სიახლეები

„გემრიელი აჭარა“ – კლიპი, რომლის მიზანიც აჭარის სამზარეულოს პოპულარიზაციაა

24.12.2020
„გემრიელი აჭარა“ – კლიპი, რომლის მიზანიც აჭარის სამზარეულოს პოპულარიზაციაა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო.

„გემრიელი აჭარა“ – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელშიც მთიანი აჭარის, ქობულეთური და ლაზური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებად ცნობილი კერძები და დესერტებია წარმოდგენილი.

დეპარტამენტის ცნობით, კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში  ცნობილი ქართველი შეფმზარეულების ჩართულობით  შემოდგომაზე მიმდინარეობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებსაც ონლაინსივრცეში ეტაპობრივად განათავსებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტებიც მოამზადა, რომლის ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან  შეეძლებათ.

პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა, ვიდეორგოლები კი სარეკლამო კომპანია „რედპოინტმა“ გადაიღო.

გაერთიანებული საიმიჯო რგოლის მუსიკა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანს“ ეკუთვნის, ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის კლიპებისთვის  კი მუსიკა ჯგუფმა „ინსაითმა“ დაწერა.

პროექტზე შეფმზარეულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა, გურამ ბაღდოშვილმა, დადუნა ღლონტმა, ასევე ადგილობრივმა მზარეულებმა: რომა კაკაბაძემ, როინ ფაღავამ და გოგა ზანაქიძემ იმუშავეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა 4 საიმიჯო რგოლი, 15 ვიდეოგაკვეთილი ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით და ფოტორეცეპტები, 56 245 ლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: