სიახლეები,ჯანმრთელობა

რას ამბობს ჯანმო კორონავირუსის „ბრიტანულ შტამზე“

22.12.2020 • 1629
რას ამბობს ჯანმო კორონავირუსის „ბრიტანულ შტამზე“

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მარტივად გადადის, ვიდრე აქამდე არსებული, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობას იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა,  ჯანმოს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერჰოვმა განმარტება გააკეთა კორონავირუსის ახალი შტამის 70%-იანი ტრანსმისურობის შესახებ და თქვა, რომ ხშირად სპეციფიკური ტერმინების  გამო რთულდება ამა თუ იმ სიახლის სწორად გაგება.

მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამი ისევე გადადის, როგორც კორონავირუსის ძირითადი შტამი – ინფიცირებული ადამიანის აეროზოლის ან/და წვეთების სხვა ადამიანში მოხვედრით.

  • მაშინ რას გულისხმობს ახალი შტამის უფრო მაღალი ტრანსმისიურობა ანუ გადამდებობა?

„როცა ადამიანი ინფიცირებულია, ვაფასებთ, თუ რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია მას. თუ მე შემიძლია დავაინფიცირო ერთზე მეტი ადამიანი და იმ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს კიდევ ერთზე მეტი ადამიანი, მაშინ ეპიდემიას შეუძლია ზრდის გაგრძელება, სწორედ ამას ვეძახით ჩვენ ვირუსის რეპროდუქციის რიცხვს,“ – ამბობს მარია ვან კერჰოვი.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, ეპიდაფეთქების დასაწყისში ინფიცირების მაღალი რისკი ჰქონდა ყველას, „ახლა, როცა მსოფლიოს მასშტაბით დაწესებულია ბევრი შემზღუდავი ნორმა, ჩვენ ვაფასებთ ამ ზომების მიღების შედეგად როგორია ვირუსის რეპროდუქციულობის (ანუ ერთი ადამიანის მიერ სხვა ადამიანების ინფიცირების რაოდენობის) მაჩვენებელი. იდეალურ შემთვევაში ვისურვებდით, რომ ეს რიცხვი იყოს ერთზე ნაკლები. ამ შემთხვევაში ეპიდემია ჩაქრებოდა”.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იქ კორონავირუსის ახალი შტამის გამო რეპროდუქციულობის რიცხვი 1.01-დან 1.5-მდე გაიზარდა.

„ეს ნიშნავს, რომ თუ აქამდე შემეძლო დამეინფიცირებინა 1.1 ადამიანი [უბრალოდ – ერთზე მეტი ადამიანი], ახლა  ვაინფიცირებ 1.5 ადამიანს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ვაინფიცირებ უფრო მეტს, ვიდრე აქამდე. სწორედ ამიტომ არის ეს შფოთვის მიზეზი. ჩვენ გვსურს ზომების მიღების შედეგად ამ მაჩვენებელმა იკლოს,“ – განმარტავს მარია ვან კერჰოვი.

  • შეიცვალა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამის გადადების გზები?

ჯანმოს სპეციალისტების განმარტებით, არ არსებობს არანაირი ინდიკატორი იმისა, რომ ვირუსის გადადების გზებში რაიმე ცვლილება მოხდა.

„ეს რესპირატორული პათოგენია, რაც ნიშნავს, რომ გადადის რესპირატორული ნაწილაკებით ჰაერში, ზოგი მათგანი დიდია წვეთების სახით, ზოგი უფრო მცირე – აეროზოლის სახით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვირუსი ვრცელდება ერთმანეთთან ახლო კონტაქტისას. ეს რჩება იგივე,“ – ამბობს მარია ვან კერჰოვი.

ჯანმოს ბრიფინგზე ითქვა, რომ ამჟამად კორონავირუსის ახალი შტამის დეტალურად შესასწავლად ბევრი კვლევა ტარდება და ნებისმიერი სიახლე უმალვე გასაჯაროვდება.

„ვირუსს მოსწონს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არიან, ამიტომ ვაგრძელებთ სოციალურ და ფიზიკურ დისტანცირებას, ვიბანთ ხელებს და ვატარებთ პირბადეებს საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად” – აცხადებენ ჯანმოში.

რაც შეეხება ვირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელებას, ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის გარდა, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ავსტრალიაში, ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში, დანიაში კი დაახლოებით ათამდე შემთხვევაა იდენტიფიცირებული.

  • როგორ მუტირებს ვირუსი?

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განმარტებით, როცა ვირუსები იცვლიან გენეტიკურ თანმიმდევრობას, ისინი რეალურად ცვლიან ინსტრუქციას, რომელიც გამოიყენება ვირუსის ცილის აგებაში.

„ეს პროგრამას ჰგავს, ან ასაწყობი ავეჯის ინსტრუქციას. მაგალითად, ერთი და იმავე ავეჯის ასაწყობად შეიძლება სხვადასხვა ინსტრუქცია გამოვიყენოთ. ესეც მსგავსია – ინსტრუქცია თუ მცირედით იცვლება, შედეგიც მცირედით იცვლება,“ – ამბობს ის.

„თუ ცილა შეიცვლება ინსტრუქციის ცვლილების გამო, ცილის ფორმაც შეიცვლება. sars cov 2-ის წვეტი ცილა ცვალებადია ამის გამო, ამასთანავე ის შეიძლება ან ძალიან კარგად მოერგოს ადამიანის უჯრედის რეცეპტორებს, ან არც ისე კარგად. ანუ სრულიად შემთხვევით ზოგიერთი მუტაცია უკეთესად მოერგება ხოლმე ადამიანის უჯრედს, ვიდრე სხვა. თუ უფრო წარმატებით მიემაგრება, უკეთ მოერგება,  ვირუსისთვის უფრო მარტივი ხდება უჯრედში შეღწევა და მისი დაინფიცირება, ანუ ადამიანი ინფიცირდება უფრო მარტივად. ამან შეიძლება შეცვალოს ინფიცირებულთა რაოდენობა ან  ვირუსული დატვირთვა, რომელიც ექნება დაინფიცირებულ ადამიანს ვირუსის სხვადასხვა შტამის თანაბარი ზეგავლენის შემთხვევაში.

ამიტომ ზუსტად უნდა მივყვეთ თავის დაცვის ინსტრუქციებს. თუ გაიზრდება ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, გაიზრდება ვირუსის რეპროდუქციულობის რიცხვიც, მაგრამ ეს ჰიპოთეზებია. ჩვენ ვხედავთ ანალიზების შეფასებისას რეპროდუქციულობის რიცხვის ძალიან მცირე ცვლილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ როგორ უკავშირდება ეს ზრდა ვირუსის ახალი შტამის გენურ ცვლილებებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს კავშირი არსებობს”.

  • იქნება თუ არა ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ კორონავირუსის ვაქცინა? 

როგორც ცნობილია, ვაქცინა იწვევს იმუნურ პასუხს კორონავირუსის ცილაზე და იმუნურ სისტემას განაწყობენ ვირუსის სხვადასხვა შემადგენელზე თავდასხმისთვის. ეს ნიშნავს, რომ მუტაციის მიუხედავად, ვაქცინა კვლავინდებურად ეფექტური იქნება.

ვაქცინა არაეფექტური შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მუტაციას გააგრძელებს. მაშინ ყოველ წელს საჭირო გახდება ვაქცინის განახლება კონკრეტული შტამების წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.

ვრცლად ამ თემაზე:

კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: