ბათუმი,სიახლეები

C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება

22.12.2020 • 3003
C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება

C ჰეპატიტის მართვისთვის საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მომავალ წელსაც ითვალისწინებს ბენეფიციარების როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით 2021 წელს დაფინანსდება:

  • სკრინინგული კვლევა;
  • C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფა;
  • მედიკამენტების ლოჯისტიკა.

ბიუჯეტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სკრინინგი და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება.

ამასთან, „შეიქმნება წამალდამოკიდებულთა ერთიანი ბაზა და შემუშავდება სერვისების მიწოდების ახალი მოდელი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესი,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლისთვის „C ჰეპატიტზე დასკრინულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო – 1 179 315 ბენეფიციარი, მათგან საეჭვო დადებითი აღმოჩნდა 21 413 [ანუ, 1.82%]“.

როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა [მედიკამენტები], მიმდინარე წლის იანვრიდან ბენეფიციარისთვის სრულიად უფასოა.

„ამ დროისთვის რაიმე ახალი დირექტივა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ცვლილებაზე, მით უმეტეს შეწყვეტაზე, არ მიგვიღია. ჯერჯერობით პროგრამას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ“, – გვითხრა ციური აბულაძემ, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორმა.

მისივე თქმით, ბათუმის ინფექციურში ამ პროგრამის გახსნის დღიდან [2015 წელი] 5 900-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, რასაც შემდეგ კიდევ 70-მდე პაციენტი დაემატა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 99%-ია [პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 44 პაციენტი გარდაიცვალა].

„ნებისმიერ პირს შეუძლია მოგვმართოს. ჩვენ, ზოგადად, ნებისმიერ შემოსულ პაციენტს ვუკეთებთ სწრაფ ტესტს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხდება გადამოწმება ანალიზებით და უკვე დადასტურების შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამაში. არის შემთხვევები, როცა წყვეტენ პროგრამის ფარგლებში მკურნალობას. ბოლო მონაცემებით, ასეთი სულ 88 შემთხვევა გვქონდა“, – ამბობს ციური აბულაძე.

C ჰეპატიტის პროგრამის ბიუჯეტი 2020 წელს 7,25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. მთავრობის 2020 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით კი ეს მაჩვენებელი 6,4 მილიონ ლარამდე შემცირდა.

C ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსება / 2020 წლის 21 დეკემბრის ცვლილებით [ამ ცვლილებამდე, 26 აგვისტოდან, მაგალითად დიაგნოსტიკის კომპონენტი განსაზღვრული იყო 5,1 მილიონი ლარით, მკურნალობის კომპონენტი 100 ათასი, ხოლო ლოჯისტიკა 700 ათასი ლარით].

„ბათუმელები“ შეეცადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მიეღო პასუხი, იგეგმება თუ არა რაიმე განსხვავებული წესი ჰეპატიტის პროგრამის მიწოდების კუთხით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა, თუმცა მიზეზები, თუ რა განაპირობებს დაავადების მძიმე ტვირთს, არასათანადოდაა შესწავლილი.

ამ თემაზე:

ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: