მთავარი,სიახლეები

ყველა, ვინც რივიერას მშენებლობას ასაჩივრებს, ბაჟის სახით 100 ლარს გადაიხდის – მოსამართლე როხვაძე

29.01.2021 • 3070
ყველა, ვინც რივიერას მშენებლობას ასაჩივრებს, ბაჟის სახით 100 ლარს გადაიხდის – მოსამართლე როხვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო როხვაძემ 13 მოქალაქისა და ორგანიზაცია „ბათომის“ საჩივარი „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო იქამდე, ვიდრე თითოეული მოსარჩელე არ გადაიხდის ბაჟის მოსაკრებლის სახით 100-100 ლარს. სარჩელით სასამართლოს 14-მა მოქალაქემ მიმართა.

განჩინების მიხედვით, ბაჟი თოთხმეტივე მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს, რადგან  სარჩელის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ზიანი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ადგება.

„სარჩელში მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული აქტებით დამოუკიდებლად ადგებათ ზიანი მათ ინტერესებს“, –  წერია მოსამართლის განჩინებაში.

ბაჟი არაქონებრივ დავაზე 100 ლარია, მოცემულ შემთხვევაში სარჩელს თან ერთვის 150 ლარის გადახდის ქვითარი. მოსამართლე მიიჩნევს, რომ დამატებით საჭიროა 1250 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება თითოეული მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე. ხარვეზის გამოსწორებისთვის მან  მოსარჩელეებს ათდღიანი ვადა მისცა. ამ ვადაში თუ ისინი შესაბამის ქვითარს არ წარადგენენ, მოსამართლე საქმეს წარმოებაში არ მიიღებს.

ხარვეზის დასაბუთება გაუგებარია საიას იურისტის, გიორგი ანთაძისთვის. ის რივიერაზე მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინტერესებს იცავს სასამართლოში. „ეს არ შეესაბამება არც სამოქალაქო საპროცესო სამართალს და არც ადმინისტრაციულ სამართალს“, – განმარტავს იურისტი და დასძენს, რომ 150 ლარიდან ასი ლარი უშუალოდ აქტის ბათილად ცნობისთვის გადახდილი თანხაა [ამას სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი არაქონებრივი დავის შემთხვევაში ითვალისწინებს], 50 ლარი კი უზრუნველყოფის ღონისძიების.

„სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად დაყენებული გვაქვს მოთხოვნა, რომ სანამ სასამართლო დავა დასრულდება, შეჩერდეს მშენებლობის ნებართვის მოქმედება და მშენებელს აეკრძალოს სამშენებლო სამუშაოების დაწყება, სანამ სასამართლო გაარკვევს სარჩელის საფუძვლიანობას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ მანამდე [დავის დასრულებამდე] ააშენებს ინვესტორი შენობას, ის, რომ დღეისათვის შეუსწავლელია თუნდაც გარემოზე ზემოქმედება, ურბანული და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები… ფაქტობრივად გამოვა, რომ ილუზორული იყო ჩვენი დავა და რეალურ შედეგს ვეღარასოდეს მივიღებთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორად იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ეს სრულ შესაბამისობაში იყო სასამართლოების პრაქტიკასთან. ყოველთვის თუნდაც მთელი დასახლების მოსახლეობა ყოფილიყო მოსარჩელე, ვინაიდან ერთ საქმეს უკავშირდებოდა, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს 100 ლარის გადახდას. აქ, ფაქტობრივად, მოსამართლემ შემოგვთავაზა პრაქტიკისგან განსხვავებული განჩინება“, – განმარტა გიორგი ანთაძემ.

იურისტი მიიჩნევს, რომ განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. თუმცა გასათვალიწინებელია ისიც, რომ მისი გასაჩივრება დავის დაწყების პროცესს დროში მნიშვნელოვნად გააჭიანურებს.  ამიტომაც მოსარჩელეები ბაჟის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდას გეგმავენ. ამაში მათ საია დაეხმარება.

განჩინების მიხედვით, სარჩელის შინაარსობრივ მხარეზე მოსამართლეს პრეტენზია არ აქვს.

____

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე 13 მოქალაქისა და ორგანიზაცია „ბათომის“ სარჩელი სასამართლოში 22 იანვარს შეიტანა. საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს.

2019 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

განაშენიანების გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეითანხმა მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზე დაყრდნობითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა.

საიას განცხადებით საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: