მთავარი,სიახლეები

რას შეცვლის საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება „ზვიად გამსახურდიას საქმეზე“

22.12.2020 • 1929
რას შეცვლის საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება „ზვიად გამსახურდიას საქმეზე“

სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულს საქმის მასალების ასლების მიღების უფლება ექნება. გამონაკლისი მხოლოდ ის საქმეებია, რომლებისთვისაც პროკურატურას გასაიდუმლოების სტატუსი აქვს კონკრეტული არგუმენტით მინიჭებული. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსის მქონე მოქალაქეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ადგილზე გაცნობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ის ვერ მოიპოვებდა დოკუმენტების ასლებს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტანტინე გამსახურდიამ გაასაჩივრა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდია, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. სარჩელის მიხედვით, სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით აღჭურვავდა და არ ითვალისწინებდა საქმის მასალების ასლების გადაცემის შესაძლებლობა.

მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ არის საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.

კონსტანტინე გამსახურდია აქცენტს აკეთებდა კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვითაც: „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად”.

იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც სასამართლოში კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს იცავდა, განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ „პროკურატურას მოუწევს დაასაბუთოს კონკრეტულ საქმეზე გასაიდუმლოების საჭიროება, ზვიად გამსახურდიას საქმეზე კი, გასაიდუმლოების საჭიროება აღარ არსებობს“.

გიორგი გოცირიძის თქმით, ამ დრომდე „ზვიად გამსახურდიას საქმის“ ნაწილი იყო დახურული და ამჯერად პროკურატურას ხელახლა მოუწევს ამ საქმეში არსებული დოკუმენტების ასლების სრულად გადაცემა კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ან დასაბუთება, რატომ შეიძლება იყოს იგი ისევ გასაიდუმლოებული.

ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი

მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების დაზარალებულისთვის გადაცემა ქმნის დაზარალებულის ინტერესების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. კონსტანტინე გამსახურდიას განმარტებით, ასლის მიღების გარეშე ვერ განხორციელდება ეფექტიანი კონტროლი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე.

მოპასუხე მხარის – პარლამენტის მითითებით კი, სადავო ნორმის ლეგიტიმური საჯარო მიზანი გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით არის გამოძიების ინტერესების დაცვა. კერძოდ, საქმის მასალების ასლების გაცემის შემთხვევაში ვერ მოხდება გამოძიების ინტერესების ისეთივე ეფექტიანობით დაცვა, როგორც ეს ხდება საქმის მასალების მარტოოდენ გაცნობის შემთხვევაში, რამდენადაც საქმის მასალების ზეპირად გაცნობა და თუნდაც მისგან გარკვეული ამონაწერების გაკეთება განსხვავდება დოკუმენტების ასლების ფლობის შემთხვევისაგან.

„ჩვეულებრივ, სწორედ დაზარალებული წარმოადგენს გამოძიების სათანადოდ წარმართვით ყველაზე მეტად დაინტერესებულ სუბიექტს, ვინაიდან დანაშაული მისი ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის, მნიშვნელოვანი ტრავმისა თუ ტრაგედიის მიზეზია,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დანაშაულზე სათანადო რეაგირება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთია, დაზარალებული და სახელმწიფო მოკავშირეები არიან და საერთო მიზანი აქვთ, გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირი, განხორციელდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დამნაშავე, აღდგეს სამართლიანობა. თუმცა ინტერესთა თანხვედრა არათუ არ გამორიცხავს დაზარალებულის მხრიდან საგამოძიებო ორგანოების საქმიანობის კონტროლის საჭიროებას, არამედ ცალკეულ შემთხვევაში სასარგებლოსა და აუცილებელსაც კი ხდის მას.

იმავდროულად, კონტროლის აუცილებლობას ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან შეცდომის დაშვების ანდა თვითნებობის რისკი. უდავოა, რომ გამოძიების მასალების გაცნობისას, დაზარალებული, გარდა იმისა, რომ თავის ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს, იმავდროულად, ახორციელებს გამოძიებაზე კონტროლს და გეგმავს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი ინტერესების დაცვის სტრატეგიასა და ტაქტიკას,“ – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: