მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია თანახმაა „სანრემოს“ რეკონსტრუქციის დაწყება მესამედაც გადაავადოს

28.01.2021 • 2197
ბათუმის მერია თანახმაა „სანრემოს“ რეკონსტრუქციის დაწყება მესამედაც გადაავადოს

ბათუმის მერია თანახმაა ზღვისპირა პირსის [რესტორანი „სანრემო“] რეკონსტრუქციის დაწყება კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გადაავადოს. მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს „ხიდი 2006“-მა მერიას მიმართა წერილით, „რომელშიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარების გამო ვერ შეძლო სამშენებლო მასალების მიღება, რამაც ხელი შეუშალა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაში“.

კომპანია ითხოვს მშენებლობის დაწყების ვადად განისაზღვროს 2022 წლის პირველი ნოემბერი, ხოლო დასრულების ვადად – 2025 წლის 31 დეკემბერი. ბათუმის მერია არ არის წინააღმდეგი, ამ ვადების და თანხმობის მისაღებად მან საკრებულოს მიმართა. ბათუმის საკრებულო საკითხს 29 იანვარს სხდომაზე განიხილავს.

მერიასა და „ხიდი 2006“-ს შორის ხელშეკრულება ქონების იჯარით გაცემაზე 2018 წლის 18 მაისს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბრისა და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2019 წლის 23 დეკემბერს შეთანხმებით შევიდა ცვლილება და „ხიდი 2006“-ს განესაზღვრა ახალი ვადები, კერძოდ, შეთანხმების თანახმად მშენებლობა უნდა დაეწყო არაუგვიანეს 2020 წლის ოქტომბრისა და დაესრულებინა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო „ხიდი 2006“-ს მიეცა დამატებით 4 თვის ვადა ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2021 წლის თებერვლისა და დაასრულოს არაუგვიანეს 2022 წლის 30 აპრილისა.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით და ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების და ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის „ხიდი 2006“-ს განესაზღვროს ზემოაღნიშნული გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები, კერძოდ: გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადად განისაზღვროს – არაუგვიანეს 2022 წლის 1-ლი ნოემბერი, ხოლო დასრულების ვადად – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბერი“ – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი 2019 წელს შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარი იყო.

დეტალურად ნახეთ „ბათუმელების“ სტატიაში:

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: