მთავარი,სიახლეები

ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვისა და მისი დედის დევნილობის ისტორია

30.01.2021 • 1648
ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვისა და მისი დედის დევნილობის ისტორია

10 წლის გოგო, რომელიც დღეს, 30 იანვარს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ავარიული შენობის ერთ ოთახში დედასთან, ვიოლა გვაძბაიასთან ერთად ცხოვრობდა. დაშავებულია დედაც. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფიო კეკუას თქმით, ბავშვს გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს, ის შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგივე მდგომარეობაშია დედაც.

სოფიო კეკუას ინფორმაციით, ვიოლა გვაძბაია მარტოხელა დედაა და მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდა, შვილთან ერთად ავარიულ შენობაში მარტო ცხოვრობს. ამავე შენობაში ცხოვრობს მისი ძმის ოჯახიც. სწორედ ის სახლი დაინგრა დღეს, რომელშიც მათი ოჯახები იყო შესახლებული:

„დევნილები არიან და 27 წელია ამ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ.“

ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფია კეკუას ინფორმაციით, დაზარალებული ქალის ძმის ოჯახმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ ბინა მიიღო, თვითონ კი ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა:

„შვილისთვის ელემენტარული საჭიროებები რომ დაეკმაყოფილებინა, თურქეთში წავიდა სამუშაოდ დედასთან ერთად. რადგან  ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა, ისიც წაიყვანა. ამიტომაც ადგილზე არ იმყოფებოდა, როცა სამინისტროდან შემოწმებაზე იყვნენ მოსულები და ბინაც აღარ მისცეს. მინდობილობა ჰქონდა ძმისთვის დატოვებული, მაგრამ მაინც უარი უთხრეს. მთავრობის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ – ძმასთან იცხოვრეო. ძმას თავისი ოჯახი აქვს.

შენობის ის ნაწილი ჩამოინგრა, სადაც ეს დედა-შვილი ცხოვრობდა, ბავშვს ეძინა და გადარჩა იმით, რომ მატრასი დაეცა. სანამ ეს საშინელება არ მოხდა, 25 წლის მარტოხელა დედა იმის გამო არ დააკმაყოფილა დევნილთა სამინისტრომ ბინით, რომ ლუკმა-პურის ფულის საშოვნელად თურქეთში იყო სამუშაოდ წასული.“

სოფია კეკუას ინფორმაციით, ვიოლა გვაძბაიას დევნილთა სამინისტრომ კომპენსაციის სახით 17 000 ლარის გადახდა შესთავაზა, რომელიმე სოფელში სახლის შესასყიდად.

„ეს თანხა, ფაქტობრივად, არაფერია, დოლარში რომ გადაიყვანო 5 ათასი დოლარი გამოდის. ამ თანხით ვერაფერს შეიძენ, ამიტომაც ვეუბნებოდით, რომ არ დათანხმებოდა სამინისტროს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში იყო და მაინც დასთანხმდა. სახლიც მას უნდა მოეძებნა, განცხადება გაგზავნილი ჰქონდა დაფინანსება რომ მიეღო, თუმცა ჯერ არ მიუღია. ახლა ალბათ ვერაფრის მოძებნას ვეღარ შეძლებს. ვითხოვთ კატეგორიულად, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილოს მარტოხელა ქალი“, – ამბობს სოფია კეკუა.

ადგილობრივი გამოცემის – Livepress.ge-ის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ. როგორც გამოცემასთან ერთ-ერთმა დევნილმა, მედეა გერგედავამ განაცხადა, შენობას ავარიულობის სტატუსი 2014 წელს ჰქონდა მინიჭებული.

გამოცემის ინფორმაციით, ზუგდიდის მერი, გიგა ფარულავა ამბობს, რომ აღნიშნულ შენობაში 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ახალი საცხოვრებლით იყვნენ დაკმაყოფილებულები. 10 წლის მოზარდის ოჯახი კი “სოფლად სახლის” პროგრამაში იყო ჩართული, რომლის ფარგლებშიც ისინი ახალი საცხოვრებლით რამდენიმე დღეში უნდა დაეკმაყოფიილებინათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: