რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში

ქობულეთის მერიაში ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა. განყოფილება მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ნაწილია, რომლის წლიური დაფინანსება 151 250 ლარია. განყოფილებაში, რომელმაც ბავშვზე ძალადობის თუ სხვა უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა შეისწავლოს, 5 ადამიანი მუშაობს. მათ შორის 3 სოციალური მუშაკი და 1 ინსპექტორი. რას აკეთებს და როგორ ესმით განყოფილებაში ბავშვზე ზრუნვა, ამ თემით „ბათუმელები“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქობულეთში 14 წლის მოზარდმა, ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ბათუმელების“ კითხვებს განყოფილების უფროსს ლიკა ინაიშვილი პასუხობს.

  • ქალბატონო ლიკა, დაარსებიდან ხუთი თვის განმავლობაში თუ შემოვიდა შეტყობინება თქვენს სამსახურში ბავშვზე ძალადობის შესახებ?

14 შეტყობინებაა შემოსული ჩვენს სამსახურში სულ, აქედან ორი მიმდინარეა, დანარჩენი კი შევისწავლეთ. ძალადობაზე იყო ერთი შემთხვევა, თვითონ მოზარდმა მოგვმართა, ოჯახური კონფლიქტი იყო, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა ამ კონფლიქტის ნიადაგზე, რადგან ბებია ასხვისებდა სახლს და იმ სახლიდან უნდა გასულიყო ეს ბავშვი.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, უფრო სოციალური იყო.

  • რას ითხოვდნენ ეს ოჯახები და რითი ეხმარებით?

ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უფასო სასადილო, თუ საკვები არ აქვთ ოჯახში, შეშაზე შეუძლიათ დაწერონ განცხადება, გაზიფიცირებაზე, მედიკამენტებზე გვაქვს ახალი პროგრამა, ერთ წლამდე ბავშვებისთვის მოვლის საშუალებებზე ვაუჩერი და ასევე ახალი პროგრამა გვაქვს მარტოხელა დედებისთვის, რომელიც თვეში 100 ლარის დახმარებას ითვალისწინებს. ოთხმა მარტოხელა დედამ უკვე მოგვმართა.

  • როგორ იღებთ ინფორმაციას, იციან თქვენი სამსახურის შესახებ მოზარდებმა?

არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ნდობის ტელეფონი, მერიის გვერდზე დევს…

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვები ან მოზარდები მერიის ვებგვერდზე მოძებნიან თქვენს ტელეფონს?

პედაგოგებმა იციან, პანდემიიდან გამომდინარე არ გვქონდა სკოლებთან შეხება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დირექტორი, პედაგოგი, სოფლის წარმომადგენელი, ექიმი თუ ექთანი გაფრთხილებული გვყავს – ვესაუბრეთ ტელეფონით როგორც კი შეიქმნა სამსახური, რომ თუკი რაიმე მსგავსი ინფორმაცია ექნებათ, ან უბრალოდ ეჭვი შეეპარებათ ბავშვის უფლების დარღვევაში, მაშინვე მოგვმართონ. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, 5-6 წლის ბავშვმაც რომ მოგვაკითხოს, რეაგირება გვექნება.

  • იმ სკოლაში თუ იციან ამის შესახებ, სადაც ნინი სწავლობდა?

თავისთავად. ყველა დირექტორზე იყო გადაცემული ინფორმაცია, რომ მერიის სამსახურში არსებობდა ეს განყოფილება.

  • ამ ბავშვის შესახებ არავინ დაგკავშირებიათ?

არავინ. როგორც ყველამ, ჩვენც მედიით გავიგეთ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგიკავშირდათ არავინ. როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, ბევრს ჰქონდა ძალადობაზე ინფორმაცია, მათ შორის სკოლას?  

სტიგმის გამო.

  • რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტიგმა დაძლიონ ადამიანებმა და ნდობა გაუჩნდეთ თქვენი სამსახურის მიმართ?

ეს ყველას ვალდებულებაა, საზოგადოებისაც, მედიისაც, რომ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები დამალული არ იყოს და დროულად  გამოვლინდეს. შეხვედრებია საჭირო, გასაუბრებები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციებზე გავდივარ. თუ არანაირი ინფორმაცია არ შემოვიდა ოჯახებიდან, სოფლიდან, ნებისმიერი ადამიანისგან, ასეთ შემთხვევაში არაფერი შეგვიძლია.

  • 3 სოციალური მუშაკი გყავთ, 1 ინსპექტორი, როგორ მუშაობენ ისინი, რა პრინციპით?

სოცმუშაკი მაშინ გადის, როცა ინფორმაცია შემოდის. ანონიმურიც რომ იყოს, მაინც მაშინვე გავდივართ და ხდება ოჯახის გადამოწმება.

  • ინსპექტორი რაზე მუშაობს?

მავნე ზეგავლენის ქვეშ რომ არ იყვნენ ბავშვები, სკოლებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ მიყიდონ ბავშვს ალკოჰოლი ან სიგარეტი. თუმცა, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გამოგვივლენია. ახლა პანდემიაა და ნაკლებად გამოდიან ბავშვები ღია სივრცეებში.

ინფორმაციის ან მომართვის საფუძველზე ვსწავლობთ ოჯახებს, ბავშვების მდგომარეობას თუ ჩვენს კომპეტენციაში შემოდის საკითხი და შეგვიძლია დახმარება სოციალური პროგრამების ნაწილში, ვეხმარებით, თუ არ შეგვიძლია, მაშინ ბავშვთა ზრუნვისა და ტრეფიკინგის სამსახურში ვამისამართებთ თბილისში.

სამინისტრო დიდი ოდენობით საწვავის საბაჟო პროცედურების დარღვევით გადატანას იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება.

„არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 210-ე მუხლების მე-2 ნაწილებით.

მოქალაქე 40, ბიზნესი კი 1000 ლარით დაჯარიმდება პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე

დღეიდან, 19 თებერვლიდან, პანდემიის/ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 40 ლარით დაჯარიმდება, ხოლო, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის განმეორებით დაშვებისთვის, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე – 1 000 ლარით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა. კანონი დღეს, 2021 წლის 19 თებერვალს ამოქმედდა.

ამ ცვლილებების შემდეგ, აღნიშნულ კოდექსში მუხლი, რომელიც პირბადის ტარების წესის დარღვევისას ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„მუხლი 42​​11. პირბადის ტარების წესის დარღვევა

1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

2​1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

5. ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმის გაორმაგებაზე 2021 წლის 4 თებერვალს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა:

„ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ ქართუში, მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და, შესაბამისად, ის ცხრაწლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ძალიან დატვირთული დავასრულო ამით და მივცე საშუალება ჩემს გუნდს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს – უკვე, როგორც ითქვა, არის ჩემი პირველი მოადგილე სამი წლის განმავლობაში, ირაკლისთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ…

მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთანაც ერთად ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე, ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო, სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, რა დროსაც, ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი შემადგენლობა, მთელი გუნდი, ძალიან წარმატებულად მართავდნენ ამ პროცესს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ამის შემდეგ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელთან ერთადაც ის პოლიტიკაში მოვიდა – „მთელი ეს პერიოდი ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ სულისკვეთებას და ვრჩები მის მხარდამჭერად“

„მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მედიას. ვისარგებლო შემთხვევით და ასევე, მედიასაც, როგორც აქტიური პოლიტიკიდან გასული ადამიანი, ამ ფუფუნებით ვისარგებლო და აღარ ვიყო უკვე თქვენი რესპონდენტი, დიდი მადლობა ყველას,“ – თქვა ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე წარადგინა.

ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა მინისტრები პოსტს შეინარჩუნებენ.

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, მის ადგილს მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე წარადგინა.

ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა მინისტრები პოსტს შეინარჩუნებენ.

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

 

პირს, რომელიც გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდა, 4 წელი მიუსაჯეს | პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მაგომედ გუციევი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.

ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მ.გ. სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გ.გ.-ს უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას.

საუბარია მთავარი არხის ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

_________________

15 ივნისს “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარმა არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო.

რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

„ჩხაკ, გადაიღებ ფოტოს, რომელზეც ასახული იქნება შენი უბნის კონკრეტული პრობლემა და ატვირთავ ამ გვერდზე, მიუთითებ მისამართს და  ეს ინფორმაცია ავტომატურად მივა მერიაში ისე, რომ არანაირი მისვლა და წერილის მიწერა არ დაგჭირდება“, – ასე აუხსნა ბათუმის მოსახლეობას მერიის თანამშრომელმა ახალი ვებგვერდის დამატების აუცილებლობა და მოსალოდნელი სარგებელი.

პრეზენტაციას მაშინდელი მერიც ესწრებოდა.

ამავე  გვერდზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ სად რა სამუშაოებს ასრულებენ დაქირავებული კომპანიები და სად რა არის დაგეგმილი.

ადმინისტრაციული ერთეულების პორტალი უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს, გვერდი საერთოდ არ იხსნება.

ადმინისტრაციული ერთეულების პორტალის გარდა მერიის მთავარ ვებგვერდს კიდევ რამდენიმე ახალი გვერდი მიაბეს, სადაც კონკრეტული მონაცემები სრულად უნდა ატვირთულიყო. მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ გადაწყვეტილებები, ნებართვები და სხვა სახის სამომხმარებლო ინფორმაცია სწორედ ამ ვებგვერდების საშუალებით გახდებოდა მარტივად ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გასული წლის ბოლოდან აღარ მუშაობს ასევე გვერდი – „დაგეგმე ვიზიტი ბათუმის მერთან“. ეს გვერდი საშუალებას აძლევდა ამომრჩეველს მერისთვის მიემართა პრობლემაზე, რომელიც მერიის ქვედა რგოლის გავლით ვერ მოაგვარა.

ინფორმაციას ვერც სტატისტიკის გვერდზე იპოვით, არც ის იხსნება. ეს გვერდი გასულ წელს მუშაობდა, თუმცა ინფორმაციას თებერვლიდან აღარ ანახლებენ.

მერიაში ამბობენ, რომ ვებგვერდი გადატვირთული იყო, ცუდად მუშაობდა და პრობლემის მოსაგვარებლად ახალ პორტალს ქმნიან. ასეთი პასუხი მერიისგან პირველად არ მოგვისმენია, ასე ხდება ყოველთვის, როცა კონკრეტული გვერდები არ მუშაობს ან ინფორმაცია განახლებული არ არის.

მერიის სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი, აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან მერიამ ახალი პორტალის შექმნის მიზნით გრანტი მიიღო და, სავარაუდოდ, მარტში მერიას ახალი პორტალი ექნება, რომელიც ბევრად უფრო გამართული და ინფორმაციული იქნება.

მერიის ახალი ვებგვერდის შექმნას USAID-ი დააფინანსებს.

როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? | გამოკითხვა

18 თებერვალს საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. იგი პირველი პრემიერ-მინისტრია ბოლო წლების განმავლობაში, რომელმაც ღიად დაასახელა თანამდებობის დატოვების მიზეზი – შეუთანხმებლობა გუნდთან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გახარიას განცხადებით, მელიას დაკავება პოლიტიკური ესკალაციის რისკს გაზრდის.

თქვენი აზრით, როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“?

როგორ აისახება გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“?

გამოკითხვა ანონიმურია. ერთ მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს ერთხელ.

გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული.

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება – ავარიული დაზიანება

შპს „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ხვალ, 20 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა ლერმონტოვის ქუჩის, გრიბოედოვიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში, ნინოშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების აბონენტებს.

ამ წუთებში აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე.

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი, ადგილზე იმყოფებიან „ბათუმის წყლის“  წარმომადგენლები, ადგილზე მივიდა კომპანიის ახალი დირექტორი ლევან დავითაძეც.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
„ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ ღია მდგომარეობაში.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წყალმა ამოხეთქა

ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ეს ავარიული დაზიანებაა და სპეციალისტები მალე მივლენ შემთხვევის ადგილზე.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩას შეუწყდება და ამის შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

სქრინი ქეთი დუმბაძის პირდაპირი ჩართვიდან

ხიდაშელი: ღარიბაშვილს რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარ კომპანიაში მაღალ ხელფასს უხდიდნენ

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები.

საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური].

ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით, რომელიც შესაძლოა შემდეგ კიდევ გაგრძელდეს იმავე პერიოდით. ნებართვებს გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს. ამ კანონით, ნებისმიერ პირს ექნება  უფლება, მიმართოს სააგენტოს წერილობით [დასაბუთებული მოთხოვნით], რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობისთვის გამოიყენოს და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასევე შეიმუშავა „გონიო-კვარიათის მარიკულტურის ალოკაციური ზონის მენეჯმენტის გეგმაც“.

გეგმაში აღნიშნულია, რომ გონიო-კვარიათის ზონაში „შესაძლებელია გამოიკვეთოს სანაპირო თევზმჭერთა ინტერესები, რომლებიც ისტორიულად ეწეოდნენ თევზჭერას მცირე ზომის ნავებითა და სხვადასხვა თევზსაჭერი საშუალებით [მოსასმელი ბადე, სახლართი ბადე და სხვა]. განსაკუთრებით დატვირთულია ამ მხრივ სარფის უბანი და ჭოროხის შესართავის მიმდებარე უბანი.“

სარფელი მეთევზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დოკუმენტის შემდგენლები მიიჩნევენ, რომ აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას, თუმცა „საზღვაო ფერმების ლოჯისტიკის“ განვითარებით „მეთევზეებისთვის გამოჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ზონის განაპირა ნაწილებში სარფთან და ჭოროხის შესართავთან რჩება მნიშვნელოვანი უბნები, რომლებიც არ ფარავს თევზჭერის ინტერესის ზონას, მარიკულტურის საქმიანობის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს სანაპირო თევზმჭერთა შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, საზღვაო ფერმების ლოჯისტიკის და დაცულობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის და მათ შორის მეთევზეებისათვის გამოჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, რაც მიცემს მათ შემოსავლებს და გააუმჯობესებს სოციალურ პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მარიკულტურის საქმიანობისას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აკვაკულტურისთვის შერჩეული გონიო-კვარიათის საზღვაო ზონა სამხრეთიდან იწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 850 მ. და ვრცელდება ჩრდილოეთით. ზონის ჩრდილოეთ კიდე დაცილებულია ჭოროხის შესართავამდე 2100 მ მანძილით. ზონის ფართობი მთლიანობაში შეადგენს 21 კვადრატულ კილომეტრს.

[toggle title=”აკვაკულტურისთვის შერჩეული დანარჩენი საზღვაო ზონები შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

ჩაქვის საზღვაო ზონა
ქობულეთი-შეკვეთილის საზღვაო ზონა
ფოთის საზღვაო ზონა
განმუხურის საზღვაო ზონა

[/toggle]

დოკუმენტის მიხედვით აკვაკულტურის ზონებში შესაძლებელია სხვადასხვა წყალმცენარის მოყვანა; ასევე:

მიდიების მოშენება:

მიდიის Mytilus galloprovincialis ნიჟარა

„მიდიების მოშენებას საქართველოში წარსული ფაქტიურად არა აქვს. უახლეს ისტორიაში იყო მხოლოდ რამდენიმე მცირე კოლექტორული ტიპის მეურნეობის გამართვის მცდელობა, მაგრამ გარემო ფაქტორების გაუთვალისწინებლობის, ტექნოლოგიის დაუცველობისა და სათანადო ფინანსური რესურსების სიმწირის გამო მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად რეგიონის ზღვისპირეთში იზრდება მოთხოვნბა ზღვის პროდუქტებზე, მათ შორის მიდიებზე. ეს მოთხოვნა დღეისათვის სრულად ივსება ზამთრობით იმპორტირებული ძვირადღირებული მიდიით, ხოლო ზაფხულობით – საკურორტო ქალაქებში ნაწილობრივ ზღვაში ბუნებრივად მოპოვებული მიდიით. ვინაიდან ადგილზე მიდიის გამოყვანა არ წარმოებს, ხოლო ბუნებრივად მოპოვებული მიდიის კონდიცია (ზომები) არ არის შესაბამისი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მარიკულტურის პროდუქტებზე მოთხოვნა მთლიანად კმაყოფილდება იმპორტირებული საქონლით.

მიდიების ფერმების გამართვა ზღვაში, პროდუქციის მოცემასთან ერთად, გააუმჯობესებს წყლის ხარისხს. შავი და აზოვის ზღვების აუზებში 90 სახეობის ორსადგულიანი მოლუსკია, მათგან 6 სახეობის მიდიაა.

ხამანწკების მოშენება:

„1894-1914 წლებში შავ ზღვაში ფუნქციონირებდა ხამანწკების საშენი მეურნეობები, სადაც სპეციალურ გალიებში აწარმოებდნენ ხამანწკის გამოზრდას. ისტორიული წყაროებით ამ საწარმოების წარმადობა ყოველწლიურად საშუალოდ 9-10 მილიონი ცალი იყო. ჩასასმელ მასალას (ხამანწკას ლარვს) აღნიშნული მეურნეობები იღებდნენ ბუნებრივად ზღვიდან სპეციალურ კოლექტორებზე შეგროვებით. აღნიშნული მიმართულება საბჭოეთის პერიოდში აღარ განვითარებულა.

ამასთან, შავ ზღვაში თავი იჩინა ხამანწკას დაავადებებმა და დღეისათვის მისი რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ ბუნებრივად ლარვის აღება ვერ წარმოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხამანწკის გამოზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი ხელოვნურად გამრავლებით, ანუ ლაბორატორიულ პირობებში „სპატის“ (ლარვას) გამოყვანით.

2017 წლის ინვარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა შავი ზღვის ხამანწკას რამდენიმე ეგზემპლარი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შესაბამისი ძალისხმევით მოხდეს მისი აღწარმოება და გამოზრდა.

ხამანწკების მოშენება შესაძლებელია მიდიებთან ერთად ანალოგიური ტექნოლოგიით, თუმცა მიდიებისაგან განსხვავებით სპატის ბუნებრივი მოპოვება შავ ზღვაში შეუძლებელია არარსებობის გამო. ამიტომ გამოყვანის ტექნოლოგია ზემოთ წარმოდგენილი ტიპის ფერმაში შესაძლებელია მხოლოდ მზა (ხელოვნურად მიღებული) სპატის ყიდვით და მისი გამოზრდით სპეციალურ ხამანწკის გალიებში, რომლებიც ეკიდება ღერძულაზე. სპატის საორიენტაციო ფასი 1000 ცალი 15-20 ევროა.

ხამანწკა ზომით გაცილებით დიდია მიდიაზე, ამასთან იგი კარგად არის დამკვიდრებული ოკეანის პროდუქტების სასაქონლო ბაზარზე, ამიტომაც მისი მოშენების პოტენციალის გამოყენება ასევე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს მარიკულტურის ფერმების მფლობელებისათვის“.

 

[toggle title=”რომელი სახეობის თევზის მოშენებაა რეკომენდებული გონიო-კვარიათის საზღვაო ფერმებში, ნახეთ აქ:“]

გონიო-კვარიათის ზონაში შესაძლებელია მოშენებული იქნას სხვა თევზები და ჰიდრობიონტები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროდუქციულობის მაჩვენებლებით.

მათ შორის:

ცისარტყელა კალმახი Oncorhynchus mykiss –ამერიკული კალმახი

ცისარტყელა კალმახი

ცისარტყელა კალმახი ზღვის მარილიან წყალში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მტკნარი წყლის პირობებში, ამიტომაც მტკნარი წყლის პირობებში გამრავლებული და გამოზრდილი ლიფსიტი ან უკვე მოზრდილი თევზი შემოდგომაზე გადაჰყავთ ზღვის გალიებში.

ზღვის პირობებში კალმახის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსიურობა იმატებს და ორგანიზმის მნიშვნელოვანი მორფოფიზიოლოგიური გარდაქმნების შედეგად, იგი უფრო სწრაფად იზრდება.

შავ ზღვაში გალიებში ცისარტყელა კალმახის გამოყვანის მაგალითები შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს. ბულგარელმა მეცნიერებმა 15 სმ. სიგრძის და 34 გრ. წონის თევზიდან ზამთრში ზღვის გალიებში კალმახის ოთხი თვის გამოზრდის შედეგად, მიიღეს 26 სმ.-ისა და 282 გრ. წონის თევზი, რომელიც უკვე სრულყოფილ სასაქონლო პროდუქციას წარმოადგენს.

რეკომენდებულია ასევე სელექციურად გამოყვანილი ცისარტყელა კალმახის ფორმები:

  • დონალსონის კალმახი (Oncorhynchus mykiss Donaldson Walbaum)- ხასიათდება მაღალი ნაყოფიერებითა და ზრდის ტემპით. უკვე პირველ წელს შეუძლია მიაღწიოს 0,3-1 კგ-ს, ხოლო ნაყოფიერების მაჩვენებელი 20000 ცალს აღწევს.
  • კამლოპსის კალმახი (Oncorhynchus mykiss kamloops Jordan) – ხასიათდება ადრეული ქვირითობის ვადებით, მაღალი ზრდის ტემპითა და ნაყოფიერებით.

ლავრაკი Dicentrarchus labrax Linnaeus, რომელიც გვხდება სანაპირო ზოლში მცირე გუნდებად. საქართველოში დაფიქსირებულია მდინარე ჭოროხში, კინტრიშსა და პალიასტომის ტბაში.

ლავრაკი არის ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის წამყვანი მარიკულტურის ობიექტი. 2012 წელს ამ წყლებში მოპოვებული იქნა 160 000 ტ. ლავრაკი და ამ ოდენობის 95% ზღვის გალიებში იყო გამოყვანილი.

ლავრაკის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები თურქეთი (65 000 ტ.) და საბერძნეთია (42 500 ტ.).  ლავრაკი წარმატებით გამოჰყავთ ასევე ესპანეთში, ეგვიპტეში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ზღვისპირა ქვეყნებში.

სიომგა (კეთილშობილი ორაგული) Salmo salar Linnaeus – ერთ-ერთი წამყვანი აკვაკულტურის ობიექტია მსოფლიოში. ნორვეგიაში მისი მოშენება სახელმწიფოებრივი მასშტაბის სერიოზული შემოსავლების წყაროს წარმოადგენს.

შავ ზღვაში აღნიშნული სახეობის მოშენების პერსპექტივა უკავშირდება მხოლოდ სიღრმისეული ზღვის ფენების წყლის გამოყენებას, ვინაიდან სახეობა ცივი წყლის მოყვარულად მიიჩნევა, შესაბამისად მარიკულტურაში მისი გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ დაძირვად გალიებში და ხმელეთის აუზის მეურნეობებში ცივი წყლის მიწოდებით სიღრმისეული ფენებიდან.

რეკომენდებულია ასევე ზოლიანი ლავრაკი Morone saxatilis.

[/toggle]

 

თევზსაშენ გალიებში სამუშაოთა წარმოების ზოგადი სქემა

გონიო-კვარიათის აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მენეჯმენტის გეგმაში აღნიშნულია, რომ „ყველა შემთხვევაში საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისათვის ნავსაყუდელის ახლო ტერიტორიაზე არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს.

ნავსაყუდელიდან თევზსაშენი გალიების ან სხვა კონსტრუქციების განთავსების სიშორე პირდაპირ გავლენას ახდენს ექსპლუატაციური დანახარჯების ოდენობაზე. მეტი თანხა იხარჯება საკვების ტრანსპორტირების, მეთვალყურეობისა და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისათვის. გალიების სიშორე ასევე შეიცავს ფორსმაჟორის შემთხვევაში დაგვიანებული რეაგირების რისკებს.

გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით გონიოში არსებობს ყოფილი სამხედრო პოლიგონის აუთვისებელი ტერიტორია, რომლის ნაწილის მიზნობრივი ათვისება უზრუნველყოფს ამ რეგიონში მარიკულტურის მიმართულების განვითარებას სწრაფი ტემპებით.

არსებული მოცემულობით საწარმოო სიმძლავრის გათვალისწინებით გონიო-კვარიათის ზონაში შესაძლებელია გაიმართოს მიდიების და ხამანწკების კოლექტორები 315 ჰა ფართობზე საშუალოდ 6-8 ფერმა, ზედაპირული თევზის გალიები 420 ჰა ფართობზე საშუალოდ 4-6 ფერმა და სიღრმისეულ სექტორში 1155 ჰა ფართობზე საშუალოდ 11-15 ფერმა, ამაევე სექტორში შესაძლებელი განთავსდეს ზედაპირული გალიებიც, თუმცა საოპერაციო დანახარჯები გაცილებით მაღალი იქნება.

ზონის სრული დატვირთვის და საწარმოო ტექნოლოგიის გამართული უზრუნველყოფის შემთხვევაში ზონაში შესაძლებელია ყოველწლიურად წარმოებული იქნას საშუალოდ: 500 ტონამდე მოლუსკები, 10 000 ტონამდე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების ნედლეული.

შესაბამისი გადამამუშავებელი სიმძლავრეების და ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემთხვევაში მთლიანობაში შესაძლებელია დასაქმდეს 1000-1500 მდე საქართველოს მოქალაქე“.

 

[toggle title=”სხვადასხვა დარგის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი აკვაკულტურასთან ნახეთ აქ:“]

გონიო-კვარიათის მარიკულტურის ალოკაციური ზონის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით:

„გონიო-კვარიათის ზონაში შესაძლებელია გამოიკვეთოს სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების ინტერესი, რომელიც შესაძლებელია კონფლიქტში მოვიდეს მარიკულტურის [აკვაკულტურის] საქმიანობასთან. ესენია: ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, სანაპირო და სამრეწველო თევზჭერა.

ვინაიდან ზონა არ მოიცავს რომელიმე გარემოსდაცვით საზღვაო რაიონს და არ ემიჯნება დაცულ ტერიტორიას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარემოსდაცვითი ხასიათის კონფლიქტი ამ საქმიანობასთან არ არსებობს.

გონიო-კვარიათის ზონა არ წარმოადგენს სამრეწველო თევზჭერის მნიშვნელოვან უბანს, ვინაიდან იგი ემიჯნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, არ არის გამოყოფილი როგორც ტრალირების ზონა და ისტორიულად არ წარმოადგენს ქაფშიის გამოსაზამთრებელი შეჯგუფებების მასობრივი თავმოყრის ადგილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს სამრეწველო თევზმჭერების განსაკუთრებულ ინტერესს.

რაც შეეხება გავლენას გონიო-კვარიათის ტურისტულ-რეკრეაციულ პოტენციალზე, მარიკულტურის საქმიანობა მეტწილად გავლენას მოახდენს წყლის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ზონაში მეურნეობების აკვატორიების გამოყოფისას გათვალისწინებული იქნას გადაადგილების
კორიდორები, რაც მისცემს საშუალებას, ხელი არ შეეშალოს ზღვაზე დასვენებისა და გართობის ამ ფორმას.

ამავდროულად აღსანიშნავია ის, რომ მარიკულტურის საქმიანობა განაპირობებს ადგილზე ნატურალურ ზღვის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და აამაღლებს სარესტორნო და საზოგადოებრივი კვების პოტენციურ შესაძლებლობებს.

მარიკულტურის საქმიანობა ზონის მდებარეობიდან გამომდინარე ხელს არ შეუშლის საბანაო ტურიზმს, იგი არ გამოიწვევს ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებას იმ დონეზე, რომ რაიმე ფორმით ხელი შეეშალოს აქტიური დასვენების ამ ფორმას.

აკვაკულტურის რეგლამენტით გათვალისწინებულია რეგულარული მონიტორინგის წარმოება, რითაც მოხდება წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი და წყლის პარამეტრების ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში, საქმიანობის ინტენსივობის რეგულირება. “

[/toggle]

 

„აკვაკულტურის შესახებ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე.

ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში, ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა.

საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში“.

ამავე თემაზე ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

მთავარი ფოტო: სარფი / „ბათუმელების“ არქივიდან

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ფრანგული Figaro

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას შეეხება.

Figaro წერს, რომ ეს არის ახალი ეპიზოდი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთიცაა გარეული.

,,რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა ადგილი 3,7 მილიონი ქართველის გულში“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 2021 წლის პოლიტიკური კრიზისი გაგრძელებაა იმ მოვლენებისა, რაც საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო რუსი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის ჩამოსვლით.

„გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა უნდა გაეხსნა და მან ბუნებრივად დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი. ამან საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია, რადგან აქ მიიჩნევენ, რომ ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ის მხარს უჭერს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, – წერს Figaro.

გამოცემისავე შეფასებით, „16 თებერვალს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია ,,ქართული ოცნების“ მიერ გაკონტროლებულმა პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნა. ივანიშვილმა კარიერა 1990-იანი წლებში, რუსეთში შეიქმნა.

პარლამენტის გადაწყვეტილებამ მოამზადა ნიადაგი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიასთვის პატიმრობა შეეფარდებინა”.

ასე აფასებს გამოცემა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც Figaro წერს, ბოლო დღეების განმავლობაში გავრილოვმა ,,ცეცხლს ნავთი დაასხა“ და საქართველოს მმართველი პარტია შეაქო, რომელმაც, მისი თქმით, ყველაფერი გააკეთა გადატრიალება, რეპრესიები და დიქტატურა რომ აერიდებინა ქვეყნისთვის.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება ძალიან ხშირად პოლიტიზებულია“, – წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ახალი პოლიტიკური კრიზისი გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, სადაც რუსეთმა გაიმყარა საკუთარი პოზიციები ,,ისე, როგორც არასდროს“, – გასულ წელს მთიანი ყარაბაღის ომით.

Figaro ერდოღანს სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ ავტორიტარულ მმართველს უწოდებს, რომელსაც ასევე მისცა საშუალება ყარაბაღის კონფლიქტმა რეგიონში პოზიციების გასამყარებლად.

„ამის ფონზე კი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა კრიზისამდე მიიყვანა საქართველო. ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად სადავო აღმოჩნდა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დათანხმდა შესულიყო პარლამენტში.

,,ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, ამ 38 წლის ფრანკოფონ კაცს უკვე ეკავა ეს პოსტი 2013-2015 წლებში და ცუდი კვალი დატოვა“, – წერია სტატიაში.

მერისში ოქროს მხოლოდ მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ – რა ზეგავლენა ექნება გარემოზე, უცნობია

„მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ექვემდებარება თუ არა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს.

სამინისტროს შესაბამისი განცხადებით წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 12 თებერვალს მიმართა.

სააგენტოს განცხადების მიხედვით, მერისის მადნიანი ველი, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ზღვის დონიდან 700-1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ობიექტი ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან სიახლოვეს.

„წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, ასევე კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართობებზე, წიაღით სარგებლობა განხორციელდება მხოლოდ მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით.

რაც შეეხება საქმიანობის სხვა მახასიათებლებს [მაგ: ნარჩენების წარმოქმნა, ხმაურის დონე და ა.შ.], აღნიშნული დამოკიდებულია სამუშაოების წარმოების პროცესზე და წინასწარ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა საქმიანობამ გარემოზე.

გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი სკრინინგის განცხადება და მიიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული საქმიანობა გარემოზე შეფასების საქმიანობას და შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, 30 წლით, წიაღის ეროვნული სააგენტო 5 მილიონ ლარად ყიდდა. თუმცა ლიცენზია გასულ წელს არ გაიყიდა. სალიცენზიო ფართობი 11 ათას ჰექტარზე მეტია.

აუქციონის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელს 30 წლის განმავლობაში შეეძლო მოეპოვებინა სხვადასხვა კატეგორიის:

  • ოქრო – 859 კილოგრამი,
  • ვერცხლი – 18,3 ტონა,
  • სპილენძი – 130 746 ტონა,
  • ტყვია – 16 800 ტონა,
  • თუთია – 14 200 ტონა.

სამინისტროს მიერ სააგენტოს განცხადების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წიაღის ეროვნული სააგენტო „მერისის ოქროს საბადოს“ ლიცენზიაზე აუქციონს ხელახლა გამოაცხადებს.

ამავე თემაზე:

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

 

მთავარი ფოტო: მერისის ხეობა / ფოტო არქივიდან

„2021 წელი გადამწყვეტია ჩვენი პლანეტისთვის“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით – „შერიგება ბუნებასთან“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე ამ ასწლეულში შესაძლოა 3 გრადუსით გაიზარდოს, რაც კატასტროფა იქნება კაცობრიობისთვის იმ პირობებში, როცა ცხოველებისა და მცენარეების მილიონზე მეტი სახეობა გაქრობის პირასაა.

გაერო წერს, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობები ყოველწლიურად იწვევს 6,5 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ხოლო 1,8 მილიონი ბავშვი ყოველწლიურად იღუპება წყლის დაბინძურების შედეგად.

„2021 წელი გადამწყვეტია პლანეტისთვის. ჯერ კიდევ არ არის გვიან ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ შევძლებთ არა მხოლოდ გამონაბოლქვის მკვეთრად შემცირებას უახლოეს ათწლეულში, არამედ შევქმნით ახალ გარემოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და, ასევე, მივიღებთ სერიოზულ ზომებს დაბინძურების შესამცირებლად. ეს ნამდვილად გადამწყვეტი წელია,“ – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა. 

გაეროს ცნობით, მოხსენებაში „შერიგება ბუნებასთან“ მოცემულია პრობლემების გადაწყვეტის გზები.

გაერო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ზომები უნდა მიიღონ მთავრობებმა და უნდა მიიღონ სათბური გაზების ემისიის გადასახადი, შეწყვიტონ საწვავის მოპოვებისა და სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, რაც ბუნებას ზიანს აყენებს და მწვანე ეკონომიკის განვითარებაში ჩადონ ფული.

„დიდი დროის განმავლობაში ჩვენ გვქონდა უაზრო და თვითმკვლელი ომი ბუნებასთან. ამან მიგვიყვანა გარემოს დაბინძურებასთან, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასთან, კლიმატის ცვლილებებთან და საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი არსებობა,“ – განაცხადა ანტონიო გეტერეშმა.

ბათუმში კვირას გამოიდარებს | უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 19 თებერვლის 21 საათიდან 20 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ნალექი – უმეტესად თოვლის სახით.

აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით:  0 – 5 გრადუსი ყინვა 

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 57 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში კვირას, 21 თებერვალს, გამოიდარებს და ორი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო სისტემა და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან.

აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რამდენიმე დღეა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აჭარაში კოვიდის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა | დღევანდელი მონაცემები

19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე აჭარაში კოვიდის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობს 147 ადამიანი, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეისათვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 620 ადამიანი. 

საქართველოში კოვიდით 7 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 388 ახალი შემთხვევა | 19 თებერვალი

19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 16 391 ტესტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი.

ამ ეტაპზე საქართველოში 1 813 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, ამ 356 მძიმე პაციენტია. 

18 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

MDF: მედია ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციას ვერ იღებს

როგორ ავსებენ ჟურნალისტები ინფორმაციულ ვაკუუმს, როცა კრიზისული ვითარებისას ოფიციალური უწყებები კომენტარებისგან თავს იკავებენ, მედიას კი საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება აქვს? საჭიროებათა კვლევაში, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მოამზადა, ჟურნალისტები და ექსპერტები ამ პრობლემებზე საუბრობენ.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულ პირისპირ ინტერვიუებში ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც ამ დროს იქმნება, ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს ქმნის, რაც ყოველთვის არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და ინფორმაციის ხარისხზე აისახება.

ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი ბერი სალოსის ქუჩაზე და პანკისში სპეცოპერაციების დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როცა მისი თქმით, „მედია მიტოვებული იყო საკუთარი ინტერპრეტაციების ან იქ მყოფი მოქალაქეების იმედზე… როდესაც მედიას არ სთავაზობ ინფორმაციას, ის ყოველთვის ეძებს ინტერპრეტაციას“.

სოფო მეგრელიძე, Associated Press: „ოფიციალური სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ ინფორმაციის გავრცელებას ან საერთოდ უარს ამბობენ მედიასთან თანამშრომლობაზე და მოსახლეობის ინფორმირებაზე. ინფორმაციული ვაკუუმის დროს ჟურნალისტი ჰყვება იმას, რასაც ხედავს ან ესმის სხვადასხვა წყაროდან, რაც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.“

საერთაშორისო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა უწყებების შიგნით კომპეტენციების განსაზღვრისა და ინციდენტის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მიწოდების პრობლემებზე.

მაკა ანთიძე, როიტერი: „სამწუხაროდ, ბოლო 10 წელი რომ ავიღოთ, პრესცენტრები არ გაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც შენ გაინტერესებს… შიგნით უწყებაში არ არის დალაგებული, რა უნდა თქვან, რა არ უნდა თქვან. არის არეული პრესცენტრის და Spokesperson-ის ცნებები“.

კვლევის მთავარ მიგნებად ასევე გამოიკვეთა კრიზისული ვითარების გაშუქების შიდასარედაქციო გზამკვლევის არარსებობა, რომელიც უმეტესად, სატელევიზიო მედიაში შეიმჩნევა, ამასთან ისიც, რომ ჟურნალისტთა უმეტესობა არ იცნობს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც კრიზისების მართვის მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკას განსაზღვრავს.

საჭიროებათა კვლევის ფარგლებში გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ მედიის მიერ კრიზისული ვითარების/ანტიტერორისტული ოპერაციების გაშუქებაში ძირითადი პრობლემები ცოდნის დეფიციტი, სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა და თემატური სპეციალიზაციის არარსებობაა.

ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო: „მოსახლეობას სჭირდება კომპლექსურ შეკითხვებზე პასუხი… ღრმა კომპეტენტური ანალიზი, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს [მოვლენა] სამომავლო სტრატეგიულ პერსპექტივაში და უფრო ფუნდამენტური სოციალური, ეკონომიკური ანალიზი და ა.შ“.

საჭიროებათა კვლევის საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია, კრიზისული ვითარებების გაშუქებისას არსებულ გამოწვევებს უპასუხოს და ხელისუფლებასა და მედიას შორის თანამშრომლობას, ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელებასა და ხარისხიან მედიაგაშუქებას შეუწყოს ხელი.

კვლევის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მარტში პირისპირ ინტერვიუს ფორმით სულ 30 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და მედიის, უმცირესობების საკითხების, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები.


კვლევა MDF-მა პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში მოამზადა, რომელიც ფონდ ჰიდაიასა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება გარდატეხის ასაკში მყოფთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, მოზარდების 40-60%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი: ჰორმონალური პროცესების შედეგად იწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდებს ეცვლებათ ხმა, სხეული. ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილები არაპროპორციულად იზრდება: კიდურები, ცხვირი და ა.შ.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოზარდებს აბნევთ და ძაბავთ. მშობლებსაც უჭირთ გაერკვნენ, როგორ მოექცნენ მათ: როგორც დიდს თუ როგორც ბავშვს. პრობლემურია მოზარდის ურთიერთობებიც თანატოლებთან, ისინი ხშირად ხდებიან გარეგნული ცვლილებების გამო ბულინგის მსხვერპლი.

„გარდატეხის ასაკში მოზარდები თვითკრიტიკულები არიან, ჰყავთ წარმოსახვითი აუდიტორია და თავსაც წარმოსახვით სცენაზე წარმოიდგენენ ხოლმე, ჰგონიათ, რომ ყველა მათ უყურებს და აკონტროლებენ. ფიქრობენ, რომ შემჩნეულია მათი ყველა ნაკლი, შეცდომა და რომ აუცილებლად გახდებიან კრიტიკის ობიექტები.

გარდატეხის ასაკში ბავშვები ეძებენ საკუთარ თავს, ცდილობენ იყვნენ გამორჩეულები გარეგნულად, ჩაცმის სტილით და ხშირად სწორედ ამიტომ ამ ასაკს თან ახლავს თვითშეფასების პრობლემები. როცა ამას ერთვის უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასება კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე დავიდეს. არ არის გამორიცხული სამომავლოდ გარეგნობით უკმაყოფილება კომპლექსადაც იქცეს, თუ დროულად არ დავეხმარებით მოზარდს რეალობის გაანალიზებაში,“ – ამბობს ქეთი დევაძე.

რა ქნას მშობელმა, რით დაეხმაროს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო მოზარდს?

გარდატეხის ასაკში მშობლის აზრი ხშირად ბავშვს უკვე აღარ აინტერესებს. მიუხედავად ამისა, ქეთი დევაძე მიიჩნევს, რომ მშობელი მაინც ხშირად უნდა უსვამდეს ხაზს:

  • ბავშვის დადებით მხარეებს. მათ შორის გარეგნობის დადებით მხარეებსაც;
  • აუცილებელია მოზარდს ვეუბნებოდეთ რეალურ კომპლიმენტებს, დეტალურად;
  • მშობლები ყურადღებას უნდა ამახვილებდნენ არამხოლოდ მოზარდის გარეგნულ მხარეზე, ასევე მის დადებით პიროვნულ თვისებებზე;
  • მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს შვილს იმის გაცნობიერებაში, რომ ის უნიკალურია თავისი გარეგნობით, პიროვნული თვისებებით, რომ ყველა ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია;
  • არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება „შევაჯიბროთ“ ბავშვები მეგობრებს, და-ძმებს, არ არის საჭირო, მაგალითად, მოზარდს მოვუყვანოთ თანატოლები.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მშობლებს დიდი მოთმინება და ძალისხმევა მართებთ შვილების მოზარდობის პერიოდთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია მშობელმა მას მისცეს გარკვეულწილად დამოუკიდებლობა, მაგრამ თან აგრძნობინოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გვერდითაა და ყოველთვის მზადაა კომუნიკაციისთვის.

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო მოზარდებს შესაძლოა აგრესია ჰქონდეთ მშობლებზეც. მეტიც – შესაძლოა მშობლებს ეგონოთ, რომ მოზარდებს ისინი „ეზიზღებათ“ კიდეც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დამოკიდებულება, აგრესია, ფიზიოლოგიური პროცესების და ჭარბი ემოციების შედეგია და არა მოზარდების ნამდვილი „ზიზღი“.

„4 წლის გადასახადი ერთად მომივიდა“ – ვის ეხება მიწის გადასახადი და რამდენია ჯარიმა 

მიწის მესაკუთრე კანონით ვალდებულია ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში და გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი. მიწის გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პირს ყოველთვიურად დაერიცხება საურავი – გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით.

ფიზიკურ პირს შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს და არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა; ან საგადასახადოს მიერ უკვე დარიცხულია მასზე მიწის გადასახადი; ან ერთხელ მაინც ჰქონდა წარდგენილი დეკლარაცია და მისი ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა.

მიწის გადასახადის ოდენობა [წლიური საბაზისო განაკვეთი] დადგენილია კანონით და ის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვაა. თითოეულ მუნიციპალიტეტში გადასახადის ოდენობას ადგენს საკრებულო, თუმცა ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადასახადისგან თავისუფალია. ოღონდ, ნაკვეთი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც გვითხრეს, რომ მიუვიდათ შეტყობინება რამდენიმე წლის გადასახადის შესახებ. ქობულეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ შეტყობინების მიხედვით, ბოლო 4 წლის გადასახადი აქვს გადასახდელი. სახელმწიფო გადასახადს ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ ცალკეულ ნაკვეთებზე და არ ითხოვს გადასახადს, მაგალითად, იმ ნაკვეთზე, რომელზედაც მისი საცხოვრებელი სახლი დგას.

„გადასახადი ერთიანად მომივიდა. მაინტერესებს, თუ 2017 წლიდან მიწის გადასახადი მქონდა გადასახდელი, რატომ არ გამაგებინეს, იმავე წელს, ან შესაბამისად, მომდევნო წლებში? თანაც, გადასახადი გადასახდელი მაქვს ცალკე მდებარე ნაკვეთებზე, მაგრამ არა იმ ნაკვეთზე, სადაც სახლი მიდგას,“ – გვითხრა მოქალაქემ.

რა ხდება?

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები [მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში] გათავისუფლებულია გადასახადისგან.

მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის შესახებ შემოსავლების სამსახური შეტყობინებებს ფიზიკურ პირებს ფოსტით უგზავნის. იმ პირებს, რომლებმაც ან არ იციან კანონის შესახებ, ან იციან, მაგრამ დღემდე არ გადაუხდიათ მიწის გადასახადი, შემოსავლების სამსახური არიცხავს გადასახადს ჯამურად – იმ წლების მიხედვით, რომელ წლებშიც პირს გადასახადი უნდა გადაეხადა. ამ შემთხვევაში გადასახადს საურავის გარეშე არიცხავენ.

შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში თუ მიწის მესაკუთრე არ გადაიხდის დარიცხულ გადასახადს [ერთი ან რამდენიმე წლის ერთად], მას უკვე დაერიცხება საურავი ყოველ მომდევნო თვეში – მთლიანად გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით.

[მაგალითად, თუ გაქვთ 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი და წლიურად გეკუთვნით, ვთქვათ, 43 ლარის გადახდა და არ გადაიხადეთ, მომდევნო წელს დაგერიცხებათ 86 ლარი [ორი წლის გადასახადი] და თუ არ გადაიხდით დროულად, ყოველ თვეში დამატებით დაგერიცხებათ საურავი – 0,65 თეთრი ერთი წლის განმავლობაში, მომდევნო წლიდან კი 1 ლარი და 29 თეთრი და. ა.შ.].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საურავს შემოსავლების სამსახური არიცხავს 3 წლის განმავლობაში. სამი წლის შემდეგ კი, ახალი საურავის დარიცხვა დამატებით აღარ ხდება, თუმცა მოქალაქემ უკვე ჯამურად დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს. ამასთან, ვალდებულია გადაიხადოს  მიწის ყოველწლიური გადასახადიც.

ვისაც ერთხელ უკვე დაარიცხეს მიწის გადასახადი, მას შემოსავლების სამსახური შეტყობინებას გადახდაზე აღარ უგზავნის და თუ ეს პირი დროულად არ იხდის მიწის ყოველწლიურ გადასახადს, მას ავტომატურად არიცხავენ საურავს.

მესაკუთრეს მიწის გადასახადთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად [ეკუთვნის თუ არა გადასახადის გადახდა, რამდენი, ხომ არ ერიცხება საურავი და სხვა] შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით. განაკვეთები დადგენილია 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

მაგალითად, 1 ჰექტარი სახნავი [მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული] და საკარმიდამო ნაკვეთისთვის აჭარაში გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთებია:

  • ბათუმში – 94 ლარი
  • ქობულეთსა და ხელვაჩაურში – 87 ლარი
  • ხულოსა და ქედაში – 60 ლარი
  • შუახევში – 56 ლარი

1 ჰექტარი სახნავი [ასევე მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული] და საკარმიდამო მიწის გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები ქვეყნის მასშტაბით:

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

კოდექსით დადგენილია ასევე 1 ჰექტარი სათიბისა და საძოვრისთვის გადასახადის საბაზისო განაკვეთების ოდენობაც მუნიციპალიტეტების მიხედვით:

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი /17.02.2021

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის კი, გადასახადის განაკვეთები, ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

  • გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთან, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
  • მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1-ლი აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

კანონით, ფიზიკური პირის, ამ პირის ოჯახის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები თუ არ აღემატება 40 000 ლარს, პირი არ იხდის ქონების [სახლი, ბინა, ავტომანქანა] გადასახადს, მაგრამ ის ვალდებულია გადაიხადოს მიწის გადასახადი.

მიწის გადასახადისგან ასევე გათავისუფლებულნი არიან:

  • ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • 2004 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
  • მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ გაცემული ცნობით;
  • მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

საგადასახადო კოდექსი მიწის გადასახადთან დაკავშირებით სხვა შეღავათებსაც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის, მაგრამ, „თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. შესაბამისად, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად“.

რაც შეეხება მიწის სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას, ის აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.

ვიდრე მთავრობა სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს, მოქალაქეებს [როგორც აჭარაში, ისე ქვეყნის მასშტაბით] უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, სპორადული რეგისტრაციით დაირეგისტრირონ.

სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

ამ თემაზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა.

ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი.

„მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ –  უთხრა მან „ბათუმელებს“ და ამის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდა.

მისივე თქმით, გელათის წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობა საფრთხის ქვეშაა. რაც ხილულად ჩანს, არის ის, რომ მხატვრობიდან მუდმივად ცვივა ფრაგმენტები.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის „ბაგინეთი +“-ის წარმომადგენელმა არჩილ ყიფიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დროებითი გადახურვა უამინდობის გამო გაჭიანურდა.

„[სახურავის] შეფიცრვა თითქმის დავამთავრეთ. ორი ფერდის გადახურვა მოვასწარით მარტო და გაგვითოვდა. მანამდე წვიმდა. კარგ ამინდში მხოლოდ ამ სამუშაოს გაკეთება მოვასწარით. დაახლოებით ოთხი დღე არის კარგი ამინდი საჭირო, რომ მთლიანად დაიხუროს წმინდა გიორგის ტაძარი. 18 თებერვლამდე აუცილებლად მოესწრებოდა ეგ სამუშაოები, მაგრამ აი, გეუბნებით, ამინდმა შეგვიშალა  ხელი. თოვლიან ამინდში უბრალოდ ფიზიკურად ვერ იმუშავებს ხელოსანი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ბაგინეთი +“-ის წარმომადგენელმა არჩილ ყიფიანმა.

მისივე თქმით, ამჟამად წმინდა გიორგის ტაძრის სამხრეთის  და ჩრდილოეთის ფერდი არის დახურული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ წმინდა გიორგის ტაძრის გადახურვა პრევენციული ხასიათისაა.

„რისკი იმისა, რომ ტაძარში წყლის ჩადინება მოხდეს, ნამდვილად არ არის. ამ გამოცდის ქვეშ წმინდა გიორგის ტაძარი არაერთხელ ყოფილა, მათ შორის, გადახურვის დაწყებამდე ინტენსიური წვიმის ზემოქმედების ქვეშ იყო. არაერთხელ შევამოწმეთ ჩვენ უშუალო სიახლოვიდან არსებული ხარაჩოს  დახმარებით არეალები, გადამოწმდა ვიზუალურად, დატენიანების კვალი იქ არ არსებობს, მაგრამ საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენ ვქმნით დროებით, ახალ მექანიზმს დამატებითი დაცვისათვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 11 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია,  საიდანაც პირველად გახდა ცნობილი, რომ სააგენტო წმინდა გიორგის ტაძარსაც გადახურავდა. მანამდე სააგენტო ამტკიცებდა, რომ წმინდა გიორგის ტაძარს დროებითი გადახურვა არ სჭირდებოდა. ამის საწინააღმდეგოდ, დარგის სპეციალისტები ითხოვდნენ სააგენტოს წმინდა გიორგის ეკლესია სასწრაფოდ გადაეხურა. საბოლოოდ, საპარლამენტო კომიტეტმა სააგენტოს რეკომენდაცია მისცა ტაძრის დროებითი სახურავის ქვეშ მოსაქცევად.

არსებული ინფორმაციით, დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება წყალგადამყვანი სისტემა, რომლის საშუალებით ნალექი მიწის ნიშნულზე მოწყობილ სანიაღვრე არხში გადავა.

სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე მოწყობილი დროებითი სახურავის ფენილები არქიტექტურულ ძეგლებზე კომპლექსური კვლევის პროცესის დაწყებამდე შენარჩუნდება.

მთავარ  ფოტოზე: გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი 17/02/2021. თორნიკე ბარათაშვილის ფოტო

ამავე თემაზე:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დაასახელეს

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების  სამეულში დასახელდა. 

ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი  მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal Bank of Canada და სხვ.

ინსპირაციული ბანკირები მსოფლიოდან SME ბანკინგის მიმართულებით თავიათი საქმიანობის მიხედვით შეირჩნენ, კრიტერიუმებს შორის იყო ინოვაციების დანერგვა, ახალი ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიზნეს შედეგები, ბანკების ზომა, საბაზრო წილი და ა.შ.  დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეებს გადაეცათ, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად. 

გამარჯვებულებს აქვთ უმაღლესი სანდოობა და ლეგიტიმაციარადგანაც ისინი შეირჩნენ თავიანთ ქვეყნებში საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპითეს ჯილდოები იმ გამორჩეული წვლილის აღიარებას წარმოადგენსრაც მათ მფლობელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში მიუძღვით,“ – განაცხადა Efma-ს SME პროგრამების დირექტორმა ლუკას ჟუროსკამ. 

ვულოცავ ნიკა ქურდიანს Efma- და მასტერქარდის ჯილდოსეს დიდი აღიარებააროგორც ჩვენთვისთიბისისთვისისე ქვეყნისთვისჩვენს ქვეყანაშიისევე როგორც მთელ მსოფლიოშიმცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას და ჩვენიროგორც ფინანსური ინსტიტუტის როლი ძალიან დიდია ამ სეგმენტის განვითარებაშიამ აღიარებით Efma- შეაფასა ის ინოვაციები და ბიზნეს ინიციატივებირომლებიც ჩვენ და მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დავნერგეთ ბაზარზე 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის,“  – ამბობს  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit  Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს თიბისის გადახდების და მარკეტინგის მიმართულებებს და საერთაშორისო ციფრულ საბანკო პლატფორმას Space.  ის, ასევე, არის TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 


Efma-ს შესახებ

Efma არის მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაარსებული ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია. ის მსოფლიოს 133 ქვეყანაში 120 ფინანსურ ჯგუფს აერთიანებს. თავის გლობალურ ქსელში Efma აერთიანებს ფინანსური ინდუსტრიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ხელს უწყობს მათ შორის კავშირს და ინფორმაციის გაცვლას. Efma-ს მიზანია დაეხმაროს თავის წევრებს შექმნან საუკეთესო გამოცდილებასა და უნარებზე დაფუძნებული საზოგადოება თავიანთ ქვეყნებში. ასოციაციის მისიაა თავის წევრებს შორის გაავრცელოს ინოვაციური იდეები და ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.  

პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს

საქართველოს  პრემიერმინისტრობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.   გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს  შემდეგ გახდა ცნობილი.

“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე,” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც.  მან მადლობა გადაუხადა პარტიას.

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის, მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და რა თქმა  უნდა, ეს არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა. პირველ რიგში, ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც  ბუნებრივია საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები.

ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, ის ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.  ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015 წლებში, ერთხელ უკვე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს, გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.

ყოველ მეექვსე ბავშვს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობა ემუქრება

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობა ათეულობით მილიონ ბავშვს ემუქრება იმ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

ორგანიზაციის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონებში. საუბარია 426 მილიონიდან 72 მილიონ ბავშვზე, ბიჭებსა და გოგოებზე, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ.

ამავე დროს, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 30 წელიწადში რისკის ჯგუფში მყოფი ბავშვების რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა. 1990 წელს სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ 8.5 მილიონი ბავშვი იყო – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდება, მანამდე კი ორგანიზაციამ მონაცემები მიუნხენში წარადგინა კონფერენციაზე.

ექსპერტები განმარტავენ, რომ სექსუალურ ძალადობაში იგულისხმება გაუპატიურება, სექსუალური მონობა, იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი სტერილიზაცია და გენიტალიების მოკვეთა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ერაყში, იემენში, კოლუმბიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სირიაში.

Save the Children-ის დასახელებული რიცხვებისგან განსხვავდება გაეროს მონაცემები. გაერომ 2006 წელს მსოფლიოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 22 ათასზე მეტი შემთხვევა დაასახელა, თუმცა Save the Children-ის  ხელმძღვანელის, სუზან კრუგერის განცხადებით, ოფიციალური მონაცემები მხოლოდ აისბერგის წვერია.

„ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ძალიან იშვიათად აღირიცხება მშვიდობიან დროსაც კი, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტებისას – კიდევ უფრო იშვიათად. გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ომში“, – განაცხადა მან.

______________
მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით.

„გახარიამ შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერობა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გახარიამ პარტიის შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერის პოსტი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. მისთვის დღეს მომხდარი პოლიტიკური ამბები აჩვენებს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალებს შორის პარტიული ვერტიკალია ყველაზე ძლიერი და ძალაუფლების გადანაწილება მთავრობას და სასამართლოს შორის რეალურად არ არსებობს. პოლიტოლოგისთვის პრემიერის წასვლით გამოჩნდა ისიც, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არჩევნებს არ აპირებს, რადგან „გახარია დანაკარგია“, – ამბობს ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ლევან, რას დაარქმევდით ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, რასთან გვაქვს საქმე?

რას დავარქმევდი არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლების ქმედებები ნიკა მელიას წინააღმდეგ ჰგავს პოლიტიკურ რეპრესიას პოლიტიკურ ლიდერზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად.

ამ საქმის სამართლებრივ საფუძვლებს თუ გავეცნობით, იქაც, მგონი, ბევრი რამ არ არის გარკვეული, თუმცა ეს სამართლებრივი შეფასების საგანია. გახარიას განცხადება, რომ გუნდთან ვერ შეთანხმდა იმაზე, უნდა აღსრულდეს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, აჩენს კითხვას: რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდთან განიხილავდეს სასამართლო ხელისუფლების აღსრულებადობას? ეს ლოგიკაც დამატებით კითხვებს აჩენს, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია. რა გადაწყვეტილებასაც იღებს სასამართლო, ის უნდა აღასრულოს მთავრობამ. ეს იგივეა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის შესრულებაზე მთავრობამ უარი თქვას, ან, რომ თქვას, მაგალითად, საარჩევნო სისტემა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ ძველი სისტემით.

  • პრემიერის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავება დროებით გადაიდო. რა საფრთხეები ჩნდება პოლიტიკურად, როცა პოლიტიკა ასე ერევა სამართალში? 

არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლება განიხილავდეს, როდის აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ის, რომ პრემიერი გადადგა და ახლა ჩვენ ვაჩერებთ რაღაც პროცესს, თითიდან გამოწოვილი მიზეზია. აშკარაა, რომ კრიზისიდან გამომდინარე შეჩერდა ნიკა მელიას დაკავების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების შესრულება.

  • რა როლი შეასრულა, თქვენი აზრით, ამ პროცესში კრიტიკამ დასავლეთიდან? 

თუკი მართლა იაზრებს „ქართული ოცნება“ ამ კრიზისს და იმას, რომ ეს პროცესი რეალურად საზიანოა ქართული დემოკრატიისთვის, მაშინ ეს არის სპექტაკლი. პირდაპირ შეეძლო ეთქვა „ქართულ ოცნებას“, რომ ხედავს კრიზისს. ჩემი აზრით, გახარიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პარტიის შიგნით არის დაპირისპირება, კონკრეტულად კი, ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის, რომელსაც აღარ შეეძლო ემოქმედა ისე, როგორც თვლიდა საჭიროდ.

ვიცით ასევე, რომ ლიეტუვის ელჩი მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და თქვა, რომ კრიზისის დასრულებამდე არსად წავა. ესეც პრობლემაა „ოცნებისთვის“, რადგან გამოჩნდა პირდაპირი მხარდაჭერა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ. ლიეტუვა აღიქმება, როგორც ძალიან ახლობელი და მეგობარი ქვეყანა.

  • რამდენად შეიძლება შეუთანხმებლობის გამო, რაც გახარიამ ახსენა, გუნდს მისი ხელმძღვანელი ტოვებდეს და არა, მაგალითად, შს მინისტრი, ან სუს-ის უფროსი? 

ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ ინსტიტუტების და ინდივიდების კონკურენციას ძალაუფლების მოსაპოვებლად. ერთი მხრივ, არის აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერის მეთაურობით და მას ექვემდებარება შს მინისტრიც. ეს არის ერთი გუნდი და პრობლემურ საკითხებზე უნდა იყოს ერთიანი ხედვა. მეორე მხრივ, არის პარლამენტი და უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნებაა“.

ჩვენს რეალობაში პრემიერ-მინისტრი არ არის საკუთარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რაც იწვევს ორმაგი ძალაუფლების ხაზის არსებობას. ერთია აღმასრულებელი და პრემიერი, მეორეა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მესამე ხაზზე აღარაფერს ვამბობ, სადაც იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი, თუ კიდევ ასეა. მეოთხეა პარლამენტი და მისი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენს კონტექსტში ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. ამიტომაც, გუნდში დაპირისპირება აღიქმება, როგორც პრემიერსა და პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებად.

ჩანს, რომ პარტიას კობახიძე უფრო კარგად აკონტროლებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, პრემიერი აღმოჩნდა უმცირესობაში და ის გაერიდა ამ მდგომარეობას.

  • ანუ აიძულეს, რომ წასულიყო?

ამას ვერ ვიტყვით დანამდვილებით, მაგრამ ფაქტია, რომ პარტიას და მის თავმჯდომარეს უფრო მეტი გავლენა აქვს. ერთი მხრივ, თუკი შეგიძლია აიძულო პრემიერი, რომ იგი გადადგეს, ეს აჩვენებს გავლენას, მეორე მხრივ კი, თუკი პრემიერ-მინისტრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ განახორციელოს იმგვარი პოლიტიკა, რომელსაც მიიჩნევს სწორად, ესეც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიის გავლენა ძალიან დიდია.

  • ასახელებენ რამდენიმე კანდიდატს, ვინც შეიძლება გახდეს პრემიერი. თქვენი აზრით, რის მიხედვით გაკეთდება არჩევანი მომავალ პრემიერზე? 

მე სამი კანდიდატურის შესახებ მსმენია. ერთია ის, რომ თავად კობახიძე გახდეს პრემიერი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რეალური იყოს, რადგან ის მშვენივრად აკონტროლებს საკუთარ პარტიას და პარტიის მეშვეობით აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. არჩევნებამდე ასევე ისმოდა, რომ წულუკიანი გახდებოდა პრემიერი, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა. სახელდება კახი კალაძე, თუმცა ესეც განსხვავებული ლიდერია და არა მგონია, დანიშნონ.

ამ დრომდე გახარია, კობახიძე და კალაძე იყო სამი გამორჩეული ლიდერი ამ პარტიაში. მამუკა მდინარაძე ალბათ ყველაზე მისაღები კანდიდატურა იქნებოდა კობახიძისთვის კონტროლის თვალსაზრისით, თუმცა წინასწარ ამის განჭვრეტა რთულია. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ამით ეს კრიზისი, რაც შეიქმნა, არ აღმოიფხვრება.

  • გაჩნდა მოსაზრება, რომ კრიზისის დასაძლევად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტი შეგნებულად არ დაუჭერს მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას, ანუ ხელისუფლება არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ არჩევნები გაყალბდა. 

გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამისთვის არ იქნებოდა საჭირო გახარიას გადადგომა. გახარიას შეეძლო პირდაპირ გადამდგარიყო და ეს ყოფილიყო დაკავშირებული ნიკა მელიას საქმესთან. ამ კონტექსტში აშკარა ხდება კონფლიქტი პოლიტიკური პარტიის შიგნით. გახარია პოპულარული იყო ხმების მოზიდვის თვალსაზრისით, ბოლო კვლევებიც ამას აჩვენებდა, რომ მისი და მთავრობის რეიტინგი, იმავე პარლამენტთან შედარებით, პოზიტიური გახდა. თუ „ოცნებას“ აქვს ეს სცენარი, რომ ამის და ამის შემდეგ დანიშნავს არჩევნებს, მაშინ საკუთარ თავს იგდებს უარეს მდგომარეობაში, ვიდრე პირდაპირ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში დათმობაზე წასვლა. გახარიას წასვლა დანაკარგია „ოცნებისთვის“, თუკი ის უშვებს, რომ არჩევნები დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში გახარიას შეინარჩუნებდნენ მინიმუმ არჩევნებამდე.

  • რატომ ფიქრობთ, რომ გახარია დანაკარგია „ქართული ოცნებისთვის“? 

არაერთი კრიზისის არსებობის მიუხედავად, გახარია ახერხებდა შეენარჩუნებინა ძლიერი და თავდაჯერებული ლიდერის იმიჯი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. 20 ივნისის ამბებმაც ვერ დააზარალა ბოლომდე გახარია, როგორც, მაგალითად, სხვა პოლიტიკოსი შეიძლება დაეზარალებინა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარია იყო მინისტრი, რომელმაც ახალგაზრდების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია კლუბებში რეიდების შემდეგ. ნიკა მელიას საქმე პირდაპირ არ უკავშირდებოდა გახარიას და ამის გამო მისი წასვლა უფრო აჩენს კითხვებს, რომ ეს რეალურად პარტიის შიგა არსებული დაპირისპირება უფრო იყო.

ჩანს, რომ ამ ეტაპზე „ოცნება“ არ ემზადება ძირეული ცვლილებებისთვის. არ ჩანს ჰორიზონტზე ახალი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა, თუმცა ხვალ კი არა, დღეს საღამოს რა იქნება, ესეც არ ვიცით. ეს დამოკიდებულია საზოგადოების რეაქციაზე, დიპლომატიურ ზეწოლაზე, რამდენად გაიაზრებს „ოცნება“ საკუთარ ნაბიჯებს, თუმცა ამ ეტაპზე ახალ არჩევნებს არ განიხილავენ.

  • რამდენად იზრდება ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის შანსი ამ დროს? 

მე ვფიქრობ, რომ იზრდება. ისინი პოლიტიკურად უფრო რელევანტურები შესაძლოა გახდნენ. საქმე ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის გამო საკუთარ თავს საფრთხეში იგდებდნენ რელევანტურობის კუთხით. თუკი საზოგადოება აღიქვამს, რომ კრიზისი „ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს, რაც გახარიას გადადგომა აჩვენა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქამდე ოპოზიციის ქმედებები იყო მართებული.

რეაქცია იქნება ამომრჩევლის მხრიდან, რომ თუ ეს ხალხი ტყუოდა  და „ოცნება“ იყო მართალი, მაშინ რატომ არის „ოცნების“ შიგნით განხეთქილება? თავად ეს კითხვა დააზარალებს „ოცნებას“ და იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ აღარ იყოს რელევანტური პოლიტიკური ძალა.

ბელორუს ჟურნალისტებს 2 წელი მიუსაჯეს აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის

მინსკის სასამართლომ ორი წელი, სასჯელის კოლონიაში მოხდით, მიუსაჯა ჟურნალისტებს საპროტესტო აქციიდან პირდაპირი ეთერის გაშვებისთვის, თუმცა ოფიციალური ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზება და მასში მონაწილეობა იყო.

პოლონური არხის ჟურნალისტები, 27 წლის ეკატერინა ანდრეევა და 23 წლის დარია ჩულცოვა ნოემბერში დააკავეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები ბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილის, რომან ბონდარენკოს დაღუპვას აპროტესტებდნენ. ბონდარენკო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის სასტიკად სცემეს პირებმა სამოქალაქო ტანსაცმელში.

დაკავებული ჟურნალისტები კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას. უფლებადამცველები ორივე ჟურნალისტს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ განაჩენი არის ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ და გზავნილი – „გააშუქებთ აქციებს – წახვალთ ორი წლით კოლონიაში“.

„ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ და ეს დამტკიცდა სასამართლოშიც, ხელისუფლებამ უბრალოდ შურისძიება გადაწყვიტა მათზე აქციის გაშუქებისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტთა ასოციაციის პრესმდივანმა, ბორის გორეცკიმ.

_______________

ფოტო: „დოიჩე ველე“ 

 

17 წელი ქოხებში – 3 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები მთავრობას მიწის დაკანონებას სთხოვენ

ეკომიგრანტი, 63 წლის ნოდარ ჭაღალიძე 2006 წლიდან დღემდე თავისი ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობს ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე, ყოფილი ნარკოლოგიურის მახლობლად. ნოდარ ჭაღალიძის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო შემწეობაა – 140-ლარი პენსია სამხედრო ტრავმისთვის და 50 ლარი სოციალური დახმარება. საკვები ძირითადად სოციალური სასადილოდან მოაქვს. “ჩაცმა გინდა თუ წამალი, სხვა ყველაფერი შეზღუდულია. არაფერს არ უთავდება ეს ფული, ძალიან გაჭირვებული დრო მოვიდა, განსაკუთრებით ჩვენისთანა ხალხისთვის”, – ამბობს ის.

ნოდარ ჭაღალიძის ქოხი ნახევარი ქვის, ნახევარი ხის მასალისგანაა ნაშენი, სახურავი ზემოდან ძველი კრამიტითაა დახურული, შიგნიდან კი მუყაო აქვს აკრული. ეზოში ცივი წყალი მოდის, შუქის შეყვანაზე კი წლებია უარს ეუბნებიან. “ამ შემოსაზღვრულში ორი მოსახლე ვართ და ორივეს მეზობლისგან გვაქვს თითო ხაზი, 5 ლარზე მეტს ვერ ვწვავთ, ტელევიზორს და ერთ ნათურას ვანთებ … მთლად უშუქოდაც ძნელი დარჩა”, – ამბობს ის.

 

 

ქოხის ჭერი მუყაოს ნაჭრებით

ნოდარ ჭაღალიძე შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულიდან 2004 წელს მეწყრის გამო წამოვიდა და სხვა დაზარალებულებთან ერთად მწვანე კონცხზე ე.წ. “სასადილოს” შენობაში შესახლდა.  მწვანე კონცხზე შესახლებულებს მთავრობა სამი წლის განმავლობაში კომპენსაციას ჰპირდებოდა, მაგრამ 2006 წელს ისინი შენობიდან იძულებით გამოასახლეს. “ერთ მშვენიერ დღეს მოვიდნენ, დაგვარბიეს, დუბინკებით გამოგვყარეს, რამდენიმე მოსახლე ვიყავით შესული იმ შენობაში. დაგვყარეს ეზოში და 10-15 დღე იქ ვიყავით  დაყრილები, ხან “დრანგალეტზე” დავწექით, ხან რაღაც ხეებზე… მერე შეხედეს, ვისაც საბუთები გვქონდა და ვიყავით დაზარალებულები, მოგვხიკეს და 10-15 დღის შემდეგ წამოგვიყვანეს ხელვაჩაურში”.

საწოლი ნოდარ ჭაღალიძის სახლში
ცნობა იმის შესახებ, რომ ნოდარ ჭაღალიძეს ნამდვილად არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი შუახევში

ნოდარ ჭაღალიძე ჰყვება, რომ მას კახაბერში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში ერთი ოთახი გამოუყვეს, რომელსაც ფანჯრები შეუჭედა, მაგრამ საცხოვრებლად მაინც არ ვარგოდა. ამიტომ ეზოსთან ახლოს პატარა “ბუტკის” გაკეთება გადაწყვიტა, სადაც თავს უფრო ადვილად გაიტანდა:

“არც კარი ჰქონდა იმ ოთახს, არც ფანჯარა, ქვევით დახვრეტილი იყო და ტარაკნები ამოდიოდნენ, კოღოები გვესეოდა… იქ არ გაიჩერებოდა და ვერ გავარემონტებდი ნორმალურად. აქ პატარა ბუტკა გავიკეთე, თავს გავიტან-მეთქი. ამ პერიოდში ჩემი ყოფილი ცოლი და შვილები უსახლკაროები იყვნენ, დღემდე ნაქირავებში არიან. ისინი ამ დროს ურეხში, „საშოფრო სკოლაში“ იყვნენ შესახლებულები, ისინიც გამოყარეს და დარჩნენ გარეთ, ჩემთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. მთავრობას მათ დაკმაყოფილებასაც ვთხოვდი, მაგრამ მითხრეს, იმ ოთახზე ეგ გეყოფაო”.

ნოდარ ჭაღალიძეს  აქვს ცნობა, რომ იგი ცალკე კომლად მიიჩნევა, თუმცა საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მისთვის გამოყოფილი ოთახი მის ვაჟზე გააფორმეს, რომელთანაც მას ურთიერთობა დღემდე არ აქვს:

“ნებისმიერ მეზობელს ჰკითხეთ, რომელიმე თუ იტყვის, ამდენი წელია ეგერ მის სახლთან მე კიბეზე თუ ამიდგამს ფეხი”.

“2006-ში მოვიდა ჩემთან ჩემი ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც ასევე ქუჩაში იყო და დარჩა, მანაც თავისი მოითხოვა, მეც რაღაც მინდაო… საქმე ის არის, რომ ჩვენ აზრებს ვერ ვათანხმებთ, ესეც გაჭირვებამ გვიქნა, მაგრამ ამ დაღვრილ წყალს მე თავს ვეღარ მოვუყრი, რაც მოხდა მოხდა, ავადმყოფი კაცი ვარ… შევეცადე მეორე ოთახის დაკავება, მაგრამ იქ სხვა შეასახლეს, შვილს ვერ ვუთხარი წადი-მეთქი, მან განცხადებაც დაწერა და ისე მომიწყვეს, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილზე გააფორმეს, მთავრობამ კი მითხრა, ჩვენ მოგეცით და შენ შვილს დაუთმეო. გამოგეძახა პოლიციაო…  ანუ შვილთან უნდა მებრძოლა… ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს, თორემ შვილია მაინც, გულიდან ვერ მოიგლეჯ. დავრჩი ასე ჩემდაუნებურად დამჯდარი ქოხში”.

“დანაშაულში ნუ ჩამითვლით ამ საქციელს, აქ ასე ხდებოდა მაშინ, მთელი სამი კორპუსი შემოსახლებულები არიან, სხვა წასასვლელი რომ მქონდეს, ჩემითაც წავიდოდი, 17 წელი ცოტა ხომ არ არის ასეთი წვალებით ცხოვრებისთვის”.

ჯარიმა 3000 ლარი მარტოხელა მეზობლის დახმარებისთვის

დაახლოებით 16 წლის წინ ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი უსახლკარო ადამიანი, გულნარა კიკნაძე დასახლდა. მარტოხელა დედა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად 2006 წლიდან თავშესაფარს ეძებდა და არსად გაეჩერებოდა – ნოდარ ჭაღალიძის მეზობლად, აქვე მცხოვრები ადამიანების დახმარებით, სხვების საშეშე თუ მშენებლობის ნარჩენებიდან მოგროვებული მასალებით, გულნარამ ხის ქოხი აიშენა. ქოხის მშენებლობის ბოლო ეტაპზე, სახურავთან დაკავშირებით, დახმარება ნოდარ ჭაღალიძეს სთხოვა, რომელსაც სწორედ ამ დროს სურათი გადაუღეს და ის ზედამხედველობის სამსახურმა 3000 ლარით დააჯარიმა.

ნოდარ ჭაღალიძე მიწის დაკანონებისა და ჯარიმის მოხსნის თხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, იქ არავინ მოუსმინა”.

„ერთი თვე იქ ვიარე და არ მიმიღო კაცმა. მერე ჯორკო წავიღე და იქ დავჯექი და დამცინეს, მათხოვრად ჩამთვალეს. საერთოდ გამიფუჭდა ნერვები, ტრასაზე დავწექი, თავი უნდა მოვიკლა-მეთქი, ისეთ პირობებში ვიყავი, აღარ მინდოდა სიცოცხლე… წამიყვანეს პოლიციაში გარიდების მიზნით”, – ჰყვება ნოდარ ჭაღალიძე. პოლიციაში უთხრეს, რომ ჯობდა განცხადება დაეწერა და გამგეობაში დაეტოვებინა, გამგეობამ საკუთრების რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში გადაამისამართა, მაგრამ განაცხადის გაკეთება აქაც არ მოხერხდა, “ჩამიკეტეს იქ ეს მომსახურება, ასე ჩაკეტილ წრეს ქმნიან, არსად გასაქანი არ არის, შემზღუდეს ყველანაირად”, – ამბობს ის.

ნოდარ ჭაღალიძე, რომლის ვალიც სახელმწიფოს წინაშე უკვე 3 210 ლარია, აღსრულების ბიურომ მოვალეთა რეესტრში დაარეგისტრირა. მართალია, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია მას ქონების რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთებას არ უზღუდავს, მაგრამ აზრს უკარგავს, რადგან მოვალის ქონებაზე (დარეგისტრირების შემთხვევაში) ყადაღა დარეგისტრირდება.

გულნარა კიკნაძე

გულნარა კიკნაძე  2007 წლიდან სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ მას მთავრობამ დახმარების სახით სარეცხი მანქანა გადასცა, რომელიც ჯერ კიდევ ყუთში დევს, რადგან ვერსად აერთებს. “რად მინდა სარეცხი მანქანა, თუ შუქი არ მაქვს. სოციალურად დაუცველი ვარ, 13 000 ქულა მაქვს, ჯანმრთელობა არ მივარგა, გასათბობად მხოლოდ გაზის ბალონი მაქვს, რომელშიც 5 ლარის გაზს ვასხამ… შეშა რომ ვითხოვე, მოდი და წაიღეო. რით წამოვიღო, საჭმელი უფასო სასადილოდან მომაქვს, გვერდი მიჩერდება რეცხვის დროს”, – ამბობს ის.

გულნარა კიკნაძე: არჩევნების დროს რომ ვახსენდებით მხოლოდ, თვითონ ასეთ პირობებში გაათევენ ღამეს? შვილებს ასე აცხოვრებენ? ცოდვა არ ვართ ჩვენ?

სხვისი სახლის ძველი კარი, რომელიც ამ ქოხში ჭერის ფუნქციას ასრულებს

გულნარა კიკნაძემ ეკონომიკის სამინისტროს დენის გამოყვანისა და ინდივიდუალური მრიცხველის დაყენების თხოვნით გასული წლის თებერვალში,

სხვისი სახლის ძველი კარი, რომელიც ამ ქოხის ჭერად გამოიყენესპანდემიის დაწყებამდე მიმართა. მთავრობის აპარატიდან საპასუხო წერილი მან 2020 წლის სექტემბერში მიიღო, სადაც მის თხოვნაზე უარს თან ერთვოდა მოთხოვნა, რომ გამოეთავისუფლებინა აჭარის ა/რ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

გულნარა კიკნაძე: “დენის გამოყვანის თხოვნით რომ მივედი სამინისტროში, მითხრეს, წყალი ვინ მოგცათ, იმასაც ჩაგიჭრითო”.

გაუხსნელი სარეცხი მანქანა

ნოდარ ჭაღალიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა აფრიკის დასახლებაში ბულდოზერებით დაუნგრია ხალხს სახლები, ბოლო იმედიც გადაეწურა. “აღარ ვიცი, თუ შეიძლება ისევ იმედი მქონდეს, ეს რომ დამინგრიონ, სად წავიდე”, – ამბობს ის.

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს. სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მასწავლებლის სკოლაში გადაადგილება და კონტაქტები ვიდეოთვალის მეშვეობით არის გადამოწმებული.

„ეპიდემიოლოგები იყვნენ სკოლაში და დეტალურად შეისწავლეს სიტუაცია. მასწავლებელი სკოლის შენობაში ატარებდა პირბადეს და იცავდა დისტანციას, ასე რომ სკოლა სასწავლო პროცესს შენობაში აგრძელებს“, – გვითხრეს სამინისტროში.

აჭარაში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა სკოლებში, აქედან 7 შემთხვევაში მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი, 3 შემთხვევაში კი – მასწავლებელს.

სწავლა აჭარის სკოლებში 2021 წლის პირველ თებერვალს განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში უტარდებათ ტესტირება კოვიდზე.

0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა – სააპელაციო კომისიამ მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილა

„0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ასწავლის. მან გარე დაკვირვება ახალ წლამდე გაიარა, თუმცა 0 შეფასება მიიღო. კრედიტები მასწავლებელს აპელაციის შემდეგ დაუწერეს. კრედიტების აღიარების შემდეგ ლეილა ტარიელაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.

„ორი თვის წინ თქვენმა პოზიტიურად განწყობილმა შემოხმიანებამ და დაინტერესებამ გარე დაკვირვების გაკვეთილის უარყოფითად შეფასების გამო, თავისთავში თვითდაჯერების, იმედის ძიების და ბრძოლის უნარი დამიბრუნა. ამან შედეგი გამოიღო – მივიღე ბატონ ბერიკა შუკაკიძისგან წერილი გარე დაკვირვების გაკვეთილის აპელაციის დადებითად შეფასების შესახებ“, – წერს ის ფეისბუქზე.

მასწავლებელს ვკითხეთ, თუ რა გაითვალისწინა შეფასების ჯგუფმა კონკრეტულად, თუმცა ლეილა ტარიელაძე ამბობს, რომ არ იცის რა დასკვნა დაწერა სააპელაციო კომისიამ, რადგან დასკვნა არ გამოუთხოვია.

„მე გამოთხოვილი მქონდა გარე დაკვირვების ჯგუფის დასკვნა და ამის საფუძველზე გავასაჩივრე. არ ვეთანხმებოდი შეფასებაში. რადგან 4 კრედიტი დამიწერეს, როგორც ჩანს, ჩემი ყველა პრეტენზია გაითვალისწინეს“, – ამბობს მასწავლებელი.

„ბათუმელები“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა  და ჰკითხა, სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება აჩვენებს თუ არა შეფასების ჯგუფის სუბიექტურობას და რა შემთხვევაში ანიჭებს კრედიტებს სააპელაციო კომისია.

კითხვაზე მასწავლებლის სახლიდან წერილობით გვიპასუხეს.

„გარე დაკვირვების სააპელაციო კომისიის მუშაობა, გარდა გარე დამკვირვებლის სააპელაციო განცხადებისა, ეფუძნება საგნობრივი ექსპერტის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ დასკვნასაც.  საგნობრივი ექსპერტი უნდა იყოს მიუკერძოებელი. კომისიის თითოეული წევრი ეცნობა დოკუმენტაციას და იკრიბებიან გადაწყვეტილების მისაღებად.

იმის მიხედვით, თუ კომისიის წევრთა უმრავლესობა რომელ პოზიციას უფრო არგუმენტირებულად მიიჩნევს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

თუ არგუმენტები არასაკმარისია, გადაწყვეტილების მიღება ჭირს, კომისიას აქვს უფლებამოსილება მოიწვიოს სხდომაზე მასწავლებელი ან გარე დამკვირვებელი, ან ორივე ერთად ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად“.

კითხვაზე, თუ რამდენმა მასწავლებელმა მიმართა სააპელაციო კომისიას და რამდენმა მიიღო გასაჩივრების შემდეგ 4 კრედიტი, მასწავლებლის სახლში გვითხრეს, რომ გარე დაკვირვების შეფასების ჯგუფის გადაწყვეტილება 54-მა მასწავლებელმა გაასაჩივრა, „აქედან დადებითად დაკმაყოფილდა 12, დანარჩენს 0 კრედიტი არ შეცვლია“.

2020 წელს გარე დაკვირვებაზე 3 ათასამდე მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, აქედან 82-მა მასწავლებელმა ვერ გაიარა გარე დაკვირვება.

რატომ ვერ გაასაჩივრებს მელია მოსამართლის გადაწყვეტილებას

ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ვერ გაასაჩივრებს. ასეთია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რადგან საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მოთხოვნებთან, რადგან პირს ეზღუდება გაასაჩივროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც პირს ერთმევა თავისუფლება და პატიმრობაში მიდის,“ – ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. ის არ გამორიცხავს ამ კუთხით ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ან ევროსასამართლოს მიმართოს.

„ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ გვაქვს, იმდენად ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემაა,“ – აღნიშნა დიტო საძაგლიშვილმა „ბათუმელებთან“.

გასაჩივრება არა, მაგრამ შესაძლებელია აღკვეთი ღონისძიების გაუქმება, თუკი რომელიმე მხარე მიმართავს იმავე ინსტანციის სასამართლოს და მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ამ ეტაპზე ნიკა მელიას დაცვის მხარეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.

___

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნიკა მელიას დაკავება დროებით გადადო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს – ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში ნამდვილად იყო  აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გიორგი გახარიამ გუნდს არგუმენტები ვერ წარუდგინა.

“გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა  გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე.

თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები მას ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არ აღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების ვალდებულებაა მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება,” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.

“ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკა მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

___

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. გახარიამ თქვა,  არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

საქართველოში კოვიდით 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 365 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 17188 ტესტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 539 ადამიანი.

ამ ეტაპზე საქართველოში 1869  ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.

17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,12%, ბოლო 7 დღის – 2,3%, ბოლო 14 დღის – 2,7%.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება ხვალ, 19 თებერვალს და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში.

„სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა.

გახარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. „ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“,- განაცხადა მან.

Exit mobile version