მთავარი,სიახლეები

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე რიჟვაძის მრჩევლად დანიშნეს

29.01.2021
ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე რიჟვაძის მრჩევლად დანიშნეს

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მისცემს რჩევებს თორნიკე რიჟვაძეს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის რომელიმე თავმჯდომარეს, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია.

„ახალი წლიდან დავინიშნე, დამირეკეს და მითხრეს, რომ გვინდა, აქ იყოო… ჩემი ხელფასი დაახლოებით 1800 ლარია, თუ რაღაც ეგრე, პირველი ხელფასი უკვე ავიღე,“ – აღნიშნა დღეს, 29 იანვარს, ჟურნალისტებთან მუხრან ვახტანგაძემ. მას ასევე ვკითხეთ, რა რჩევა მისცა უკვე თორნიკე რიჟვაძეს.

„პირველი, მეორე და მეათე არის ის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს ვემსახურები, ამაში რამე უკანონოა? ახალი წელია და გვაცალეთ მუშაობა,“ – გვიპასუხა მუხრან ვახტანგაძემ.

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნებიდან“ იყო პარლამენტში როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი.

დღეს მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სპორტსკოლასთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებას თუ დაჭრას იმის გამო, რომ მას რომელიმე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. მუხრან ვახტანგაძემ დღეს ბრიფინგი ქართული ჭიდაობის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტთან – ჯემალ წულუკიძესთან და თავისუფალი ჭიდაობის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტთან ანზორ ლაზიშვილთან ერთად გამართა. ამ პირებმაც დღეს ჟურნალისტებთან იგივე თქვეს, რაც ყოფილმა პარლამენტარმა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მუხრან ვახტანგაძეს თავისუფალი ჭიდაობის წარმომადგენელი მინდია წულუკიძე დაუპირისპირდა.

„მე არ ვიცი, რას ეძახით თქვენ კონფლიქტს. სპორტსმენებს ხმამაღალი საუბარი გვიყვარს და შესაძლოა, ეს აღიქვა ვიღაცამ დაპირისპირებად… ჩვენ შეხვედრები გვაქვს ყოველ დღე, ეს არის სპორტული ოჯახი…,,“ – გვიპასუხა მუხრან ვახტანგაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაპირისპირების დროს მუხრან ვახტანგაძე დაჭრეს. ის ამ ინფორმაციას უარყოფს.

„შესაძლოა, მიქელანჯელოსავით სიმპათიური არ ვიყო, მაგრამ შეგიძლიათ შემამოწმოთ,“ – დასძინა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: