მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

23.12.2020
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის არჩევა შესთავაზა აჭარის უმაღლეს საბჭოს. განკარგულება პრეზიდენტმა დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა.

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. თუ პრეზიდენტის კანდიდატს ზედიზედ ორჯერ უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნის უფლება აქვს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატებიც.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, თორნიკე რიჟვაძე მინისტრებად იმ პირებს ირჩევს, რომლებიც ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭომდეც მინისტრები იყვნენ. გამონაკლისია მხოლოდ ტიტე აროშიძე, რომელიც ახლა უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.

თუკი უმაღლესი საბჭო თორნიკე რიჟვაძის კანდიდატებს მხარს დაუჭერს, აჭარის განათლების მინისტრი ისევ მაია ხაჯიშვილი იქნება, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის – ჯაბა ფუტკარაძე, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე.

პრეზიდენტს, აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევამდე უნდა გაევლო კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეხვდა. პრეზიდენტს კონსულტაცია არ შეუთავაზებია “გაერთიანებული ოპოზიციისთვის”, რომელმაც უმაღლეს საბჭოში სულ 7 მანდატი მოიპოვა, აქედან 6-მა მანდატზე უარი თქვა, თუმცა მათი უფლებამოსილება ჯერ შეწყვეტილი არ არის.

კონსულტაცია შესთავაზა,თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა ირაკლი ჩავლეიშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: