მთავარი,სიახლეები

გაითვალისწინეთ რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებები – სახალხო დამცველი მთავრობას

23.12.2020 • 1036
გაითვალისწინეთ რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებები – სახალხო დამცველი მთავრობას

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში გაითვალისწინონ რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებები.

წინადადებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამისთევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.

ამასთან, საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა საშობაო ღვთისმსახურების აღსასრულებლად და ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოს სიები უნდა წარუდგინონ. ზოგად წინადადებაში ასევე პრობლემურად არის განხილული პანდემიის პირველ ეტაპზე – 2020 წლის აპრილში ავტომობილებზე დაწესებული შეზღუდვებისას არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიერ საშვებით სარგებლობის საკითხი.

სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება.

დაუშვებელია ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას მიენიჭოს უპირატესობა და ბუნდოვანი დარჩეს სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა. სახელმწიფომ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად უნდა მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას – განიხილოს გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამისთევას ითვალისწინებს; ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით, რომელიც თანასწორუფლებიანობის და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნებს უპასუხებს; ასევე აღნიშნული გამონაკლისების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად მიაწოდონ რელიგიურ გაერთიანებებს და აქტიური კონსულტაციები გამართონ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან და რელიგიის თავისუფლების ფარგლებში გამონაკლისზე მსჯელობისას ყველა რელიგიური გაერთიანების ინტერესი გაითვალისწინონ,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: