მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეხვდება

23.12.2020 • 1949
პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თორნიკე რიჟვაძეს, გუშინ კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. გუშინდელ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან უნდა გაიაროს და შემდეგ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

„ჩვენთან არ ჰქონია შეთავაზება და რომც იყოს, არ შევხდებით, აზრი არ აქვს,“ – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა. ის „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული საარჩევნო სიით გახდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, თუმცა მანდატზე უარი თქვა. ელგუჯა ბაგრატიონის მსგავსად, უმაღლესი საბჭოს წევრობაზე უარი თქვა „გაერთიანებული ოპოზიციის“ კიდევ 5-მა წევრმა.

პრეზიდენტს „გაერთიანებული ოპოზიციისთვის“ საკონსულტაციოდ არც მიუმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრში განმარტეს, რომ კონსულტაციისთვის მიმართეს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც წერილობით არ თქვეს უარი დეპუტატობაზე.

წერილობით უარი ჰქონდა ნათქვამი უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე თავდაპირველად ირაკლი ჩავლეიშვილს. ეს ის დეპუტატია, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ სიაში იყო და მიიჩნევდა, რომ არჩევნები გაყალბდა. საბოლოოდ ირაკლი ჩავლეიშვილი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„მივიღე შეთავაზება პრეზიდენტისგან, მაგრამ არ ვაპირებ კონსულტაციას, ესაა მაინც უმრავლესობის გადასაწყვეტი საკითხი,“ – გვითხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

„საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციის გამართვის მიზნით მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებს, ასევე, ადმინისტრაციამ წერილობით მიმართა ოპოზიციის მხრიდან საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებს და სთხოვა, წარმოედგინა მოსაზრებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი წევრების შესაძლო კანდიდატურებზე. ამ დრომდე ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია,“ – მოგვწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრიდან.

აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან, ან აჭარის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.

ამ შემთხვევაში მე-5 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველად 15 დეკემბერს შეიკრიბა. შესაბამისად, პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოუდგინოს. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ იტყვის უარს პრეზაიდენტის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, მაშინ პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს დათხოვა შეუძლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: