მთავარი,სიახლეები

სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის

22.12.2020 • 1580
სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის

„პირველად მაშინ ვიგრძენი პანდემია, როცა შვილიშვილს სათამაშო მოუნდა და 30 ლარი აღარ მქონდა, რომ მისთვის მეყიდა… პანდემიის პერიოდმა გამჭედა, თორემ ისე არ მიჭირდა… ახლა თვეში 150 ლარად გაგვაქვს თავი. კომბოსტო, კარტოფილი, კვერცხი, ხანდახან ქათმის ხორცი – ძირითადად ამ პროდუქტებს ვყიდულობ,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე. ის ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, ნაქირავებში ცხოვრობს. ის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდა. ფატმა შვილიშვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვის მამა ციხეშია, დედა კი სახლიდან წავიდა. ფატმა ამ ეტაპზე სასურსათო კალათით დახმარებას ითხოვს.

„ძალიან გამიჭირდა მეთქვა, როგორ მიჭირდა…“ 

პანდემიის დადგომამდე 45 წლის ფატმა დეკანაძე ორ ქვეყანაში მუშაობდა – სარფში, თურქული თევზის რესტორანში და რიზეში, ტანსაცმლის მაღაზიაში. მცირეწლოვან შვილიშვილს კი ძიძას უტოვებდა.

„არ მიჭირდა, რადგან ორ ხელფასს ვიღებდი. სარფში მზარეულად ვმუშაობდი, მერე რიზეში გადავდიოდი და ისევ უკან ვბრუნდებოდი,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე და თევდორე აჭარელის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის პირველ სართულზე შევყავართ. ირგვლივ ნესტია, ცივა. ფატმა ვიწრო მისაღებიდან საძინებელში ფრთხილად იხედება, სადაც შვილიშვილს სძინავს და ამბობს, რომ გათბობა ბუნებრივ აირზე მხოლოდ ამ ერთ ოთახშია. ფატმას შვილიშვილი უკვე 3 წლის და 9 თვისაა.

ფატმა მაცივრის კარსაც გვიღებს, სადაც კვერცხი ალაგია და კიდევ კომბოსტო.

„ძალიან გამიჭირდა თავიდან მეთქვა, როგორ მიჭირდა… დედასაც კი ვერ ვეუბნებოდი, თანაც ხომ იცით, როცა კარგ შემოსავალს ხარ მიჩვეული, დაახლოებით 900 ლარი მქონდა თვეში,“ – მაცივრის კარს ხურავს ფატმა და საძინებლის კართან, პატარა სკამზე ჯდება. -„წალკაში ცხოვრობენ ჩემები, ეკომიგრანტი ოჯახი ვართ. ძმებიც მეხმარებიან, მაგრამ გზები ჩაიკეტა და ვეღარ მიგზავნიან ვერაფერს. ყველაზე ცოტა 150 ლარი მაინც გვჭირდება თვეში, რომ თავი გავიტანოთ… ბინის ქირა თვეში 200 ლარია, მაგრამ ბოლო ორი თვე არ გადამიხდია. ჩემი ერთი ძმა პოლონეთში მუშაობს და ის დამპირდა, რომ ქირის ფულს გადამიხდის“.

პაუზის შემდეგ ფატმა ამბობს, რომ პანდემიის დროს სახლის მესაკუთრეც უმუშევარი დარჩა. „საქორწინო დარბაზში მუშაობდა მზარეულად და ესმის ჩემი, გვერდში მიდგას“, – აღნიშნა მან.

ფატმა დეკანაძეს მხოლოდ ერთჯერადად აუღია კომპენსაცია სახელმწიფოსგან – 300 ლარი. ეს დახმარება მას შემდეგ მიიღო, როცა დადასტურდა, რომ რეგულარულად თურქეთში გადადიოდა. ფატმა აღნიშნავს, რომ 200-ლარიანი კომპენსაცია, როგორც უმუშევრად დარჩენილმა, ვერ მიიღო, რადგან სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოხერხდა.

„[კაფეს] მესაკუთრე თურქი იყო. ის მარტში წავიდა თურქეთში, მერე ვინ მომცემდა საბუთს?“ – კითხულობს ფატმა.

ფატმა დეკანაძე ელოდება, რომ პირველ სოციალურ დახმარებას 25 დეკემბერს მიიღებს, როგორც სოციალურად დაუცველი. იგი ამბობს, რომ 63 ათასი ქულა მიიღო და შემწეობა რამდენიმე დღის წინ დაუნიშნეს. ფატმა ამ ქულებით ასევე შეძლებს უფასო სასადილოთი სარგებლობას.

„ჩემი შვილი ციხეშია, ბავშვი 5 თვის იყო, როცა დედა სახლიდან წავიდა…“ 

„ამ დროს თურქეთში ვიყავი, როცა შვილმა ცოლი მოიყვანა. ძალიან განვიცადე ეს ამბავი, ვერც კი აღგიწერთ, რადგან გოგო 15 წლის იყო,“ – იხსენებს ფატმა დეკანაძე 2016 წელს, როცა მისი 21 წლის ბიჭი 15 წლის გოგოსთან დაქორწინდა.

ფატმა დეკანაძე

ფატმას თქმით, მისი ბიჭი 2017 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ერთი თვის შემდეგ კი, ფატმა ბებია გახდა.

„სასამართლო პროცესებს მე არ დავსწრებივარ… მითხრეს, რომ ჩემს შვილს დაუმძიმდა საქმე მას მერე, როცა ჩემმა რძალმა პროცესზე დასწრება ითხოვა. თურმე უთხრეს, არასრულწლოვანი ხარ და ვერ შეხვალ დარბაზშიო. ამას უთქვამს, მე ცოლი ვარო. ჩახედეს პირადობაში, 15 წლისაა და ჩემს შვილს დაუმძიმდა საქმე…“ – გვიყვება ფატმა.

ამ შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ, ფატმას თქმით, ბავშვი დედამ მიატოვა.

„მას მერე ბავშვის დედა აღარ გამოჩენილა, მე არაფერი ვიცი მის შესახებ…“ – აღნიშნავს ქალი.

2019 წელს ციხიდან გამოსული ფატმას შვილი ციხეში შეაბრუნეს – პირობითი მსჯავრით გათავისუფლებულ კაცს კონფლიქტი ყოფილ ცოლთან ჰქონდა.

„გავიგე, რომ შეხვდა და იჩხუბეს, გოგომ პოლიციას მიმართა და უკან შეაბრუნეს, მეტი არაფერი ვიცი, ვერც კი შევხდი ჩემს შვილს, რომ დაველაპარაკო, ამ პანდემიის დროს შეხვედრებიც აკრძალულია“, – დასძინა ფატმა დეკანაძემ „ბათუმელებთან“.

„მეც არასრულწლოვანი გამათხოვეს…“

„ხელახლა გავხდი დედა, ასე გამოდის,“ – გაღიმებას ცდილობს ფატმა და შვილიშვილს ეფერება,“ – „ბავშვი დედას მე მეძახის. ვეუბნები, რომ მე ბებია ვარ. არა, დედა ხარო… ყველაზე მეტად ეს მახარებს, რომ შვილიშვილს ვზრდი და ქუჩაში არ დარჩა. ახლა ჩემი ბედნიერება ეს არის.“

ფატმა 17 წლის დაოჯახებულა, უფრო სწორად, დააოჯახეს.

„მომიტაცეს. გავბრაზდი, მაგრამ ჩემს დროს სად იყო ამის გამო ჯარიმები და კანონები, ხმის ამოღებასაც არ ჰქონდა აზრი. მშობლებმაც ხალხი რას იტყვისო და დავრჩი… მერე კარგი ურთიერთობა გვქონდა,“ – სახლის ეზოში გაშენებული ფორთოხლის ბაღისკენ იყურება ფატმა და გვიყვება, რომ ვიდრე მოიტაცებდნენ, ქუთაისში სისხლის ლაბორანტობას სწავლობდა.

„მერვე კლასიდან გამოვედი და ლაბორანტობას ვსწავლობდი… ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. მერე მზარეულობა ვისწავლე და მზარეულად ვმუშაობდი,“ – გვიყვება ფატმა.

ფატმას მეუღლე 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამბობს, რომ მანამდე მეუღლესთან ერთად ძირითადად თურქეთში მუშაობდა დაახლოებით 10 წელი.

„ხანდახან ვფიქრობ, ნეტა, როდის უნდა დასრულდეს ეს პანდემია, როდის უნდა მოეღოს ბოლო?“ – კითხულობს ფატმა და ეიმედება, რომ სამსახურში მალე შეძლებს გასვლას.

მანამდე კი, ფატმა მინიმუმ სასურსათო კალათით დახმარებას ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: