მთავარი,სიახლეები

ვინ იქნება მოდარაჯე, ვის გაახსენდა სტალინი და კოლექტივი – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

24.12.2020 • 1361
ვინ იქნება მოდარაჯე, ვის გაახსენდა სტალინი და კოლექტივი – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კითხვები დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძესაც დაუსვეს და მინისტრობის კანდიდატებსაც, თუმცა არა კრიტიკული.

ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში დეპუტატები კითხვის დასმამდე ძირითადად მადლობას უხდიდნენ თორნიკე რიჟვაძეს.

კითხვები ძირითადად იმ პროგრამებს ეხებოდა, რაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია და რის ამოქმედებასაც რიჟვაძის მთავრობა აპირებს. დღევანდელ სხდომაზე თითოეულ დეპუტატს ჰქონდა თითო კითხვა. საკამათო არაფერი გამხდარა.

„მადლობა ბატონ თორნიკეს. მე არ მახსოვს, მის ყურამდე მისულიყოს რომელიმე მსახიობის ან მწერლის პრობლემა და ყურადღება არ მიექციოს,” – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს დავით თედორაძემ.

დავით თედორაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ აჭარის მაღალმთიანეთში უნდა აშენდეს პანსიონები, “რადგან იქ თურქები აშენებენ პანსიონებს”, – თქვა მან.

“ბრწყინვალე პროგრამაა… მადლობა “ქართული ოცნების” მთავრობას,” – აღნიშნა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნადიმ ვარშანიძემ.

“მე ვიქნები მოდარაჯე,” – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს ირაკლი ჩავლეიშვილმა. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც “გაერთიანებული ოპოზიციიდან” უმაღლეს საბჭოში შევიდა.

ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის მთავრობის პროგრამა მოიწონა და ისურვა, რომ აღარ იქნება დაყოფა “ჩვენიანებად და მისიანებად… ეს იქნება პროგრამა ყველასთვის, ვინც მოგცათ ხმა ან არ მოგცათ”, – დასძინა დეპუტატმა.

კითხვა ირაკლი ჩავლეიშვილს არ დაუსვამს. მან ყურადღება ქალაქში ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და მათ დამცველებზე გაამახვილა.

“ეს ადამიანები კრიტიკულად გამოდიან ამა თუ იმ შენობის სახეცვლილების დროს, ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს, რაც მნიშვნელოვანია… ამ ქალაქში ცხოვრება არ დაწყებულა 21-ე საუკუნეში,” – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

“ოცნების” დეპუტატებისგან განსხვავებით, ჩავლეიშვილს რიჟვაძისთვის მადლობა არ გადაუხდია, თუმცა ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, ვისაც რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, ბატონო ირაკლი, ეს არის სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იმ მანდატის მიმართ, რომელსაც ნდობა გამოუცხადეს… ჩვენი გუნდი იქნება ყველა მოქალაქის ხელისუფლება,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მაღალმთიანეთში ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე ჰკითხა დავით ბაციკაძემ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ვფიქრობ, ეს არის მთავრობის გამოწვევა სერიოზული,” – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.

„2021 წელი იქნება გარდამტეხი ამ კუთხით,” – თქვა თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, მომავალ წელს რამდენიმე მიზნობრივი პროგრამა იმუშავებს ამ მიმართულებით.

“სტალინმა, რომ ვერაფერი მოიფიქრა, კოლექტივები მოიფიქრა,” – ირონიულად ჩაილაპარაკა ნადიმ ვარშანიძემ, როცა კითხვა მიწის რეფორმაზე დაისვა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს.

„ძალიან ცუდი მერე, რომ ეს მოიფიქრეს,” – დისკუსიის წამოწყება სცადა დავით ბაციკაძემ.

„ეს, სხვათა შორის, ევროპიდან გადმოღებული მოდელი იყო… ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს,” – დიალოგში ჩაერთო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, გიორგი სურმანიძე და შემდეგ ვრცლად ისაუბრა კოოპერატივების და მათი გაძლიერების საჭიროებაზე.

თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს კულტურის ცენტრების რეაბილიტაციაზე, მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე,  ბიუჯეტში გაწერილ პროგრამებზე.

აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის ასარჩევად უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ შაბათს შეიკრიბება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: