#ნუ დათმობ ბავშვობას #ბულვარი ჩემია შენია ჩვენია#მე მიყვარსბათუმი – ამ და სხვა ჰეშთეგებით ფეისბუქზე სოციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბათუმის ბულვარის შენარჩუნების და ბულვარში ცათამბჯენების შენების მოწინააღმდეგეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ იმის დასტურად, რომ ბათუმის ბულვარს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„24 საათში ატვირთეთ ბათუმის ბულვარში გადაღებული ბავშვობის ან ახალი ფოტო, დააკოპირეთ ტექსტი და გამოიწვიეთ მეგობრები რომელთაც გული შესტკივათ ბულვარზე, ბათუმზე და ამბასადორის უკანონო მშენებლობაზე“ – ნათქვამია ტექსტში, რომლითაც მოქალაქეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ ფეისბუქზე და კამპანიაში ჩასართავად მეგობრებს იწვევენ.
აქციაში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია.
ბათუმის ბულვარის დასაცავად კამპანია მას შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგების უფლება მისცა.
მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებსბულვარში დაგეგმილი 16 სართულიანი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ. ამ დროისათვის პეტიციას 2800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად აქცია/კამპანია მიმდინარეობს. 2016 წელს ბულვარის დასაცავად დაიწყო კამპანია #სამივე, იმის ნიშნად, რომ საზოგადოება ემხრობა ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივანის შენარჩუნებას. ეს კამპანია იყო ერთ-ერთი ნაწილი სამოქალაქო აქტივობებისა, რომლის შედეგად ბათუმში ბულვარის სამივე ხეივანი შენარჩუნდა.
გარდა ამისა, 2017 წელს საინიციატივო ჯგუფმა ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“– გამართა, რომლის ფარგლებშიც აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებდნენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში.
პირველ თებერვალს ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება.
აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – ეს შეკითხვა„ბათუმელებმა“ მშობლებს დაუსვა.
ვებგვერდზე კითხვას 604-მა ადამიანმა უპასუხა.
არა – 51.49% [311 ხმა] ამბობს, რომ პირველ თებერვალს სკოლაში შვილის გაშვებას არ აპირებს.
კი –
არ ვიცი –
„ბათუმელების“ აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა ვებგვერდის მეშვეობით და არ არის რეპრეზენტატული.
ამავე გამოკითხვაში „ბათუმელებმა“ კიდევ ერთი შეკითხვა დასვა.
თქვენი აზრით, შესაძლებელი იქნება თუ არა სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული წესების დაცვა? – ამ კითხვას497-მა ადამიანმა უპასუხა. ხმები ასე გადანაწილდა:
არა – 58.95% [293 ხმა]
კი –
არ ვიცი – 16.5% [82 ხმა]
გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმური იყო. გამოკითხვაში მონაწილეს მხოლოდ ერთი პასუხისთვის შეეძლო მიეცა ხმა.
აღნიშნული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში.
თებერვლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით.
ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:
არ უქმდება კომენდანტის საათი. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
მუშაობას ვერ განაახლებენ სარიტუალო დარბაზები, შესაბამისად შეზღუდვა ქორწილსა და ქელეხზე ძალაშია.
არ გაიხსნება საბავშვო ბაღები.
არ განაახლებენ შენობაში სწავლების პროცესს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.
მთავრობის ცნობით, ღია და დახურული ბაზრობები [გარდა აგრარული ბაზრებისა, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ] გაიხსნება 15 თებერვლიდან. გარდა ამისა, მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური ვითარების შემთხვევაში, პირველი მარტიდან აანონსებს.
ძალაში რჩება ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის, როგორც კორონავირუსისგან თავდაცვის ეფექტური საშუალების რეკომენდაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას პირველი თებერვლიდან დაიწყებს.
პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურება. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
პირველი თებერვლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა.
მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო ავტომანქანები ახალი მოდელებით.
პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (https://www.sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.
დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში (გარდა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების სერვისისა), ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 31 იანვრის 21 საათიდან 1 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 2-3 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი 5 თებერვლამდე შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 18 გრადუსს მიაღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მარტვილში დააკავა 1992 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას – 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, ო.ბ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პირველი თებერვლიდან ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან ერთად, ბიზნესს ახალი ვალდებულების შესრულებაც მოუწევს – ორგანიზაციებმა თანამშრომლებს პერიოდულად ტესტირება უნდა ჩაუტარონ. ბათუმში PCR ტესტის ფასი მათთვის 80 ლარი, ხოლო ანტიგენის ფასი 30 ლარი იქნება. 2021 წლის პირველ მარტამდე ტესტირების ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებს, მარტიდან კი – თავად ბიზნესი.
„ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით, სავალდებულო ტესტირების პერიოდულობისა და პირობების დაცვის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს შესაბამის ნებართვას“, – აცხადებენ ინსპექციაში.
ამასთან, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა/განახლების მიზნით აუცილებელია ორგანიზაციამ პირველი თებერვლიდან გაიაროს რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, სადაც დასაქმებულთა პირად მონაცემებსაც შეიყვანს.
ამ აპლიკაციით სამეწარმეო სუბიექტებს სტატუსს – მუშაობის ნებართვის ან მისი შეჩერების შესახებ, ელექტრონულად მიანიჭებენ.
აპლიკაციაში ჩართული მოლის/ბაზრის ადმინისტრაციას კი, შესაძლებლობა ექნება ავტომატურად ნახოს საკუთარი რეგისტრირებული თანამშრომლების ტესტირების თარიღები. ასევე, ობიექტის მიხედვით აკონტროლოს გატესტილი პერსონალის პროცენტული მაჩვენებელი.
აღნიშნულ პორტალზე სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაციაც აუცილებელია, რასაც სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
პირველი თებერვლიდან:
[checklist]
მოლების, ბაზრების, ბაზრობების [გარდა აგრარული ბაზრისა] ადმინისტრაციებს მოუწევთ მათ ობიქტზე ფუნქციონირებად სუბიექტებში დასაქმებულების აღრიცხვა მთლიანად და მათი 20%-ის ტესტირება ყოველ 14 დღეში ერთხელ [ანტიგენის ტესტირებას თებერვალში სახელმწიფო დააფინანსებს, მარტიდან კი, ადმინისტრაციებს თავად მოუწევთ დაფინანსება – ან ანტიგენით, ან პისიარით ჩატარებული ტესტების];
ყველა სავაჭრო ობიექტი, სადაც დასაქმებულია 30 და მეტი ადამიანი, პასუხისმგებელი იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირებაზე [ეს არ შეეხება: სასურსათო მაღაზიებს, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას];
კვების ობიექტებისთვის სავალდებულოა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება.
[/checklist]
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პირველ თებერვლამდე მთლიანად დასრულდება ბათუმის მოლების [მეტრო სითი, ბათუმი მოლი, პლაზა, კარფური] დასაქმებულთა ტესტირება.
„მოლების ხელმძღვანელებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ პერსონალური სიები, სადაც განსაზღვრავენ იმ პირებს [დასაქმებულთა 20%-ს], რომელთაც ტესტირება უნდა ჩაუტარდეს – ეს არის კატეგორია დასაქმებულების, რომლებსაც მეტი შემხებლობა აქვს მომხმარებლებთან, ანუ, ასე ვთქვათ, ვინც უფრო მეტი რისკის ქვეშაა. ამ 20%-ს უკეთდება ტესტი პისიარით, ხოლო დანარჩენ 80 პროცენტს – ანტიგენით“, – აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტესტირება ამ ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებს: „ამით სახელმწიფო აჩვენებს პრეცენდენტს, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ბიზნესი მედიცინის სფეროდან ცოტა შორსაა, მაგრამ ისინი შემდეგ თანამონაწილეები გახდებიან ამ ტესტირების, რომელსაც თავად დააფინანსებენ“.
აჭარაში განსაზღვრულია ის დაწესებულებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ტესტირების უფლება, სადაც შექმნილია სპეციალური მობილური ჯგუფები და ისინი თავად გადიან ბიზნესორგანიზაციებში ტესტირების ჩასატარებლად [მაგალითად, ყველაზე მეტი ჯგუფი ჰყავს აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვას, პროცესში ჩართულია ასევე დაავადებათოა კონტროლის ზონალური ლაბორატორია, თამარის დასახლების პოლიკლინიკა, საოჯახო მედიცინის ცენტრი].
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლიდან სავალდებულო/ინტენსიური ტესტირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი კლინიკები.
შპს “სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი”
ბათუმი
ქ. ბათუმი, ჯემალ ქათამაძის ქ N11
შპს “ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი”
ქობულეთი
ქ. ქობულეთ 26 მაისის N2
[/toggle]
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ანტიგენის აღმომჩენი სწრაფი ტესტების შეძენას დამატებით თებერვალში გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, ტესტებს მსოფლიო ბანაკის დაფინანსებით, COVID 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში შეიძენენ. ფასის დადგენის მიზნით კი სამინისტროს ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადებული აქვს. დაინტერესებული პირების მიერ წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა 1-ლი თებერვალია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამინისტრომ 2021 წლის 20 იანვარს ხელი მოაწერა კოტრაქტს PCR ტესტების შეძენაზე შპს ABM-თან. ამ კონტრაქტის ღირებულება 1 850 000 აშშ დოლარია.
ბიზნესის სავალდებულო [ინტენსიური] ტესტირების პარალელურად, საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება.
ასეთი ტესტირება აჭარაში პირველ თებერვლამდე ტარდება ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად სიმპტომებისა. „იანვარში გვქონდა შესაძლებლობა ტესტირება გაგვეკეთებინა ნებისმიერი მოქალაქისთვის ანტიგენით. თუ ანტიგენით ტესტის პასუხი დადებითი იყო, ასეთ მოქალაქეს პისიარით ტესტი აღარ უკეთდებოდა, ხოლო თუ ანტიგენით პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ მოქალაქეს ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ერთი სიმპტომი მაინც, მას უტარდებოდა პისიარი. პირველი თებერვლიდან რეგულაციები ამოქმედდება და ტესტირება ასე ფართო აღარ იქნება“, – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება“.
30 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 3,38 პროცენტია,ანუ, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 989 ტესტიდან, დადებითი პასუხი [ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი] იყო – 676.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი კი ქვეყანაში არის 4,21%.
წყარო: stopcov.ge / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
რაც შეეხება აჭარას, ბოლო დღეებში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 1%-ია. შედარებისთვის: აჭარაში, მაგალითად, 2020 წლის ნოემბრის თვის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 22% იყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე გაიტესტება სკოლებში და ბაღებში დასაქმებულთა 100%. აქედან 20% გაიტესტება PCR, ხოლო დანარჩენი 80% ანტიგენის ტესტით – ყოველ 14 დღეში ერთხელ. ამ შემთხვევაში ტესტირებას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტირებას ჩაუტარებენ ასევე იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ 3 თვის წინ და უფრო ადრე.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში 9 ათასი მასწავლებელი გავტესტეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ისინი არ დაექვემდებარნენ ტესტირებას, ვინც 3 თვის შიგნით გადაიტანა ვირუსი. დარჩენილია ქობულეთის რამდენიმე სკოლა და 31 იანვრისთვის გვეცოდინება საბოლოო პასუხები. მასწავლებელთა ტესტირებისას დადებითი პასუხი ძალიან უმნიშვნელოა – ათეულს არ გაცდება. პირველ თებერვალს ვინც შევა სკოლაში ყველა ტესტირებული იქნება – პედაგოგიც, დარაჯიც, დამლაგებელიც“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.
„სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ 13 იანვარს გააკეთა. აქედან 9 დღეში კი, 22 იანვარს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნება სავაჭრო და ღია ტიპის კვების ობიექტები. 15 თებერვლიდან კი, ამას დაემატება ღია და დახურული ბაზრობები.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს „იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია“.
22 იანვარს აჭარაში ბოლო ერთი კვირის [7 დღის] დადებითობის მაჩვენებელი 3,2% იყო, თუმცა 1-22 იანვრის დადებითობის მაჩვენებელი – 5,3%.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 22 იანვრამდე პერიოდში 1-15 იანვარი უქმე დღეებად იყო გამოცხადებული, 1, 7 და 19 იანვარი ოფიციალური დასვენების დღეები იყო, ხოლო ჯამში 6 დღე იყო – შაბათი-კვირა. უქმე დღეებში და შაბათ-კვირას კი, ტესტირებაზე მიმართვიანობის რაოდენობა ზოგადად დაბალია [ასე იყო მთელი პანდემიის პერიოდში].
„იანვარში [ტესტირებასა და გამოვლენას შორის მაჩვენებლის] რაოდენობრივი კლება რომ დაიწყო, ვაკვირდებოდით და დადებითობა ძალიან დაბალი იყო [დეკემბერთან შედარებით], ჩვენ აღარ ვენდეთ მარტო იმას, რომ მოვა მოქალაქე და გაიკეთებს ტესტს და მასიურად გავედით საზოგადოებაში, ტესტირება გავაფართოვეთ იმით, რომ დასწესებულებები, რომლებიც ფუნქციონირებდა, დავტესტეთ და დავტესტეთ ისინიც, ვინც თებერვლიდან აპირებს მუშაობას. ამის საშუალება ჩვენ გვქონდა და გვაქვს პირველ თებერვლამდე. დღეს დადებითობის მაჩვენებელი, მიუხედავად ფართო ტესტირებისა, აჭარაში არის წარმოუდგენლად დაბალი“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.
[toggle title=”ჩატარებული ტესტების რაოდენობა, დადებითი პასუხი და პროცენტულობა დეტალურად ნახეთ აქ:“]
იანვარში ჩატარებული ტესტირებისა და დადასტურებული შემთხვევების იმ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, 1-27 იანვარს აჭარაში ჩატარდა სულ 38 207 ტესტი [PCR და ანტიგენის ტესტებით], საიდანაც დადებითი იყო – 1 665. ანუ, აჭარაში წელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4,3% იყო, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი 25 იანვრიდან – 1%.
[/toggle]
აჭარაში დადებითობის მაჩვენებლის კლების მიუხედავად, მშობლების ნაწილი ბავშვების სკოლაში გაშვებას არ აპირებს.
უშვებთ თუ არა ბავშვს სკოლაში პირველ თებერვალს? – „ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი [51%] ამბობს, რომ – არა.
მოხერხდება თუ არა სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვა? – ამ კითხვაზეც, გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ არ მოხერხდება.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.
ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი კონსტიტუციის შინაარსი წლობით მუშავდებოდა, კონსტიტუციის შექმნაში კი, ჩართული იყო, როგორც იმდროინდელი ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მეცნიერები და საზოგადოება.
წელს, პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება. მისი თითოეული მუხლის წაკითხვისას ხვდები, რომ ის მოქალაქეებისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხს არეგულირებდა. ასი წლის წინანდელი კონსტიტუციაში არსებობს მუხლი თანასწორობაზე, ადამიანების სოციალურ დაცვაზე, მათ შორის, იმაზეც, რომ, მაგალითად, ღარიბი ბავშვების სწავლაზე, ჩაცმასა და გამოკვებაზე სახელმწიფოს უნდა ზრუნავდეს.
რა ხდება სახლში, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა?
„ეს იყო ერთსართულიანი ბელეტაჟი სახლი სარდაფით. ისე გავიზარდეთ, რომ არ ვიცოდით, აქ თუ კონსტიტუცია დაბეჭდეს… მერე გაირკვა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმ სახლში დაიბეჭდა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე,“ – გვიყვება ნინო ლავროვა. ის 1996 წლამდე ცხოვრობდა კოსტავას 13-ში. შემდეგ სახლი საბანკო სესხის გამო გაყიდეს და ახლა აქ 4-სართულიანი სასტუმროა. სახლის მეორე ნაწილში ნინოს დისშვილი – მიშა წულაძე ცხოვრობს. ამ ნაწილის იერ-სახეც შეცვლილია.
ნინო ლავროვა მიხეილ ლავროვის შვილია. მიხეილ ლავროვის ოჯახი ბათუმში, კოსტავას 13-ში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ცხოვრობდა.
„მამას ვიღაც ლაზისგან უყიდია ეს სახლი, გვარი არ მახსოვს… მაშინ აქ იტალიური ეზო იყო, მერე, ნელ-ნელა წავიდნენ სხვები და ახლა საერთოდ აღარაა ეზო… წლებია აღარც მივსულვარ, მიჭირს მაქაურობის ნახვა… ბავშვობაში რამდენჯერმე მომისმენია, რომ ჩვენს ქუჩაზე დაიბეჭდა საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს ჩვენს სახლში თუ მოხდა, არ ვიცოდით. ჩვენი სახლის პირდაპირ იყო სტამბა და გვეგონა, რომ იქ დაბეჭდეს… მამა რკინიგზის ინჟინერი იყო და რუსეთიდან საქართველოში გამოუშვეს სამუშაოდ. ჯერ ოზურგეთში ცხოვრობდა, ოზურგეთელი ცოლი მოიყვანა და შემდეგ წამოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად… სტამბიდან შემორჩენილი რაიმე ნივთი, ან დოკუმენტი ყოფილიყო სახლში, არ მახსოვს,“ – იხსენებს ნინო ლავროვა.
„ამ სახლს უკან დიდი ეზო იყო, ფეხბურთს ვთამაშობდით ბავშვები… მერე, როცა 90-იანებში სახლი გაიყიდა, ეზოში შენობა გაჩნდა, სარდაფიც აღარაა…“ – გვიყვება კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ ჭყონია. მისი თქმით, ამ ქუჩაზე რამდენიმე სტამბა იყო და ამ დრომდე არ უნახავს დოკუმენტი, რაც დაარწმუნებდა, რომ კოსტავას 13-ში დაბეჭდეს კონსტიტუცია.
„ეს დაფა, სადაც წერია, აქ დაბეჭდეს პირველი კონსტიტუციაო, მოიტანეს 10 წლის წინ და აქ დავკიდებთო, უკვე სასტუმრო იყო გახსნილი, ახალი მესაკუთრე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც ჩამოკიდეს… თქვეს, რომ ასე ირკვევა, აქ იყო სტამბაო, მაგრამ მე დოკუმენტი არ მინახავს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭყონიამ.
მუხლი – 111: „უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს“
„სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველწლიურად,“ – ეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 111-ე მუხლია და არაა ერთადერთი ჩანაწერი ამ დოკუმენტში, რაც სახელმწიფოს კონკრეტულ სოციალურ ვალდებულებას აკისრებს – პირველი კონსტიტუცია უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებდა და შრომის ბირჟის შექმნასაც, რომელიც ადამიანებს დასაქმებაში დაეხმარებოდა.
საქართველოს კონსტიტუცია – 1921 წელი
სოციალური უფლებების ნაწილში მარტივად საგრძნობია რეალობა, რომელშიც კონსტიტუცია მიიღეს – სოციალ-დემოკრატები უმრავლესობაში იყვნენ. ცნობილია, რომ პირველი კონსტიტუციის მიღებაში პოლიტიკური ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული, თუმცა მემარცხენე და სოციალური ხედვები კონსტიტუციაში ყველაზე მეტად მოხვდა. ახლა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ იდეები იყო და რეალურად იმდროინდელი საქართველო კონსტიტუციაში გაწერილ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, მეორე ნაწილი კი, ყურადღებას პრაქტიკაზე ამახვილებს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ხდებოდა კონსტიტუციის მიღებამდე და საბჭოთა ოკუპაციამდე.
„დამფუძნებელ საბჭოში ორი-მესამედი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ლოგიკურიც არის, რომ მათი პოლიტიკური დოქტრინა მოხვდებოდა კონსტიტუციაში… პირველ კონსტიტუციაში 70 მუხლია, რაც სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს ეხება. ბავშვთა სიღარიბის ნაწილში წერია, რომ „სახელმწიფო მიზნად ისახავს“. ეს არ იყო ვალდებულება. მაშინ ეკონომიკურად არც ისე წელში გამართული იყო საქართველო, რომ ეს მუხლები შეესრულებია. ფაქტია, რომ სახელმწიფო განსაკუთრებით დიდ სოციალურ ვალდებულებებს იღებდა,“ – გვიყვება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართალმცოდნე დიმიტრი გეგენავა.
„ამას ხშირად ამბობენ, არ უმოქმედია ახალ კონსტიტუციასო, მაგრამ ის, რაც გაიწერა პირველ კონსტიტუციაში, მანამდე გათვალისწინებული იყო სხვადასხვა კანონში 1918 წლის 26 მაისიდან. ბავშვთა სიღარიბესაც ჯერ კიდევ 1919 წელს შეეხო კანონი განათლების რეფორმის შესახებ. ასობით მაგალითი შემიძლია გაჩვენოთ არქივიდან, როგორ ეხმარებოდა იმდროინდელი სამაზრო და საქალაქო თვითმმართველობა ბავშვებს წიგნებით და ტანსაცმლით… იწერებოდა არაორგანიზებულობის შესახებაც, რომ ზოგჯერ იქ მიდიოდა ეს დახმარება, სადაც საჭირო არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო, ძირითადად იმდროინდელი საჯარო მოხელეები და მათი ცოლები იყვნენ ამაში აქტიურად ჩართული, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც იყო და სოლიდარობის კამპანიების წარმოებასაც ახერხებდნენ,“ – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.
ის ხაზს უსვამს იმას, რომ, მართალია, კონსტიტუცია 1921 წელს ნაჩქარევად მიიღეს, მაგრამ შიგ სპონტანურად გაჩენილი იდეები არ ჩაუწერიათ.
ისტორიკოსის თქმით, მსგავს სოციალისტურ მიდგომებზე სოციალ-დემოკრატები ჯერ კიდევ 1890 წლებიდან მსჯელობდნენ.
ირაკლი ირემაძისთვის უფრო სიამაყის მომგვრელია ტენდენცია, რომელიც პირველ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩანდა – საითკენ მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა გასაბჭოება.
„ერთგვარი ეკონომიკური საფუძვლებიც შექმნეს, სესხის აღება მოხდა ბრიტანეთში და გარკვეული გაჯანსაღება იწყება ამ კუთხით 1920 წლიდან, როცა ევროპა გამოდის ომის კრიზისიდან. საქართველოს მაშინ მართლა ჰქონდა ქვანახშირის და მანგანუმის რესურსი, რომლითაც იტალიელი და გერმანელი ინვესტორებიც იყვნენ დაინტერესებული. სახელმწიფო რჩებოდა წილში ნაწილობრივ და გათვალისწინებული იყო, სხვათა შორის, კონტროლის მექანიზმები, მაგალითად, შრომის ინსპექცია, ბავშვთა შრომის შეზღუდვები და ასე შემდეგ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ.
დღეს მოქმედ კონსტიუტუციაში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის შესახებ კონკრეტულად არაფერი წერია.
მუხლი – 39: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“
ეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 39-ე მუხლში წერია. სამართალმცოდნე დიმიტრი გეგენავა ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები პირველ კონსტიტუციაში გამორჩეული საკითხი იყო.
„ხშირად ევროპიდან დაგვიანებით აღწევდა სიახლეები, მაგრამ ამ საკითხზე ყველა პოლიტიკური მოთამაშე თანხმდებოდა. ეს ერთგვარი ტრენდიც იყო იმდროინდელი ევროპის… საქართველოში ასევე ცდილობდნენ მოეგვარებინათ კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, ნაადრევი ქორწინების. კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ქორწინება მეუღლეთა ნებაყოფლობითობას და თანასწორობას ეფუძნება…
ფარიხანი – არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი
დამფუძნებელთა კრების 5 წევრი ქალი იყო, ქალბატონი იყო კრების მდივანიც. წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც პირველ მუსლიმ ქალსაც ამ პერიოდში ჰქონდა, ეს იყო ფარიხან სოფიევა ყარაჯლარიდან. ფარიხანმა ადგილობრივი არჩევნები მოიგო და დეპუტატი გახდა. ამითაც გამორჩეული ვართ, რომ პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი საქართველოში იყო,“ – გვიყვება დიმიტრი გეგენავა.
პირველი კონსტიტუცია არეგულირებდა ქალთა შრომის საკითხსაც: „აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისთვის მავნე წარმოებაში, მუშა ქალი მშობიარობის დროს არანაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისგან ჯამაგირის მოუსპობლად, დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები,“ – აღნიშნულია 126-ე მუხლში.
მუხლი – 143: არცერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა
საქართველოს პირველი კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ადგენდა, სადაც არცერთ სარწმუნოებას არ უნდა ჰქონოდა უპირატესობა. კონსტიტუციის 143-ე მუხლის მიხედვით, „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია“.
„ეკლესიისთვის მხოლოდ ქველმოქმედებისთვის შეიძლება მიეცათ ფული, ან თუ, მაგალითად, ეპისკოპოსი წავიდოდა ზაქათალაში, უფინანსებდნენ გზის ფულს… ეკლესია ითხოვდა პრივილეგიებს, მაგრამ ცენტრალური დაფინანსება აღარ არსებობდა,“ – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.
ისტორიკოსი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების პერიოდზე ამახვილებს ყურადღებას, როცა ეკლესიას და სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მთავარი საგანი აგრარული რეფორმა გახდა – ეკლესიას მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და გლეხებს გადასცეს.
„ქონება იყო მიწა და მიწების ერთი-მესამედი ეკლესიას ჰქონდა, ამას ემატებოდა გადასახადები, მექრთამეობა… ტყუილად არ დასდევდნენ მაშინ წვერის გასაკრეჭად მღვდლებს ადამიანები. იმდროინდელი გლეხობა ეკლესიაზე განაწყნებული იყო… დაპირისპირება იყო განძის შენახვის გამოც პატრიარქსა და ჟორდანიას შორის, რადგან ქუთაისსა და ზუგდიდში საგანძური ბაზრობებზე გაყიდეს.
სახელმწიფომ ასევე უთხრა ეკლესიას, რომ ხაზინიდან ვეღარ დააფინანსებდა, მაგალითად, „საღვთო სჯულის“ სწავლებას და ამ საგანს მაშინ ასწავლიდნენ, თუკი მშობელი ფულს გადაიხდიდა. სახელმწიფომ ამ პერიოდში თქვა, რომ „საღვთო სჯული“ სავალდებულო საგანი ვერ იქნებოდა სკოლაში“, – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ ირაკლი ირემაძე.
1921 წლისგან განსხვავებით დღეს სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭებას იმით ასაბუთებს, რომ ეკლესია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე თვლის, რომ ამ კუთხითაც დღევანდელ კონსტიტუცია სეკულარობის პრინციპს არღვევს.
„ეკლესია, რა თქმა უნდა, დაზარალდა, ეკლესიები დაანგრიეს, ქონება, რაც დაუტოვეს, ისიც ჩამოართვეს, მაგრამ ეს ზარალი უნდა დადგინდეს და ანაზღაურდეს გარკვეულ პერიოდში. ასე განგრძობითად ეკლესიის დაფინანსება არ არის სეკულარული და ლოგიკური,“ – მიიჩნევს ირაკლი ირემაძე.
„სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე… მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების, ან რწმენის გამო არ შეიძლება,“ – წერია საქართველოს პირველი კონსტიტუციის 31-ე მუხლში.
მუხლი – 129: „არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობა“
პირველ კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობოდა ეროვნულ უმცირესობებს.
მუხლი 129: „არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება განსაკუთრებით მისი დედა ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა -გამგეობა“
ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე მიიჩნევს, რომ ეს მულტიეთნიკურ რეგიონში ცხოვრების, ასევე იმდროინდელი კონფლიქტების გამოძახილი იყო.
„მაშინ გაცილებით უფრო ჭრელი იყო საქართველო, იყო კონფლიქტებიც, მათ შორის, 1905 წელს იყო სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი, ქართულ-ოსური კონფლიქტიც 90-იან წლებში არ დაწყებულა, როგორც ამას ამბობს ბევრი, ეს ბევრად ადრე დაიწყო… ეროვნული უმცირესობებისთვის ცალკე თავის გამოყოფა იყო ასევე დემოკრატიულობაზე ხაზგასმა, რომ მათ აქვთ თანაბარი უფლებები,“ – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.
მუხლი – 141: პირველი კონსტიტუციის მიხედვით, შეგეძლოთ საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიგეცათ
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 141-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეს შეეძლო საჯარო მოხელისთვის ეჩივლა და მოეთხოვა „მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“.
ისტორიკოსის ირაკლი ირემაძის თქმით, ამ პერიოდში არაერთ მოქალაქეებს აუნაზღაურეს ზარალი, როცა დგინდებოდა სასოფლო კომისრების მიერ ძალაუფლების გადამეტება.
„მაგალითად, თიანეთის მაზრაში იყო შემთხვევა, როცა დამფუძნებელი კრების წევრის მოხსენების შემდეგ დასაჯეს კომისრები. ზარალი აუნაზღაურეს მოქალაქეებს ახალციხის აჯანყების შემდეგ, ასევე ცხინვალში, როცა 1920 წლის აჯანყებისას დაზარალდნენ ბარის სოფლები,“ – ამბობს ირაკლი ირემაძე.
„თითოეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ“, – ეწერა პირველ კონსტიტუციაში.
პირველი რესპუბლიკა პრეზიდენტის გარეშე
პირველი კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ცნობდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა მკაფიოდ საპარლამენტო მოდელს აღიარებდა, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები მთავრობის ხელმძღვანელსა და პარლამენტს შორის იყო გადანაწილებული. მთავრობის მეთაურის გადაყენება კი, ნებისმიერ დროს შეეძლო პარლამენტს.
„ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო, რომელი მოდელი გამოეყენებიათ. ეროვნულ-დემოკრატები ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების და პრეზიდენტის ინსტიტუტს ემხრობოდნენ. სოციალ-დემოკრატები კი, საპარლამენტო მმართველობაზე აკეთებდნენ აქცენტს. ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ის წერდა, რომ სოციალ-დემოკრატების შიშმა გადაგვაყოლა ყველაფერსო, ძალაუფლების უზურპაცია ვერ მოხდება, თუ მას სწორად გადაანაწილებო… მოგვიანებით იყო ვერსიაც, რომ კოტე აფხაზის, ილია ჭავჭავაძის დისშვილის გამო შეიკავეს თავი, რადგან შიშობდნენ, ინდივიდუალური არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა მას მოეგო არჩევნები,“ – გვიყვება პროფესორი დიმიტრი გეგენავა.
დიმიტრი გეგენავა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ პერიოდში ევროპის ქვეყნებში პოპულარული გახდა საპარლამენტო მმართველობის მოდელი. „ჩვენებმა ძირითადად აქცენტი შვეიცარიის მოდელზე გააკეთეს. ჩემი აზრით, სცადეს ევროპელებზე მეტი ევროპელობა გამოეჩინათ,“ – დასძენს პროფესორი.
„კოტე აფხაზზე ეს მითი მოგვიანებით გაჩნდა, ეს არ იყო რეალური,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მას უფრო ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნოე ჟორდანია იყო წამყვანი ფაქტორი, რის გამოც მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებაზე უარი თქვეს.
„მთავრობის თავმჯდომარის არჩევაც კი ერთი წლით ხდებოდა… აქ მნიშვნელოვანი იყო თავად ჟორდანიას ფაქტორი. ის იმდენად გამორჩეული ფიგურა იყო, რომ ვერავინ ფიქრობდა მის ჩანაცვლებაზე. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჯართან მიმართებაში ერეოდა ჟორდანიაო, მაგრამ მას საამისოდ არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა. ქვეყნის მთავარსარდალი იყო ცალკე სამხედრო პირი და როცა საომარ მდგომარეობას გამოაცხადებდა პარლამენტი, მთავარსარდალს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილებები. თბილისის დატოვებაზეც გადაწყვეტილება მთავარსარდალმა მიიღო,“ – გვიყვება ირაკლი ირემაძე.
ისტორიკოსი საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით შენიშნავს კიდევ ერთ ფაქტს – იმდროინდელმა პარლამენტმა უმაღლესი სასესიო სასამართლოს წევრებად ოპოზიციის წარმომადგენლები დანიშნა.
„ახლა სოციალური პასუხისმგებლობისგანაც დაცლილია ჩვენი კონსტიტუცია,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ირაკლი ირემაძემ.
ნაჩქარევად მიღებული კონსტიტუციის გრძელვადიანი და საყოველთაო განხილვა
პირველი კონსტიტუციის შესწავლით დაინტერესებული პირების თქმით, მის მიღებაში არამხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები, არამედ მეცნიერები და საზოგადოება იყო ჩართული. კომისიაში მუშაობდნენ სწავლული წევრების სტატუსით – ივანე ჯავახიშვილი და გიორგი ნანეიშვილი.
„კონსტიტუციის რამდენიმე პროექტი არსებობდა, თითოეული პარტია თავის პროექტს აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში… კომისიის თავმჯდომარე, პავლე საყვარელიძე აქვეყნებდა არამხოლოდ იმას, თუ რა იქნებოდა კონსტიტუციაში, არამედ პერიოდულად ბეჭდავდა კომენტარებს, ანუ აღწერდა, რა იქნებოდა და რატომ, რას გამოიწვევდა ამა თუ იმ მუხლის მიღება. დამფუძნებელთა კრება მკაცრად აკონტროლებდა ამ პროცესს და შენიშნავდა კიდეც, გაჭიანურდა პროცესიო. ბიუროკრატიული პრობლემების გამო ჭირდა ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. აშკარად ჩანს, რომ ცდილობდნენ გამოეჩინათ ისეთი სამოქალაქო შეგნება და პოლიტიკური კულტურა, რაც დღეს არ გაგვაჩნია,“ – ამბობს სამართალმცოდნე დიმიტრი გეგენავა.
ისტორიკოსს ირაკლი ირემაძესაც ეამაყება ის, რომ პირველი კონსტიტუციის განხილვაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყო ჩართული და აქტიურად ცდილობდა ხელისუფლება, გაეგო, რომელ ქვეყანას ჰქონდა საუკეთესო მოდელი.
„იყო ანარქისტული კანონპროექტიც, რაც ასევე ქვეყნდებოდა, ისეთი სოციალისტური ხედვები იყო, რის განხორციელება მართლაც შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში 20-მდე ქვეყნის კონსტიტუცია თარგმნეს, რომ ზუსტად გაეგოთ, რა იქნებოდა საუკეთესო საქართველოსთვის,“ – აღნიშნავს ირაკლი ირემაძე.
„საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო…“ – ასე იწყებოდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის პირველი მუხლი. საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს.
__
მთავარი ფოტო: სახლი ბათუმში, სადაც პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა
10 წლის გოგო, რომელიც დღეს, 30 იანვარს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ავარიული შენობის ერთ ოთახში დედასთან, ვიოლა გვაძბაიასთან ერთად ცხოვრობდა. დაშავებულია დედაც. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფიო კეკუას თქმით, ბავშვს გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს, ის შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგივე მდგომარეობაშია დედაც.
სოფიო კეკუას ინფორმაციით, ვიოლა გვაძბაია მარტოხელა დედაა და მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდა, შვილთან ერთად ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს. ამავე შენობაში ცხოვრობს მისი ძმის ოჯახიც. სწორედ ის სახლი დაინგრა დღეს, რომელშიც მათი ოჯახები იყო შესახლებული:
„დევნილები არიან და 27 წელია ამ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ.“
ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფია კეკუას ინფორმაციით, დაზარალებული ქალის ძმის ოჯახმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ ბინა მიიღო, თვითონ კი ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა:
„შვილისთვის ელემენტარული საჭიროებები რომ დაეკმაყოფილებინა, თურქეთში წავიდა სამუშაოდ დედასთან ერთად. რადგან ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა, ისიც წაიყვანა. ამიტომაც ადგილზე არ იმყოფებოდა, როცა სამინისტროდან შემოწმებაზე იყვნენ მოსულები და ბინაც აღარ მისცეს. მინდობილობა ჰქონდა ძმისთვის დატოვებული, მაგრამ მაინც უარი უთხრეს. მთავრობის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ – ძმასთან იცხოვრეო. ძმას თავისი ოჯახი აქვს.
შენობის ის ნაწილი ჩამოინგრა, სადაც ეს დედა-შვილი ცხოვრობდა, ბავშვს ეძინა და გადარჩა იმით, რომ მატრასი დაეცა. სანამ ეს საშინელება არ მოხდა, 25 წლის მარტოხელა დედა იმის გამო არ დააკმაყოფილა დევნილთა სამინისტრომ ბინით, რომ ლუკმა-პურის ფულის საშოვნელად თურქეთში იყო სამუშაოდ წასული.“
სოფია კეკუას ინფორმაციით, ვიოლა გვაძბაიას დევნილთა სამინისტრომ კომპენსაციის სახით 17 000 ლარის გადახდა შესთავაზა, რომელიმე სოფელში სახლის შესასყიდად.
„ეს თანხა, ფაქტობრივად, არაფერია, დოლარში რომ გადაიყვანო 5 ათასი დოლარი გამოდის. ამ თანხით ვერაფერს შეიძენ, ამიტომაც ვეუბნებოდით, რომ არ დათანხმებოდა სამინისტროს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში იყო და მაინც დასთანხმდა. სახლიც მას უნდა მოეძებნა, განცხადება გაგზავნილი ჰქონდა დაფინანსება რომ მიეღო, თუმცა ჯერ არ მიუღია. ახლა ალბათ ვერაფრის მოძებნას ვეღარ შეძლებს. ვითხოვთ კატეგორიულად, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილოს მარტოხელა ქალი“, – ამბობს სოფია კეკუა.
ადგილობრივი გამოცემის – Livepress.ge-ის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ. როგორც გამოცემასთან ერთ-ერთმა დევნილმა, მედეა გერგედავამ განაცხადა, შენობას ავარიულობის სტატუსი 2014 წელს ჰქონდა მინიჭებული.
გამოცემის ინფორმაციით, ზუგდიდის მერი, გიგა ფარულავა ამბობს, რომ აღნიშნულ შენობაში 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ახალი საცხოვრებლით იყვნენ დაკმაყოფილებულები. 10 წლის მოზარდის ოჯახი კი “სოფლად სახლის” პროგრამაში იყო ჩართული, რომლის ფარგლებშიც ისინი ახალი საცხოვრებლით რამდენიმე დღეში უნდა დაეკმაყოფიილებინათ.
ქობულეთის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ორი წევრის, ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქმის წარმოებას იწყებს.
თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მისი დასრულების ვადამდე შეიძლება შეუწყდეს თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიძე განმარტავს, ისინი ექვსი თვეა რაც სხდომებზე არ გამოჩენილან და არც საკრებულოს სხვა საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას.
„ჩემთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა უკვე გავიდა, რაც საკრებულოს წევრები არ გამოჩენილან. როდესაც ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ბიუჯეტს, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ექვსი თვე ისინი არ გამოჩენილან და არც რაიმე უცნობებიათ, ახლა შემოიტანეს წერილი ბოიკოტზე, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – გვითხრა დავით მჭედლიძემ.
ბონდო თედორაძის თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, ის საპროტესტო აქციებზე იმყოფება და ბოიკოტის რეჟიმშია. ის აცხადებს, რომ ამის შესახებ მან და მისმა კოლეგამაც საკრებულოში შეტყობინება უკვე გააგზავნეს.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანია დაიწყეს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე ყურადღების გამახვილების მიზნით. კამპანიის ფარგლებში სტუდენტებმა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #6-ში, მე-6 საჯარო სკოლასთან ზებრა გადასასვლელი გააფერადეს.
„თამაშის, კლასობანას სტილში მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი. ჩანაფიქრი იყო ის, რომ ზებრა გადასასვლელმა ყველა ასაკის ბავშვის ყურადღება მიიქციოს და სწორედ ამ გადასასვლელით ისარგებლონ. ჩვენი მიზანია მათ ქვეცნობიერში აისახოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ზებრა გადასასვლელი უნდა გამოიყენონ“, – გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ინაიშვილმა.
მათ უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ფეისბუქზე სპეციალური გვერდიც შექმნეს. ამ გვერდის საშუალებით მათ გააკეთეს ე.წ. ჩელენჯი, ანუ გამოწვევა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების შესწავლას. აქციის ორგანიზატორები ქვეითად მოსიარულეებს მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ საგზაო უსაფრთხოების წესები და ზებრა გადასასვლელით ისარგებლონ.
30 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი; კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია – 3 პაციენტი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ბოლო 24 საათში კიდევ 676 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 11 პაციენტი.
30 იანვრის დილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა ჯამში – 257632, მათათ შორის გამოჯანმრთელებული – 248 537, ხოლო ვირუსს სულ 3 159 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 19 989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13126, PCR ტესტით – 6863
ქვეყანაში ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 530, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2694, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 311 პირი.
ბათუმში, ანგისის დასახლებაში, 35 წლამდე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია TV 25 -მა გაავრცელა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, კომპანია “სუპერ გრუპს” ეკუთვნის.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია “სუპერ გრუპს” სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ერთხელ თავადაც მიუთითა, თუმცა, საქმისწარმოება გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების შემდგომ შეწყდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 – ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
რა ნიშნით ესხმოდნენ თავს სოციალურ მედიაში ქალ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში, დარღვევების რა სისტემური თავისებურებები გამოვლინდა, ვინ მიმართავდა ყველაზე ხშირად სექსისტური სიძულვილის ენას და რომელი ქალი პოლიტიკოსები ხდებოდნენ უმრავლეს შემთხვევაში მორალური, გონებრივი თუ გარეგნული ნიშნით თავდასხმის სამიზნეები.
28 იანვარს სწორედ ამ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს 2020 წლის 4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
სექსისტური სიძულვილის ენა და სტერეოტიპიზაცია
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სექსიზმის და სტერეოტიპიზაციის 308 შემთხვევა. ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ როგორც პოლიტიკური კუთვნილების და ქმედების (187 შემთხვევა), ასევე გენდერული იდენტობის გამო (109 შემთხვევა);
წყაროები, რომლებიც სექსისტური სიძულვილის ენას და სტერეოტიპიზაციას მიმართავდნენ
ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენას და სტერეოტიპიზაციას, უმრავლეს შემთხვევაში, იყენებდნენ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული და ასოცირებული გვერდები, საჯარო ჯგუფები და ინდივიდუალური ფეისბუქანგარიშები. კერძოდ:
მმართველი პარტიის მხარდამჭერი ანგარიშები
ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტებელი ანგარიშები
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ანგარიშები
ხელისუფლების მადისკრედიტებელი ანგარიშები
„ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებული ანგარიშები
„პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ანგარიშები
„ქართულ მარშთან“ დაკავშირებული ანგარიშები
ანტილიბერალურ ჯგუფებთან დაკავშირებული ანგარიშები
პროპაგანდისტული ანგარიშები, სადაც გაერთიანებულია ის პლატფორმები, რომლებიც, სხვადასხვა კვლევის თანახმად, როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკის საკითხებზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებენ
კრემლთან დაკავშირებული ანგარიში
სხვადასხვა
ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტებელი გვერდები საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად ესხმოდნენ თავს ქალ პოლიტიკოსებს მორალური კრიტერიუმებით, გონებრივი შესაძლებლობების, გარეგნული მახასიათებლების ნიშნით; იყო გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვისა და ეიჯიზმის შემთხვევები.
ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას მორალური კრიტერიუმების საფუძველზე აყენებდნენ
მორალური კრიტერიუმების საფუძველზე პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფა ყველაზე ხშირი შემთხვევა იყო კვლევისას (115 შემთხვევა), რასაც თითქმის თანაბარი სიხშირით მოსდევდა გონებრივი შესაძლებლობების (57) და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა (56). რაოდენობრივად ოდნავ ნაკლები იყო გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა (52).
მორალური კრიტერიუმებით თავდასხმებში გამოიყენებოდა სექსისტური სიძულვილის ენის ფორმა, რომელსაც slut-shaming-ი ანუ „სლატშეიმინგი“ ეწოდება. სლატშეიმინგი სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს და მას იყენებდნენ ადრესატების გასაკიცხად სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო. პოლიტიკის სფეროში სლატშეიმინგს ქალის სექსუალურ ობიექტად წარმოსაჩენად იყენებენ.
ეს მომდინარეობს იმ სტერეოტიპული და დისკრიმინაციული შეხედულებიდან, რომლის თანახმადაც პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, ამისთვის საჭირო უნარები აკლია და თუ ქალი მაინც არის პოლიტიკაში, ის კაცი პოლიტიკოსის „პროტეჟეა“, რაშიც ძირითადად „საყვარელი“ იგულისხმება. ამ სტერეოტიპული შეხედულებების საფუძველზე „საფარმა“ შეიმუშავა „სლატშეიმინგის“ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ინდიკატორი „ვინმეს ქალი“, რომელიც „კაცი პოლიტიკოსის საკუთრებად ქალი პოლიტიკოსის ნებისმიერი ფორმით მოხსენიებას“ ნიშნავს. ამ ფორმით განსაკუთრებით ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ქალ წევრებს მოიხსენიებდნენ.
გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფისა და დაცინვის სამიზნეები საანგარიშე პერიოდში იყვნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელზეც თავდასხმები გახშირდა მას შემდეგ, რაც ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.
გარეგნული მახასიათებლების ნიშნით ქალების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ ისეთი ფოტოების გამოქვეყნებით, რომლებზეც ქალები გაავებული სახის გამომეტყველებით არიან წარმოჩენილნი. ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა სწორედ ასეთი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა საკუთარ პროფილზე.
სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ
სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული დისკრიმინაციის ადრესატებს შორის თანაბარი რაოდენობით იყვნენ „ქართული ოცნების“ (7) და „ნაციონალური მოძრაობის“ (7) წარმომადგენლები, რომლებსაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები (5) მოსდევდნენ.
დარღვევების რაოდენობის მიხედვით, სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ (95 შემთხვევა), „ნაციონალური მოძრაობის“ (80) და „ქართული ოცნების“ (29) წარმომადგენლები.
კონკრეტული ადრესატების მიხედვით კი, სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპიზაციის ყველაზე ხშირი სამიზნე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა (54 შემთხვევა).
დისკრედიტაციის კამპანიები
საანგარიშო პერიოდში კამპანიური ხასიათი ჰქონდა თავდასხმებს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე, რაც მის პოლიტიკურ აქტივიზმს უკავშირდებოდა.
ელენე ხოშტარიას მონაწილეობამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაში, ბიძგი მისცა მის წინააღმდეგ კამპანიის აგორებას.
დეზინფორმაციის გზით ხოშტარიას დისკრედიტაციის კამპანია 30 ნოემბერს მანიპულირებული ფოტოს გავრცელებით დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტებელმა ფეისბუქგვერდებმა [სექტა, მეხუთე რეიხი, რეალობა, მიხეილ უკრაინოლოგი და ანტილიბერალური დოქტრინა] და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა [გაბრიელ კამაევი, Oboladze Gia, Mindo Mandela და Nino Labartkava] გაავრცელეს ფოტო, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარია თითქოს პოლიციელს სახეში პულვერიზატორით საღებავს ასხამს.
სინამდვილეში, ხოშტარია კედელზე პულვერიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რაშიც მას პოლიციელები უშლიდნენ ხელს. მას პულვერიზატორი კედლისკენ ჰქონდა მიმართული და არა პოლიციელის სახისკენ.
„რეალობას“ პოსტს 39, ხოლო „მიხეილ უკრაინოლოგის“ პოსტს 34 გაზიარება ჰქონდა. პოსტების კომენტარების უმეტესობა ელენე ხოშტარიას მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი იყო.
პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას წინააღმდეგ კამპანია სტერეოტიპული გენდერული როლების ნიშნით დაიწყო.
შეხვედრაზე ეკა ბესელიასა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს შორის კერძო საუბარს სოციალურ ქსელში „ფლირტის“ ინტერპრეტაცია მიეცა და ვიზუალური მანიპულაციების ტალღა მოჰყვა. 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, „სექტას“ პოსტს 440 რეაქცია, 184 კომენტარი და 92 გაზიარება ჰქონდა, „მეხუთე რეიხის“ პოსტს კი – 46 რეაქცია და 23 კომენტარი.
გამოვლინდა დეზინფორმაციის გზით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის 3 შემთხვევა, რაც მის გენდერულ კუთვნილებას უკავშირდებოდა.
შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია
შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის დიაპაზონი მერყეობდა სექსისტური კონოტაციით ნათქვამი ნორმატიული ლექსიკიდან უცენზურო, უხამს ლექსიკამდე. ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ ტერმინს ხშირად არ იყენებდნენ.
კანონმდებლობის კრიტიკა
გამოიკვეთა იმ კანონმდებლობის კრიტიკის ტენდენცია, რომელიც ხელს უწყობს ქალთა უფლებების გაძლიერებას, ძალადობისგან ქალების დაცვას და ზოგადად, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას.
ვიზუალური მანიპულაცია
ქალი პოლიტიკოსების შეურაცხყოფის და დაცინვის მიზნით გამოიყენებოდა ფოტო და ვიდეომანიპულაციები. გამოვლინდა ფოტომანიპულაციის გზით დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელთა მიზანი პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაცია იყო.
პროექტი „გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ „საფართან“ პარტნიორობით ახორციელებს.
მონიტორინგის მიზანია გამოავლინოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, სოციალურ ქსელებში, ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტის ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური, სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებული კამპანიები.
კვლევა, ისევე როგორც გენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ხელმისაწვდომია ახალ ვებგვერდზე www.genderbarometer.ge, რომელიც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილებასა და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო როხვაძემ 13 მოქალაქისა და ორგანიზაცია „ბათომის“ საჩივარი „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო იქამდე, ვიდრე თითოეული მოსარჩელე არ გადაიხდის ბაჟის მოსაკრებლის სახით 100-100 ლარს. სარჩელით სასამართლოს 14-მა მოქალაქემ მიმართა.
განჩინების მიხედვით, ბაჟი თოთხმეტივე მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს, რადგან სარჩელის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ზიანი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ადგება.
„სარჩელში მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული აქტებით დამოუკიდებლად ადგებათ ზიანი მათ ინტერესებს“, – წერია მოსამართლის განჩინებაში.
ბაჟი არაქონებრივ დავაზე 100 ლარია, მოცემულ შემთხვევაში სარჩელს თან ერთვის 150 ლარის გადახდის ქვითარი. მოსამართლე მიიჩნევს, რომ დამატებით საჭიროა 1250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება თითოეული მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე. ხარვეზის გამოსწორებისთვის მან მოსარჩელეებს ათდღიანი ვადა მისცა. ამ ვადაში თუ ისინი შესაბამის ქვითარს არ წარადგენენ, მოსამართლე საქმეს წარმოებაში არ მიიღებს.
ხარვეზის დასაბუთება გაუგებარია საიას იურისტის, გიორგი ანთაძისთვის. ის რივიერაზე მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინტერესებს იცავს სასამართლოში. „ეს არ შეესაბამება არც სამოქალაქო საპროცესო სამართალს და არც ადმინისტრაციულ სამართალს“, – განმარტავს იურისტი და დასძენს, რომ 150 ლარიდან ასი ლარი უშუალოდ აქტის ბათილად ცნობისთვის გადახდილი თანხაა [ამას სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი არაქონებრივი დავის შემთხვევაში ითვალისწინებს], 50 ლარი კი უზრუნველყოფის ღონისძიების.
„სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად დაყენებული გვაქვს მოთხოვნა, რომ სანამ სასამართლო დავა დასრულდება, შეჩერდეს მშენებლობის ნებართვის მოქმედება და მშენებელს აეკრძალოს სამშენებლო სამუშაოების დაწყება, სანამ სასამართლო გაარკვევს სარჩელის საფუძვლიანობას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ მანამდე [დავის დასრულებამდე] ააშენებს ინვესტორი შენობას, ის, რომ დღეისათვის შეუსწავლელია თუნდაც გარემოზე ზემოქმედება, ურბანული და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები… ფაქტობრივად გამოვა, რომ ილუზორული იყო ჩვენი დავა და რეალურ შედეგს ვეღარასოდეს მივიღებთ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორად იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ეს სრულ შესაბამისობაში იყო სასამართლოების პრაქტიკასთან. ყოველთვის თუნდაც მთელი დასახლების მოსახლეობა ყოფილიყო მოსარჩელე, ვინაიდან ერთ საქმეს უკავშირდებოდა, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს 100 ლარის გადახდას. აქ, ფაქტობრივად, მოსამართლემ შემოგვთავაზა პრაქტიკისგან განსხვავებული განჩინება“, – განმარტა გიორგი ანთაძემ.
იურისტი მიიჩნევს, რომ განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. თუმცა გასათვალიწინებელია ისიც, რომ მისი გასაჩივრება დავის დაწყების პროცესს დროში მნიშვნელოვნად გააჭიანურებს. ამიტომაც მოსარჩელეები ბაჟის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდას გეგმავენ. ამაში მათ საია დაეხმარება.
განჩინების მიხედვით, სარჩელის შინაარსობრივ მხარეზე მოსამართლეს პრეტენზია არ აქვს.
____
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე 13 მოქალაქისა და ორგანიზაცია „ბათომის“ სარჩელი სასამართლოში 22 იანვარს შეიტანა. საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“ საიას დახმარებით შეიტანეს.
2019 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.
განაშენიანების გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეითანხმა მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზე დაყრდნობითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა.
საიას განცხადებით საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.
ავტორი: მინდია ფუტკარაძე, ბათუმის მეორე საჯარო და ქართულ-ამერიკული სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
__________________________
„რატომ? რატომ? რატომ არ მიშვებენ სკოლაში?“ – მომწერა სოციალური ქსელის საშუალებით ჩემმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ.
ერთი თვეც და 1 წელი გახდებოდა, რაც ონლაინგვიწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი რა რთული იყო, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
დამერწმუნეთ, ეს იგივეა, რომ მექოთნემ ონლაინ ასწავლოს შეგირდს თიხისგან ჭურჭლის დამზადება. მოგვიწია სკოლისთვის დამახასიათებელი განცდების, ურთიერთობების და ემოციების გადატანა კომპიუტერის ეკრანზე, რაც ძალზე რთული აღმოჩნდა.
ორშაბათს სწავლა იწყება, საკლასო ოთახში, პირისპირ მოსწავლეებთან.
ერთი წელი ველოდებოდით ამ დღეს. ვოცნებობდით ისევ იმ ჟრიამულსა და ჩახუტებაზე, რაც ერთი წლის წინ სკოლის კედლებში დავტოვეთ, იმ სასიამოვნო განცდებზე, რასაც ერთმანეთთან ურთიერთობით ვიღებდით.
ახლა კი რა ხდება? დღეს ბოლო ონლაინგაკვეთილი ჩავატარე. წესით, სიხარულისგან უნდა დავფრინავდე, მაგრამ გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს, მიხარია კი სკოლის დაწყება? ამ დღეზე დიდი ხანი ვოცნებობდი, ახლა კი შერეული განცდები და ბევრი უპასუხო შეკითხვა მაქვს, საკუთარ თავთან და მოსწავლესთანაც, რომელსაც აინტერესებს, რატომ არ უშვებენ სკოლაში.
თქვენ როგორ აუხსნიდით მეოთხეკლასელს, თუ რატომ არ უშვებს მას მშობელი სკოლაში?! ის დიდი ხანი ელოდა ამ დღეს, სურს მეგობრების ნახვა, გართობა, თამაშით სწავლა, იქ კი სულ სხვა სკოლა ელოდება, სკოლა, სადაც ჩაკვდა ჯგუფური აქტივობები და ნივთების გაზიარებაც კი.
ეს ახალი რეალობაა, სადაც მე მოსწავლეებიდან ორი მეტრის მოშორებით, პირბადით უნდა ვიდგე, უნდა დავიცვა დისტანცია ჩემი და მათი უსაფრთხოების გამო. როგორ ავუხსნა მეოთხეკლასელს ის, რომ ონლაინგაკვეთილები დასრულდა და უკვე სკოლაში ველოდები, მან კი იცის, რომ სკოლაში ვერ მოვა, რადგან არ უშვებენ.
არდადეგები არ დაწყებულა, მაშ რა დაიწყო მისთვის? მისთვის ახლა არც არდადეგებია, არც ონლაინსწავლა და არც სკოლა!
პანდემიის პერიოდში ვინც ვერ შეძლო ონლაინსწავლა, ამას ვნერვიულობდით, ახლაც გვაქვს სადარდებელი, რომელსაც ვერ ვუძებნით გამოსავალს.
ვინ არის პასუხისმგებელი იმ ბავშვების განათლებაზე, რომლებიც სკოლაში ვერ მოდიან?! მათ ონლაინგაკვეთილებიც აღარ აქვთ, ის ერთადერთი გამონათება, რაც ასულდგმულებდათ პანდემიის ჟამს. ვერ მიდიან სკოლაში და თან არ იციან რატომ. ასეთი ბავშვების რაოდენობა ძალზე ბევრია, მე მადარდებს მათი ბედი.
ვინ აგებს პასუხს, სამინისტრო, მშობელი თუ მასწავლებელი?
ვინ უპასუხებს შეკითხვას?
მე პასუხი არ მაქვს და ასე უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვით ველოდები ორშაბათს, რომელიც არ ვიცი, რას მოგვიტანს.
საინტერესოა, ნაადრევად დადგება გაზაფხული თუ ისევ გაგრძელდება ზამთრის გრძელი და მოსაწყენი „არდადეგები“?!
„თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ“, – განაცხადა დღეს, 29 იანვარს, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ. მინისტრის მოადგილემ დღეს იმაზე ისაუბრა, რომ მშობლებს უფლება ეძლევათ აირჩიონ, ონლაინში გააგრძელებენ მათი შვილები სწავლას, თუ სკოლის შენობაში.
მისი თქმით, ბავშვები ონლაინფორმატში სწავლას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუკი ამისთვის რაიმე მიზეზი არსებობს. მასწავლებლებს კი დამატებით ჩატარებული საათები აუნაზღაურდებათ.
იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს სწავლა, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.
თუმცა, როგორც დგებუაძე აცხადებს, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.
„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე“, – აცხადებს ეკა დგებუაძე.
განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრო პირველ თებერვალს საკლასო ოთახებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ბავშვებს დამატებით შესაძლებლობასაც სთავაზობს.
კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
„თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს“, – აცხადებს დგებუაძე.
დგებუაძის თქმით, მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.
ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების და კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი.
ასევე, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.
დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.
რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას კორონავირუსზე, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.
სამინისტროს ცნობით, სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: labour.moh.gov.ge
2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS)-ის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო – 500 ქულას.
მეოთხეკლასელების მიღწევები:
მათემატიკა – 482 ქულა;
ბუნებისმეტყველება – 454 ქულა;
მერვეკლასელების მიღწევები:
მათემატიკა – 461 ქულა;
საბუნებისმეტყველო საგნები – 447 ქულა.
ეს მონაცემები ნიშნავს, რომ 2017-2018 წელს გამოქვეყნებული PISA-ს კვლევების შემდეგ საქართველოს მაჩვენებელი მათემატიკაში დაახლოებით 84 ქულით არის გაუმჯობესებული, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 64 ქულით.
მეოთხე კლასის დონეზე, მათემატიკის მიღწევებში რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს უსწრებს სომხეთი 16 ქულით. ევროპული ქვეყნებიდან საქართველო 3 ქულით საფრანგეთს ჩამორჩება. ხოლო ბუნებისმეტყველებაში საქართველო საერთაშორისო საშუალო დონით 9 ქვეყანას ჩამორჩება, მათ შორის სომხეთს.
საქართველო TIMSS-ის 2019 კვლევის შედეგებში.
მერვეკლასელების მიღწევები მათემატიკაში
აქ საქართველო 26 ქვეყანას ჩამორჩება მიღწევებით. მათ შორის, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და ისეთი ქვეყნების გვერდითა დგას, როგორიცაა: მალაიზია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ყატარი, ჩილე და ასე შემდეგ.
ამ საგნებში საქართველო ჩამორჩება მალტას, ბაჰრეინს, ყაზახეთს, ალბანეთს, ჩილეს, სომხეთს, არაბეთს და ბოსნია ჰერცოგოვინას; უსწრებს მონტენეგროს, ყატარს, ირანს, აზერბაიჯანს, კოსოვოს, საუდის არაბეთს და სხვებს.
მიღწევები სქესის მიხედვით
2019 წლის მონაცემებით, მეოთხეკლასელი ბიჭების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატება გოგონების მიღწევებს, თუმცა საქართველო იმ 3 ქვეყანას შორის მოხვდა (სამხრეთ კორეა, მალტა, საქართველო), სადაც ეს განსხვავება ყველაზე მცირეა.
მიღწევები სკოლის სტატუსის მიხედვით
2019 წლის მონაცემებით, მათემატიკაში კერძო სკოლების მიღწევები კვლავ აღემატება საჯარო სკოლების შედეგებს, თუმცა თვალსაჩინოა, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა მცირდება.
2019 წლის შედეგებით კერძო სკოლების მიღწევები საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია/დედამიწათმცოდნეობა) კვლავ აღემატება საჯარო სკოლების მიღწევებს, თუმცა კერძო და საჯარო სკოლებს შორის მიღწევებში სხვაობა მცირდება.
მიღწევები ქალაქად და სოფლად
2019 წლის მონაცემებით, სოფლად მცხოვრებმა მეოთხეკლასელებმა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მიღწევები.
2017 წლის შემდეგ პირველად, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის არსებული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის და ეს სხვაობა მცირდება.
აღნიშნულ კვლევაში არ არის მოყვანილი წაკითხულის გააზრების კომპონენტი, სადაც საქართველოს 2017-2018 წლის კვლევებით 380 ქულა აქვს.
ამერიკელმა სენატორმა ვერმონტის შტატიდან, ბერნი სანდერსმა 1,8 მილიონი დოლარი შეაგროვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტოს გამოყენებით, რომელზეც სანდერსს ნაქსოვი, თბილი ხელთათმანები უკეთია.
კერძოდ, ამ ფოტოს გამოსახულებით სანდერსმა თავისი ვებგვერდის საშუალებით ზედატანები გაყიდა. ზედატანების ფასი 27 და 45 დოლარი იყო.
სანდერისის ვებგვერდზე ჩანს რომ ამ ეტაპზე ზედატანები გაყიდულია
მედიის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ 1,8 მილიონ დოლარს სანდერსი ვერმონტის შტატის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.
79 წლის სენატორი, ბერნი სანდერსი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა ჭრელი, თბილი ხელთათმანის გამო, რომელიც სენატორს ინაუგურაციაზე ეკეთა.
სანდერსის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო ინტერნეტში ათასობით მემეს შთაგონების წყარო გახდა. გაირკვა, რომ სენატორს ჭრელი ხელთათმანი სკოლის მასწავლებელმა, 42 წლის ჯენ ელისმა მოუქსოვა ვირჯინიას შტატიდან.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს, 29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში, სადაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას გეგმავს, ბულვარის შემადგენლობაში არ შედის.
როგორც ჩანს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არც ისე კარგად აქვს შესწავლილი საკითხი, რომელიც ბათუმში საზოგადოებას აღელვებს და პროტესტს აქციაზეაფიქსირებს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამავდროულად ამტკიცებს, რომ ამ საკითხზე თავისი ამომრჩევლის პოზიციის შესახებ კარგად იცის:
„ვიცი, ჩემთვის ყველა წვრილმანი ცნობილია,“ – გვითხრა მან.
საკრებულოს თავმჯდომარე დღეს აპელირებდა, რომ დასკვნა იმის შესახებ, რომ ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება შესაძლებელია, სპეციალისტებმა მოამზადეს და ის, როგორც არასპეციალისტი, ამის წინააღმდეგ ვერ წავა. როგორც სულიკო თებიძემ გვითხრა, ეს არის მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის და მოქალაქის პოზიცია:
„,ყველა მიმართულებით ვერ იქნები სპეციალისტი, რომ დასკვნა გააკეთო, მე ვენდობი და გვერდში დავუდგები ყოველთვის შესაბამისი სპეციალისტების დასკვნას. თემა განხილული იყო შესაბამისი სპეციალისტების მიერ და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია – ეს არ არის ცათამბჯენი, მე ყველა სპეციალობით არა ვარ ჩახედული, მაგრამ ვენდობი და ვეყრდნობი შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს“.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა ისიც, რომ არის საკითხები, რომლებიც „არც მას მოსწონს“, თუმცა არ დაგვისახელა, კერძოდ რა არ მოსწონს.
„ჩემთან გამოვიდა საკითხი, რომელზეც კომპეტენტური არ ვარ, როგორ უნდა წავიდე მე ცნობილი სპეციალისტების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა სულიკო თებიძემ.
შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. პროექტის ოთხი სართულიდან 16 სართულამდე გაზრდას მხარი დაუჭირა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ, სააგენტოს დირექტორმა კი შესაბამისი დასკვნა გასცა.
ამ მშენებლობას ბათუმში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიანდა ბულვარის, როგორც ძეგლის ხელყოფად აფასებენ. ორგანიზაცია „ბათომი“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ბათუმში მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 28 იანვარს, გარდაიცვალა.
მოზარდის გარდაცვალებას ადასტურებს იმ სკოლის დირექტორიც, სადაც ბიჭი სწავლობდა.
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მოზარდს კორონავირუსი ჰქონდა. მას ასევე ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებაც, რაც, სავარაუდოდ, გართულდა კორონავირუსის გამო.
დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა.
პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება:
მათ შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით;
გაიარონ 8-დღიანი თვითიზოლაცია;
თვითიზოლაციის ნაცვლად შემოსვლიდან მესამე დღეს ჩაიტარონ კიდევ ერთი PCR ტესტი.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, ორი სრული დოზის დამადასტურებული დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოში შემოსვლა შეეძლება ყველა ქვეყნის მოქალაქეს.
„რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და, ასევე, ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმართავენ ავიაკომპანიებს, თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის დამადასტურებული პასუხი ან ვაქცინაციის დამადასტურებული დოკუმენტი.
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მოადგილედ აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქამდე ლაშა სირაბიძე იყო, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით.
ნატალია ზოიძის ამ თანამდებობაზე არჩევას საკრებულოს 17-მა წევრმა მისცა ხმა.
საკრებულოს სხდომა
ნატალია ზოიძე აქამდე ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო. ჯერჯერობით ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტურია.
დღეს, ასევე, საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. ამ პოსტს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით მახარაძე დაიკავეს. ეს პოსტი ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც თანამდებობა დაატოვებინეს თემურ კახიძეს, მას შემდეგ, რაც ის „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა.
დავით მახარაძე, საკრებულოს წევრი. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს მოქალაქეებს. მათ უთხრეს, რომ დღეს სხდომაზე დასასწრებად სპეციალური საშვი გუშინ უნდა აეღოთ, თუმცა საკრებულოს რეგლამენტი საშვის აღებას სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე ითვალისწინებს. შესაბამისად, დღეს ამ გადაწყვეტილებით საკრებულომ რეგლამენტი დაარღვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 29 იანვრის 21 საათიდან 30 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა – ზოგან დროგამოშვებით წვიმა.
მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22მ/წმ-დე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 31 იანვარს დღისით მოსალოდნელია ზოგან წვიმა,მაღალმთაში – თოვა,მომდევნო 2 დღეს კი, 1-2 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მისცემს რჩევებს თორნიკე რიჟვაძეს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის რომელიმე თავმჯდომარეს, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია.
„ახალი წლიდან დავინიშნე, დამირეკეს და მითხრეს, რომ გვინდა, აქ იყოო… ჩემი ხელფასი დაახლოებით 1800 ლარია, თუ რაღაც ეგრე, პირველი ხელფასი უკვე ავიღე,“ – აღნიშნა დღეს, 29 იანვარს, ჟურნალისტებთან მუხრან ვახტანგაძემ. მას ასევე ვკითხეთ, რა რჩევა მისცა უკვე თორნიკე რიჟვაძეს.
„პირველი, მეორე და მეათე არის ის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს ვემსახურები, ამაში რამე უკანონოა? ახალი წელია და გვაცალეთ მუშაობა,“ – გვიპასუხა მუხრან ვახტანგაძემ.
მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნებიდან“ იყო პარლამენტში როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი.
დღეს მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სპორტსკოლასთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებას თუ დაჭრას იმის გამო, რომ მას რომელიმე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. მუხრან ვახტანგაძემ დღეს ბრიფინგი ქართული ჭიდაობის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტთან – ჯემალ წულუკიძესთან და თავისუფალი ჭიდაობის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტთან ანზორ ლაზიშვილთან ერთად გამართა. ამ პირებმაც დღეს ჟურნალისტებთან იგივე თქვეს, რაც ყოფილმა პარლამენტარმა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მუხრან ვახტანგაძეს თავისუფალი ჭიდაობის წარმომადგენელი მინდია წულუკიძე დაუპირისპირდა.
„მე არ ვიცი, რას ეძახით თქვენ კონფლიქტს. სპორტსმენებს ხმამაღალი საუბარი გვიყვარს და შესაძლოა, ეს აღიქვა ვიღაცამ დაპირისპირებად… ჩვენ შეხვედრები გვაქვს ყოველ დღე, ეს არის სპორტული ოჯახი…,,“ – გვიპასუხა მუხრან ვახტანგაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაპირისპირების დროს მუხრან ვახტანგაძე დაჭრეს. ის ამ ინფორმაციას უარყოფს.
„შესაძლოა, მიქელანჯელოსავით სიმპათიური არ ვიყო, მაგრამ შეგიძლიათ შემამოწმოთ,“ – დასძინა მან.
სოფელ ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი – მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება გასული წლის დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის გახსნას მოჰყვა. ბუკნარში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მუსლიმური სალოცავის გახსნას. 2021 წლის 15 იანვარს კონფლიქტი სოფელში ფორმალურ დონეზე ამოიწურა – სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ და შერიგდნენ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბუკნარში მუსლიმი თემი სკოლის მასწავლებლების როლს კონფლიქტის გამწვავების კუთხით უარყოფითად აფასებს.
„მათი [სოფელში მცხოვრები მუსლიმი თემის] თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტამდე სკოლაში არ ყოფილა ღია ინდოქტრინაციის ან მიზანმიმართული პროზელიტიზმის ფაქტები, ცალკეული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები მუსლიმი მოსწავლეების წარმატებების აღიარების კუთხით, ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდან, წინა წლებშიც შეინიშნებოდა.
თუმცა ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა მუსლიმი ოჯახების ნაწილი იმაზეც დააფიქრა, რომ თავიანთი შვილები ბუკნარის სკოლაში სასწავლებლად არ გაეშვათ.
სკოლის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და პროტესტი სოციალურ ქსელებში მუსლიმების მიმართ შეურაცხმყოფელმა პოსტებმა გამოიწვია, რომელსაც, ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები ავრცელებდნენ ან/და მხარს უჭერდნენ.
ფეისბუქპოსტები თათრებისგან/გათათრებისგან „ქრისტიანული სოფლის“ დაცვის მოწოდებებს შეიცავდა.
მუსლიმების აზრით, სოციალურ ქსელებში გაჩენილი ეს მოწოდებები სოფელში სალოცავის ამოქმედების შემდეგ გაჩნდა. მათი მისამართით გამოყენებული ტერმინი „თათარი“ მუსლიმებმა შეურაცხყოფად მიიღეს და მათთვის ასევე გაუგებარი დარჩა, თუ რატომ იყო სოფელი მათგან დასაცავი. მასწავლებლების ან სკოლის დირექტორის მხრიდან, თავიანთ პრეტენზიებზე მათ ადეკვატური პასუხი არ მიუღიათ“ – ვკითხულობთ EMC-ის მიმოხილვაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს მთავრობას, მათ შორის, განათლების სამინისტროს. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ საჭიროა სპეციალური გაიდლაინები შეიმუშაოს საჯარო სკოლებში თანასწორი გარემოს შესაქმნელად.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:
შეისწავლოს ბუკნარის სკოლაში გაუცხოების შემქმნელი ვითარების მიზეზები და მიიღოს ყველა ზომა მათ აღმოსაფხვრელად;
შეიმუშაოს სპეციალური გაიდლაინები და პროგრამები საჯარო სკოლებში მულტიკულტურული, თანასწორი გარემოს შესაქმნელად, და აღნიშნული პროგრამები პირველ რიგში კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემების სკოლებში დანერგოს,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა; გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება; შეიმუშაოს და განახორციელოს სოფელ ბუკნარსა და რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების მქონე ან რისკის წინაშე მდგარ თემებში სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული გრძელვადიანი სამუშაოები.
EMC მიმართავსსაქართველოს პარლამენტს – რელიგიის თავისუფლების სფეროში მთავრობის პოლიტიკა დაუქვემდებაროს საგანგებო ზედამხედველობას;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეიმუშაოს და დანერგოს რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და სათანადო რეაგირების გაიდლაინი, რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს დაეფუძნება და კიდევ უფრო გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი;
საქართველოს პროკურატურას – გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს – თავისი კომპეტენციების ფარგლებში, შეიმუშაოს თანასწორობის მხარდამჭერი პროგრამები მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ სოფლებში და გააღრმაოს თავისი თანამშრომლების ცოდნა რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მართვის სფეროში.
_________________
ბუკნარი – მუსლიმებისა და ქრისტიანების შერიგება. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
იაპონიის საელჩომ საქართველოს სასწრაფო დახმარების 4 რეანომობილი აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობა 290 500 აშშ დოლარია.
იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ექიმებს , „რომლებიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან. თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
2019 წლის ივლისში „რეანომობილის“ გაუმართაობის გამო რაჭაში, ამბროლაურში, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მაშინ სოციალურ ქსელში პეტიციაც მომზადდა რაჭისთვისრეანომობილის გადაცემის მოთხოვნით.
იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, კოვიდპანდემიასთან უკეთ გამკლავების მიზნით, იაპონიის მთავრობამ ასევე გამოყო 3 მილიონი დოლარი საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად.
ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მეშვეობით, იაპონიის მთავრობამ საქართველოსთვის გამოყო 2.5 მილიონი დოლარი. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) არსებული COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით, იაპონიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ვაქცინაციის პროცესში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის თავისუფლებას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ.
„ქალბატონო მაია,
მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, როგორიც არის „ICOMOS საქართველო“ და „ბათომის“ წევრი. შოთა გუჯაბიძე წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.
იმ ფონზე, რომ სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული საბჭოს გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდგება ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების პრინცეპებს და სრულად არის მორგებული ინვესტორების ინტერესებს, შოთა გუჯაბიძის ყოფნა აღნიშნულ საბჭოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბათუმისათვის.
ამასთანავე, გვინდა შეგახსენოთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მონაწილეობა გახლავთ ხელისუფლების ვალდებულება, რაც გამყარებულია ეროვნული კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული უმნიშვნელოვანესი კონვენციებით.
ამდენად, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვის სფეროში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები შოთა გუჯაბიძისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ვაფასებთ, როგორც დისკრიმინაციის ფაქტს, მისი განსხვავებული პოზიციის გამო და საბჭოს სხვა წევრების დაშინების მცდელობად. ასევე, შეგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის სურვილი 2016 წელსაც ჰქონდა სააგენტოს იმჟამინდელ დირექტორს, რაც საზოგადოებრივი და სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე ვერ განხორციელდა.
ვშუამდგომლობთ, თქვენს წინაშე და იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინებთ შოთა გუჯაბიძის საბჭოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის პროფესიულ ცოდნას და რაც მთავარია მის შეუბღალავ რეპუტაციას. მიიღებთ ქალაქ ბათუმისათვის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფთ შოთა გუჯაბიძის საბჭოში ყოფნის საკითხს“.
წერილს ხელს აწერენ:
ცირა ელისაშვილი – „ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება – ტფილისის ჰამქარი“; ნატო ცინცაბაძე – „ICOMOS საქართველო“; მანანა თევზაძე – „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“; სოფიო კილასონია – „დიალოგის და განვითარების სახლი“; ნატა ფერაძე – „პარტიზანული მებარეობა“; ლალი პერტენავა – „საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა“; ნინო ჩაჩხიანი – „თბილისის არქიტექტურული ფორუმი“; ნინო გუჯარაიძე – „მწვანე ალტერნატივა“; მარინე მიზანდარი – „საქართველოს ეროვნული ფონდი“; ნინო კაზალიკაშვილი – „პლათფორმა ცვლილებებისთვის“; ილია მახარაძე – „აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭო“; ირაკლი ხვადაგიანი – „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; ნანა ბაგალიშვილი – „ცოდნის კაფე“; გიორგი მეძმარიაშვილი – „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“; გიორგი ფხალაძე – „ანას ბაღის მცველები“; ანა ტრაპაიძე – „დიღმის ჭალის მცველები“; ანა მარგველაშვილი – „სათემო განვითარების ცენტრი“. წერილის ხელმომწერები არიან ასევე: თეა გოდოლაძე, სალომე კვარაცხელია, ალექსანდრე სარალიძე, აჩიკო ქინქლაძე, თინათინ ჭავჭანიძე, შალვა ჩუგუნაძე, ანი ქავთარაძე, ცია ლაბაძე, თინიკო გოგუაძე, მაკა შენგელია, ირაკლი კიკილაშვილი, ირაკლი ჯუღელი.
დღესვე განცხადება გაავრცელა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის ბრძანება შოთა გუჯაბიძის გათავისუფლების შესახებ შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს და მიმართულია საბჭოს სხვა წევრების დაშინებისკენ, რათა მომავალში თავი შეიკავონ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისგან.
განცხადებიში ვკითხულობთ, რომ შოთა გუჯაბიძის ინტერესებს საია დაიცავს.
„სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძის სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს “მიზანმიმართულ დისკრედიტაციად” შეაფასა სააგენტოს დირექტორმა.
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო“, სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განიხილავს.
სწორედ ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, 2021 წლის 21 იანვარს, შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილებას კი შოთა გუჯაბიძე ღიად დაუპირისპირდა – გადაწყვეტილების უკანონობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებთან შეუთავსებლობის გამო.
დღეს, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, ისე, რომ არც კი მოუსმენია მისი მოსაზრებები, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც შეიცავს სავარაუდოდ დისკრიმინაციის ნიშნებს. იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო“.
განცხადებას ხელს აწერს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; დემოკრატიის ინსტიტუტი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; საზოგადოება ბათომი; მწვანე სექტორი ; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ბათუმის ოფისი.
რამდენიმე დღის წინ „ბათომმა“ ღია წერილით მიმართასაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის აგება.
ბათუმის მერია თანახმაა ზღვისპირა პირსის [რესტორანი „სანრემო“] რეკონსტრუქციის დაწყება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გადაავადოს. მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს „ხიდი 2006“-მა მერიას მიმართა წერილით, „რომელშიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარების გამო ვერ შეძლო სამშენებლო მასალების მიღება, რამაც ხელი შეუშალა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაში“.
კომპანია ითხოვს მშენებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს 2022 წლის პირველი ნოემბერი, ხოლო დასრულების ვადად – 2025 წლის 31 დეკემბერი. ბათუმის მერია არ არის წინააღმდეგი, ამ ვადების და თანხმობის მისაღებად მან საკრებულოს მიმართა. ბათუმის საკრებულო საკითხს 29 იანვარს სხდომაზე განიხილავს.
მერიასა და „ხიდი 2006“-ს შორის ხელშეკრულება ქონების იჯარით გაცემაზე 2018 წლის 18 მაისს გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბრისა და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2019 წლის 23 დეკემბერს შეთანხმებით შევიდა ცვლილება და „ხიდი 2006“-ს განესაზღვრა ახალი ვადები, კერძოდ, შეთანხმების თანახმად მშენებლობა უნდა დაეწყო არაუგვიანეს 2020 წლის ოქტომბრისა და დაესრულებინა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო „ხიდი 2006“-ს მიეცა დამატებით 4 თვის ვადა ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2021 წლის თებერვლისა და დაასრულოს არაუგვიანეს 2022 წლის 30 აპრილისა.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით და ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების და ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის „ხიდი 2006“-ს განესაზღვროს ზემოაღნიშნული გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები, კერძოდ: გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადად განისაზღვროს – არაუგვიანეს 2022 წლის 1-ლი ნოემბერი, ხოლო დასრულების ვადად – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბერი“ – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.
შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი 2019 წელს შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და გზების დეპარტამენტის უარი იყო.