მთავარი,სიახლეები

ხოშტარია და სხვები – ქალი პოლიტიკოსები, ვისაც ყველაზე ხშირად ესხმოდნენ თავს სოცმედიაში – კვლევა

29.01.2021 • 1217
ხოშტარია და სხვები – ქალი პოლიტიკოსები, ვისაც ყველაზე ხშირად ესხმოდნენ თავს სოცმედიაში – კვლევა

რა ნიშნით ესხმოდნენ თავს სოციალურ მედიაში ქალ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში, დარღვევების რა სისტემური თავისებურებები გამოვლინდა, ვინ მიმართავდა ყველაზე ხშირად სექსისტური სიძულვილის ენას და რომელი ქალი პოლიტიკოსები ხდებოდნენ უმრავლეს შემთხვევაში მორალური, გონებრივი თუ გარეგნული ნიშნით თავდასხმის სამიზნეები.

ამ და სხვა კითხვებს ამომწურავად პასუხობს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში: „სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“.

28 იანვარს სწორედ ამ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს  2020 წლის 4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

სექსისტური სიძულვილის ენა და სტერეოტიპიზაცია

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სექსიზმის და სტერეოტიპიზაციის 308 შემთხვევა. ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ როგორც პოლიტიკური კუთვნილების და ქმედების (187 შემთხვევა), ასევე გენდერული იდენტობის გამო (109 შემთხვევა);

 

წყაროები, რომლებიც სექსისტური სიძულვილის ენას და სტერეოტიპიზაციას მიმართავდნენ

ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენას და სტერეოტიპიზაციას, უმრავლეს შემთხვევაში, იყენებდნენ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული და ასოცირებული გვერდები, საჯარო ჯგუფები და ინდივიდუალური ფეისბუქანგარიშები. კერძოდ:

  • მმართველი პარტიის მხარდამჭერი ანგარიშები
  • ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტებელი ანგარიშები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ანგარიშები
  • ხელისუფლების მადისკრედიტებელი ანგარიშები
  • „ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებული ანგარიშები
  • „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ანგარიშები
  • „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული ანგარიშები
  • ანტილიბერალურ ჯგუფებთან დაკავშირებული ანგარიშები
  • პროპაგანდისტული ანგარიშები, სადაც გაერთიანებულია ის პლატფორმები, რომლებიც, სხვადასხვა კვლევის თანახმად, როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკის საკითხებზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებენ
  • კრემლთან დაკავშირებული ანგარიში
  • სხვადასხვა

ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტებელი გვერდები საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად ესხმოდნენ თავს ქალ პოლიტიკოსებს მორალური კრიტერიუმებით, გონებრივი შესაძლებლობების, გარეგნული მახასიათებლების ნიშნით; იყო გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვისა და ეიჯიზმის შემთხვევები.

ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას მორალური კრიტერიუმების საფუძველზე აყენებდნენ

მორალური კრიტერიუმების საფუძველზე პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფა ყველაზე ხშირი შემთხვევა იყო კვლევისას (115 შემთხვევა), რასაც თითქმის თანაბარი სიხშირით მოსდევდა გონებრივი შესაძლებლობების (57) და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა (56). რაოდენობრივად ოდნავ ნაკლები იყო გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა (52).

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმებში გამოიყენებოდა სექსისტური სიძულვილის ენის ფორმა, რომელსაც slut-shaming-ი ანუ „სლატშეიმინგი“ ეწოდება. სლატშეიმინგი სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს და მას იყენებდნენ ადრესატების გასაკიცხად სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო. პოლიტიკის სფეროში სლატშეიმინგს ქალის სექსუალურ ობიექტად წარმოსაჩენად იყენებენ.

ეს მომდინარეობს იმ სტერეოტიპული და დისკრიმინაციული შეხედულებიდან, რომლის თანახმადაც პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, ამისთვის საჭირო უნარები აკლია და თუ ქალი მაინც არის პოლიტიკაში, ის კაცი პოლიტიკოსის „პროტეჟეა“, რაშიც ძირითადად „საყვარელი“ იგულისხმება. ამ სტერეოტიპული შეხედულებების საფუძველზე „საფარმა“ შეიმუშავა „სლატშეიმინგის“ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ინდიკატორი „ვინმეს ქალი“, რომელიც „კაცი პოლიტიკოსის საკუთრებად ქალი პოლიტიკოსის ნებისმიერი ფორმით მოხსენიებას“ ნიშნავს. ამ ფორმით განსაკუთრებით ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ ქალ წევრებს მოიხსენიებდნენ.

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფისა და დაცინვის სამიზნეები საანგარიშე პერიოდში იყვნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელზეც თავდასხმები გახშირდა მას შემდეგ, რაც ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

გარეგნული მახასიათებლების ნიშნით ქალების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ ისეთი ფოტოების გამოქვეყნებით, რომლებზეც ქალები გაავებული სახის გამომეტყველებით არიან წარმოჩენილნი. ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა სწორედ ასეთი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა საკუთარ პროფილზე.

სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ

სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული დისკრიმინაციის ადრესატებს შორის თანაბარი რაოდენობით იყვნენ „ქართული ოცნების“ (7) და „ნაციონალური მოძრაობის“ (7) წარმომადგენლები, რომლებსაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები (5) მოსდევდნენ.

დარღვევების რაოდენობის მიხედვით, სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ (95 შემთხვევა), „ნაციონალური მოძრაობის“ (80) და „ქართული ოცნების“ (29) წარმომადგენლები.

კონკრეტული ადრესატების მიხედვით კი, სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპიზაციის ყველაზე ხშირი სამიზნე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა (54 შემთხვევა).

 

დისკრედიტაციის კამპანიები

საანგარიშო პერიოდში კამპანიური ხასიათი ჰქონდა თავდასხმებს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე, რაც მის პოლიტიკურ აქტივიზმს უკავშირდებოდა.

ელენე ხოშტარიას მონაწილეობამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაში, ბიძგი მისცა მის წინააღმდეგ კამპანიის აგორებას.

დეზინფორმაციის გზით ხოშტარიას დისკრედიტაციის კამპანია 30 ნოემბერს მანიპულირებული ფოტოს გავრცელებით დაიწყო.

ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტებელმა ფეისბუქგვერდებმა [სექტა, მეხუთე რეიხი, რეალობა, მიხეილ უკრაინოლოგი და ანტილიბერალური დოქტრინა] და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა [გაბრიელ კამაევი, Oboladze Gia, Mindo Mandela და Nino Labartkava] გაავრცელეს ფოტო, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარია თითქოს პოლიციელს სახეში პულვერიზატორით საღებავს ასხამს.

სინამდვილეში, ხოშტარია კედელზე პულვერიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რაშიც მას პოლიციელები უშლიდნენ ხელს. მას პულვერიზატორი კედლისკენ ჰქონდა მიმართული და არა პოლიციელის სახისკენ.

„რეალობას“ პოსტს 39, ხოლო „მიხეილ უკრაინოლოგის“ პოსტს 34 გაზიარება ჰქონდა. პოსტების კომენტარების უმეტესობა ელენე ხოშტარიას მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი იყო.

პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას წინააღმდეგ კამპანია სტერეოტიპული გენდერული როლების ნიშნით დაიწყო.

შეხვედრაზე ეკა ბესელიასა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს შორის კერძო საუბარს სოციალურ ქსელში „ფლირტის“ ინტერპრეტაცია მიეცა და ვიზუალური მანიპულაციების ტალღა მოჰყვა. 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, „სექტას“ პოსტს 440 რეაქცია, 184 კომენტარი და 92 გაზიარება ჰქონდა, „მეხუთე რეიხის“ პოსტს კი  – 46 რეაქცია და 23 კომენტარი.

გამოვლინდა დეზინფორმაციის გზით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის 3 შემთხვევა, რაც მის გენდერულ კუთვნილებას უკავშირდებოდა.

 

შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია

შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის დიაპაზონი მერყეობდა სექსისტური კონოტაციით ნათქვამი ნორმატიული ლექსიკიდან უცენზურო, უხამს ლექსიკამდე. ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ ტერმინს ხშირად არ იყენებდნენ.

კანონმდებლობის კრიტიკა

გამოიკვეთა იმ კანონმდებლობის კრიტიკის ტენდენცია, რომელიც ხელს უწყობს ქალთა უფლებების გაძლიერებას, ძალადობისგან ქალების დაცვას და ზოგადად, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას.

 

ვიზუალური მანიპულაცია

ქალი პოლიტიკოსების შეურაცხყოფის და დაცინვის მიზნით გამოიყენებოდა ფოტო და ვიდეომანიპულაციები. გამოვლინდა ფოტომანიპულაციის გზით დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელთა მიზანი პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაცია იყო.

პროექტი „გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ „საფართან“ პარტნიორობით ახორციელებს.

მონიტორინგის მიზანია გამოავლინოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, სოციალურ ქსელებში, ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტის ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური, სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებული კამპანიები.


კვლევა, ისევე როგორც  გენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ხელმისაწვდომია ახალ ვებგვერდზე www.genderbarometer.ge, რომელიც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილებასა და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: