განათლება,მთავარი,სიახლეები

მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს

22.12.2020 • 3109
მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს

საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული. ერთი ლექციის მოსმენითაც ნათელია, თუ როგორ აკნინებს ლექციების ეს კურსი ქალის როლს და მათ კარიერულ განვითარებას. ლექციების კურსს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. პანდემიის დროს ქალთა უფლებების შემლახავ ლექციებს ონლაინში – „ზუმის“ მეშვეობით ატარებენ.

ლექსო გელაშვილს უკვე ათობით ლექცია აქვს ჩატარებული. მაგალითად, 2020 წლის 12 მაისს ჩატარებულ ლექციაში, რასაც პატარა გოგოები და ბიჭები ერთად ისმენენ, ლექსო გელაშვილი ბავშვებს ეუბნება:

„ერთი წმინდა მამა ბოროტების კრებას დაესწრო – ეშმაკმა გამართა კრება, სადაც დემონები ესწრებოდნენ. დემონები თავს იწონებდნენ ეშმაკთან, რომ თავი მოვაჭერი ქრისტიანებს, სოფელი გადავწვი და ასე შემდეგ, თუმცა ეშმაკმა მათ ეს საქმეები წარმატებაში არ ჩაუთვალა. არ იცით მუშაობა…  ახლა მოინიშნეთ…

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ქალების როლი უნდა წამოსწიოთ წუთისოფელშიო. ქალი დირექტორი, ქალი პრეზიდენტი, ქალი პარლამენტის თანამშრომელი, ქალი პედაგოგი და ყველაფერში ქალი უნდა იყოსო და უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი დატვირთვა ქალის“.

ლექციის შემდეგი შინაარსი გრძელდება კითხვით, თუ რას მისცემს ქალის როლის წამოწევა დემონთა სამყაროს, რაზეც გელაშვილი პასუხობს, რომ დაღლილი ქალი, სათანადო სიყვარულს ვერ მისცემს ქმარს და ამის შემდეგ ქმარი სხვაგან მოძებნის სიყვარულს. ეს კი გამოიწვევს ოჯახის  დანგრევას. „ოჯახი რომ დაინგრევა, შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოხდებაო“, – ამბობს გელაშვილი.

ლექციას დაახლოებით 11-12 წლამდე ბავშვები და მოზარდები ესწრებიან, დარბაზში ჩანან (სავარაუდოდ) მშობლებიც. ლექციების კურსს „სამშობლოს მცოდნეობა“ ჰქვია, თუმცა როგორც გელაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რეალურად ეს მართლმადიდებლობის სწავლებაა, ოღონდ იმ წიგნის მიხედვით, რომლის ავტორიც თვითონაა.

როგორც გავარკვიეთ, სტუდია „გუთნის“ წარმომადგენელი საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა.

სტუდია „გუთნის“ ლექციები, რომელსაც ბავშვებს უკითხავენ,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციას და სტიგმებს აძლიერებს.

„დიახ, მე ვიცნობ ამ ადამიანებს, რადგან რუსთავიდან არიან და ჩვენი სკოლის ბავშვებიც დადიან მათ საკვირაო სკოლაში… ოღონდ ეს უშუალოდ, პირდაპირ რომ ყოფილიყო ჩვენი დავალებით, ასე არ არის. სურვილიდან გამომდინარე ხდებოდა“, – გვეუბნება რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი. ის ადასტურებს, რომ ჩოხოსნები მის სკოლაშიც იყვნენ მისული, ოღონდ ეს რამდენიმე წლის იყო, როცა ჩოხოსანთა საზოგადოება ფუძნდებოდა და შეხვედრებს მართავდნენ სკოლებში. დირექტორს ვკითხეთ, თუ იცნობს სახელმძღვანელოს, რითაც გელაშვილი ბავშვებს „სამშობლოს მცოდნეობას“ ასწავლის და ეთანხმება თუ არა მისი ლექციების შინაარსს?

ნელი ლიქოკელი ამბობს, რომ გელაშვილის წიგნი არ აქვს და არც მის ლექციებს დასწრებია ბოლომდე. ლიქოკელი სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ამიტომ მას ვკითხეთ, ლექციები რომელიც ქალთა ჩაგვრას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ქადაგებს, არის თუ არა დამაზიანებელი მოზარდისთვის. დირექტორმა გვითხრა, რომ ეს ლექცია მას არ მოუსმენია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაფასებს თუ ბმულს მივაწვდით. ვიდეოს გაცნობის შემდეგ დირექტორმა ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღარ ისაუბრა. „ჯერ შეხვედრებზე ვართ“, – გვითხრა მან.

ვისთან თანხმდება სასწავლო მასალის შინაარსის, სკოლის დირექტორთან თუ განათლების სამინისტროსთან? – დირექტორები ამბობენ, რომ შეთანხმება საჭიროა სამინისტროსთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტუმარს სკოლა იწვევს. ასეთ დროს კი გადაწყვეტილებას დირექტორიც იღებს.

განათლების სამინისტრო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მშრალი კომენტარით ცდილობს – უწყებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის პროექტის განხორციელებაში არ მონაწილეობდა, რომ სკოლა დამოუკიდებელია და მას უფლება აქვს მოსწავლეების სურვილის შემთხვევაში, შესთავაზოს ბავშვებს სერვისი.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე სამინისტროს ამ პოზიციას არ ეთანხმება. მისი თქმით, სამინისტროს გულგრილობა ნიშნავს, რომ ის უშვებს ფაშისტურ სწავლებას, რასაც აღნიშნული ორგანიზაცია ავრცელებს.

„მე როგორც ერთი კონკრეტული მოქალაქე ვეკითხები სამინისტროს, თუკი სკოლამ, თავისი დამოუკიდებლობის ფარგლებში დაუშვა თავის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, ასეთი ფაშისტური შინაარსის სწავლება, რა მიდგომა აქვს მას? მაშინ როცა, ბავშვთა უფლებათა კოდექსში არის 85 მუხლი, სადაც წერია, რომ ფორმალური ან არაფორმალური სწავლება, რომელიც შეიძლება მოდიოდეს როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე კერძო პირებიდან, უნდა შეესაბამებოდეს განათლების სახელმწიფო პოლიტიკას და დამტკიცებული უნდა იყოს მთავრობის მიერ“.

განათლების სამინისტროს ამ თემაზე „ბათუმელებმა“ დღესაც სთხოვა პოზიციის დაფიქსირება, თუმცა სამინისტრო ამ დრომდე დუმს.

სტუდია „გუთანი“ კი თავის სწავლებებს დისტანციური ფორმატით აგრძელებს ბავშვებთან. ერთ-ერთი ბოლო ლექციის თემა წმინდანები იყო და ქალთა დისკრიმინაციის ხაზს ატარებდა ამ შემთხვევაშიც – გელაშვილი თანამედროვე ქალების ჩაცმულობაზე და იმაზე საუბრობს, თუ როგორ იშიშვლებენ ქალები თავს.

მისი აზრით, ქალები ეროვნული სამოსით უნდა შეიმოსონ.

 „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე:

„ბავშვის უფლებათა კოდექსმა შემოიტანა ძალიან კონკრეტული რეგულაცია სწორედ ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით სწავლების დროს. არა მხოლოდ ფორმალური, არამედ არაფორმალური სწავლების დროსაც. ბავშვზე ორიენტირებული პროგრამები, რომელიც მოიცავს მათ შორის განათლებაზე წვდომასაც, კოდექსის მიხედვით, შეუძლია აწარმოოს როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო ორგანიზაციებმა. მათ შორის, ისეთმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. მაგრამ კანონის მიხედვით, ყველა ეს სწავლება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას. როგორ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს ეს სწავლება, რა მიზანს უნდა ისახავდეს და ასე შემდეგ, ამას ადგენს განათლების სამინისტრო და ამტკიცებს მთავრობა“, – ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებით და საქართველოს კანონდებლობით დადგენილ საგანმანათლებლო პრინციპებს და ღირებულებებს, არ უნდა იყოს დაშვებული.

„ცალკე ამბავია ის, რომ კოდექსის მიხედვით ბავშვი უნდა დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან და ეს მავნე ზეგავლენა არ არის მხოლოდ გამონაბოლქვი, ან აზარტულ თამაშებში ბავშვის მონაწილეობა. მავნე ზეგავლენაა სწორედ ისეთი სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საკაცობრიო ღირებულებებს, ასევე კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციას და ბავშვის უფლებათა კონვენციას.

ამ სადისკუსიო ლექციების კურსის შინაარსი კი, რაც ჩვენც ვნახეთ და მოვისმინეთ, არის რადიკალურად დისკრიმინაციაზე ორიენტირებული სწავლება და მოძღვრება, რომელიც შენიღბულია რელიგიური ელფერით. განსაკუთრებული ხაზი ეს არის ქალების დისკრედიტაცია და მათ მიმართ უპატივცემულო და დაჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცება, რაც არ არის მხოლოდ მორალური კატეგორია. ეს არის სამართლებრივი კატეგორია და ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ პუნქტებს, რაც ზემოთ ვისაუბრეთ. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერში ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებენ“, – ამბობს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე

უფლებადამცველის თქმით, მსგავსი შინაარსის კურსი აუცილებლად უნდა გადიოდეს სახელმწიფო კონტროლს, განათლების სამინისტროს და სკოლის ფილტრს და „ეს ფილტრი არის რეალურად ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისგან, რომელიც კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებაა და არა ვინმეს არჩევანი ან გემოვნების საკითხი“.

ანა აბაშიძის ვარაუდით, როგორ ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდია „გუთნის“ შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ფლობდა, თუმცა ხელი არ შეუშალეს ჰქონოდათ წვდომა სკოლებთან.

„განათლების სამინისტრო თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით პირდაპირ არღვევს კანონს. კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციას და ბავშვის უფლებათა კოდექსს. სამინისტრო სულ არაფერ შუაშიც რომ იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის მიუხედავად, კოდექსი ამბობს, რომ ბავშვის განათლება, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებს პრინციპებში და ძირითად იდეებში.

თუ სამინისტრომ გაიგო, რომ ასეთი სწავლება მიმდინარეობს ბავშვებთან, ის ვალდებულია იმოქმედოს. მინიმუმ, შეამოწმოს არაფორმალური სწავლების შინაარსი და დაიცვას ბავშვები მავნე ზეგავლებისგან“.

მისი თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროც ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ ისწავლებოდეს ისეთი შინაარსის ტექსტები, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და, ზოგადად, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მსჯელობებია.

„სამშობლოს მცოდნეობის” სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულ გაკვეთილებზე ძირითადად საუბრობენ მართლმადიდებლურ მრწამსსა და ღირებულებებზე, რაც ასევე არღვევს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რომელსაც განათლების შესახებ ზოგადი კანონი ითვალისწინებს.

„მით უმეტეს თუ საგანმანათლებლო რესურსი ამ სწავლების დროს ჩართულია სკოლა, მასწავლებლები და ბავშვები ამ პროცესში. ამიტომ, არაერთი საფუძველია აქ იმის, რომ ამგვარი სწავლება არ დაეშვა სახელმწიფოს“, – ამბობს ანა.

ბავშვის განათლება, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა ემსახურებოდეს იმ რეალურ მიზანს, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციაშია და შემდეგ, უკვე საქართველოს კანონმდებლობაშია ასახული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: