მთავარი,სიახლეები

საია “მადლი ღვთისაზე”: ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს რეაგირება

23.12.2020
საია “მადლი ღვთისაზე”: ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს რეაგირება

“ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს და მის საქვეუწყებო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება”- მიიჩნევს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე “ავერსის” სააფთიაქო ქსელში საკვებდანამატის “მადლი ღვთისას” გაყიდვაზე.

“მადლი ღვთისა” გაყიდვიდან დღეს, 23 დეკემბერს, ამოიღეს. აქამდე ე.წ. საკვებდანამატის ავტორები აცხადებდნენ, რომ “მადლი ღვთისა” კოვიდ19-ის საწინააღმდეგო, ძლიერმოქმედი საშუალებაა.

აღსანიშნავია, რომ “მადლი ღვთისას” შესახებ სამედიცინო რეგულირების სააგენტო მინიმუმ 3 ნოემბრიდან იყო ინფორმირებული, როცა შპს “მადლი ღვთისამ” სააგენტოს მიმართა და განმარტება ითხოვა, სჭირდებოდა თუ არა რეგისტრაცია. შესაბამისი დოკუმენტაცია, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თქმით, შპს “მადლი ღვთისას” არ წარუდგენია.

საიას იურისტის განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.

პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებზე, რომლის მიხედვითაც სამინისტროს ფუნქციაა
“ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამისი სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვების ნამდვილობის ფაქტის გადამოწმების წესისა და პირობების დადგენა”.

“ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის სახელმწიფო კონტროლის ამოცანაა, დაიცვას საქართველოს ბაზარი მომხმარებლისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტისაგან,”- აღნიშნავს იურისტი, პაატა დიასამიძე.

იგი დასძენს, რომ თუ იკვეთება მომხმარებლის მოტყუება, ამით გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: