მთავარი,სიახლეები

„ეს არ არის ბულვარი“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

29.01.2021 • 1965
„ეს არ არის ბულვარი“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს,  29 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში, სადაც შპს „ამბასადორი ბათუმი“  16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას გეგმავს, ბულვარის შემადგენლობაში არ შედის.

როგორც ჩანს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არც ისე კარგად აქვს შესწავლილი საკითხი, რომელიც ბათუმში საზოგადოებას აღელვებს და პროტესტს აქციაზე აფიქსირებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამავდროულად ამტკიცებს, რომ ამ საკითხზე თავისი ამომრჩევლის პოზიციის შესახებ კარგად იცის:

„ვიცი, ჩემთვის ყველა წვრილმანი ცნობილია,“ – გვითხრა მან.

საკრებულოს თავმჯდომარე დღეს აპელირებდა, რომ დასკვნა იმის შესახებ, რომ ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება შესაძლებელია, სპეციალისტებმა მოამზადეს და ის, როგორც არასპეციალისტი, ამის წინააღმდეგ ვერ წავა. როგორც სულიკო თებიძემ გვითხრა, ეს არის მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის და მოქალაქის პოზიცია:

„,ყველა მიმართულებით  ვერ იქნები სპეციალისტი, რომ დასკვნა გააკეთო, მე ვენდობი და გვერდში დავუდგები ყოველთვის შესაბამისი სპეციალისტების დასკვნას. თემა განხილული იყო შესაბამისი სპეციალისტების მიერ და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია – ეს არ არის ცათამბჯენი, მე ყველა სპეციალობით არა ვარ ჩახედული, მაგრამ ვენდობი და ვეყრდნობი შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს“.

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა ისიც, რომ არის საკითხები, რომლებიც „არც მას მოსწონს“, თუმცა  არ დაგვისახელა, კერძოდ რა არ მოსწონს.

„ჩემთან გამოვიდა საკითხი, რომელზეც კომპეტენტური არ ვარ, როგორ უნდა წავიდე მე ცნობილი სპეციალისტების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა სულიკო თებიძემ.

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. პროექტის ოთხი სართულიდან 16 სართულამდე გაზრდას  მხარი დაუჭირა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ, სააგენტოს დირექტორმა კი შესაბამისი დასკვნა გასცა.

ამ მშენებლობას ბათუმში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან და ბულვარის, როგორც ძეგლის ხელყოფად აფასებენ. ორგანიზაცია „ბათომი“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: