მთავარი,სიახლეები

„რით დავგავო, როცა ცოცხიც კი არ მაქვს?“ – მეეზოვე ამბობს, რომ 25 დეკემბრიდან გაფიცვას გეგმავენ

23.12.2020 • 2120
„რით დავგავო, როცა ცოცხიც კი არ მაქვს?“ – მეეზოვე ამბობს, რომ 25 დეკემბრიდან გაფიცვას გეგმავენ

მეეზოვე ცისანა მსხალაძე იხსენებს, როგორ დაურიცხეს შარშან, 2019 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში პრემიის სახით მეცამეტე ხელფასი. ის ამბობს, რომ მეეზოვეებს და სანდასუფთავების სხვა თანაშრომლებს, კერძოდ, ნაგვის მანქანების მძღოლებს, ნაგვის კონტეინერების გამტანებს, მე-13 ხელფასს საახალწლოდ  წელსაც დაჰპირდნენ, მაგრამ აღარ აძლევენ. „დირექტორმა გვითხრა, რომ მერია ამბობს უარს მოგვცეს მეცამეტე ხელფასი“, – გვიყვება ცისანა მსხალაძე.

„შარშან დაგვპირდნენ დაგირიცხავთ მეცამეტე ხელფასსო და მოგვატყუეს. ნაგვის მანქანების მძღოლები, კონტეინერების გამტანები შევიდნენ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან და უთხრეს: თუ დაპირებულ დანამატს არ დაგვირიცხავთ, მოვიტანთ მთელ ქალაქში შეგროვილ ნაგავს და მერიასთან დაგიყრითო. ამის შემდეგ ნახევარ საათში დაგვერიცხა მეცამეტე ხელფასი, დეკემბრის ბოლო იყო ეს. წელსაც იგივე ხდება“, – ამბობს ცისანა მსხალაძე.

მისივე ინფორმაციით, მეეზოვეები, ნაგვის ურნების მცლელები, მძღოლები „გაფიცვას ვაპირებთ 25 დეკემბრიდან. მეცამეტე ხელფასი თუ არ ჩაგვერიცხება გამოვალთ ქუჩაში, აღარ დავგვით, ნაგავს არ გავიტანთ და გავიფიცებით. დღეს უნდა მოვილაპარაკოთ, რა როგორ იქნება ზუსტად“, – ამბობს მეეზოვე.

მეეზოვე ცისანა მსხალაძე  მისი კოლეგების კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზს ასახელებს – სანდასუფთავების თანამშრომლებს წინა წლებში 15 ნოემბრიდან ურიგდებოდათ ზამთრისთვის აუცილებელი აღჭურვილობა: რეზინის მაღალყელიანი ბოტები, საწვიმარი ლაბადები და ბამბუკის ფოთლოვანი ცოცხები, რაც აუცილებელია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ფოთლების დასაგველად“.

მეეზოვის თქმით, მას თავისი ფულით ნაყიდი იაფფასიანი, 10-ლარიანი ბოტები აცვია ახლა. საწვიმარი ლაბადა კი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში იყიდა.

„ბამბუკის ცოცხი არავის მოუცია, დავიქირავე ტაქსი და კაპრეშუმში წავედი, ასეთი ცოცხი ჩემით ვიყიდე, 13 ლარი გადავიხადე, რით დავგავო, როცა ცოცხი არ მაქვს? ამ წვიმაში პატარა ცოცხით არ იგვება,“ – ამბობს ცისანა მსხალაძე.

მეეზოვეები ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის, შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლები არიან. შპს-ს დირექტორი, დავით დუმბაძე ამბობს, რომ 25 დეკემბრიდან თანამშრომელთა სავარაუდო გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ის ასევე არ ადასტურებს, რომ თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასის ჩარიცხვას დაჰპირდა.

„წინა წელს მართლაც ჩავრიცხეთ მეცამეტე ხელფასი, მაგრამ მერე გამოვკითხეთ თანამშრომლები და ეს დანამატი, რასაც მეცამეტე ხელფასის სახით გავცემდით, გადანაწილდა მთელ წელზე და შესაბამისად ყოველთვიური ხელფასი გაიზარდა. ჯამში ეს 360 ათასი ლარია“. – ამბობს დავით დუმბაძე.

შპს ,,სანდასუფთავების“ დირექტორის თქმით, არც აღჭურვილობის პრობლემა დგას და 700 ცალი ლაბადაა ამჯერად საწყობში, აღჭურვილობა ბრიგადების ხელმძღვანელებს მიაქვთ ადრესატამდე, საჭიროებისამებრ.

„ლაბადის და რეზინის ჩექმების მარაგიც არის და 2 თვის სამყოფი ცოცხებიც. 2 დღის წინ მივიღეთ ლაბადები. აქანდაზით დაწყებული, ცოცხით დამთავრებული ყველა ინვენტარი აქვს მეეზოვეს. ბამბუკის ცოცხები ცოტა უფრო ადრე შემოვიდა და ყოველ კვირაში შემოდის თითო მანქანა. ამის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ არ მივიდა ეს ინვენტარი იმ მეეზოვეებთან, ვისაც თქვენ ესაუბრეთ“, – ამბობს დავით დუმბაძე.

მისივე განმარტებით, იგეგმება საახალწლო საჩუქრების გაცემა თითო ბრიგადიდან თითო გამორჩეული, დიდი ხნის თანამშრომლისთვის, მაგრამ მეცამეტე ხელფასის გაცემა არ იგეგმება.

ტენდერის მიხედვით, შპს ,,სანდასუფთავებამ“ შარშან, 2019 წლის 27 დეკემბერს ჩაიბარა 650 წყვილი რეზინის მაღალყელიანი ბოტი, რომელიც მთლიანად არ დარიგებულა.

„წელიწადში ერთხელ ურიგდებათ ბოტები მეეზოვეებს. ძველი ნაშთიც გვქონდა დარჩენილი. იქნებ ახალი თანამშრომელი მივიღო და ძველს ხომ არ ჩავაცმევ? მერწმუნეთ, ყველა მეეზოვესთან ვამოწმებ სათითაოდ ვის რა ზომა სჭირდება.

წლევანდელი შესყიდვის მიხედვით, 4 იანვარს უნდა მოიტანონ ახალი ბოტები, 700 ცალი“, – გვითხრა დავით დუმბაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: