მთავარი,სიახლეები

რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთიდან წამლების შემოტანასა და ფასებზე

22.12.2020
რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთიდან წამლების შემოტანასა და ფასებზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდინება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“.

22 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამალზე ფასების დაწევა „მხოლოდ ერთი ბერკეტით ვერ განხორციელდება:

„თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს განხორციელებული მრავლობითი მოლაპარაკება თურქეთთან და ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი“ – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეს არ გულისხმობს, რომ თურქეთში რეგისტრირებულ წამლებს საქართველო აღიარებს:

„ვითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი არ გახლავთ აღიარებითი რეჟიმი და წამლების საქართველოში შემოტანის წარმატებული გზა. აქ იქნება აუცილებლად ეროვნული რეჟიმით წამლების აღიარების და რეგისტრაციის კომპონენტი და დავტოვებთ ამ კომპონენტს“.

თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებს თურქეთის სამინისტროსთან, რათა „შემუშავდეს ხარისხიანი პრეპარატების ჩამონათვალი, სადაც [მოხვდება] ყველა ხარისხიანი პრეპარატი, რომელიც საჭიროა საქართველოში შემოსატანად, — ის ესენციური პრეპარატები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რისი შემოტანაც არის შესაძლებელი“.

ეს ინიციატივა, ტიკარაძის თქმით, „კერძო სექტორს გაუადვილებს გზას და სახელმწიფოს გარკვეულწილად გაუჩენს ბერკეტს, რომ გვეცოდინება, რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე“.

„შესაბამისად, ის განცდა, რაც საქართველოში არსებობს, 300%-იანი და 400%-იანი მოგების, გარკვეულწილად, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გადაზღვეული იმ გამჭვირვალობით, რასაც თურქეთის სახელმწიფო გვთავაზობს“, – განაცხადა მინისტრმა.

_____________

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო წლებია აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადის, რომ იაფად შეიძინოს საჭირო წამლები. „ბათუმელები“ ჯერ კიდევ წინა წლებში წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინ ფასთა ასეთი დიდი სხვაობა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძილაძემ, ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“.

2018 წელს საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს.

„თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში,“ – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: