მთავარი,სიახლეები

საია შოთა გუჯაბიძის ინტერესებს დაიცავს, საბჭოდან მის გათავისუფლებას 25 ორგანიზაცია ეხმიანება

28.01.2021 • 2122
საია შოთა გუჯაბიძის ინტერესებს დაიცავს, საბჭოდან მის გათავისუფლებას 25 ორგანიზაცია ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის თავისუფლებას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ.

„ქალბატონო მაია,

მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, როგორიც არის „ICOMOS საქართველო“  და  „ბათომის“ წევრი. შოთა გუჯაბიძე წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

იმ ფონზე, რომ სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული საბჭოს გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდგება ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების პრინცეპებს და სრულად არის მორგებული ინვესტორების ინტერესებს, შოთა გუჯაბიძის ყოფნა აღნიშნულ საბჭოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბათუმისათვის.

ამასთანავე, გვინდა შეგახსენოთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მონაწილეობა გახლავთ ხელისუფლების ვალდებულება, რაც გამყარებულია ეროვნული კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული უმნიშვნელოვანესი კონვენციებით.

ამდენად, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვის სფეროში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები შოთა გუჯაბიძისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ვაფასებთ, როგორც დისკრიმინაციის ფაქტს, მისი განსხვავებული პოზიციის გამო და საბჭოს სხვა წევრების დაშინების მცდელობად. ასევე, შეგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის სურვილი 2016 წელსაც ჰქონდა სააგენტოს იმჟამინდელ დირექტორს, რაც საზოგადოებრივი და სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე ვერ  განხორციელდა.

ვშუამდგომლობთ, თქვენს წინაშე და იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინებთ შოთა გუჯაბიძის საბჭოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის პროფესიულ ცოდნას და რაც მთავარია მის შეუბღალავ რეპუტაციას. მიიღებთ ქალაქ ბათუმისათვის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფთ შოთა გუჯაბიძის საბჭოში ყოფნის საკითხს“.

წერილს ხელს აწერენ:

ცირა ელისაშვილი – „ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება – ტფილისის ჰამქარი“; ნატო ცინცაბაძე – „ICOMOS საქართველო“; მანანა თევზაძე – „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“; სოფიო კილასონია – „დიალოგის და განვითარების სახლი“; ნატა ფერაძე – „პარტიზანული მებარეობა“; ლალი პერტენავა – „საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა“; ნინო ჩაჩხიანი – „თბილისის არქიტექტურული ფორუმი“; ნინო გუჯარაიძე – „მწვანე ალტერნატივა“; მარინე მიზანდარი – „საქართველოს ეროვნული ფონდი“; ნინო კაზალიკაშვილი – „პლათფორმა ცვლილებებისთვის“; ილია მახარაძე – „აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭო“; ირაკლი ხვადაგიანი – „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; ნანა ბაგალიშვილი – „ცოდნის კაფე“; გიორგი მეძმარიაშვილი – „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“; გიორგი ფხალაძე – „ანას ბაღის მცველები“; ანა ტრაპაიძე – „დიღმის ჭალის მცველები“; ანა მარგველაშვილი – „სათემო განვითარების ცენტრი“. წერილის ხელმომწერები არიან ასევე: თეა გოდოლაძე, სალომე კვარაცხელია, ალექსანდრე სარალიძე, აჩიკო ქინქლაძე, თინათინ ჭავჭანიძე, შალვა ჩუგუნაძე, ანი ქავთარაძე, ცია ლაბაძე, თინიკო გოგუაძე, მაკა შენგელია, ირაკლი კიკილაშვილი, ირაკლი ჯუღელი.

დღესვე განცხადება გაავრცელა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, ზაურ ახვლედიანის ბრძანება შოთა გუჯაბიძის გათავისუფლების შესახებ შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს და მიმართულია საბჭოს სხვა წევრების დაშინებისკენ, რათა მომავალში თავი შეიკავონ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისგან.

განცხადებიში ვკითხულობთ, რომ შოთა გუჯაბიძის ინტერესებს საია დაიცავს.

„სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძის სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს “მიზანმიმართულ დისკრედიტაციად” შეაფასა სააგენტოს დირექტორმა.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო“, სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განიხილავს.

სწორედ ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, 2021 წლის 21 იანვარს, შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“  ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე დადებითი რეკომენდაცია  გასცა. გადაწყვეტილებას კი შოთა გუჯაბიძე ღიად დაუპირისპირდა – გადაწყვეტილების უკანონობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებთან შეუთავსებლობის გამო.

დღეს, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, ისე, რომ არც კი მოუსმენია მისი მოსაზრებები, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც შეიცავს სავარაუდოდ დისკრიმინაციის ნიშნებს. იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო“.

განცხადებას ხელს აწერს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; დემოკრატიის ინსტიტუტი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; საზოგადოება ბათომი; მწვანე სექტორი ; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ბათუმის ოფისი.

რამდენიმე დღის წინ „ბათომმა“ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის აგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: