მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC

28.07.2020 • 2266
ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC

დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით. მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-დან 9 ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.

საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორისაა, თუმცა მიზეზები, თუ რა განაპირობებს დაავადების მძიმე ტვირთს, არასათანადოდაა შესწავლილი.

„90-იან წლებში ჯანდაცვის სისტემის უკიდურესმა დასუსტებამ და ჯანდაცვის სერვისების დაბალმა ხარისხმა წლების განმავლობაში უარყოფითი გავლენა იქონია უსაფრთხო ინექციის პრაქტიკაზე, ინფექციის კონტროლსა და სისხლის უსაფრთხოებაზე სამედიცინო დაწესებულებებში. ამასთან ერთად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში ფართოდ გავრცელებულმა შპრიცების გაზიარებამ ასევე ხელი შეუწყო C ჰეპატიტის შემთხვევათა რაოდენობის ზრდას ზოგად მოსახლეობაში” – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის უახლეს ანგარიშში.

NCDC

არსებობს ჰეპატიტის ხუთი ძირითადი ვირუსი – A, B, C, D და E. მათგან სიკვდილის მიზეზი ყველაზე ხშირ შემთხვევაში B და C ვირუსებია. ჯანმო იუწყება, რომ ვირუსულ ჰეპატიტს COVID-19 პანდემიის პირობებშიც, ყოველდღიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვს.

ხანდაზმულები, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული მიმდინარე დაავადებები, მათ შორის ღვიძლის დაავადება, შეიძლება COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. საქართველოში 2015 წლიდან მუშაობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ამ პროგრამის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს (გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 70%), პროგრამაში ჩართულია 70 ათასი პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის 51%), განკურნების მაჩვენებელი კი 99%-ს აღწევს.

მხოლოდ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 5861 ადამიანი ჩაერთო. მათგან გამოჯანმრთელდა 5002 ბენეფიციარი, 300 აგრძელებს მკურნალობას, 11 პაციენტს მოუწია მკურნალობის კურსის მეორედ გავლა (რადგან მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, სისხლში კვლავ აღმოაჩნდათ ვირუსი), 88 პაციენტმა შეწყვიტა ან უარი თქვა მკურნალობაზე; ამ პერიოდში გარდაიცვალა 44 პაციენტი.

„მკურნალობის შედეგები უცნობია 416-თან – ეს ნიშნავს, რომ მათ არ ჩააბარეს მკურნალობის შემდეგ შემაჯამებელი ანალიზი და პასუხი არ ვიცით“ – ამბობს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ციური აბულაძე.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ახლაც შესაძლებელია. ელიმინაციის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება და ახალი შემთხვევების პრევენცია. დღეს ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე გამოკვლევა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: