მთავრობას,” – აღნიშნა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნადიმ ვარშანიძემ.
“მე ვიქნები მოდარაჯე,” – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს ირაკლი ჩავლეიშვილმა. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც “გაერთიანებული ოპოზიციიდან” უმაღლეს საბჭოში შევიდა.
ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის მთავრობის პროგრამა მოიწონა და ისურვა, რომ აღარ იქნება დაყოფა “ჩვენიანებად და მისიანებად… ეს იქნება პროგრამა ყველასთვის, ვინც მოგცათ ხმა ან არ მოგცათ”, – დასძინა დეპუტატმა.
კითხვა ირაკლი ჩავლეიშვილს არ დაუსვამს. მან ყურადღება ქალაქში ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და მათ დამცველებზე გაამახვილა.
“ეს ადამიანები კრიტიკულად გამოდიან ამა თუ იმ შენობის სახეცვლილების დროს, ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს, რაც მნიშვნელოვანია… ამ ქალაქში ცხოვრება არ დაწყებულა 21-ე საუკუნეში,” – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
“ოცნების” დეპუტატებისგან განსხვავებით, ჩავლეიშვილს რიჟვაძისთვის მადლობა არ გადაუხდია, თუმცა ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, ვისაც რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა.
„მადლობა, ბატონო ირაკლი, ეს არის სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იმ მანდატის მიმართ, რომელსაც ნდობა გამოუცხადეს… ჩვენი გუნდი იქნება ყველა მოქალაქის ხელისუფლება,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მაღალმთიანეთში ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე ჰკითხა დავით ბაციკაძემ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ვფიქრობ, ეს არის მთავრობის გამოწვევა სერიოზული,” – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.
„2021 წელი იქნება გარდამტეხი ამ კუთხით,” – თქვა თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, მომავალ წელს რამდენიმე მიზნობრივი პროგრამა იმუშავებს ამ მიმართულებით.
“სტალინმა, რომ ვერაფერი მოიფიქრა, კოლექტივები მოიფიქრა,” – ირონიულად ჩაილაპარაკა ნადიმ ვარშანიძემ, როცა კითხვა მიწის რეფორმაზე დაისვა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს.
„ძალიან ცუდი მერე, რომ ეს მოიფიქრეს,” – დისკუსიის წამოწყება სცადა დავით ბაციკაძემ.
„ეს, სხვათა შორის, ევროპიდან გადმოღებული მოდელი იყო… ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს,” – დიალოგში ჩაერთო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, გიორგი სურმანიძე და შემდეგ ვრცლად ისაუბრა კოოპერატივების და მათი გაძლიერების საჭიროებაზე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო.
„გემრიელი აჭარა“ – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელშიც მთიანი აჭარის, ქობულეთური და ლაზური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებად ცნობილი კერძები და დესერტებია წარმოდგენილი.
დეპარტამენტის ცნობით, კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ცნობილი ქართველი შეფმზარეულების ჩართულობით შემოდგომაზე მიმდინარეობდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებსაც ონლაინსივრცეში ეტაპობრივად განათავსებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტებიც მოამზადა, რომლის ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ.
პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა, ვიდეორგოლები კი სარეკლამო კომპანია „რედპოინტმა“ გადაიღო.
გაერთიანებული საიმიჯო რგოლის მუსიკა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანს“ ეკუთვნის, ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის კლიპებისთვის კი მუსიკა ჯგუფმა „ინსაითმა“ დაწერა.
პროექტზე შეფმზარეულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა, გურამ ბაღდოშვილმა, დადუნა ღლონტმა, ასევე ადგილობრივმა მზარეულებმა: რომა კაკაბაძემ, როინ ფაღავამ და გოგა ზანაქიძემ იმუშავეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა 4 საიმიჯო რგოლი, 15 ვიდეოგაკვეთილი ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით და ფოტორეცეპტები, 56 245 ლარია.
ამინდის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 24-25 დეკემბერს დასავლეთ,ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელმა ყინვამ, -2, -4 გრადუსამდე, შესაძლებელია ციტრუსის ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს – აცხადებს ამინდის ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ, 25 დეკემბერს, აჭარაში გამოიდარებს და უნალექო ამინდი რამდენიმე დღეს შენარჩუნდება.
მაღალმთიან აჭარაში თოვს. ეს ფოტოები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში გადაიღო ზებურ ბოლქვაძემ, საოჯახო სასტუმრო „ზებოს“მეპატრონემ.
თოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში. ფოტო: ზებურ ბოლქვაძეთოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში. ფოტო: ზებურ ბოლქვაძეთოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში. ფოტო: ზებურ ბოლქვაძეთოვლიანი დღე სოფელ გობრონეთში. ფოტო: ზებურ ბოლქვაძე
24 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, აჭარაში, 24 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკებში მკურნალობს 647 პაციენტი, მათ შორის, 119-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 98, კოვიდსასტუმროებშია – 707, თვითიზოლაციაშია – 4363.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 43, გამოჯანმრთელდა – 2737.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარაში – 139, იმერეთში – 279, ქვემო ქართლში – 112, შიდა ქართლში – 145, გურიაში – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 32, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.
“ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს და მის საქვეუწყებო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება”- მიიჩნევს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე “ავერსის” სააფთიაქო ქსელში საკვებდანამატის “მადლი ღვთისას” გაყიდვაზე.
“მადლი ღვთისა” გაყიდვიდან დღეს, 23 დეკემბერს, ამოიღეს. აქამდე ე.წ. საკვებდანამატის ავტორები აცხადებდნენ, რომ “მადლი ღვთისა” კოვიდ19-ის საწინააღმდეგო, ძლიერმოქმედი საშუალებაა.
აღსანიშნავია, რომ “მადლი ღვთისას” შესახებ სამედიცინო რეგულირების სააგენტო მინიმუმ 3 ნოემბრიდან იყო ინფორმირებული, როცა შპს “მადლი ღვთისამ” სააგენტოს მიმართა და განმარტება ითხოვა, სჭირდებოდა თუ არა რეგისტრაცია. შესაბამისი დოკუმენტაცია, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თქმით, შპს “მადლი ღვთისას” არ წარუდგენია.
საიას იურისტის განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.
პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებზე, რომლის მიხედვითაც სამინისტროს ფუნქციაა
“ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამისი სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვების ნამდვილობის ფაქტის გადამოწმების წესისა და პირობების დადგენა”.
“ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის სახელმწიფო კონტროლის ამოცანაა, დაიცვას საქართველოს ბაზარი მომხმარებლისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტისაგან,”- აღნიშნავს იურისტი, პაატა დიასამიძე.
იგი დასძენს, რომ თუ იკვეთება მომხმარებლის მოტყუება, ამით გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის არჩევა შესთავაზა აჭარის უმაღლეს საბჭოს. განკარგულება პრეზიდენტმა დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა.
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. თუ პრეზიდენტის კანდიდატს ზედიზედ ორჯერ უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნის უფლება აქვს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატებიც.
პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, თორნიკე რიჟვაძე მინისტრებად იმ პირებს ირჩევს, რომლებიც ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭომდეც მინისტრები იყვნენ. გამონაკლისია მხოლოდ ტიტე აროშიძე, რომელიც ახლა უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.
თუკი უმაღლესი საბჭო თორნიკე რიჟვაძის კანდიდატებს მხარს დაუჭერს, აჭარის განათლების მინისტრი ისევ მაია ხაჯიშვილი იქნება, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის – ჯაბა ფუტკარაძე, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე.
პრეზიდენტს, აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევამდე უნდა გაევლო კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეხვდა. პრეზიდენტს კონსულტაცია არ შეუთავაზებია “გაერთიანებული ოპოზიციისთვის”, რომელმაც უმაღლეს საბჭოში სულ 7 მანდატი მოიპოვა, აქედან 6-მა მანდატზე უარი თქვა, თუმცა მათი უფლებამოსილება ჯერ შეწყვეტილი არ არის.
კონსულტაცია შესთავაზა,თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა ირაკლი ჩავლეიშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მინდია დიასამიძე საკრებულოში არჩევამდე ბიზნესით იყო დაკავებული, ამ პერიოდში მას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება დაუგროვებია.
მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინდია დიასამიძემ 1 მილიონ 150 000 ლარი დახარჯა ბათუმში, ქეთევან წამებულის #50- ში ექვსსართულიანი სახლის მშენებლობისთვის საკუთარ მიწის ნაკვეთზე [1479,9 კვ.მ]. ეს ნაკვეთი მინდია დიასამიძეს 2015 წელს 46 500 დოლარად შეუძენია, ხოლო მშენებლობა 2016 წელს დაუწყია. 2017 წელს კი იგი საკრებულოს წევრი გახდა.
„ეს კერძო სახლია, თუმცა ბინებად არის გაკეთებული. არ გამიყიდია, მთლიანად ჩემია და კომპანიისთვის მაქვს ფართები მიქირავებული,“ – ამბობს მინდია დიასამიძე. 2020 წელს შევსებული დეკლარაციით მას გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის სახით 24000 ლარი აქვს დაფიქსირებული.
მინდია დიასამიძე ფლობს ასევე ორ ბინას – 120 კვ.მ და 54 კვ.მ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე. ეს ბინები მას 2013 წელს ჯამში 69 800 დოლარად შეუძენია. კიდევ ერთ ბინას ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე ირმა ვარშანიძე ტაბიძის #9-ში, ბინის ფართობი 21,58 კვ.მ-ია და ის ირმა ვარშანიძეს 2016 წელს 11 720 დოლარად შეუძენია.
ოფიციალური მონაცემებით, ბიზნესი მინდია დიასამიძემ 2010 წელს დაიწყო, როცა მან შპს „მდა–007“ დააფუძნა. ეს კომპანია საახალწლო ფეთქებადი ნივთიერებების შემოტანა- მიწოდებაზე მუშაობს. კიდევ ერთი კომპანია „ჯიდი ჯგუფი“ მინდია დიასამიძემ 2017 წელს მეგობართან ერთად დააფუძნა და ამ კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია.
თავად მინდია დიასამიძის თქმით, შპს „ ჯიდი ჯგუფი“ სამშენებლო მიზნებისთვის დააფუძნეს, თუმცა კომპანიას არ უმუშავია, „არაფერი აუშენებია“.
ბიზნესით არის დაკავებული მინდია დიასამიძის მეუღლე ირმა ვარშანიძეც, ის შპს „გდმ-007“ -ის ის დამფუძნებელი და დირექტორია.
მინდია დიასამიძე თანასაკუთრებაში ფლობს ასევე ორ – 2430 კვ.მ და 1911 კვ.მ მიწის ნაკვეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში.
მინდია დიასამიძე დღეს, 23 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური ფრაქციის ხუთმა წევრმა.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკრებულოს მიმართა უფლებამოსილების მოხსნაზე. ის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.
მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, ის ახალშენის თემის მაჟორიტარია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თორნიკე რიჟვაძეს, გუშინ კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. გუშინდელ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.
აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან უნდა გაიაროს და შემდეგ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.
„ჩვენთან არ ჰქონია შეთავაზება და რომც იყოს, არ შევხდებით, აზრი არ აქვს,“ – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა. ის „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული საარჩევნო სიით გახდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, თუმცა მანდატზე უარი თქვა. ელგუჯა ბაგრატიონის მსგავსად, უმაღლესი საბჭოს წევრობაზე უარი თქვა „გაერთიანებული ოპოზიციის“ კიდევ 5-მა წევრმა.
პრეზიდენტს „გაერთიანებული ოპოზიციისთვის“ საკონსულტაციოდ არც მიუმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრში განმარტეს, რომ კონსულტაციისთვის მიმართეს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც წერილობით არ თქვეს უარი დეპუტატობაზე.
წერილობით უარი ჰქონდა ნათქვამი უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე თავდაპირველად ირაკლი ჩავლეიშვილს. ეს ის დეპუტატია, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ სიაში იყო და მიიჩნევდა, რომ არჩევნები გაყალბდა. საბოლოოდ ირაკლი ჩავლეიშვილი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„მივიღე შეთავაზება პრეზიდენტისგან, მაგრამ არ ვაპირებ კონსულტაციას, ესაა მაინც უმრავლესობის გადასაწყვეტი საკითხი,“ – გვითხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
„საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციის გამართვის მიზნით მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებს, ასევე, ადმინისტრაციამ წერილობით მიმართა ოპოზიციის მხრიდან საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებს და სთხოვა, წარმოედგინა მოსაზრებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი წევრების შესაძლო კანდიდატურებზე. ამ დრომდე ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია,“ – მოგვწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრიდან.
აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან, ან აჭარის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.
ამ შემთხვევაში მე-5 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველად 15 დეკემბერს შეიკრიბა. შესაბამისად, პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოუდგინოს. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ იტყვის უარს პრეზაიდენტის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, მაშინ პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს დათხოვა შეუძლია.
„მადლი ღვთისა“ ჩვენთან აღარ იყიდება, დღეს ამოიღეს სრულად ქსელიდან, რატომ არ ვიცი,“ – გვიპასუხეს დღეს სააფთიაქო ქსელი „ავერსის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე. ამ საკვებდანამატის შესახებ „ბათუმელები“ 21 დეკემბერს წერდა. ორი დღის წინ „მადლი ღვთისა“ ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა „ავერსის“ ქსელში, ხოლო მისი მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ ოთხი ტაბლეტი მედიკამენტი, რაც 60 ლარი ღირდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი საშუალება იყო.
კომპანია „ავერსს“, რომელსაც ჩვენ 21 დეკემბერს ვთხოვეთ განმარტება, რის საფუძველზე ყიდდა თავის ქსელში „მადლი ღვთისას“, ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი. 21 დეკემბერს ჩვენ დავუკავშირდით სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოსაც, საიდანაც წერილობითი პასუხი დღეს, 23 დეკემბერს მივიღეთ.
უწყებიდან მიღებული წერილის მიხედვით, შპს „მადლი ღვთისას“ 3 ნოემბერს მართლაც მიუმართავს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის.
„გვატყობინებდნენ, რომ შპს „მადლი ღვთისას“ დირექცია გეგმავს ბიოლოგიურად აქტიური დანამატის – „მადლი ღვთისას“ წარმოება-რეალიზაციას და ითხოვდნენ განმარტებას, სჭირდებოდა თუ არა აღნიშნულ პროდუქტს რეგისტრაცია… გამომდინარე იქედან, რომ განცხადებაზე დართული დოკუმენტაციით, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო „მადლი ღვთისას“ სტატუსის განსაზღვრა, განმცხადებელს ეცნობა, წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის წარმოდგენილი,“ – მოგვწერეს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოდან.
ამ უწყებაში ვერ გვიპასუხეს, ვის უნდა მოეხდინა რეაგირება, როცა შპს „მადლი ღვთისა“ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდდა საკვებდანამატს აფთიაქში და ყიდდა იმ პირობით, რომ ის კორონავირუსის „საწინააღმდეგო საშუალება“ იყო? გამოდის, რომ სახელმწიფო უწყების მოთხოვნა „მადლი ღვთისას“ არ დაუკმაყოფილებელია, თუმცა ამ კომპანიამ საკვებდანამატის წარმოებაც შეძლო და მისი სააფთიაქო ქსელში ჩაშვებაც ისე, რომ სახელმწიფომ ამის შესახებ იცოდა და რეაგირება არ მოახდინა.
კომპანია “დაგიმ” ბათუმში კომაროვის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დათქმულ ვადაში დაასრულა.
სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო კამპუსი – 100 ბავშვზე. საგანმანათლებლო დაწესებულება სვიშევსკის ქუჩა N1-ში აშენდა და ჯამში მისი ფართობი 7700 კვადრატული მეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება – 11 მილიონ ლარზე მეტი.
პროექტის მენეჯერის განცხადებით, შენობები უმაღლესი ხარისხის მასალებით აიგო და იქ მოსწავლეებს ყველა პირობა დახვდებათ საცხოვრებლად, სასწავლებლად და დასასსვენებლად.
“მოწყობილია სასწავლო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სტადიონი. შენობა მთლიანად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის და ყველანაირი პირობაა შექმნილი. სკოლა ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს ქალაქის ამ ნაწილს.”
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კომაროვის სკოლა მხოლოდ თბილისშია და ბათუმში აშენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი თაობის განვითარებაში, რადგან ყველას არ შეეძლო თბილისში სასწავლებლად გადასვლა,“ – ამბობს თამუნა ჩხეტია, „დაგის“ წარმომადგენელი.
ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა.
კორონავირუსმა ანტარქტიდის კონტინენტსაც მიაღწია, რომელიც აქამდე Covid19-ისგან თავისუფალი ზონა იყო – ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
ჩილეს არმიამ ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე მდებარე ბერნარდო ო’ჰიგინსის კვლევით სადგურში 36 შემთხვევა დააფიქსირა. 36 თანამშრომელი, რომელთაგან 26 სამხედრო მოსამსახურე და 10 ხელოსანია, ევაკუირებულია ჩილეში.
აქამდე რამდენიმე დღით ადრე ჩილეს საზღვაო ძალებმა კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაადასტურეს გემზე, რომელმაც პროდუქტებთან ერთად პერსონალი მიიყვანა კვლევით სადგურამდე.
ეს ნიშნავს, რომ კოვიდის შემთხვევები ახლა ყველა კონტინენტზეა დაფიქსირებული.
გემი კვლევით სადგურში 27 ნოემბერს ჩავიდა, უკან ჩილესკენ კი 10 დეკემბერს აიღო გეზი.
მისი ეკიპაჟის სამი წევრი ტალკაუანოში, ჩილეს საზღვაო ბაზაზე დაბრუნებისას კოვიდდადებითები აღმოჩნდნენ. ჩილეს საზღვაო ძალების ინფორმაციით ყველას, ვინც ანტარქტიდში მოგზაურობაში იყო ჩართული, PCR ტესტირება ჩაუტარდა, მათი პასუხები უარყოფითია.
ბერნარდო ო’ჰიგინსის სამეცნიერო სადგური ერთერთია იმ ოთხ მუდმივ ბაზას შორის, რომელიც ჩილეს ანტარქტიდაში აქვს და რომელსაც ჯარი მართავს.
ბრიტანეთის ანტარქტიდული კვლევის სამსახურმა აგვისტოში განაცხადა, რომ კვლევით საქმიანობას პოლარულ სამხრეთში კორონავირუსის გამო აჩერებდნენ.
ბათუმში 27 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან განიკურნა.
ბათუმის იაშვილის სახელობის ჰოსპიტლის ინფორმაციით, ახალშობილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს – ჩვილის მდგომარეობის სიმძიმეს ცხელება, ჰიპოდინამია (მოძრაობის უნარის დაქვეითება), ზოგადი დათრგუნვის სიმპტომატიკა, პერიოდული ჭირვეულობა, საკვების ცუდად მიღება განაპირობებდა, “მაგრამ ჩვილი და ექიმები ვირუსთან ბრძოლაში საოცარ შეუპოვრობას იჩენდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც,” – წერს ჰოსპიტალი.
23 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში რეგიონში 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 629 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 673 ადამიანი.
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში გაითვალისწინონ რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებები.
წინადადებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამისთევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.
ამასთან, საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა საშობაო ღვთისმსახურების აღსასრულებლად და ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოს სიები უნდა წარუდგინონ. ზოგად წინადადებაში ასევე პრობლემურად არის განხილული პანდემიის პირველ ეტაპზე – 2020 წლის აპრილში ავტომობილებზე დაწესებული შეზღუდვებისას არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიერ საშვებით სარგებლობის საკითხი.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება.
დაუშვებელია ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას მიენიჭოს უპირატესობა და ბუნდოვანი დარჩეს სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა. სახელმწიფომ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად უნდა მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას – განიხილოს გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამისთევას ითვალისწინებს; ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით, რომელიც თანასწორუფლებიანობის და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნებს უპასუხებს; ასევე აღნიშნული გამონაკლისების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად მიაწოდონ რელიგიურ გაერთიანებებს და აქტიური კონსულტაციები გამართონ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან და რელიგიის თავისუფლების ფარგლებში გამონაკლისზე მსჯელობისას ყველა რელიგიური გაერთიანების ინტერესი გაითვალისწინონ,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მეეზოვე ცისანა მსხალაძე იხსენებს, როგორ დაურიცხეს შარშან, 2019 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში პრემიის სახით მეცამეტე ხელფასი. ის ამბობს, რომ მეეზოვეებს და სანდასუფთავების სხვა თანაშრომლებს, კერძოდ, ნაგვის მანქანების მძღოლებს, ნაგვის კონტეინერების გამტანებს, მე-13 ხელფასს საახალწლოდ წელსაც დაჰპირდნენ, მაგრამ აღარ აძლევენ. „დირექტორმა გვითხრა, რომ მერია ამბობს უარს მოგვცეს მეცამეტე ხელფასი“, – გვიყვება ცისანა მსხალაძე.
„შარშან დაგვპირდნენ დაგირიცხავთ მეცამეტე ხელფასსო და მოგვატყუეს. ნაგვის მანქანების მძღოლები, კონტეინერების გამტანები შევიდნენ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან და უთხრეს: თუ დაპირებულ დანამატს არ დაგვირიცხავთ, მოვიტანთ მთელ ქალაქში შეგროვილ ნაგავს და მერიასთან დაგიყრითო. ამის შემდეგ ნახევარ საათში დაგვერიცხა მეცამეტე ხელფასი, დეკემბრის ბოლო იყო ეს. წელსაც იგივე ხდება“, – ამბობს ცისანა მსხალაძე.
მისივე ინფორმაციით, მეეზოვეები, ნაგვის ურნების მცლელები, მძღოლები „გაფიცვას ვაპირებთ 25 დეკემბრიდან. მეცამეტე ხელფასი თუ არ ჩაგვერიცხება გამოვალთ ქუჩაში, აღარ დავგვით, ნაგავს არ გავიტანთ და გავიფიცებით. დღეს უნდა მოვილაპარაკოთ, რა როგორ იქნება ზუსტად“, – ამბობს მეეზოვე.
მეეზოვე ცისანა მსხალაძე მისი კოლეგების კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზს ასახელებს – სანდასუფთავების თანამშრომლებს წინა წლებში 15 ნოემბრიდან ურიგდებოდათ ზამთრისთვის აუცილებელი აღჭურვილობა: რეზინის მაღალყელიანი ბოტები, საწვიმარი ლაბადები და ბამბუკის ფოთლოვანი ცოცხები, რაც აუცილებელია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ფოთლების დასაგველად“.
მეეზოვის თქმით, მას თავისი ფულით ნაყიდი იაფფასიანი, 10-ლარიანი ბოტები აცვია ახლა. საწვიმარი ლაბადა კი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში იყიდა.
„ბამბუკის ცოცხი არავის მოუცია, დავიქირავე ტაქსი და კაპრეშუმში წავედი, ასეთი ცოცხი ჩემით ვიყიდე, 13 ლარი გადავიხადე, რით დავგავო, როცა ცოცხი არ მაქვს? ამ წვიმაში პატარა ცოცხით არ იგვება,“ – ამბობს ცისანა მსხალაძე.
მეეზოვეები ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის, შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლები არიან. შპს-ს დირექტორი, დავით დუმბაძე ამბობს, რომ 25 დეკემბრიდან თანამშრომელთა სავარაუდო გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ის ასევე არ ადასტურებს, რომ თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასის ჩარიცხვას დაჰპირდა.
„წინა წელს მართლაც ჩავრიცხეთ მეცამეტე ხელფასი, მაგრამ მერე გამოვკითხეთ თანამშრომლები და ეს დანამატი, რასაც მეცამეტე ხელფასის სახით გავცემდით, გადანაწილდა მთელ წელზე და შესაბამისად ყოველთვიური ხელფასი გაიზარდა. ჯამში ეს 360 ათასი ლარია“. – ამბობს დავით დუმბაძე.
შპს ,,სანდასუფთავების“ დირექტორის თქმით, არც აღჭურვილობის პრობლემა დგას და 700 ცალი ლაბადაა ამჯერად საწყობში, აღჭურვილობა ბრიგადების ხელმძღვანელებს მიაქვთ ადრესატამდე, საჭიროებისამებრ.
„ლაბადის და რეზინის ჩექმების მარაგიც არის და 2 თვის სამყოფი ცოცხებიც. 2 დღის წინ მივიღეთ ლაბადები. აქანდაზით დაწყებული, ცოცხით დამთავრებული ყველა ინვენტარი აქვს მეეზოვეს. ბამბუკის ცოცხები ცოტა უფრო ადრე შემოვიდა და ყოველ კვირაში შემოდის თითო მანქანა. ამის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ არ მივიდა ეს ინვენტარი იმ მეეზოვეებთან, ვისაც თქვენ ესაუბრეთ“, – ამბობს დავით დუმბაძე.
მისივე განმარტებით, იგეგმება საახალწლო საჩუქრების გაცემა თითო ბრიგადიდან თითო გამორჩეული, დიდი ხნის თანამშრომლისთვის, მაგრამ მეცამეტე ხელფასის გაცემა არ იგეგმება.
ტენდერის მიხედვით, შპს ,,სანდასუფთავებამ“ შარშან, 2019 წლის 27 დეკემბერს ჩაიბარა 650 წყვილი რეზინის მაღალყელიანი ბოტი, რომელიც მთლიანად არ დარიგებულა.
„წელიწადში ერთხელ ურიგდებათ ბოტები მეეზოვეებს. ძველი ნაშთიც გვქონდა დარჩენილი. იქნებ ახალი თანამშრომელი მივიღო და ძველს ხომ არ ჩავაცმევ? მერწმუნეთ, ყველა მეეზოვესთან ვამოწმებ სათითაოდ ვის რა ზომა სჭირდება.
წლევანდელი შესყიდვის მიხედვით, 4 იანვარს უნდა მოიტანონ ახალი ბოტები, 700 ცალი“, – გვითხრა დავით დუმბაძემ.
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა „ბიზნესდაჯილდოება 2020“ აქ და ახლა გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 400-მდე მონაწილეს შორის დაასახელა.
გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ:
[checklist]
საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ბილიკი
საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის: ალტერსოქსი
საუკეთესო ინოვაციის შექმნისთვის: BioCure
საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: ჩიკატაი
ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: ჟუჟუნა
[/checklist]
გამარჯვებულები პრიზებად ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს მიიღებენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ:
[checklist]
ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.
[/checklist]
ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.
[checklist]
ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია.
[/checklist]
ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.
[checklist]
პროგრამული უზრუნველყოფა
[/checklist]
ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.
განსაკუთრებული სურპრიზი ელოდებათ საუკეთესო სტარტაპის შემქმნელებს. ამ ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.
თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას უკვე მეხუთე წელია წარმატებით ატარებს. ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ოთხი თვის წინ დაიწყო. რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლისა და მთავარი დაბრკოლების მიუხედავად ბიზნესდაჯილდოება მაინც ჩატარდა, რადგანაც თიბისიში მიაჩნიათ, რომ ბიზნესს სწორედ აქ და ახლა სჭირდება მხარდაჭერა, დაფასება და მოტივაციის მიცემა საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.
„მანდარინის ფასი არათუ შემცირდა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს კლიენტი,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. მათი თქმით, სეზონის დასაწყისში ანუ ნოემბერში, კარგი ხარისხის მანდარინის გაყიდვა დაახლოებით 80 თეთრად იყო შესაძლებელი, თუმცა უკეთესი ფასის მოლოდინში მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი არ გაყიდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის მანდარინის გაყიდვა 60 თეთრადაც ჭირს და ექსპორტიორები, რომლებსაც მანდარინი რუსეთში, უკრაინაში ან აზეირბაიჯანში მიაქვთ, სოფლებში აღარ დადიან.
„მანდარინის ფასი ნამდვილად 80 თეთრზე ნაკლებია ახლა, მაგრამ სახელმწიფო ფასს ვერ აკონტროლებს,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სულხან მოწყობილმა.
23 დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 25 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული რუსეთში, უკრაინაში, აზეირბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში. წელს აჭარის რეგიონში ცირუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია 40 ათასი ტონა.
მინისტრის მოადგილეს არ აქვს ზუსტი პასუხი, მატების ნაცვლად რატომ დაიკლო მანდარინის ფასმა, თუკი მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა.
„ეს არის რამდენიმედღიანი სტატისტიკა. თუ დავაკვირდებით ამ სტატისტიკას, შესაძლებელია, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მანდარინის ექსპორტის რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს.
სულხან მოწყობილი ასევე ამბობს, რომ მეციტრუსეებს შეუძლიათ დარეკონ საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 15 01.
„მხოლოდ ორმა ქალბატონმა დაგვირეკა ამ დრომდე, რომლებსაც კომუნიკაციის დამყარებაში დავეხმარეთ… თუ დაგვირეკავენ, დავეხმარებით საწარმოებთან დაკავშირებაში, ჩვენ გვაქვს ყველას საკონტაქტო ინფორმაცია, ფასი და სხვა საკითხები უკვე მათი მოლაპარაკების საგანია,“ – აღნიშნა სულხან მოწყობილმა „ბათუმელებთან“.
სულხან მოწყობილის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ წელს ციტრუსის ექსპორტი პრობლემაა: „გასული წლის ამავე პერიოდში უფრო ნაკლები – 21 ათასი ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.“
„მეციტრუსეები ხშირად ინახავენ მანდარინს და მოგვიანებით ჰყიდიან. თანაც, წელს მანდარინის დაკრეფა დაგვიანდა უამინდობის გამო… გადაადგილების პრობლემაც არ არის, რადგან არ მოსულა ისეთი თოვლი, რომ გზები ჩაეკეტა,“ – გვითხრა სულხან მოწყობილმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 23 დეკემბრის მონაცემებით, ქობულეთის საწარმოში, სადაც მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს იღებენ, 4200 ტონა მანდარინია გადამუშავებული. არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია კილოგრამზე 10 თეთრია.
დღეს, 23 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს. მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური ფრაქციის ხუთმა წევრმა.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკრებულოს მიმართა უფლებამოსილების მოხსნაზე. ის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.
მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, ის ახალშენის თემის მაჟორიტარია.
მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოში არჩევამდე მინდია დიასამიძე ბიზნესით იყო დაკავებული, ის შპს „ჯიდი ჯგუფის“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია.
ჩვილი ბავშვის საჭმელი პანდემიის პირობებში ძირითადად 4-5 ლარით გაძვირდა, ზოგიერთი ბრენდის მოთხოვნად პროდუქტზე კი ნამატი 7 ლარამდეც ფიქსირდება.
გაძვირდა ხილის ფაფებიც, რომლებსაც 6-7 თვის ჩვილებისთვის დანამატის სახით რეკომენდაციას აძლევენ პედიატრები.
ჩვილბავშვიანი ოჯახები ამბობენ, რომ ერთი შეკვრა საკვებში 28-დან 35 ლარამდე ეხარჯებათ, რაც ჩვილს 4-5 დღის განმავლობაში ჰყოფნის.
გაძვირდა საფენებიც.
ამ მონაცემების მიხედვით, ჩვილის საკვების საშუალო ფასი თვეში 196-დან 250 ლარამდე მერყეობს, ამას ემატება საფენების ხარჯიც. სასურველი ფირმის ერთი შეკვრა საფენის ფასი 40-45 ლარია, შეკვრაში 50 ცალია, ჩვილებს კი საშუალოდ დღეში 6-8 საფენი სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თვეში ერთი შეკვრა ბავშვისთვის საკმარისი არ არის.
საბოლოო ჯამში ჩვილბავშვიანი ოჯახებისთვის ამ ორი აუცილებლად საჭირო პროდუქტის ყოველთვიური ხარჯი თვეში 350 – 400 ლარი შეადგენს.
პროდუქტის გაძვირებასა და ხარჯების გაზრდაზე ის დედებიც საუბრობენ, რომლებსაც ამ ხარჯების გაწევის საშუალება აქვთ, თუმცა პანდემიის პირობებში ჩვილის საკვებისა და საფენის გაძვირება მათ ბიუჯეტზე მკვეთრად უარყოფითად აისახა.
ნინო დარჩია შვიდი თვის ჩვილის დედაა. ის ამბობს, რომ ექვს თვემდე ბავშვისთვის ყიდულობდა საკვებს, რომელის ერთი შეკვრაც პანდემიამდე 21 ლარი ღირდა, მას კვირაში ასეთი სამი შეკვრა, ჯამში 63 ლარის ღირებულების საკვები სჭირდებოდა ბავშვისთვის, პანდემიის პირობებში კი ერთი შეკვრის ფასი 33 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ერთი კვირის სამყოფი საკვების ფასმა 99 ლარს მიაღწია.
„პანდემიის პირობებში ჯერ ორი ლარით მოიმატა ერთი შეკვრა საკვების ფასმა, ამ დროისთვის კი უკვე 7 ლარი არის ნამატი ბავშვის თითქმის ყველა სახეობის საკვებზე, რაც აფთიაქებში იყიდება“ – ამბობს ნინო.
ნინო დარჩია
შვიდი თვის ბავშვისთვის ნინოს უკვე ადაპტირებული რძე და ხილფაფებიც სჭირდება, რაზეც ფასი ასევე გაზრდილია 3-4 ლარით:
„ყველა მშობელს გვინდა, რომ ბავშვს სანდო საჭმელი მივაწოდოთ, ამიტომაც ბაზარში ნაყიდს ვერ ვენდობით, თუნდაც ბოსტნეულს, რადგან არ ვიცით, როგორ არის მოყვანილი, აფთიაქში კი ფასები გაზრდილია. არის ხოლმე პერიოდულად აქციები, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტზე, მაგალითად ადაპტირებულ რძეზე, აქცია არასდროს არის“.
რაც შეეხება საფენებს, ნინოს თქმით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შეღავათად ჩაითვალოს ის, რომ ხშირად არის აქციები.
ორი შვილის დედაა ნინო ადეიშვილი. უმცროსი 1 წლის და 2 თვისაა და როგორც ნინო გვიყვება, ორი თვიდან ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ საკვების ფასი გაიზარდა, შეფუთვაში საკვების ოდენობა შემცირდა და 700-გრამიანი შეკვრა ახლა 600- გრამიანია, ფასი კი გაიზარდა.
ნინო ადეიშვილი
600-გრამიანი შეკვრა ნინოს ბავშვს 4 დღის განმავლობაში ჰყოფნის, შესაბამისად თვეში 7-8 შეკვრა სჭირდება, ერთ შეკვრას ნინო სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა ფასად ყიდულობს:
„ყველაზე იაფად 24, 50 ლარად ვყიდულობ, მაგრამ ამ ფასად არის მხოლოდ იმ აფთიაქში, რომელიც ჩემი სახლიდან მოშორებითაა, სახლთან ახლოს აფთიაქში კი შეკვრის ფასი 27, 60 ლარია. პამპერსს აფთიაქში არ ვყიდულობ, რადგან იქ ძალიან ძვირია. პანდემიამდე შეკვრა პამპერსი 44 ლარი ღირდა და 46 ლარი გახდა. მე დიდ შეფუთვებს ვყიდულობ. საერთო ჯამში ას ლარამდე მეხარჯება პამპერსში და 200 ლარზე მეტი საკვებში. ხილის ფაფებთან ერთად კი 445 დამიჯდა ეს ყველაფერი, თანაც ფასდაკლების დღეებში, როცა 2 ლარამდე სხვაობაა“ – ამბობს ნინო.
როგორც დედები ამბობენ, ჩვილების საკვების გაძვირების შემდეგ ბევრი დედა იძულებული გახდა შედარებით იაფფასიან საკვებზე გადაეყვანა ბავშვი, რაც რთული პროცესია, რადგან ერთი სახეობის საკვებზე მიჩვეული ბავშვის სხვა საკვებზე გადაყვანის დროს ბავშვები ზოგჯერ საერთოდ წყვეტენ საკვების მიღებას.
18 ქვეყნის მოქალაქეებს და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის [ცხოვრების] უფლების მქონე პირებს, ამავე ქვეყნებიდან საქართველოში საჰარეო სივრცის გამოყენებით შემოსვლის უფლება მიეცათ ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნის გამოყენების შემთხვევაშიც.
მთავრობის 21 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ აღნიშნული ქვეყნების როგორც მოქალაქეებს, ასევე ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის [ცხოვრების] უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან [მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც].
ამასთან, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის [ცხოვრების] უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში [მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენებით], საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს.
თუმცა, ამ ქვეყნების მოქალაქეები იზოლაციას/კარანტინს დაექვემდებარებიან იმ შემთხვევაში თუ:
საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში;
სასაზღვრო პუნქტებზე თერმული სკრინინგის შედეგად 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების გამო ჩაუტარდებათ PCR კვლევა და ამ კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსი.
—
პანდემიის გამო, 2020 წლის 18 მარტიდან, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს შეზღუდვა აღნიშნული 18 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ ისინი საქართველოში ამავე ქვეყნებიდან მოემგზავრებიან, 9 ივლისიდან მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 დეკემბრის 21 საათიდან 24 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი [შესაძლებელია თოვლ-ჭყაპის სახით], მთაში მოსალოდნელია თოვა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა
ღამით: 1 – 3 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 დეკემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მომხმარებელზე ორეინტირებული, კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურებისთვის სილქნეტი სისტემურ ცვლილებას გეგმავს: კომპანია ფიქსირებული ქსელის არსებულ საბილინგო პლატფორმას უახლესი საბილინგო სისტემით ჩაანაცვლებს.
გაცნობებთ, რომ„სილქნეტის“ფიქსირებულ ქსელში, 2020 წლის 23 დეკემბრის 23:59 საათიდან, იგეგმება მასიური სისტემური ცვლილება: კომპანია, IT ტრანსფორმაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ფიქსირებული ქსელის არსებულ საბილინგო პლატფორმას უახლესი საბილინგო სისტემით ჩაანაცვლებს. ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, თანამედროვე სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს.
სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები მასიური ხასიათისაა. შესაბამისად, არსებული პლატფორმიდან ახალზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვინდა ჩვენს მომხმარებელს შევატყობინოთ იმ გეგმიური დროებითი შეფერხებების შესახებ, რაც ახალ სისტემაზე მიგრაციის შემდგომ არის მოსალოდნელი:
23 დეკემბრის საღამოს 9 საათიდან, 24 დეკემბრის დილის 9 საათამდე მომხმარებელი ვერ შეძლებს გადახდების განხორციელებას. ჩვენს მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და ვურჩევთ გადახდის განხორციელებას 23 დეკემბრის 9 საათამდე;
ახალ სისტემაზე გადართვიდან, გარკვეული პერიოდით, შეჩერებული იქნება არსებული ფიქსირებული მომსახურებების პაკეტების ჩანაცვლება სხვა პაკეტით, ან ახალი პაკეტის დამატება. აღნიშნული ქმედების შესაძლებლობა განახლდება 2021 წლის 1 იანვრიდან;
23 დეკემბრის 23:59-დან, ასევე, რამოდენიმე დღის განმავლობაში, შეჩერებული იქნება ინსტალაციები და ამავე დროით გადავადდება დაზიანების აღმოსფხვრელად ადგილზე მისვლის პერიოდიც.
როგორც ყოველთვის, კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმიური სამუშაოები ემსახურება მომხმარებლისთვის მარტივი და მოხერხებული მომსახურების უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე სისტემების გამოყენებით.
ამ პროექტისთვის მზადება არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც დღეს საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აღნიშნული სამუშაოების ეფექტიანად და უხარვეზოდ ჩასატარებლად. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ საუკეთესო არჩევანი მომხმარებლისთვის. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ აირჩიეთ ჩვენი მომსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თქვენი კმაყოფილება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავიორუსის 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 51, გამოჯანმრთელდა – 3 560.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 157, შიდა ქართლი – 192, გურია – 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146, კახეთი – 158, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუბანში [ვაკე] ეს ფოტოები დღეს, 23 დეკემბერს, მელანო ებრალიძემ გადაიღო. აჭარის მაღალმთიანეთში დღეს და ხვალ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.
სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულს საქმის მასალების ასლების მიღების უფლება ექნება. გამონაკლისი მხოლოდ ის საქმეებია, რომლებისთვისაც პროკურატურას გასაიდუმლოების სტატუსი აქვს კონკრეტული არგუმენტით მინიჭებული. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსის მქონე მოქალაქეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ადგილზე გაცნობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ის ვერ მოიპოვებდა დოკუმენტების ასლებს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტანტინე გამსახურდიამ გაასაჩივრა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდია, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. სარჩელის მიხედვით, სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით აღჭურვავდა და არ ითვალისწინებდა საქმის მასალების ასლების გადაცემის შესაძლებლობა.
მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ არის საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.
კონსტანტინე გამსახურდია აქცენტს აკეთებდა კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვითაც: „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად”.
იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც სასამართლოში კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს იცავდა, განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ „პროკურატურას მოუწევს დაასაბუთოს კონკრეტულ საქმეზე გასაიდუმლოების საჭიროება, ზვიად გამსახურდიას საქმეზე კი, გასაიდუმლოების საჭიროება აღარ არსებობს“.
გიორგი გოცირიძის თქმით, ამ დრომდე „ზვიად გამსახურდიას საქმის“ ნაწილი იყო დახურული და ამჯერად პროკურატურას ხელახლა მოუწევს ამ საქმეში არსებული დოკუმენტების ასლების სრულად გადაცემა კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ან დასაბუთება, რატომ შეიძლება იყოს იგი ისევ გასაიდუმლოებული.
ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი
მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების დაზარალებულისთვის გადაცემა ქმნის დაზარალებულის ინტერესების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. კონსტანტინე გამსახურდიას განმარტებით, ასლის მიღების გარეშე ვერ განხორციელდება ეფექტიანი კონტროლი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე.
მოპასუხე მხარის – პარლამენტის მითითებით კი, სადავო ნორმის ლეგიტიმური საჯარო მიზანი გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით არის გამოძიების ინტერესების დაცვა. კერძოდ, საქმის მასალების ასლების გაცემის შემთხვევაში ვერ მოხდება გამოძიების ინტერესების ისეთივე ეფექტიანობით დაცვა, როგორც ეს ხდება საქმის მასალების მარტოოდენ გაცნობის შემთხვევაში, რამდენადაც საქმის მასალების ზეპირად გაცნობა და თუნდაც მისგან გარკვეული ამონაწერების გაკეთება განსხვავდება დოკუმენტების ასლების ფლობის შემთხვევისაგან.
„ჩვეულებრივ, სწორედ დაზარალებული წარმოადგენს გამოძიების სათანადოდ წარმართვით ყველაზე მეტად დაინტერესებულ სუბიექტს, ვინაიდან დანაშაული მისი ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის, მნიშვნელოვანი ტრავმისა თუ ტრაგედიის მიზეზია,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დანაშაულზე სათანადო რეაგირება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთია, დაზარალებული და სახელმწიფო მოკავშირეები არიან და საერთო მიზანი აქვთ, გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირი, განხორციელდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დამნაშავე, აღდგეს სამართლიანობა. თუმცა ინტერესთა თანხვედრა არათუ არ გამორიცხავს დაზარალებულის მხრიდან საგამოძიებო ორგანოების საქმიანობის კონტროლის საჭიროებას, არამედ ცალკეულ შემთხვევაში სასარგებლოსა და აუცილებელსაც კი ხდის მას.
იმავდროულად, კონტროლის აუცილებლობას ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან შეცდომის დაშვების ანდა თვითნებობის რისკი. უდავოა, რომ გამოძიების მასალების გაცნობისას, დაზარალებული, გარდა იმისა, რომ თავის ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს, იმავდროულად, ახორციელებს გამოძიებაზე კონტროლს და გეგმავს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი ინტერესების დაცვის სტრატეგიასა და ტაქტიკას,“ – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ.
C ჰეპატიტის მართვისთვის საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მომავალ წელსაც ითვალისწინებს ბენეფიციარების როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით 2021 წელს დაფინანსდება:
სკრინინგული კვლევა;
C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფა;
მედიკამენტების ლოჯისტიკა.
ბიუჯეტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სკრინინგი და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება.
ამასთან, „შეიქმნება წამალდამოკიდებულთა ერთიანი ბაზა და შემუშავდება სერვისების მიწოდების ახალი მოდელი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესი,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლისთვის „C ჰეპატიტზე დასკრინულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო – 1 179 315 ბენეფიციარი, მათგან საეჭვო დადებითი აღმოჩნდა 21 413 [ანუ, 1.82%]“.
როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა [მედიკამენტები], მიმდინარე წლის იანვრიდან ბენეფიციარისთვის სრულიად უფასოა.
„ამ დროისთვის რაიმე ახალი დირექტივა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ცვლილებაზე, მით უმეტეს შეწყვეტაზე, არ მიგვიღია. ჯერჯერობით პროგრამას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ“, – გვითხრა ციური აბულაძემ, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორმა.
მისივე თქმით, ბათუმის ინფექციურში ამ პროგრამის გახსნის დღიდან [2015 წელი] 5 900-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, რასაც შემდეგ კიდევ 70-მდე პაციენტი დაემატა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 99%-ია [პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 44 პაციენტი გარდაიცვალა].
„ნებისმიერ პირს შეუძლია მოგვმართოს. ჩვენ, ზოგადად, ნებისმიერ შემოსულ პაციენტს ვუკეთებთ სწრაფ ტესტს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხდება გადამოწმება ანალიზებით და უკვე დადასტურების შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამაში. არის შემთხვევები, როცა წყვეტენ პროგრამის ფარგლებში მკურნალობას. ბოლო მონაცემებით, ასეთი სულ 88 შემთხვევა გვქონდა“, – ამბობს ციური აბულაძე.
C ჰეპატიტის პროგრამის ბიუჯეტი 2020 წელს 7,25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით კი ეს მაჩვენებელი 6,4 მილიონ ლარამდე შემცირდა.
C ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსება / 2020 წლის 21 დეკემბრის ცვლილებით [ამ ცვლილებამდე, 26 აგვისტოდან, მაგალითად დიაგნოსტიკის კომპონენტი განსაზღვრული იყო 5,1 მილიონი ლარით, მკურნალობის კომპონენტი 100 ათასი, ხოლო ლოჯისტიკა 700 ათასი ლარით].„ბათუმელები“ შეეცადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მიეღო პასუხი, იგეგმება თუ არა რაიმე განსხვავებული წესი ჰეპატიტის პროგრამის მიწოდების კუთხით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა, თუმცა მიზეზები, თუ რა განაპირობებს დაავადების მძიმე ტვირთს, არასათანადოდაა შესწავლილი.
„პირველად მაშინ ვიგრძენი პანდემია, როცა შვილიშვილს სათამაშო მოუნდა და 30 ლარი აღარ მქონდა, რომ მისთვის მეყიდა… პანდემიის პერიოდმა გამჭედა, თორემ ისე არ მიჭირდა… ახლა თვეში 150 ლარად გაგვაქვს თავი. კომბოსტო, კარტოფილი, კვერცხი, ხანდახან ქათმის ხორცი – ძირითადად ამ პროდუქტებს ვყიდულობ,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე. ის ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, ნაქირავებში ცხოვრობს. ის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდა. ფატმა შვილიშვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვის მამა ციხეშია, დედა კი სახლიდან წავიდა. ფატმა ამ ეტაპზე სასურსათო კალათით დახმარებას ითხოვს.
„ძალიან გამიჭირდა მეთქვა, როგორ მიჭირდა…“
პანდემიის დადგომამდე 45 წლის ფატმა დეკანაძე ორ ქვეყანაში მუშაობდა – სარფში, თურქული თევზის რესტორანში და რიზეში, ტანსაცმლის მაღაზიაში. მცირეწლოვან შვილიშვილს კი ძიძას უტოვებდა.
„არ მიჭირდა, რადგან ორ ხელფასს ვიღებდი. სარფში მზარეულად ვმუშაობდი, მერე რიზეში გადავდიოდი და ისევ უკან ვბრუნდებოდი,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე და თევდორე აჭარელის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის პირველ სართულზე შევყავართ. ირგვლივ ნესტია, ცივა. ფატმა ვიწრო მისაღებიდან საძინებელში ფრთხილად იხედება, სადაც შვილიშვილს სძინავს და ამბობს, რომ გათბობა ბუნებრივ აირზე მხოლოდ ამ ერთ ოთახშია. ფატმას შვილიშვილი უკვე 3 წლის და 9 თვისაა.
ფატმა მაცივრის კარსაც გვიღებს, სადაც კვერცხი ალაგია და კიდევ კომბოსტო.
„ძალიან გამიჭირდა თავიდან მეთქვა, როგორ მიჭირდა… დედასაც კი ვერ ვეუბნებოდი, თანაც ხომ იცით, როცა კარგ შემოსავალს ხარ მიჩვეული, დაახლოებით 900 ლარი მქონდა თვეში,“ – მაცივრის კარს ხურავს ფატმა და საძინებლის კართან, პატარა სკამზე ჯდება. -„წალკაში ცხოვრობენ ჩემები, ეკომიგრანტი ოჯახი ვართ. ძმებიც მეხმარებიან, მაგრამ გზები ჩაიკეტა და ვეღარ მიგზავნიან ვერაფერს. ყველაზე ცოტა 150 ლარი მაინც გვჭირდება თვეში, რომ თავი გავიტანოთ… ბინის ქირა თვეში 200 ლარია, მაგრამ ბოლო ორი თვე არ გადამიხდია. ჩემი ერთი ძმა პოლონეთში მუშაობს და ის დამპირდა, რომ ქირის ფულს გადამიხდის“.
პაუზის შემდეგ ფატმა ამბობს, რომ პანდემიის დროს სახლის მესაკუთრეც უმუშევარი დარჩა. „საქორწინო დარბაზში მუშაობდა მზარეულად და ესმის ჩემი, გვერდში მიდგას“, – აღნიშნა მან.
ფატმა დეკანაძეს მხოლოდ ერთჯერადად აუღია კომპენსაცია სახელმწიფოსგან – 300 ლარი. ეს დახმარება მას შემდეგ მიიღო, როცა დადასტურდა, რომ რეგულარულად თურქეთში გადადიოდა. ფატმა აღნიშნავს, რომ 200-ლარიანი კომპენსაცია, როგორც უმუშევრად დარჩენილმა, ვერ მიიღო, რადგან სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხერხდა.
„[კაფეს] მესაკუთრე თურქი იყო. ის მარტში წავიდა თურქეთში, მერე ვინ მომცემდა საბუთს?“ – კითხულობს ფატმა.
ფატმა დეკანაძე ელოდება, რომ პირველ სოციალურ დახმარებას 25 დეკემბერს მიიღებს, როგორც სოციალურად დაუცველი. იგი ამბობს, რომ 63 ათასი ქულა მიიღო და შემწეობა რამდენიმე დღის წინ დაუნიშნეს. ფატმა ამ ქულებით ასევე შეძლებს უფასო სასადილოთი სარგებლობას.
„ჩემი შვილი ციხეშია, ბავშვი 5 თვის იყო, როცა დედა სახლიდან წავიდა…“
„ამ დროს თურქეთში ვიყავი, როცა შვილმა ცოლი მოიყვანა. ძალიან განვიცადე ეს ამბავი, ვერც კი აღგიწერთ, რადგან გოგო 15 წლის იყო,“ – იხსენებს ფატმა დეკანაძე 2016 წელს, როცა მისი 21 წლის ბიჭი 15 წლის გოგოსთან დაქორწინდა.
ფატმა დეკანაძე
ფატმას თქმით, მისი ბიჭი 2017 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ერთი თვის შემდეგ კი, ფატმა ბებია გახდა.
„სასამართლო პროცესებს მე არ დავსწრებივარ… მითხრეს, რომ ჩემს შვილს დაუმძიმდა საქმე მას მერე, როცა ჩემმა რძალმა პროცესზე დასწრება ითხოვა. თურმე უთხრეს, არასრულწლოვანი ხარ და ვერ შეხვალ დარბაზშიო. ამას უთქვამს, მე ცოლი ვარო. ჩახედეს პირადობაში, 15 წლისაა და ჩემს შვილს დაუმძიმდა საქმე…“ – გვიყვება ფატმა.
ამ შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ, ფატმას თქმით, ბავშვი დედამ მიატოვა.
„მას მერე ბავშვის დედა აღარ გამოჩენილა, მე არაფერი ვიცი მის შესახებ…“ – აღნიშნავს ქალი.
2019 წელს ციხიდან გამოსული ფატმას შვილი ციხეში შეაბრუნეს – პირობითი მსჯავრით გათავისუფლებულ კაცს კონფლიქტი ყოფილ ცოლთან ჰქონდა.
„გავიგე, რომ შეხვდა და იჩხუბეს, გოგომ პოლიციას მიმართა და უკან შეაბრუნეს, მეტი არაფერი ვიცი, ვერც კი შევხდი ჩემს შვილს, რომ დაველაპარაკო, ამ პანდემიის დროს შეხვედრებიც აკრძალულია“, – დასძინა ფატმა დეკანაძემ „ბათუმელებთან“.
„მეც არასრულწლოვანი გამათხოვეს…“
„ხელახლა გავხდი დედა, ასე გამოდის,“ – გაღიმებას ცდილობს ფატმა და შვილიშვილს ეფერება,“ – „ბავშვი დედას მე მეძახის. ვეუბნები, რომ მე ბებია ვარ. არა, დედა ხარო… ყველაზე მეტად ეს მახარებს, რომ შვილიშვილს ვზრდი და ქუჩაში არ დარჩა. ახლა ჩემი ბედნიერება ეს არის.“
ფატმა 17 წლის დაოჯახებულა, უფრო სწორად, დააოჯახეს.
„მომიტაცეს. გავბრაზდი, მაგრამ ჩემს დროს სად იყო ამის გამო ჯარიმები და კანონები, ხმის ამოღებასაც არ ჰქონდა აზრი. მშობლებმაც ხალხი რას იტყვისო და დავრჩი… მერე კარგი ურთიერთობა გვქონდა,“ – სახლის ეზოში გაშენებული ფორთოხლის ბაღისკენ იყურება ფატმა და გვიყვება, რომ ვიდრე მოიტაცებდნენ, ქუთაისში სისხლის ლაბორანტობას სწავლობდა.
„მერვე კლასიდან გამოვედი და ლაბორანტობას ვსწავლობდი… ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. მერე მზარეულობა ვისწავლე და მზარეულად ვმუშაობდი,“ – გვიყვება ფატმა.
ფატმას მეუღლე 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამბობს, რომ მანამდე მეუღლესთან ერთად ძირითადად თურქეთში მუშაობდა დაახლოებით 10 წელი.
„ხანდახან ვფიქრობ, ნეტა, როდის უნდა დასრულდეს ეს პანდემია, როდის უნდა მოეღოს ბოლო?“ – კითხულობს ფატმა და ეიმედება, რომ სამსახურში მალე შეძლებს გასვლას.
მანამდე კი, ფატმა მინიმუმ სასურსათო კალათით დახმარებას ითხოვს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდინება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“.
22 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამალზე ფასების დაწევა „მხოლოდ ერთი ბერკეტით ვერ განხორციელდება:
„თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს განხორციელებული მრავლობითი მოლაპარაკება თურქეთთან და ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი“ – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ეს არ გულისხმობს, რომ თურქეთში რეგისტრირებულ წამლებს საქართველო აღიარებს:
„ვითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი არ გახლავთ აღიარებითი რეჟიმი და წამლების საქართველოში შემოტანის წარმატებული გზა. აქ იქნება აუცილებლად ეროვნული რეჟიმით წამლების აღიარების და რეგისტრაციის კომპონენტი და დავტოვებთ ამ კომპონენტს“.
თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებს თურქეთის სამინისტროსთან, რათა „შემუშავდეს ხარისხიანი პრეპარატების ჩამონათვალი, სადაც [მოხვდება] ყველა ხარისხიანი პრეპარატი, რომელიც საჭიროა საქართველოში შემოსატანად, — ის ესენციური პრეპარატები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რისი შემოტანაც არის შესაძლებელი“.
ეს ინიციატივა, ტიკარაძის თქმით, „კერძო სექტორს გაუადვილებს გზას და სახელმწიფოს გარკვეულწილად გაუჩენს ბერკეტს, რომ გვეცოდინება, რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე“.
„შესაბამისად, ის განცდა, რაც საქართველოში არსებობს, 300%-იანი და 400%-იანი მოგების, გარკვეულწილად, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გადაზღვეული იმ გამჭვირვალობით, რასაც თურქეთის სახელმწიფო გვთავაზობს“, – განაცხადა მინისტრმა.
_____________
საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო წლებია აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადის, რომ იაფად შეიძინოს საჭირო წამლები. „ბათუმელები“ ჯერ კიდევ წინა წლებში წერდაქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინ ფასთა ასეთი დიდი სხვაობა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძილაძემ, ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“.
2018 წელს საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს.
„თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში,“ – აღნიშნა მან.
საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული. ერთი ლექციის მოსმენითაც ნათელია, თუ როგორ აკნინებს ლექციების ეს კურსი ქალის როლს და მათ კარიერულ განვითარებას. ლექციების კურსს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. პანდემიის დროს ქალთა უფლებების შემლახავ ლექციებს ონლაინში – „ზუმის“ მეშვეობით ატარებენ.
ლექსო გელაშვილს უკვე ათობით ლექცია აქვს ჩატარებული. მაგალითად, 2020 წლის 12 მაისს ჩატარებულ ლექციაში, რასაც პატარა გოგოები და ბიჭები ერთად ისმენენ, ლექსო გელაშვილი ბავშვებს ეუბნება:
„ერთი წმინდა მამა ბოროტების კრებას დაესწრო – ეშმაკმა გამართა კრება, სადაც დემონები ესწრებოდნენ. დემონები თავს იწონებდნენ ეშმაკთან, რომ თავი მოვაჭერი ქრისტიანებს, სოფელი გადავწვი და ასე შემდეგ, თუმცა ეშმაკმა მათ ეს საქმეები წარმატებაში არ ჩაუთვალა. არ იცით მუშაობა… ახლა მოინიშნეთ…
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ქალების როლი უნდა წამოსწიოთ წუთისოფელშიო. ქალი დირექტორი, ქალი პრეზიდენტი, ქალი პარლამენტის თანამშრომელი, ქალი პედაგოგი და ყველაფერში ქალი უნდა იყოსო და უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი დატვირთვა ქალის“.
ლექციის შემდეგი შინაარსი გრძელდება კითხვით, თუ რას მისცემს ქალის როლის წამოწევა დემონთა სამყაროს, რაზეც გელაშვილი პასუხობს, რომ დაღლილი ქალი, სათანადო სიყვარულს ვერ მისცემს ქმარს და ამის შემდეგ ქმარი სხვაგან მოძებნის სიყვარულს. ეს კი გამოიწვევს ოჯახის დანგრევას. „ოჯახი რომ დაინგრევა, შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოხდებაო“, – ამბობს გელაშვილი.
ლექციას დაახლოებით 11-12 წლამდე ბავშვები და მოზარდები ესწრებიან, დარბაზში ჩანან (სავარაუდოდ) მშობლებიც. ლექციების კურსს „სამშობლოს მცოდნეობა“ ჰქვია, თუმცა როგორც გელაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რეალურად ეს მართლმადიდებლობის სწავლებაა, ოღონდ იმ წიგნის მიხედვით, რომლის ავტორიც თვითონაა.
როგორც გავარკვიეთ, სტუდია „გუთნის“ წარმომადგენელი საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა.
სტუდია „გუთნის“ ლექციები, რომელსაც ბავშვებს უკითხავენ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციას და სტიგმებს აძლიერებს.
„დიახ, მე ვიცნობ ამ ადამიანებს, რადგან რუსთავიდან არიან და ჩვენი სკოლის ბავშვებიც დადიან მათ საკვირაო სკოლაში… ოღონდ ეს უშუალოდ, პირდაპირ რომ ყოფილიყო ჩვენი დავალებით, ასე არ არის. სურვილიდან გამომდინარე ხდებოდა“, – გვეუბნება რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი. ის ადასტურებს, რომ ჩოხოსნები მის სკოლაშიც იყვნენ მისული, ოღონდ ეს რამდენიმე წლის იყო, როცა ჩოხოსანთა საზოგადოება ფუძნდებოდა და შეხვედრებს მართავდნენ სკოლებში. დირექტორს ვკითხეთ, თუ იცნობს სახელმძღვანელოს, რითაც გელაშვილი ბავშვებს „სამშობლოს მცოდნეობას“ ასწავლის და ეთანხმება თუ არა მისი ლექციების შინაარსს?
ნელი ლიქოკელი ამბობს, რომ გელაშვილის წიგნი არ აქვს და არც მის ლექციებს დასწრებია ბოლომდე. ლიქოკელი სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ამიტომ მას ვკითხეთ, ლექციები რომელიც ქალთა ჩაგვრას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ქადაგებს, არის თუ არა დამაზიანებელი მოზარდისთვის. დირექტორმა გვითხრა, რომ ეს ლექცია მას არ მოუსმენია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაფასებს თუ ბმულს მივაწვდით. ვიდეოს გაცნობის შემდეგ დირექტორმა ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღარ ისაუბრა. „ჯერ შეხვედრებზე ვართ“, – გვითხრა მან.
ვისთან თანხმდება სასწავლო მასალის შინაარსის, სკოლის დირექტორთან თუ განათლების სამინისტროსთან? – დირექტორები ამბობენ, რომ შეთანხმება საჭიროა სამინისტროსთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტუმარს სკოლა იწვევს. ასეთ დროს კი გადაწყვეტილებას დირექტორიც იღებს.
განათლების სამინისტრო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მშრალი კომენტარით ცდილობს – უწყებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის პროექტის განხორციელებაში არ მონაწილეობდა, რომ სკოლა დამოუკიდებელია და მას უფლება აქვს მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში, შესთავაზოს ბავშვებს სერვისი.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე სამინისტროს ამ პოზიციას არ ეთანხმება. მისი თქმით, სამინისტროს გულგრილობა ნიშნავს, რომ ის უშვებს ფაშისტურ სწავლებას, რასაც აღნიშნული ორგანიზაცია ავრცელებს.
„მე როგორც ერთი კონკრეტული მოქალაქე ვეკითხები სამინისტროს, თუკი სკოლამ, თავისი დამოუკიდებლობის ფარგლებში დაუშვა თავის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, ასეთი ფაშისტური შინაარსის სწავლება, რა მიდგომა აქვს მას? მაშინ როცა, ბავშვთა უფლებათა კოდექსში არის 85 მუხლი, სადაც წერია, რომ ფორმალური ან არაფორმალური სწავლება, რომელიც შეიძლება მოდიოდეს როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე კერძო პირებიდან, უნდა შეესაბამებოდეს განათლების სახელმწიფო პოლიტიკას და დამტკიცებული უნდა იყოს მთავრობის მიერ“.
განათლების სამინისტროს ამ თემაზე „ბათუმელებმა“ დღესაც სთხოვა პოზიციის დაფიქსირება, თუმცა სამინისტრო ამ დრომდე დუმს.
სტუდია „გუთანი“ კი თავის სწავლებებს დისტანციური ფორმატით აგრძელებს ბავშვებთან. ერთ-ერთი ბოლო ლექციის თემა წმინდანები იყო და ქალთა დისკრიმინაციის ხაზს ატარებდა ამ შემთხვევაშიც – გელაშვილი თანამედროვე ქალების ჩაცმულობაზე და იმაზე საუბრობს, თუ როგორ იშიშვლებენ ქალები თავს.
მისი აზრით, ქალები ეროვნული სამოსით უნდა შეიმოსონ.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე:
„ბავშვის უფლებათა კოდექსმა შემოიტანა ძალიან კონკრეტული რეგულაცია სწორედ ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით სწავლების დროს. არა მხოლოდ ფორმალური, არამედ არაფორმალური სწავლების დროსაც. ბავშვზე ორიენტირებული პროგრამები, რომელიც მოიცავს მათ შორის განათლებაზე წვდომასაც, კოდექსის მიხედვით, შეუძლია აწარმოოს როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო ორგანიზაციებმა. მათ შორის, ისეთმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. მაგრამ კანონის მიხედვით, ყველა ეს სწავლება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას. როგორ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს ეს სწავლება, რა მიზანს უნდა ისახავდეს და ასე შემდეგ, ამას ადგენს განათლების სამინისტრო და ამტკიცებს მთავრობა“, – ამბობს აბაშიძე.
მისი თქმით, სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებით და საქართველოს კანონდებლობით დადგენილ საგანმანათლებლო პრინციპებს და ღირებულებებს, არ უნდა იყოს დაშვებული.
„ცალკე ამბავია ის, რომ კოდექსის მიხედვით ბავშვი უნდა დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან და ეს მავნე ზეგავლენა არ არის მხოლოდ გამონაბოლქვი, ან აზარტულ თამაშებში ბავშვის მონაწილეობა. მავნე ზეგავლენაა სწორედ ისეთი სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საკაცობრიო ღირებულებებს, ასევე კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციას და ბავშვის უფლებათა კონვენციას.
ამ სადისკუსიო ლექციების კურსის შინაარსი კი, რაც ჩვენც ვნახეთ და მოვისმინეთ, არის რადიკალურად დისკრიმინაციაზე ორიენტირებული სწავლება და მოძღვრება, რომელიც შენიღბულია რელიგიური ელფერით. განსაკუთრებული ხაზი ეს არის ქალების დისკრედიტაცია და მათ მიმართ უპატივცემულო და დაჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცება, რაც არ არის მხოლოდ მორალური კატეგორია. ეს არის სამართლებრივი კატეგორია და ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ პუნქტებს, რაც ზემოთ ვისაუბრეთ. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერში ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებენ“, – ამბობს ანა აბაშიძე.
ანა აბაშიძე
უფლებადამცველის თქმით, მსგავსი შინაარსის კურსი აუცილებლად უნდა გადიოდეს სახელმწიფო კონტროლს, განათლების სამინისტროს და სკოლის ფილტრს და „ეს ფილტრი არის რეალურად ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისგან, რომელიც კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებაა და არა ვინმეს არჩევანი ან გემოვნების საკითხი“.
ანა აბაშიძის ვარაუდით, როგორ ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდია „გუთნის“ შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ფლობდა, თუმცა ხელი არ შეუშალეს ჰქონოდათ წვდომა სკოლებთან.
„განათლების სამინისტრო თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით პირდაპირ არღვევს კანონს. კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციას და ბავშვის უფლებათა კოდექსს. სამინისტრო სულ არაფერ შუაშიც რომ იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის მიუხედავად, კოდექსი ამბობს, რომ ბავშვის განათლება, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებს პრინციპებში და ძირითად იდეებში.
თუ სამინისტრომ გაიგო, რომ ასეთი სწავლება მიმდინარეობს ბავშვებთან, ის ვალდებულია იმოქმედოს. მინიმუმ, შეამოწმოს არაფორმალური სწავლების შინაარსი და დაიცვას ბავშვები მავნე ზეგავლებისგან“.
მისი თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროც ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ ისწავლებოდეს ისეთი შინაარსის ტექსტები, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და, ზოგადად, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მსჯელობებია.
„სამშობლოს მცოდნეობის” სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულ გაკვეთილებზე ძირითადად საუბრობენ მართლმადიდებლურ მრწამსსა და ღირებულებებზე, რაც ასევე არღვევს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რომელსაც განათლების შესახებ ზოგადი კანონი ითვალისწინებს.
„მით უმეტეს თუ საგანმანათლებლო რესურსი ამ სწავლების დროს ჩართულია სკოლა, მასწავლებლები და ბავშვები ამ პროცესში. ამიტომ, არაერთი საფუძველია აქ იმის, რომ ამგვარი სწავლება არ დაეშვა სახელმწიფოს“, – ამბობს ანა.
ბავშვის განათლება, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა ემსახურებოდეს იმ რეალურ მიზანს, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციაშია და შემდეგ, უკვე საქართველოს კანონმდებლობაშია ასახული.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მარტივად გადადის, ვიდრე აქამდე არსებული, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობას იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა, ჯანმოს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერჰოვმა განმარტება გააკეთა კორონავირუსის ახალი შტამის 70%-იანი ტრანსმისურობის შესახებ და თქვა, რომ ხშირად სპეციფიკური ტერმინების გამო რთულდება ამა თუ იმ სიახლის სწორად გაგება.
მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამი ისევე გადადის, როგორც კორონავირუსის ძირითადი შტამი – ინფიცირებული ადამიანის აეროზოლის ან/და წვეთების სხვა ადამიანში მოხვედრით.
მაშინ რას გულისხმობს ახალი შტამის უფრო მაღალი ტრანსმისიურობა ანუ გადამდებობა?
„როცა ადამიანი ინფიცირებულია, ვაფასებთ, თუ რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია მას. თუ მე შემიძლია დავაინფიცირო ერთზე მეტი ადამიანი და იმ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს კიდევ ერთზე მეტი ადამიანი, მაშინ ეპიდემიას შეუძლია ზრდის გაგრძელება, სწორედ ამას ვეძახით ჩვენ ვირუსის რეპროდუქციის რიცხვს,“ – ამბობს მარია ვან კერჰოვი.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, ეპიდაფეთქების დასაწყისში ინფიცირების მაღალი რისკი ჰქონდა ყველას, „ახლა, როცა მსოფლიოს მასშტაბით დაწესებულია ბევრი შემზღუდავი ნორმა, ჩვენ ვაფასებთ ამ ზომების მიღების შედეგად როგორია ვირუსის რეპროდუქციულობის (ანუ ერთი ადამიანის მიერ სხვა ადამიანების ინფიცირების რაოდენობის) მაჩვენებელი. იდეალურ შემთვევაში ვისურვებდით, რომ ეს რიცხვი იყოს ერთზე ნაკლები. ამ შემთხვევაში ეპიდემია ჩაქრებოდა”.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იქ კორონავირუსის ახალი შტამის გამო რეპროდუქციულობის რიცხვი 1.01-დან 1.5-მდე გაიზარდა.
„ეს ნიშნავს, რომ თუ აქამდე შემეძლო დამეინფიცირებინა 1.1 ადამიანი [უბრალოდ – ერთზე მეტი ადამიანი], ახლა ვაინფიცირებ 1.5 ადამიანს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ვაინფიცირებ უფრო მეტს, ვიდრე აქამდე. სწორედ ამიტომ არის ეს შფოთვის მიზეზი. ჩვენ გვსურს ზომების მიღების შედეგად ამ მაჩვენებელმა იკლოს,“ – განმარტავს მარია ვან კერჰოვი.
შეიცვალა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამის გადადების გზები?
ჯანმოს სპეციალისტების განმარტებით, არ არსებობს არანაირი ინდიკატორი იმისა, რომ ვირუსის გადადების გზებში რაიმე ცვლილება მოხდა.
„ეს რესპირატორული პათოგენია, რაც ნიშნავს, რომ გადადის რესპირატორული ნაწილაკებით ჰაერში, ზოგი მათგანი დიდია წვეთების სახით, ზოგი უფრო მცირე – აეროზოლის სახით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვირუსი ვრცელდება ერთმანეთთან ახლო კონტაქტისას. ეს რჩება იგივე,“ – ამბობს მარია ვან კერჰოვი.
ჯანმოს ბრიფინგზე ითქვა, რომ ამჟამად კორონავირუსის ახალი შტამის დეტალურად შესასწავლად ბევრი კვლევა ტარდება და ნებისმიერი სიახლე უმალვე გასაჯაროვდება.
„ვირუსს მოსწონს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არიან, ამიტომ ვაგრძელებთ სოციალურ და ფიზიკურ დისტანცირებას, ვიბანთ ხელებს და ვატარებთ პირბადეებს საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად” – აცხადებენ ჯანმოში.
რაც შეეხება ვირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელებას, ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის გარდა, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ავსტრალიაში, ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში, დანიაში კი დაახლოებით ათამდე შემთხვევაა იდენტიფიცირებული.
როგორ მუტირებს ვირუსი?
ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განმარტებით, როცა ვირუსები იცვლიან გენეტიკურ თანმიმდევრობას, ისინი რეალურად ცვლიან ინსტრუქციას, რომელიც გამოიყენება ვირუსის ცილის აგებაში.
„ეს პროგრამას ჰგავს, ან ასაწყობი ავეჯის ინსტრუქციას. მაგალითად, ერთი და იმავე ავეჯის ასაწყობად შეიძლება სხვადასხვა ინსტრუქცია გამოვიყენოთ. ესეც მსგავსია – ინსტრუქცია თუ მცირედით იცვლება, შედეგიც მცირედით იცვლება,“ – ამბობს ის.
„თუ ცილა შეიცვლება ინსტრუქციის ცვლილების გამო, ცილის ფორმაც შეიცვლება. sars cov 2-ის წვეტი ცილა ცვალებადია ამის გამო, ამასთანავე ის შეიძლება ან ძალიან კარგად მოერგოს ადამიანის უჯრედის რეცეპტორებს, ან არც ისე კარგად. ანუ სრულიად შემთხვევით ზოგიერთი მუტაცია უკეთესად მოერგება ხოლმე ადამიანის უჯრედს, ვიდრე სხვა. თუ უფრო წარმატებით მიემაგრება, უკეთ მოერგება, ვირუსისთვის უფრო მარტივი ხდება უჯრედში შეღწევა და მისი დაინფიცირება, ანუ ადამიანი ინფიცირდება უფრო მარტივად. ამან შეიძლება შეცვალოს ინფიცირებულთა რაოდენობა ან ვირუსული დატვირთვა, რომელიც ექნება დაინფიცირებულ ადამიანს ვირუსის სხვადასხვა შტამის თანაბარი ზეგავლენის შემთხვევაში.
ამიტომ ზუსტად უნდა მივყვეთ თავის დაცვის ინსტრუქციებს. თუ გაიზრდება ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, გაიზრდება ვირუსის რეპროდუქციულობის რიცხვიც, მაგრამ ეს ჰიპოთეზებია. ჩვენ ვხედავთ ანალიზების შეფასებისას რეპროდუქციულობის რიცხვის ძალიან მცირე ცვლილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ როგორ უკავშირდება ეს ზრდა ვირუსის ახალი შტამის გენურ ცვლილებებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს კავშირი არსებობს”.
იქნება თუ არა ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ კორონავირუსის ვაქცინა?
როგორც ცნობილია, ვაქცინა იწვევს იმუნურ პასუხს კორონავირუსის ცილაზე და იმუნურ სისტემას განაწყობენ ვირუსის სხვადასხვა შემადგენელზე თავდასხმისთვის. ეს ნიშნავს, რომ მუტაციის მიუხედავად, ვაქცინა კვლავინდებურად ეფექტური იქნება.
ვაქცინა არაეფექტური შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მუტაციას გააგრძელებს. მაშინ ყოველ წელს საჭირო გახდება ვაქცინის განახლება კონკრეტული შტამების წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.