კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

#ბულვარი ჩვენია – კამპანია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

31.01.2021 • 2336
#ბულვარი ჩვენია – კამპანია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

#ნუ დათმობ ბავშვობას  #ბულვარი ჩემია შენია ჩვენია  #მე მიყვარსბათუმი – ამ და სხვა ჰეშთეგებით ფეისბუქზე სოციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბათუმის ბულვარის შენარჩუნების და ბულვარში ცათამბჯენების შენების მოწინააღმდეგეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ იმის დასტურად, რომ ბათუმის ბულვარს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„24 საათში ატვირთეთ ბათუმის ბულვარში გადაღებული ბავშვობის ან ახალი ფოტო, დააკოპირეთ ტექსტი და გამოიწვიეთ მეგობრები რომელთაც გული შესტკივათ ბულვარზე, ბათუმზე და ამბასადორის უკანონო მშენებლობაზე“ – ნათქვამია ტექსტში, რომლითაც მოქალაქეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ ფეისბუქზე და კამპანიაში ჩასართავად მეგობრებს იწვევენ.

აქციაში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია.

ბათუმის ბულვარის დასაცავად კამპანია მას შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგების უფლება მისცა.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებს ბულვარში დაგეგმილი 16 სართულიანი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ. ამ დროისათვის პეტიციას 2800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად აქცია/კამპანია მიმდინარეობს. 2016 წელს ბულვარის დასაცავად დაიწყო კამპანია #სამივე, იმის ნიშნად, რომ საზოგადოება ემხრობა ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივანის შენარჩუნებას. ეს კამპანია იყო ერთ-ერთი ნაწილი სამოქალაქო აქტივობებისა, რომლის შედეგად ბათუმში ბულვარის სამივე ხეივანი შენარჩუნდა.

გარდა ამისა, 2017 წელს საინიციატივო ჯგუფმა ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“ – გამართა, რომლის ფარგლებშიც აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებდნენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში.

__________________

მთავარი ფოტო: ბათუმის ბულვარი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: