მთავარი,სიახლეები

რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება

23.12.2020 • 2304
რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება

„მანდარინის ფასი არათუ შემცირდა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს კლიენტი,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. მათი თქმით, სეზონის დასაწყისში ანუ ნოემბერში, კარგი ხარისხის მანდარინის გაყიდვა დაახლოებით 80 თეთრად იყო შესაძლებელი, თუმცა უკეთესი ფასის მოლოდინში მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი არ გაყიდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის მანდარინის გაყიდვა 60 თეთრადაც ჭირს და ექსპორტიორები, რომლებსაც მანდარინი რუსეთში, უკრაინაში ან აზეირბაიჯანში მიაქვთ, სოფლებში აღარ დადიან.

„მანდარინის ფასი ნამდვილად 80 თეთრზე ნაკლებია ახლა, მაგრამ სახელმწიფო ფასს ვერ აკონტროლებს,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სულხან მოწყობილმა.

23 დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 25 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული რუსეთში, უკრაინაში, აზეირბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში. წელს აჭარის რეგიონში ცირუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია 40 ათასი ტონა.

მინისტრის მოადგილეს არ აქვს ზუსტი პასუხი, მატების ნაცვლად რატომ დაიკლო მანდარინის ფასმა, თუკი მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა.

„ეს არის რამდენიმედღიანი სტატისტიკა. თუ დავაკვირდებით ამ სტატისტიკას, შესაძლებელია, შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მანდარინის ექსპორტის რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს.

სულხან მოწყობილი ასევე ამბობს, რომ მეციტრუსეებს შეუძლიათ დარეკონ საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 15 01.

„მხოლოდ ორმა ქალბატონმა დაგვირეკა ამ დრომდე, რომლებსაც კომუნიკაციის დამყარებაში დავეხმარეთ… თუ დაგვირეკავენ, დავეხმარებით საწარმოებთან დაკავშირებაში, ჩვენ გვაქვს ყველას საკონტაქტო ინფორმაცია, ფასი და სხვა საკითხები უკვე მათი მოლაპარაკების საგანია,“ – აღნიშნა სულხან მოწყობილმა „ბათუმელებთან“.

სულხან მოწყობილის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ წელს ციტრუსის ექსპორტი პრობლემაა: „გასული წლის ამავე პერიოდში უფრო ნაკლები – 21 ათასი ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.“

„მეციტრუსეები ხშირად ინახავენ მანდარინს და მოგვიანებით ჰყიდიან. თანაც, წელს მანდარინის დაკრეფა დაგვიანდა უამინდობის გამო… გადაადგილების პრობლემაც არ არის, რადგან არ მოსულა ისეთი თოვლი, რომ გზები ჩაეკეტა,“ – გვითხრა სულხან მოწყობილმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 23 დეკემბრის მონაცემებით, ქობულეთის საწარმოში, სადაც მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინს იღებენ, 4200 ტონა მანდარინია გადამუშავებული. არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია კილოგრამზე 10 თეთრია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: