ავტორი: მინდია ფუტკარაძე, ბათუმის მეორე საჯარო და ქართულ-ამერიკული სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
__________________________
„რატომ? რატომ? რატომ არ მიშვებენ სკოლაში?“ – მომწერა სოციალური ქსელის საშუალებით ჩემმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ.
ერთი თვეც და 1 წელი გახდებოდა, რაც ონლაინგვიწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი რა რთული იყო, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
დამერწმუნეთ, ეს იგივეა, რომ მექოთნემ ონლაინ ასწავლოს შეგირდს თიხისგან ჭურჭლის დამზადება. მოგვიწია სკოლისთვის დამახასიათებელი განცდების, ურთიერთობების და ემოციების გადატანა კომპიუტერის ეკრანზე, რაც ძალზე რთული აღმოჩნდა.
ორშაბათს სწავლა იწყება, საკლასო ოთახში, პირისპირ მოსწავლეებთან.
ერთი წელი ველოდებოდით ამ დღეს. ვოცნებობდით ისევ იმ ჟრიამულსა და ჩახუტებაზე, რაც ერთი წლის წინ სკოლის კედლებში დავტოვეთ, იმ სასიამოვნო განცდებზე, რასაც ერთმანეთთან ურთიერთობით ვიღებდით.
ახლა კი რა ხდება? დღეს ბოლო ონლაინგაკვეთილი ჩავატარე. წესით, სიხარულისგან უნდა დავფრინავდე, მაგრამ გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს, მიხარია კი სკოლის დაწყება? ამ დღეზე დიდი ხანი ვოცნებობდი, ახლა კი შერეული განცდები და ბევრი უპასუხო შეკითხვა მაქვს, საკუთარ თავთან და მოსწავლესთანაც, რომელსაც აინტერესებს, რატომ არ უშვებენ სკოლაში.
თქვენ როგორ აუხსნიდით მეოთხეკლასელს, თუ რატომ არ უშვებს მას მშობელი სკოლაში?! ის დიდი ხანი ელოდა ამ დღეს, სურს მეგობრების ნახვა, გართობა, თამაშით სწავლა, იქ კი სულ სხვა სკოლა ელოდება, სკოლა, სადაც ჩაკვდა ჯგუფური აქტივობები და ნივთების გაზიარებაც კი.
ეს ახალი რეალობაა, სადაც მე მოსწავლეებიდან ორი მეტრის მოშორებით, პირბადით უნდა ვიდგე, უნდა დავიცვა დისტანცია ჩემი და მათი უსაფრთხოების გამო. როგორ ავუხსნა მეოთხეკლასელს ის, რომ ონლაინგაკვეთილები დასრულდა და უკვე სკოლაში ველოდები, მან კი იცის, რომ სკოლაში ვერ მოვა, რადგან არ უშვებენ.
არდადეგები არ დაწყებულა, მაშ რა დაიწყო მისთვის? მისთვის ახლა არც არდადეგებია, არც ონლაინსწავლა და არც სკოლა!
პანდემიის პერიოდში ვინც ვერ შეძლო ონლაინსწავლა, ამას ვნერვიულობდით, ახლაც გვაქვს სადარდებელი, რომელსაც ვერ ვუძებნით გამოსავალს.
ვინ არის პასუხისმგებელი იმ ბავშვების განათლებაზე, რომლებიც სკოლაში ვერ მოდიან?! მათ ონლაინგაკვეთილებიც აღარ აქვთ, ის ერთადერთი გამონათება, რაც ასულდგმულებდათ პანდემიის ჟამს. ვერ მიდიან სკოლაში და თან არ იციან რატომ. ასეთი ბავშვების რაოდენობა ძალზე ბევრია, მე მადარდებს მათი ბედი.
ვინ აგებს პასუხს, სამინისტრო, მშობელი თუ მასწავლებელი?
ვინ უპასუხებს შეკითხვას?
მე პასუხი არ მაქვს და ასე უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვით ველოდები ორშაბათს, რომელიც არ ვიცი, რას მოგვიტანს.
საინტერესოა, ნაადრევად დადგება გაზაფხული თუ ისევ გაგრძელდება ზამთრის გრძელი და მოსაწყენი „არდადეგები“?!